• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გალობის საგანი

×
Luisa Lambri
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 28 მაისი, 2018 2449
გალობის საგანი
 
ჩიტები გალობენ ქალების მარცვლეულით სავსე კალთებზე 
ჩიტები გალობენ კვამლზე ამოსულზე 
გაქცეულის ნაკვალევზე
და რა თქმა უნდა გალობენ ხეებზე 
და ტოტებზე მათ მკლავებზე 
გალობენ ქალაქზე, რომლის ზამთარიც არ უნახავთ
ამოსულ კბილებზე და ყვავილებზე ერთნაირად გალობენ
ანტენებზე და საფრთხობელებზე გალობენ
მათი გალობა დიდწილად შეეხება დილას
გათენებისპირს, მეეზოვეებს და ლოთებს
გალობენ გაუპატიურებაზეც 
და იერცვლაზე ბულბულად
ჩიტები გალობენ სარეცხის თოკზე
გალობენ ჰაერზე ამ ქარიშხლის კონსერვზე
გალობენ ჭიებზე და ბუდებზე
გალობენ გალიებზე და გალიებში გამომწყვდეულ
სხვა ჩიტებზე გალობენ ჩიტები
გალობენ სახლს შემპალ კარსაც 
მაგრამ ფანჯარას უფრო გალობენ
გალობენ ქუეყანასა ზედა მშვიდობას
და კაცთა შორის სათნოებას 
და გაწვდილ ხელს 
და გაავდრების წინ ჩამობნელებას 
გალობენ კვერცხის ნაჭუჭს მინდვრებში 
გაფანტულ ბუმბულს
გალობენ არხეინად სიარულს
და აივნებს კლდეებს
მარტოოობის შემზარავ ხავილს
და მეზობლებს შეცბუნებულებს
წამლების აბებს გალობენ
გალობენ იმას რომ მთვარე მაჯის საათია 
ღამის შავ მაჯაზე 
გალობენ რომ მიწა ყვავილების გრამაფონებით მღერის 
და მუნჯი ხეები ჟესტებით ლაპარაკობენ
და მათი გალობა არ ჰგავს ჩვენს ჩივილს
მათ გალობაში არის მხოლოდ
სიცოცხლის სიყვარული
და არაფერი სხვა ზედმეტი
 
 
 
თვალები ცრემლთა ხურჯინებს აიკიდებენ
 
თვალები ცრემლთა ხურჯინებს აიკიდებენ
და შენს ზურგს აუყვებიან
ვის უყვებიან და ვისთვის ყვებიან
ეს გზები და გახსნილი ფანჯრები
და დღეები ფეხთა ფარგლებით მოხაზულნი
და თმები ჭაღარაგამორეულნი
ამ კრუხ ქალაქში
ვისთვის ყვებიან 
ვისთვის ისმის ეს კრიახი, ჭრიახი, პრიახი, 
კრუხუნი, კუტკუტი, კრუშუნი, კრუშკრუში, კაკანი, 
ტკვარცალი,  ყვიტყვიტი, კივკივი, ჭრიჭინი, 
ყაშყაში, ყიპყიპი, ყრანტალი, ხივილი, ყრიყინი, 
სტვენა და გალობა, რაკრაკი, ჭახჭახი, ძახილი, 
ჭიკჭიკი, ჟივილი, ჟივჟივი, ჭივჭივი, ჭყივჭყივი, 
ჭიკჭიკი, წიალი, ჟღურტული, ჟივილი, 
და ისევ სიჩუმე
და თვალები ცრემლების ხურჯინკიდებულები
ისევ შენს ზურგს მიუყვებიან
არ მთავრდება ეს შენი ზურგი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული