მედიტაციები მანსურ ალ-ჰალაჟის სადგურებზე





პოეზია

მედიტაციები მანსურ ალ-ჰალაჟის სადგურებზე




ყველა უდაბნო თავისი თავის საჩუქარია:
ზოგს მიიღებ,
ზოგს ვერა.
 
მერე გადასახლებამ შეაბიჯა
უდაბნოში, გულში მიიგება
ეს ყოველივე.
 
იქ ვერაფერი ნაცნობი
ან გამოსადეგი ვერ ნახა—ვერც
მთაზე, ვერც ველად.
 
 
1. მანერები (ადაბ)
 
რა გიჭირს
უფრო სწორად რა გიჭირავს
 
ასე მდგარს
უდაბნოში?
 
ამოაწყვე ხელები
ჯიბეებიდან
 
უდაბნოს მანერები აკლია მაგრამ
სავსეა ჯიბეებით
 
რაც არ ამართლებს შენს
მაგ მოუქნელობას
 
როცა დგება დრო ამ
ცხელი ქვიშის
 
ბოლო მწიკვის გაზიარების
და მიკა ბამბის ღინღლივით იმალება
 
შენი გულის
ჯიბეებში
 
 
 
 
2. რიდი (რაჰაბ)
 
რიდი მოურიდებლად მიშტერებაა
როცა მას დაინახავ
 
ის გაშინებს
სადაც უხილავია
 
თითქოს გსურს გადარდებდეს
რადგან თუმცა
 
გაშინებს რიდისთვის
თვალის გასწორება
 
ის არაა არც საგანში არც ის’ში
არამედ ორსშორის
 
მისი მიმართება არ
იდება ჩვენში
 
 
 
 
3. დაღლა (ნასაბ)
 
დაღლილობა ახალდაწყებული
საუკუნის, შეაბიჯე მასში
დაღლა, დაე
 
მოამთავროს ეს მეტად მფრთხალი
კიდეები, მოუშვას საყელო
გაახმოს ზაფრანა
 
გულო იგულე მსუქანი
& ლაღი, ნუ იქვითინებ მაგრამ
ჰამაკი თავიდან გამოიგონე,
 
ბნედით იქმედე როცა
კარვის ქვეშ
ო შეიხო, შეძვრები.
 
 
 
 
9. კეთილსინდისიერება (ნაზაჰ)
 
იგლოვე მისი არქონა
მათ შორის ვინც მართავს.
 
 
 
 
10. გულწრფელობა (სიდქ)
 
შეგეძლო გეცადა გვერდში
ამოსდგომოდი შენს სიტყვას
 
მაგრამ რომელს მრავალ
ათასს შორის?
 
 
 
 
11. ამხანაგობა (რიფქ)
 
ასე ვუდგავართ
რიფებად
 
ამხანაგობას
თუმც კი არ
 
ვიცით მისი არც
პირველი არც ბოლო
 
ასო. თუმც ვართ
— ან გვიწევს ვიყოთ —
 
შუაში იმის
რასაც ქრილი
 
კომპანიას ეძახდა — ისინი
ვისითაც
 
პურს ვტეხთ,
თუნდაც
 
მოწამლული
თევზი
 
აღმოჩნდეს როგორც ამას ერთ დროს ვშვებოდით—
ამხანაგობა გრძელდება
 
მისი პირველი სამი მარცვალი
გვაკავშირებს ამ ხანასთან
 
& თანასწორობის მანიფესტთან
& ჩვენ განვაგრძობთ დგომას
 
აქ ქარში კუთხეში
სადაც უდაბნო და ქალაქი ხვდებიან
 
ჩვენ განვაგრძობთ ასე დგომას აქ
ჩვენი ხელებით თქვენს ჯიბეებში
 
მარად რიფებად თუნდაც
ზოგი ჩვენგანი
 
ამხანაგის
ლანდიღა იყოს,
 
რამდენადაც
ჩვენი საქმეა სიახლოვე
 
მათთან ვინც წავიდა
რათა გამოვტყუოთ ახალი ამბები
 
მათი ხმების
გავლით ვილაპარაკოთ
 
ჩვენ ვართ ერთადერთი
რაც მათ
 
დარჩენიათ — ასე
გასრესილებს
 
მოკუმულ მუშტებში
ხელები რომ კრავენ
 
ჩვენს ჯიბეებში.
 
 
 
 
29. სინანული დაკარგული რამეებისთვის (იფთიქად)
 
მაგრამ სინანული მას არ დააბრუნებს.
აღარფერი დაგრჩენია გარდა ზურგი
 
შეაქციო. უთხარი შენს თავს როდესაც
იცი სადაა რამე
 
მაშინ ის დაკარგული არაა, თუნდაც
ეს რამე ოკეანის
 
ფსკერზე იწვეს. არასდროს
არაფერია დაკარგული, & იქნებ ეს იყოს
 
სინანულის ერთი
ნამდვილი მიზეზი.
 

 

 

კომენტარი:
 
პიერ ჟორისი ამერიკელი პოეტია, რომელიც ლუქსემბურგში დაიბადა. როდესაც ცხოვრება პოეზიას დაუკავშირა, მან უარი თქვა თავის სამ ძირითად ენაზე (ფრანგული, გერმანული, ლუქსემბურგული), და მეოთხე ენაზე, ინგლისურად დაიწყო ენა. მისი „ნომადური პოეტიკა“ ახალი ამერიკული პოეზიის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს შორისაა.
 
საკუთარი პოეტიკის შესახებ ის, ორი სიტყვით ამბობს: „ევროპამ მომცა ჩემი ისტორია, წინაპრების ეს აჩრდილური ხმები, ნამდვილი ან გამოგონილი, მოტყუებული ან ყურდაგდებული. ამერიკამ მომცა გეოგრაფია, სივრცე ჩემი ცეკვისათვის. ჩემი იმედი ის იყო, რომ ენამ (ან მისმა იმ მცირედმა ნაწილმა, რომლისთვისაც შევძელი, მემსახურა) შექმნა კალო მათი ქორწინებისთვის.“
 
ჯერომ როთენბერგი პიერ ჟორისის შესახებ: „მაგრამ ტრაექტორია ბევრად უფრო არასწორხაზოვანია, ვიდრე ევროპულ-ამერიკული ღერძი მიუთითებს - სხვა მოძრაობებს მივყავართ მშობლიური ლუქსემბურგიდან მაღრებამდე და მათ მიღმა. მისი ცხოვრებისეული მომთაბარეობა და პროცესუალური პოეტიკა ქმნიან ღია, შეუზღუდავ პროექტს, რომელშიც მხოლოდ მოძრაობაა სანდო, ისე, რომ პოეტიც და ნაწერიც იზიარებენ მდგომარეობას, რომელსაც შეიძლებს „შორისობა“ ეწოდოს. რიზომული წერის ეს აქტიური (და აქტივისტური) პროცესი იძლევა ნომადურ პოეტიკას, რომელიც უარჰყოფს ყველანაირ აბსოლუტს, და მხოლოდ ნომადურ სივრცეს აღიარებს: უდაბნოს, ტრამალს, ცარიელ ფურცელს.“
 
„მედიტაციები მანსურ ალ-ჰალაჟის სადგურებზე“ - ამ 40 ლექსისგან შეკრული ციკლის (რომლიდანაც აქ სულ რამდენიმეა ამოკრეფილი) წერა პიერ ჟორისმა მაშინ დაიწყო, როცა აშშ’მ ერაყი დაიპყრო. მანსურ ალ-ჰალაჟი მეათე საუკუნის რევოლუციური პოეტი და სუფისტი მოაზროვნე იყო. პიერ ჟორისი: „ალ-ჰალაჟი, როგორც ერეტიკოსი, ბაღდადში ათწლიანი ტყვეობის შემდეგ, აწამეს და 922 წლის 6 მარტს სიკვდილით დასაჯეს. მისი დანაშაული მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში მდგომარეობდა: „მე ვარ ჭეშმარიტება“ (ანა ალ-ჰაქ); ეს განცხადება - ღმერთის ერთ-ერთი ტრადიციული დამახასიათებელი ნიშანი - თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა პოლიტიკური და რელიგიური ძალებისთვის.“
 
ჟორისის სერიული ლექსი მანსურ ალ-ჰალაჟის სწავლებებიდან ამოკრეფილ 40 ძირითად კონცეპტზეა დამყარებული (თავად ალ-ჰალაჟი მათ „მოსეს ორმოც სადგურს უწოდებს“). ბოლო, მეორმოცე ნაწილი პიერ ჟორისმა მხოლოდ მას მერე დაწერა, რაც ერაყი ბოლო ამერიკულმა რაზმებმა დატოვეს.
 
შედეგად, ჟორისის ორმოცი ლექსი მოსეს ორმოცი სადგურის შესახებ, მისი მედიტაციები მანსურ ალ-ჰალაჟის მედიტაციებზე, ის პოეტური ადგილია, სადაც ეს ორი უნიკალური პოეტი-მოაზროვნე ხვდება ერთმანეთს.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.