• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დიდი ფეტიშები

×
fetish
ავტორის გვერდი ბლეზ სანდრარი 26 მაისი, 2018 2353
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
I
მაგარი მერქნის ქარქაში
ორი ემბრიონული ხელი
კაცი გლეჯს საკუთარ მუცელს
და ეთაყვანება თავის ამდგარ ასოს
 
 
II
ვის ემუქრები
შენ რომელიც მიეშურები
მუშტებით თეძოებზე
წონასწორობას ძლივს რომ იკავებ
შენ თითქმის მსუქანი?
 
 
III
ხის კვანძი
რკოს ფორმის თავი
მაგარი და ურჩი
სახე გატყავებული
ნორჩი ღმერთი უსქესო და ცინიკურად ლაღი
 
 
IV
სურვილმა მოგაღეჭა ნიკაპი
ლტოლვა გაცდუნებს
ზეზე დგები
ის რაც სახეზე გაკლია
გეომეტრიულს გხდის
ხეებრ მზარდს
მოზარდს
 
 
V
ესეც ქალი და კაცი
თანაბრად უშნოები თანაბრად შიშვლები
კაცი ნაკლებ ქონიანი მაგრამ უფრო ძლიერი
ხელები მუცელზე და ბაგე მსგავსი ყულაბის ღარის
 
 
VI
მდედრი
მისი საშოს პური რომელსაც ის დღეში სამჯერ აცხობს
და მისი მუცლის სავსე გუდა
ყელსა და მხრებს ექაჩებიან
 
 
VII
მახინჯი ვარ!
გოგოების სურნელი ყნოსვისგან ჩემს მარტოობაში
თავი მისივდება და მალე ცხვირი ჩამომძვრება
 
 
VIII
მინდოდა ბელადის ქალებს გავქცეოდი
თავი მზის ქვამ დამიჩეჩქვა
ქვიშაში
აღარაფერი დარჩა ჩემი პირის გარდა
დაღებულია დედაჩემის საშოსავით
და ყვირის
 
 
IX
მას
მელოტს
ერთი პირი აქვს მხოლოდ
ერთი ასო რომელიც მუხლებზე დასთრევს
და მოკვეთილი ფეხები
 
 
X
აი ქალი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს
ორი მახვილი ნაოჭი ძაბრს კრავს პირის გარშემო
ლურჯი შუბლი
სითეთრე საფეთქლებზე
და მზერა მოკაშკაშე როგორც სპილენძი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული