ტყუპები





პროზა

ტყუპები




სცენაზე, სადაც ყველგან, ყველა კუთხეში აწყვია ძირითადად ძველი და დაზიანებული თოჯინები, შემოდის დაახლოებით 50 წლის ქალი, რომელსაც ხელში ორი თოჯინა უჭირავს.
 
ქალი: აა-აა-აა-ა, აა-აა-აა-ა (უღიღინებს თოჯინებს და ისე აქანავებს, თითქოს ბავშვებს აძინებს)
აა-აა-აა-ა... 
დაიძინეს. ესენი დღეს ვიპოვე, ჩემი ტყუპები, ორივე ერთი მანქანიდან გადმოცვივდა, თანაც ერთდროულად. მანქანას რომ ცლიდნენ, მაშინ დავინახე ორივე და მაშინვე ვიცანი. ორივე ვიცანი, ტყუპები არიან, ჩემი ტყუპები.
მე ისინი ერთად არ გამიჩენია, ცალ-ცალკე გავაჩინე, ჯერ ერთი, მერე მეორე, მაგრამ ისინი ტყუპები არიან. დღეს მივხვდი, რომ ტყუპები არიან, ერთად როცა ჩამოცვივდნენ მანქანიდან და დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი და ხელი ვტაცე და გულში ჩავიკარი ჩემი ტყუპები.
მანქანა ჯერ დაცლილი არ იყო, აშვერილი ქონდა თავისი ზურგი და ნაგავს აპირქვავებდა და მე რომ მივვარდი, მძღოლმა მიყვირა და შემაგინა. მაგრამ მენაგვე ბიჭები მიცნობენ და ერთმა ასანთი მაჩუქა ტიტველა ქალის სურათით და მითხრა, ასეთ ქალს ვეძებო. მე ასეთი ქალი არასდროს ვყოფილვართქო, ვუთხარი, დავავლე ხელი ჩემს ტყუპებს და წამოვედი. 
არასდროს ტყუპები არ მყოლია, ყოველთვის თითო-თითოს ვაჩენდი. 15 წლისა ვიყავი, პირველი როცა გავაჩინე და მას მერე სულ ვაჩენდი, ყოველ წელს ვაჩენდი, ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც გამიჩენია. კარგი წლები იყო, ორ შვილს როცა ვაჩენდი, ბარაქიან წელს ვეძახდი, ორის გაჩენას თუ მოვასწრებდი. ტყუპები არა მყოლია, არადა, როგორ მინდოდა: ერთბაშად ორი გამეჩინა და მოვისვენებდი, იმ წელს არხეინად ვიქნებოდი და მეორეზე აღარ ვიფიქრებდი. 
ერთი შვილი მთელი წელი არ მყოფნიდა, ძალიან მალე მეხარჯებოდა ფული, მივიხედავდი, მოვიხედავდი და ცარიელი იყო ჯიბეები. ერთხელ მთელი ექვსი თვე არ ვორსულდებოდი. ვისთან აღარ ვცადე - დიდ კაცებთან, ჯარისკაცებთან, პატარა ბიჭებთანაც კი, მაგრამ არაფერმა მიშველა, ექვსი თვე არ დავორსულებულვარ. მეგონა, სიბერწე დამეწყო და აღარასდროს დავორსულდებოდი. ისე შემეშინდა, რომ ცხოვრება აღარ მომინდა, თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი, უკვე მზადებაში ვიყავი, რომ უცებ გული ამერია... მახსოვს, ვაგზლის სასადილოს სამზარეულოს ფანჯარას ჩავუარე და საჭმლის სუნი რომ მეცა, გული ამერია და სიხარულისგან ღრიალი მოვრთე, მოთქმით ვტიროდი. ხალხი მოცვივდა და მაწყნარებდა, ექიმს უძახდნენ. მე ექიმი არ მინდოდა, მე სიხარულისგან ვტიროდი და მადლობას გეუბნებოდი, რომ არ მიმატოვე. 
შენ არასდროს მიგიტოვებივარ. მე ეს ყოველთვის ვიცოდი და ეჭვი არასდროს გამჩენია. ან როგორ უნდა მეეჭვიანა, როცა ყოველთვის გხედავდი, ჩემი თვალებით გხედავდი და ჩემი ტუჩებით შენ გეხებოდი. ამას მაშინვე მივხვდი, პირველსავე ჯერზე და არც შევმცდარვარ. პატარა გოგო ვიყავი, ეკლესიაში რომ დამატარებდნენ. მე არ მიყვარდა ეკლესიაში სიარული, ძალით მიმათრევდა დედაჩემი. მე სახლში დარჩენა მინდოდა, ან ეზოში თამაში, მაგრამ - ჩვენ ღარიბები ვართ და ღმერთი თუ არ დაგვეხმარა, სული ამოგვხდებაო - მეუბნებოდა დედა და ეკლესიაში მიმათრევდა. პატარა ვიყავი, მამა რომ მომიკვდა. დედა ტიროდა და იძახდა, რომ ახლა შიმშილით სული ამოგვხვდებაო. მეც ვტიროდი, იმიტომ, რომ მეშინოდა შიმშილით სულის ამოხდომის. მერე ეკლესიაში დავიწყეთ სიარული და ყოველ წაყვანაზე ვტიროდი. მაგრამ ერთხელაც, უკვე 14 წლისა ვიქნებოდი, როცა ზიარების დროს მღვდელმა მითხრა, „ესე არს ხორცი ჩემიო“ და მე თვალი შენი უბისკენ გამექცა და გავწითლდი. ამის შემდეგ ეკლესიაში წასვლა მიხაროდა, ყველაზე მეტად ზიარება მიხაროდა, ყოველთვის, როცა მღვდელი იტყოდა, „ესე არს ხორცი ჩემიო“, მე მკერდსა და მუცელში ჟრუანტელი მივლიდა და თვალი შენი უბისკენ გამირბოდა, შემოხვეული ტილოთი რომ გქონდა დამალული. მღვდელმა შეამჩნია და მკითხა, ზიარების დროს რატომ აცეცებ თვალებსო. მე გავწითლდი და ხმა ვერ ამოვიღე. შეყვარებულიაო, - თქვა ჩემ გვერდით მდგომმა არც ისე ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ყოველთვის ჩემ წინ ეზიარებოდა. მე ამაზე კიდევ უფრო მეტად გავწითლდი, ლოყები და ყურები მიხურდა. ჩემი საიდუმლო გაცემული იყო: მე შენი ხორცის ჟინი მკლავდა, შენი ხორცის გემო მინდოდა გამესინჯა, შიშველ ტანზე შეგხებოდი, ტილოთი რომ იყო შეფუთული.  
მეგონა ცუდი გემო ექნებოდა, მაგრამ არაფრის გემო არ ჰქონდა, არც სუნი. თბილი იყო და მკვრივი. მე თვალთ დამიბნელდა, თვალების შუქი წამერთვა, პირი რომ გავაღე და ენით შევეხე, ჩამომიბნელდა და ისე შემეშინდა, რომ შიშისაგან ხმაც კი წამერთვა. მაგრამ ამ უკუნ სიბნელეში უცებ შენ დაგინახე, შენი შიშველი ტანი დავინახე, თვალს რომ ვერ ვწყვეტდი, როცა გხედავდი ხოლმე და სულ მინდოდა ტერფები დამეკოცნა შენთვის, ჩუმად მოგპარვოდი და უბე ჩამეხსნა შენთვის, რომელიც არ გიჩანდა შიშველ ტანზე. მე კიდე სულ მის ნახვას ვნატრობდი, მინდოდა, იქაც მოგფერებოდი, დამეკოცნა, თოთო ბავშვებს როგორც უკოცნიან ხოლმე. 
როცა გავიგონებდი, „ესე არს ხორცი ჩემიო“, მე თვალი შენკენ გამომირბოდა და ვიცოდი, რომ შენი ხორცი იქ იმალებოდა, ტილოშემოხვეული, შენთვის სულ მის მოცილებას რომ ვნატრობდი და ნატვრა არ მისრულდებოდა. ჰოდა, თვალებში რომ ჩამომიბნელდა, შენ დაგინახე და უბე ჩახსნილი გქონდა. მეც, როგორც დედის ძუძუს, ისე დაგეწაფე, ისე დავეწაფე შენს ხორცს და ვიგრძენი, რომ ნატვრა ამიხდა, რომ შენ შეისმინე ჩემი თხოვნა და ნატვრა ამისრულე. მას შემდეგ სულ ვიცოდი, რომ ყველა ნატვრას ამისრულებდი, არაფერზე უარს არ მეტყოდი, მთავარი იყო, შენი ერთგული ვყოფილიყავი. არა, მე თვითონ მინდოდა, რომ შენი ერთგული ვყოფილიყავი, შენ არ მაიძულებდი. ან ვისთან უნდა მეღალატა შენთვის? ვისზე უნდა გამეცვალე? ვისი ხორცი უნდა მომდომებოდა ისე ძალიან, რომ შენი ხორცის გემო დამვიწყებოდა? ვისთანაც არ უნდა ვყოფილიყავი, სინამდვილეში ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი? შენ იმათ უსახლდებოდი ტანში და თვალს რომ დავხუჭავდი, მაშინვე შენ დაგინახავდი და ვიცოდი, რომ შენთანა ვარ, შენ მკლავებში, შენს უბეში მაქვს თავი ჩარგული და დედის ძუძუსავით ვეწაფები შენს ხორცს. 
ოო, რა გემრიელი ხორცი გაქვს!  მის კიდევ ერთხელ გასასინჯად ყველა ტკივილს თავიდან გამოვივლიდი, ფეხები რომ მისივდებოდა და ძუძუებში რძე არ მიდგებოდა და ქუჩაში უნდა ვგდებულიყავი საათობით, რომ საჭმლის ფული მომეგროვებინა და ბავშვი მომემაგრებინა, სანამ ახალი კლიენტი გამოჩნდებოდა. ყველა ჩემი ბავშვი ჯანსაღი იყო, არცერთს არ დაუხველებია, არცერთს პატარა ნაკლიც კი არ ჰქონია. ამიტომაც არც კი დაფიქრდებოდნენ, ისე ყიდულობდნენ. გაჩენიდან ერთ თვეში ჯიბეში ფული მედო და შემდეგი ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობდი. 
ბავშვები რომ უნდა გამეყიდა, იმ კაცმა მასწავლა, ეკლესიაში რომ გავიცანი და ჩემზე თქვა, შეყვარებული არისო. ამის შემდეგ დამიმეგობრდა, სახლში მაცილებდა, მეუბნებოდა, მოყვასზე ზრუნვა ღვთის საქმეაო. ხანდახან შოკოლადსაც მაძლევდა, ერთი-ორჯერ ნაყინიც მაჭამა. მეც გავუთამამდი და ერთხელაც, საღამოთი, სახლში რომ მაცილებდა, ჩემი საიდუმლო გავუმხილე და ვუთხარი, რასაც ვნატრულობდი. იმან მიპასუხა, გინდა გაჩვენოო? მე არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი მინდათქო. კაცმა გარაჟში შემათრია და მითხრა, მუხლებზე დაემხე, როგორც ლოცვის დროსო. მერე უბე ჩაიხსნა და როცა მისი გამკვრივებული ხორცი ჩემს ტუჩებს შორის გასრიალდა, თვალებში დამიბნელდა და შენ დაგინახე და მივხვდი, რომ არაფრის აღარ უნდა შემშინებოდა და შენ ყველა ჩემს ნატვრას ამისრულებდი. მერე როცა სისხლი წამომივიდა, ვიფიქრე, რომ შენი სისხლი მომეცხო და როგორც შენ ჩამოგდიოდა მუცელზე იარიდან, ასე მეც მეღვრებოდა კალთებში და ჩემი კალთიდან იღვენთებოდა. კი, ეს შენი სისხლი იყო, რომელიც მე დამალევინე და ჩემი გულ-ღვიძლის გავლით კალთებიდან გადმომეღვარა. ყოველთვიურად, როცა სისხლი მეღვრება, ისევ შენზე ვფიქრობ და ვიცი, რომ შენც ამ დროს ჩემთან ხარ და შენს სისხლს მივლებ ჩემს დამჭკნარ ძარღვებში. შენი სისხლი და ხორცი ჩემ სისხლსა და ხორცში ტრიალებს. ამას მაშინვე მივხვდი, როცა მუცელი გამომებერა: მე ჩემი მუცლით შენს სისხლსა და ხორცს დავატარებდი. 
როცა დავორსულდი, ეკლესიაში აღარ მივლია. ერთი თვით ადრე, სანამ ბავშვს გავაჩენდი, ის კაცი შემხვდა ქუჩაში, რომელმაც, ჩემი მუცელი რომ დაინახა, მითხრა, რომ ბავშვი ღმერთის საჩუქარია, რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზეც და დედაჩემზეც და იმიტომ დამაორსულა, რომ ბავშვი გავყიდო და ამითი თავი ვირჩინოთ. შენ ხომ არცერთი საქმის კეთება არ შეგიძლია, არც დედაშენსო, რომელსაც მუხლების დამბლა დაეცა და ვეღარ დგებოდა. აბა ქუჩაში ხომ არ გახვალ და ქუჩის ქალი არ გახდებიო? პატარა ხარ, ქუჩაში მაინც არავინ დაგაყენებსო, პოლიცია წაგიყვანსო. თანაც მაშინ ჩვენთან ისეთი გაჭირვება იყო, ფული მხოლოდ მდიდრებს ჰქონდათ და ისინი მე სად მიპოვიდნენ, ჩემთვის რომ მოეცათ? ვინც ქუჩაში დადიოდა და ქალებს ეძებდა, ისინი ცოტას იძლეოდნენ, ორ-სამ დღეზე თუ მყოფნიდა ხოლმე, რომ არ გვეშიმშილა მე და დედაჩემს. ბავშვს კიდევ თუ გაყიდი, შენც სულს მოითქვამ და დედაშენიცო. 
მართლაც სული მოვითქვით. რაც მამაჩემი მოკვდა, ხორცის გემო არ გაგვისინჯავს, არც მე და არც დედაჩემს. იმ დღეს, ბავშვი რომ გამაყიდინა ჩემზე მზრუნველმა კაცმა, შემწვარი ქათამი გვქონდა სადილად. იმის შემდეგ სამი-ოთხი თვე ლუკმა-პური არ მოგვკლებია, ტკბილეულიც კი გვქონდა ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც. მერე ფული როცა შემოგველია, მე ვერ მოვითმინე და ორი ნაჭერი ტორტი ვიყიდე და სახლში მოვიტანე: ერთი ჩემთვის, ერთიც დედაჩემისთვის. დედა მეჩხუბა, ტორტში ფული როგორ გადაყარეო და ტორტისთვის პირი არ მიუკარებია. ორივე ნაჭერი მე შევჭამე და გული ამერია. დედას ეგონა, ტორტმა მაწყინა, მაგრამ შემდეგ დღეებშიც რომ გული მერეოდა, დედამ თავზე ხელი შემოირტყა და შემოსძახა, ორსულად ხარო. მე მაშინვე მივხვდი, რომ შენ არ მტოვებდი გასაჭირში და სარჩო-საბადებლად ისევ შვილს მიგზავნიდი. 
ამიერიდან მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე შვილების გაჩენა იყო. ყველას თავისი საქმე აქვს და რაც შეუძლია, ის უნდა აკეთოს. ეს კიდევ ჩემი საქმე იყო და მეც ამ საქმეს ვაკეთებდი. განა ვინმეს ჩემზე მეტი ბავშვი გაუჩენია? წელიწადში ზოგჯერ ორ ბავშვსაც ვაჩენდი, ბარაქიანი წლები როცა მქონდა. ბავშვებს თავიდან ის კაცი მაყიდინებდა, ეკლესიაში რომ გავიცანი. მეუბნებოდა, უჩემოდ ვერ გაყიდი და შიმშილით დაიხოცებით შენც, შენი ბავშვიც და დედაშენიცო. მეც ვუჯერებდი და ბავშვს გავაჩენდი თუ არა, კაცს ვაძლევდი და იმას ბავშვი მიყავდა და ფული მოჰქონდა. მერე როცა დედაჩემი მოკვდა, ბავშვი ახალი გაჩენილი მყავდა და დედაჩემის დასამარხი ფული რომ მქონოდა, აღარ დაველოდე იმ კაცს, რომელიც იმ დროს ქალაქში არ იყო და ბავშვი სასწრაფოდ მე თვითონ გავყიდე. მყიდველმა იმაზე სამჯერ მეტი ფული გადამიხადა, ვიდრე ის კაცი მაძლევდა. ეს რომ იმ კაცმა გაიგო, მემუქრებოდა, ფული მომეციო, თორემ შენ თავს დავაჭერინებო. მე ვიცოდი, რომ შენ შენი შვილების გამჩენს არ დააჭერინებდი და არ შემეშინდა. მას აქეთ ბავშვებს მე თვითონ ვყიდდი და იმდენი ფულიც მრჩებოდა, რომ ქუჩაში დგომა არ დამჭირვებოდა და გარეთ მხოლოდ მაშინღა გავდიოდი, როცა შემდეგი ბავშვის გაჩენაზე უნდა მეზრუნა. რამდენჯერ მიოცნებია, ნეტა ერთად ორი ბავშვი გამიჩნდეს მეთქი, ცოტას დავისვენებთქო, ცოტას ჩემ თავსაც მივხედავთქო, წელში გავიმათები და მერე გავაჩენთქო შემდეგ ბავშვს, მაგრამ ტყუპები არ გამიჩენია, არ მომეცი ტყუპები.
ვის გაუჩენია ამდენი ბავშვი? ყველა ჩემი სისხლი და ხორცია, ყველა შენი სისხლი და ხორცია!  მე შენ შვილებს დავატარებდი ცხრა თვე ჩემი მუცლით, შენ სისხლსა და ხორცს ვამრავლებდი ამ ქვეყნად. აი, ნახე რამდენია! ანიშნებს ოთახში მიმობნეულ თოჯინებზე. მერე მიდის თოჯინებთან და სათითაოდ ხელში აყავს. აი, ესეც შენი შვილი, აი, ესეც, ესეც, ესეც, ესეც, ესეც... ყველა მე გაგიჩინე, მე გაგიმრავლე. შენ არავინ გყოლია ჩემზე ერთგული, მე ვიყავი შენი ერთგული შეყვარებული, ფიქრადაც რომ არ გამივლია, შენთვის მეღალატა. არც შენ ერთგულებაში შემპარვია ეჭვი. ვიცოდი, რომ შენც ისევე გიყვარდი, როგორც მე მიყვარდი და შენც იცოდი, რომ ჩემს მეტი შენ ასე ძალიან სხვა ვერავინ შეგიყვარებდა. და, როგორც შენი შვილების გამჩენს, არასდროს არ მტოვებდი განსაცდელში, ყოველთვის მქონდა სარჩო-საბადებელი იმისგან, რასაც შენ მაძლევდი. 
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ გავბედე და არ მივიღე შენი საჩუქარი, არ გავყიდე ბავშვი, რომელიც შენ მაჩუქე. არ დაგემორჩილე და ბავშვი ჩემთვის დავიტოვე. მეც მოვინდომე შენი შვილით თავის დასაჩუქრება და სხვას აღარ დავუთმე. ის იყო, გადავწყვიტე, ბავშვი არ უნდა გამეყიდა, რომ ექიმმა მითხრა, მძიმე მშობიარობა გქონდა და ბავშვს მეტი ვეღარ გააჩენო. მე ვიცოდი, რომ არაფრის არ უნდა შემშინებოდა: ბავშვი გულში ჩავიხუტე და უკვე ვიცოდი, რომ მე ამიერიდან დედა უნდა ვყოფილიყავი. ვიცოდი, მეტი შვილი აღარ გამიჩნდებოდა, არც ქუჩაში სადგომად აღარ ვვარგოდი: სახე დამინაოჭდა, ჯანიც აღარ მომყვებოდა. ჯერ საბავშო ბაღს ვალაგებდი, მერე სკოლის ბუფეტში დამაწყებინეს მუშაობა, მზარეულს ვეხმარებოდი და დასვრილი ჭურჭელი შემომქონდა მაგიდებიდან. შენი შვილი, ჩვენი შვილი უნდა გამეზარდა. ბავშვს სულ თან დავყვებოდი, სულ ვეფერებოდი, სითბო და ალერსი არ მომიკლია. ზოგი იმასაც მეუბნებოდა საყვედურით, ნუ კოცნი ამდენს, მაინც ბიჭიაო. იცი როგორ გგავდა? რაც დრო გადიოდა, სულ უფრო გემსგავსებოდა. მე იმაზეც კი ვდარდობდი, ვინმემ არ იცნოს, არ გაიგონ ვისი შვილია და რამე არ დაუშაონთქო. მაგრამ ვერ დავიფარე, ვერ გადავეფარე, ვერ გადავარჩინე... ქალი იწყებს მოთქმით ტირილს 
თვალწინ მომიკლეს ჩემი შვილი და მე ვერ ვუშველე. მე ძირს ვეგდე და მთელ ხმაზე გავკიოდი. ისინი კი ზედ შემდგარიყვნენ და წიხლებს ურტყამდნენ. მე შველას ვითხოვდი, ხალხი კიდევ ფანჯრებიდან იყურებოდა. მხოლოდ ერთმა კაცმა უთხრა პოლიციელს, ჩვენ ქვემოთ რომ ცხოვრობენ დედა-შვილი, ის ბიჭიაო.   
შენ მაჩუქე შვილი და შენვე წამართვი. არ მაპატიე, რომ ჩემთვის დავიტოვე, ისიც ისე შევიყვარე, როგორც აქამდე მხოლოდ შენ მიყვარდი. არ მაპატიე ურჩობა და შეიძლება იმიტომ წამართვი, რომ ისევ მხოლოდ შენ მყვარებოდი. არადა მე ხომ შენ ისედაც მიყვარდი, მაგრამ რადგან შენს ხორცს აღარ მაგემებდი და ბავშვებს აღარ მაჩენინებდი, მეც სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, რომ დედასავით მყვარებოდი და როცა შენს შვილს ვეალერსებოდი, მაშინ მასთან ერთად ხომ ისევ შენ გიხახუნებდი ჩემს დამჭკნარ და დაკოჟრილ ხელებს... იქნებ აღარ გსიამოვნებდა ჩემი ხელების შეხება და ამიტომ წაიყვანე ჩვენი შვილი შენთან? იქნებ ცოდო იყო, რომ ჩემნაირი დედის შვილად უნდა ეცხოვრა და შენც შეგეცოდა?
მაგრამ მეც ხომ შეგეცოდე? მეც ხომ არ დამივიწყე და ამისრულე ჩემი ნატვრა, მთელი ცხოვრება რომ არ მისრულებდი და დღეს ტყუპები მაჩუქე?  
ესენი ჩემი პირველი ტყუპებია, რომლებიც მე არ მყოლია, მაგრამ ჩემი ტყუპებია, ისინი, რომლებიც არ გამიჩენია, მაგრამ სულ მინდოდა, რომ გამეჩინა. დღეს ასრულდა ჩემი ნატვრა და ჩემი ტყუპები ვიპოვე, როცა ნაგვის მანქანიდან ერთად გადმოცვიდნენ. მე მივვარდი და ხელი ვტაცე და გულში ჩავიხუტე ჩემი ტყუპები...
აა-აა-აა-ა, აა-აა-აა-ა... 
დღეს ამისრულდა ნატვრა, დღეს ამისრულე ნატვრა და მაჩუქე ტყუპები, რომლებზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ისინი მომივლიან და მიპატრონებენ. მეც აღარ მომიწევს ყოველდღე ნაგავსაყრელზე სიარული და საჭმლის ნარჩენებში ქექვა. ისინი, ჩემი ტყუპები გამიკეთებენ საჭმელს და საწოლსაც ისინი გამიშლიან. ორს ერთად არ გაუჭირდება ჩემი მოვლა. ახლა მე დავისვენებ და მხოლოდ შენზე ვიფიქრებ. 
 
ქალს ხელში აჰყავს ორი ახალი თოჯინა და მკერდზე იხუტებს
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.