დაბადება





პოეზია

დაბადება




ნაწყვეტი პოემიდან „სასიყვარულო კონტექსტი“
 
ფრაქტალურია ჩემი სიყვარული,
რაც იმას ნიშნავს,
რომ მისი მთლიანობა
ყველა მის შემადგენელ კომპონენტს აღემატება
და როდესაც ჩემი ხელი შენს ხელს ეხება,
სადღაც კოსმოსში ვარსკვლავები ფეთქდებიან.
კარგად დააკვირდი,
ეს ის სამყაროა, რომელშიც
უპატრონო მოგზაურებად გადმოვიხვეწეთ
და თუმცა არ გვაქვს სახლი და კარი
და აღარ გვაქვს ჩრდილი და სხეული
და აღარ გვაქვს ენა პირში
რომ ერთანეთის სხეულები სიტყვებით
დავასველოთ,
მისი მთლიანობა
აღემატება ყველა იმ დეტალს,
რომელსაც ვგლოვობთ.
კარგად დააკვირდი,
ყველა ჩვენი ცრემლი
მზის სხივებად გარდაიქმნება
და ერთმანეთს მოწყვეტილებს
გვათბობს არყოფნის უსასრულო
მთლიანობაში,
რადგან ყოველთვის ასეა,
რადგან ფრაქტალურია ჩემი სიყვარული
და როდესაც ჩემი ხელები
წარმოსახვის კოსმომეტრიაში
შენს სხეულს ხაზავენ,
სადღაც მილიონი წლის მოშორებით
ცაში ვარსკვლავები ფეთქდებიან
და ახალ სინათლის სამყაროებს
ეძლევათ დასაბამი,
კარგად დააკვირდი,
როდესაც მზეს უყურებ -
ეს მე ვარ მილიონი წლის შემდეგ
და ამიტომ ვერ მხედავ.
 
2018 წელი, თბილისი
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.