ვამბობ ცხოვრება არაა ლამაზი





პოეზია

ვამბობ ცხოვრება არაა ლამაზი




გახსოვს
რომ ბუკოვსკის 50 თეთრიანი წიგნი გიდევს
ხსნი და კითხულობ
„ჩვეულებრივი კეთილი გული
მხოლოდ ძვლები და ძვლები 
მზის ქვეშ ხმებიან“
სოციალურმა თემებმა ფანტაზიის უნარი დაბლოკეს 
შენ ვეღარ შეამჩნევ რა ფერს იღებენ მცენარეები შებინდებისას
არ მინდა ეს ლექსიც სოციალური მნიშვნელობის იყოს თუმცა გამოდის
შესაძლოა ვერ შეამჩნიო რის განადგურებას შეეცადნენ შენში 
როცა შენი ცნობიერება გადახრილია შენს მოქალაქეობრივ ფუნქციაზე 
ფუნქციათა მრავალფეროვნება გამოყენებადია კონცენტრირებული ბრბოს მიერ ზოგჯერ შესაძლებელია შენი თვისებების დახმარებით რევოლუციების მოხდენა როცა შენი პასიური ხედვა „გაფართოვდება“. ეს არაფერს გაგრძნობინებს. შენ შეძლებ მხოლოდ კბილებით გლეჯვას დახაზულ ფარდებში ეცდები განაცალკევო ფერები ეს შეიძლება იყოს ინსპირაცია ისევე როგორც ნერვული წყვეტა და ერთხელ მან თქვა რა იმალება მას იქით რასაც ვხედავ
 
 
 
*
 
მე შესაძლოა არ ვწერ იმაზე რაზეც ვფიქრობ
მაგრამ ეს კი ნამდვილად ვიცი
რაზეც ვწერ მას ვეძებ ჩემში
ხანდახან ხელშესახებია საკუთარი შიშველი ეგო
როცა ის ძალიან ბასრი ხდება
და მან იცის როგორ შეუშალოს ყველაფერს ხელი
შენ ამის უფლებას აძლევ
რადგან
ხალისი არ გაქვს ბრძოლა გაუმართო სიზარმაცის დამანგრეველ ნიაღვარს
ასე მაგალითად
ხედავ წიგნს
სადაც შენი ტექსტებია თავმოყრილი
გინდა გადაშალო მაგრამ რას ამოიკითხავ იქიდან
რაღაც რეაქციულ ბოდვებს რომლითაც თავს ირთობდი ოდესღაც
დღეს კი მათმა გამეორებამ შესაძლოა დაასუსტონ წარმოსახვა 
შესაძლოა გაამდიდრონ 
ამის გასარკვევად კი წიგნი უნდა გადაშალო
მაგრამ არ შლი
მე ზოგჯერ ვეძებ ჩემში რაღაც ხელჩასაჭიდს
რაც სიზმრებშიც ვერ აღმოვაჩინე
ზოგჯერ ვფიქრობ რომ 
სიზმრები მე არ მეკუთვნის 
ესეიგი მე არ ვეკუთვნი იქ საკუთარ თავს
და უამრავ ყოფნას შორის ასე ყოფნა ოპტიმალურია
ნახევრად ფხიზელი და ნახევრად მთვრალი
 
 
 
*
 
ვამბობ ცხოვრება არაა ლამაზი
ვარტყამ ნაფაზს
თაროზე შემოდგმულ მცენარეებს ვაკვირდები
სადაცაა კაქტუსი უნდა ამოლურჯდეს მიწიდან
ტომ ვეითსის ხმიდან მფეთქავი გული იბადება
მისი ხმა შედარებულია -
ვისკიში ამოვლებულ მეთუთუნის მაღაზიაში რამდენიმე თვის ჩამოკიდებულ მანქანით გადავლილ ადამიანის ვოკალთან
ჩემი ხმა ბუნდოვანი რეაქციებიდან იბადება
ის ალკოჰოლიზირებულია და
ზოგჯერ ბოდვას წააგავს
თუმცა ბოდვიდან ზოგჯერ „სხვა საკუთარ მეებს“ წარმოვშობ
და მე ჯერ ვერ ვპოულობ ჩემს ფესვებს
და ვერ ვიცეკვებ ჩემს ვერაღმოუჩენელ არამზარდ კენწეროებზე
და ზოგჯერ შევძლებ ხოლმე დღევანდელობით ტკბობას
და უკუვაგდებ კონცეფციას რომ
ამბიცია შესაძლოა რაიმეს დასაბამი გახდეს
ცხოვრება არაა ლამაზი თუ ლამაზია ეს სულ ყლეზე მკიდია
და შემიძლია შევიგრძნო შიში ტექსტის დაკარგვისა
როცა წერის პროცესში კომპიუტერი გადის მომსახურების ზონიდან
მე მომწონს ის რომ მარწუხების ნაცვლად ორი ხელი და 10 თითი მაქვს
და შემიძლია შევიგრძნო ყველაფერი რასაც შევეხები
 
 
 
*
 
მე მსურს არაფერს ვითხოვდე ადამიანისგან
ჩვენ ერთმანეთს თავისუფალი ქმედებებით დავეხმარებით
ხოლო ის ვინც რამეს ითხოვს
შესაძლოა გლეჯდეს იმას რაც ჯერ არ მოუპოვებიათ
 
დარჩი საკუთარ თავთან და მოსთხოვე მას რაც გინდა რომ ცხოვრებისგან მიიღო
ასე შეიქმნება შენი წილი სივრცე
იმ სივრცედან რომელშიც სუნთქვა არ გინდოდა
რომელიც ჩუმად ძალადობდა შენზე და კი არ გრიყავდა
არამედ შენი ენერგიებისგან იკვებებოდა.
და მაშინ როცა ბრბო შენი არსებობით ზეიმობს 
შენ შეგიძლია გამოგლიჯო მას შენი დატყვევებული შესაძლებლობები
შენი ვნებები
მსუყე ხორცის ნაჭრის გარეშე ისინი ვეღარ შეიქმნებიან სასტიკნი
მოიშორე რწმენა რომელიც მოგახვიეს 
და რომელმაც შენი გულუბრყვილო თავისუფლება შეჭამა 
პლიუს ერთი თვითმყოფადი ადამიანი
მსგავსია დიდი ტყისა
ურბანიზებულ ჯართის და ნეონების გროვაში
სადაც უსიყვარულობა ქართან ერთად დაქრის
 
 
 
*
 
დახუჭე თვალები ამღვრეულ სივრცეში
და შეძლებ იფიქრო სიზმრებზე 
სიურეალიზმზე 
იქ ყოფნაზე სადაც გსურს
და აღარ იქნები იქ სადაც თვალებს ხუჭავ
შენი ვერბალური კავშირები შთანთქა 
სიზმრებში პარალიზებულმა სხეულმა
ცნობიერება მოედება საგნებს და მომავალს როგორც ობი
არ არსებობს წარსული (ეს უკვე განსაზღვრა ფოლკნერმა)
ერთდროულად შეიძლება ფიქრი ყველაფერზე 
ყვითელ ხეებში გაბმულ ხაფანგებზე 
ბანჯგვლიან ეპისკოპოსებზე
ქრისტეზე 
რომელიც ნესტიანი გამოქვაბულის შესასვლელთან (ან გამოსასვლელთნ) გესიზმრა
და შემდეგი რამდენიმე დღე ცდილობდი სიზმრის დაუწერელი სცენარის გაგრძელებას
თუ უშვებთ რომ ბოროტება არსებობს 
რატომ არ ეძებთ მას საკუთარ თავში?
სიამაყის და ჰუმანურობის ჯაჭვებში გაბმულებმა
ჰკითხეთ საკუთარ თავებს ღამეებში 
მოუსვენარი ძილის წინ
ღირს არსებობა უარყოფისთვის? 
 
 
 
*
 
ნივთებს შეუძლიათ ჩვენი ენერგეტიკით გაიჟღინთნონ
და იცხოვრონ სიცარიელეში 
როცა ისინი არ არიან
ზოგჯერ არ არიან ადრესატებიც
კედელი ვერაფერს იტყვის
თუკი არ დაინგრა აშენდა ან გაფერადდა
ადრესატები არ იცვლებიან
იცვლებიან ადგილმდებარეობები
 
 
უყურადღებოდ გამოგზავნილი წერილები
უყურადღებო წაკითხვები
უყურადღებო პასუხები
ვათენებ ღამეს ალკოჰოლთან
და არ მომწონს ჩემი თავი
ისაა ჩემი ინდულგირების მექანიზმი
და მე არ მომწონს ჩემი თავი 
მაგრამ მიყვარს ის
და ზოგჯერ შეიძლება საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი
როცა გინდა უცხო თვალით დანახვა
ასევე შეიძლება მრავალი თვალით დაინახო
ასევე შეიძლება მრავალი თვალით დაინახო (ის) ერთი ადამიანიდან
ასევე შეიძლება საერთოდ ვერ დაინახო როცა სიზმრებშიც კი ყველაფერი კარგადაა
ეს გულისხმობს რომ არ მომკვდარხარ და არც არსებულხარ
უბრალოდ გადმოვარდი როგორც ფურთხი, მყრალი ნესტი ხარ უფუნქციო არსებობაში
მე სულ არ ვარ ამ წუთს გულწრფელი
და ზოგჯერ არვიცი რას ნიშნავს ეს
ვზივარ ვსვამ და მუსიკას ვუსმენ
მე არაფერს ვქმნი
თავად მქმნიან რაღაცეები

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.