წყალი მომიტანე





პროზა

წყალი მომიტანე




 

-წყალი მომიტანე, წყალი მომიტანეთ, წყალი!

“წყალი მომიტანე, წყალი მომიტანე”

შენ იცი, რომ წყალს აუცილებლად მოგიტანს ვინმე მაინც, მათგან, ვისაც არჩენ.

იცი, რომ უფროსს წყალი უნდა მიუტანონ უმცროსებმა, რადგან დაიღალე.

თუ ასეთი დაღლილი ხარ, რაღატომ სცემ ბოლთას მთელ სახლში და ჩემზე ენერგიულად რატომ გიციმციმებს თვალები?

“წყალი მომიტანე ჩქარა!”

შენ ფიქრობ, ვალდებული ვარ მოგართვა წყალი, რადგან ჩემხელამ, დედაჩემში გაათავე, და ამისთვის უნდა ვიყო მადლობელი.

ჩემი მოტანილი ჭიქა მადლობა უნდა იყოს სიცოცხლისთვის, ჩემი დათმობილი სიტყვაც.

წყალი უნდა მოგიტანო, იმიტომ, რომ მთელი დღე მუშაობდი, ახლა კი შენი ქალწულები უნდა გივლიდნენ დაღლილს.

მაშ რაღატომ სცემ ბოლთას მთელ სახლში, სმარტფონით ხელში მოციმციმე თვალებით?

მე მოგიტან წყალს, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი.

შენ კი დიდი ხნით სახლის სივიწროვეში სიარულის შემდეგ წვები და ხმამაღლა ყვირი:

“წყალი მომიტანეთ, წყალი!”

რადგან იცი, რომ მოგიტანენ, შეგეძლო დაგედგა ჩაციებული ბოთლი საწოლის კიდესთან, მაგრამ რისთვის? როცა იცი რომ მოვიტანთ?

წყალს უნდა გასმევდე, იმისთვის, რომ ადამიანები ვართ და არა იმის გამო, რომ თავს ღირსად თვლი ჩემი მსახურების...

“წყალი მომიტანეთ ჩქარა!”

ერთხელ მაინც მოიქეცი ადამიანივით და ადექი კვლავ საწოლიდან წყლის დასალევად, როგორც ამას მოსაშარდად აკეთებ.

უპირველესად საკუთარი თავი გაბარია, რომლის მოვლაც არ ძალგიძს.

რატომ აიღე ამხელა პასუხისმგებლობა? თუ ვცდები და ჩვენ ვაგებთ შენზე პასუხს?

წყალი ჩვენ უნდა მოგართვათ, დედად კი შენი ერთგული ცოლი მოგევლინება, ძუძუს გაწოვებს და დაგაძინებს ჩვილივით, ნანას ღიღინით, თუ როგორი უფხო ხარ.

“წყალი მომიტანე!” მეძახი, როდესაც სამი წუთიც არაა, რაც დაწექი,

მე კი ნახევრად მძინავს. მაგრამ უნდა ავდგე, რათა არ გავიკიცხო, რომ მშობელ მამას პატივს არ ვცემ.

მეძახი და გჯერა, რომ უნდა მოვიდე, მაგრამ... ცივი ოფლი გასხამს, რამდენჯერმე ხომ წამოგაგდე თბილი საწოლიდან ჩემი ურჩობით?

მოწიწებით მეძახი ასეთ დროს, “წყალი მომიტანე რაა”

მეც ვდგები, ბრაზით, ხომ შეგეძლო წეღან დაგელია, დაწოლამდე.

ბნელი ოთახიდან სინათლეში გასული ვერაფერს ვხედავ,

რომ დავწვები შუქის ჩაქრობასაც მთხოვ, არადა შენს ოთახში ანთია, მე კი უკვე გაცილებით შორს ვარ.

წყალი გსურს რომ მოგიტანო, მაგრამ მე ჰაერი არ მაქვს, ვაკუუმით ვარ გაჟღენთილი და სიარული მიჭირს, შენ კი ძილშიც გითამაშებს თვალები.

წყალი მოგიტანე, რატომ სვამ ისე თითქოს გეკუთვნოდა, შემდეგ კი ოხვრით გადაბრუნდები და აგრძელებ ძილს.

სულ არითმია გტანჯავს და წნევის ზომვით ახრჩობ სისხლძარღვებს, ვიცი გეშინია სიკვდილის.

ამას არც მალავ, ხმამაღლა დარდობ, თავს მაცოდებ და მადანაშაულებ შენს სისუსტეში;

რომ თუ მოკვდები, ყველაფერი მე უნდა ვითავო და ამჯერად ჩემი ზურგი დაიტვირთება;

და რომ ამის თავი მხოლოდ შენ გაქვს.

ვერც კი ხვდები, რომ მე ვარ, ის ვისაც ზურგით დაყავხარ,

შენს სიმძიმეს ხერხემალში ვგრძნობ და მტკივა,

არითმია გაქვს, მე კი გულის ცემას ვეღარ ვგრძნობ.

“მომიტანე გთხოვ, წყალი”, ამაზე, აღშფოთებული მეკითხები - მე უნდა მომქონდეს?

წყალი მომიტანე, მაგრამ როგორ? ყლაპვაც კი მიჭირს ეს ისე გიმძიმს.

ადამიანმა საკუთარი თავი წყლით მაინც უნდა უზრუნველჰყოს.

მაგრამ რისთვის? როცა შეგიძლია შვილს დაავალო?

რისთვის ვართ აბა? ეს შვილთა ვალია... თვითონ არ ამბობ?

“ვინ ხარ, ხმას რომ იღებ? მიდი წყალი მომიტანე”

ასე მაჩუმებ როცა სიმართლეს თვალს ვერ უსწორებ.

რატომ მჩაგრავ, რადგან პატარა ვარ? შენ ხომ ჩემზე უმცროსმა ჩამსახე? თუ რადგან სუსტი ვარ?

წყალი მომაქვს შენთვის, მაგრამ რა იცი რა გამოვიარე... რა მაქვს ამ თვალებით ნანახი.

შორიდან თუ გინახავს საკუთარი თავი? მაგრამ მე ყველაფერი მესმის და

ვიცი რა ტვირთიც დევს შენს მხრებზე, მეც იქ ვიყავი, უფროსთა ჩრდილში.

გგონია, არ მახსოვს? როგორ გათეთრდი ერთ დღე-ღამეში...

წყალს მოგიტან, მაგრამ იცი ვინ ვარ? რომ გგონია შენი მსგავსი ვარ, მიცნობ?

აბა რა მქვია? რომელი ვარ? რა მომწონს?

ჩვენ ვიცით, შენ ვინ ხარ, შენ კი ვერ გვარჩევ.

ვიცით რომ გეშინია მარტო არ დარჩე.

შეგიძლია წყალი მომიტანო და არ შეგრცხვეს? ოღონდ მაშინ, როდესაც თავს კარგად ვგრძნობ და საწოლზე შემომჯდარი ფილმს ვუცქერ.

მაშინ კი მოგაქვს, როცა ავად ვარ  და ნერვიულად თავს დამტრიალებ, ყველას გვეჩხუბები, რომ კარგად ვერ მომიარეს.

ასეთი გიყვარვარ, ავადმყოფი და სუსტი, რომ ექიმი გამომიძახო, რათა დარწმუნდე, რომ დიდხანს არ ავდგები,

ვეღარსად წავალ, სადაც შეიძლება შენზე ბედნიერი ვიყო.

მირეკავ, რომ წყალი მოგიტანო, როცა პირის გაღებაც გეზარება.

შენ ყოველთვის რეკავ, მაშინ როცა მე არ მახსოვხარ,

შესამოწმებლად, შემთხვევით ბედნიერი ხომ არ ვარ.

შემდეგ კი ანგრევ ერთი დღით აშენებულ ტაძარს, სადაც სიმშვიდეს ვგრძნობდი ოდესღაც.

ისევ ბნელდება და მეც მწუხრი ვხდები,

მალე მოხვალ და სევდასავით დამეუფლები.

აუხსნელ შფოთვას ვგრძნობ ტანით, როცა კარზე შენი კაკუნი ისმის,

ველოდები, როდის მაწვალებ, სანამ ღამისთვის ფერს ვიცვლი.

შემდეგ დავწვებით ყველა და ჩამთვლემს, ამ დროს გაგახსენდება, რომ გწყუროდა და დაგვიძახებ:

-წყალი მომიტანე, წყალი მომიტანეთ, წყალი!

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.