სოლარული ანუსი





პროზა

სოლარული ანუსი




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
   აშკარაა, რომ სამყარო პირწმინდად პაროდიულია, ანუ ყველაფერი, რასაც კი ვუყურებთ, რაიმე სხვის პაროდიაა, ანდა იგივე, დაფარული შემაცდენელი ფორმის ქვეშ.
   იმ წამიდან, რაც აზროვნებით გართულმა ფრაზებმა დაიწყეს ტვინში მიმოსვლა, მოხდა ტოტალური იდენტიფიკაციის მცდელობა, რადგან კოპულის წყალობით, ყოველი ფრაზა ერთ საგანს მეორესთან აკავშირებს; და ყოველივე ხილულად დაკავშირებული იქნებოდა, ერთი შეხედვით რომ შეგვძლებოდა მის მთლიანობაში იმ კვალის აღმოჩენა, რომელიც არიანეს ძაფმა დატოვა და რომელიც აზრს საკუთარ ლაბირინთში მიუძღვის.
   მაგრამ სახელწოდებათა კოპულა არანაკლებ გამაღიზიანებელი, ვიდრე - სხეულთა. და როდესაც გავკივი მე ვარ მზე, ამას ინტეგრალური ერექცია მოჰყვება, რამდენადაც ყოფნა ზმნა მოტრფიალე სიშლეგის მამოძრავებელია.
 
   ყველა აცნობიერებს, რომ ცხოვრება პაროდიულია და რომ მას არ აქვს განმარტება.
   ამრიგად, ლითონი ოქროს პაროდიაა.
   ჰაერი წყლის პაროდიაა.
   ტვინი ეკვატორის პაროდიაა.
   კოიტუსი დანაშაულის პაროდიაა.
 
   ოქრო, წყალი, ეკვატორი ან დანაშაული - ნებისმიერი ამათგანი შეიძლება საგნების პრინციპად გამოცხადდეს.
   და თუკი პირველწყარო ჰგავს არა პლანეტის მიწას, რომელიც საფუძვლად გვევლინება, არამედ წრიულ მოძრაობას, რომელსაც პლანეტა ასრულებს მოძრავი ცენტრის გარშემო, მაშინ მანქანა, საათი ან საკერავი მანქანა აგრეთვე თანაბრად გამოდგებიან გამომწვევ პრინციპებად.
 
   ორი მთავარი პრინციპი მბრუნავი და სექსუალური მოძრაობებია, რომელთა შერწყმაც ბორბლებისა და დგუშებისგან შემდგარი ლოკომოტივით გამოიხატება.
   ეს ორი მოძრაობა ორმხრივ ურთიერთსახეცვლილებაშია ჩაბმული, ისინი ერთიმეორედ ტრანსფორმირდებიან.
   ამიტომ ვამჩნევთ, რომ დედამიწა, როდესაც ბრუნავს, კოიტუსით აკავებს ცხოველებსა და კაცებს და (რადგან შედეგი იმდენადვეა მიზეზი რამდენადაც ის, რაც მას იწვევს) რომ ცხოველნი და კაცნი ატრიალებენ დედამიწას თავიანთი კოიტუსით.
   ამ მოძრაობათა მექანიკური კომბინაცია და ტრანსფორმაციაა ის, რასაც ალქიმიკოსები ეძებდნენ ფილოსოფიური ქვის სახელით.
   ამ მაგიური ღირებულების კომბინაციის გამოყენებით განისაზღვრება ადამიანის ამჟამინდელი მდებარეობა ელემენტებს შორის.
 
   მიგდებული წაღი, ჭიანი კბილი, მეტისმეტად მოკლე ცხვირი, მზარეული, რომელიც თავისი ბატონების წვნიანში აფურთხებს - ესენი იგივეა სიყვარულისთვის, რაც საომარი ალამია ეროვნებისთვის.
   ქოლგა, სამოციოდე წლის ადამიანი, სემინარიელი, აყროლებული კვერცხების სურნელი, მსაჯულთა დათხრილი თვალები - ესენია ფესვები, რომლებითაც იკვებება სიყვარული.
   ძაღლი, რომელიც ბატის კუჭს სანსლავს, მთვრალი ქალი, რომელიც არწყევს, ბუღალტერი, რომელიც ქვითინებს, მდოგვის ქილა - ესენი წარმოადგენენ დაბნეულობას, რომლის მეშვეობითაც გადაადგილდება სიყვარული.
 
   სხვებს შორის მოთავსებულ კაცს აღიზიანებს ის, თუ რატომ არაა ერთ-ერთი სხვათაგანი.
   ლოგინში გაწოლილს იმ გოგონას გვერდით, რომელიც უყვარს, მას ავიწყდება, რომ არ იცის, რატომაა თავად და არა სხეული, რომელსაც ეხება.
   ისე, რომ არაფერს ეჭვობს, მას სტანჯავს აზროვნების წყვდიადი, რომელიც ხელს უშლის, დაიყვიროს, რომ თავადაა გოგონა, რომელსაც, მის მკლავებში მთრთოლვარეს, ავიწყდება მისი მყოფობა.
 
   ან სიყვარული, ან ბალღური რისხვა, ან პროვინციელი ქვრივის სიამაყე, ან კლერიკალური პორნოგრაფია, ან ეული ალმასი მომღერალი ქალის ბეჭედზე - ესენი აგდებენ საგონებელში მტვრიან ბინებში მივიწყებულ პიროვნებებს.
   მათ იოლად შეუძლიათ ხარბად ეძებონ ერთმანეთი: ისინი ვერასდროს ვერაფერს მიაკვლევენ პაროდიული სახეების გარდა და დაიძინებენ სარკეებივით ცარიელები.
 
   გაფანტული და ინერტული გოგონა, უოცნებოდ რომ გამოკიდულა ჩემს მკლავებში, არაა ჩემთვის მეტად უცხო ვიდრე კარი ან ფანჯარა, რომელთა მიღმაც შემიძლია გავიხედო ან გავიარო.
   გულგრილობა (რომელიც მას ნებას რთავს, მიმატოვოს) მიბრუნდება, როდესაც თავს ძილს ვაძლევ, უუნარო, მიყვარდეს ის, რაც ხდება.
   მისთვის შეუძლებელია, იცოდეს, ვის იპოვის, როდესაც გულში ჩავიკრავ, რადგან ჯიუტად ახორციელებს სრულ დავიწყებას.
   პლანეტარული სისტემები, რომლებიც ბრუნავენ სივრცეში, როგორც მსწრაფლმოძრავი დისკოები და რომელთა ცენტრიც აგრეთვე მოძრაობს და კრავს მათზე უსაზღვროდ დიდ წრეს, მხოლოდ იმისთვის შორდებიან განუწყვეტლივ საკუთარ პოზიციას, რომ კვლავ მას დაუბრუნდნენ მას შემდეგ, რაც შეასრულებენ თავიანთ ბრუნს.
   მოძრაობა სიყვარულის ნახაზია, რომელიც ვერ ჩერდება ერთ კონკრეტულ არსებაზე და მსწრაფლ გადაინაცვლებს ერთიდან მეორეზე.
   მაგრამ დავიწყება, რომელიც მას ამრიგად განაპირობებს, მხოლოდ მეხსიერების ხრიკია.
 
   კაცი ისევე ჩქარა წამოიმართება კუბოდან, როგორც მოჩვენება, და ამრიგადვე ეცემა.
   რამდენიმე საათში კვლავ წამოდგება და შემდეგ ისევ ჩაესვენება და ამგვარი მიმდევრობით, ყოველდღე: ეს დიადი კოიტუსი ციურ ატმოსფეროსთან მიწის მზის გარშემო ბრუნვით იმართება.
   ამრიგად, თუმცა მიწიერი ცხოვრება ამ ბრუნვის რიტმით მოძრაობს, ამ მოძრაობის ხატება არა მბრუნავი დედამიწა, არამედ მდედრში შემავალი კაცის ასოა, რომელიც თითქმის მთლიანად გამოდის გარეთ, რადგან შემდეგ კვლავ შიგნით შევიდეს.
 
   სიყვარული და სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება განცალკევებულად, რომ ყოველივე დედამიწაზე გახლეჩილია სხვადასხვა სიფართოვისა და ხანგრძლივობის ვიბრაციების მიერ.
   და მაინც, არ არსებობს ვიბრაციები, რომლებიც უწყვეტ წრიულ მოძრაობასთან არ არიან შეუღლებულნი, ზუსტად ისევე, როგორც მიწის ზედაპირზე მგორავი ლოკომოტივია უწყვეტი მეტამორფოზის ხატება.
 
   არსებები მხოლოდ იმისთვის იხოცებიან, რომ დაიბადონ, როგორც ფალოსები გამოდიან სხეულებიდან, რათა კვლავ შევიდნენ.
   მცენარეები აღიმართებიან მზის მიმართულებით და შემდეგ ჩადგებიან მიწის მიმართულებით.
   ხეები ურიცხვად ხუნძლავენ მიწას მზისკენ აღმართული ნაყვავილები ასოებით.
   ხეებს, რომლებიც ძლიერად ილტვიან მაღლა, ელვა წვავს, ან ჭრიან, ან ფესვიანად რგავენ მიწიდან. მიწასთან დაბრუნებულები, ისინი კვალ ამოდიან, სხვა ფორმით.
   მაგრამ მათი პოლიფორმული კოიტუსი ერთგვაროვანი მიწიერი ბრუნვის ფუნქციაა.
 
   ბრუნვასთან შერწყმული ორგანული სიცოცხლის ყველაზე მარტივი სახე-ხატი ზღვის მიმოქცევაა.
   ზღვის მოძრაობისგან - მთვარესთან დედამიწის ერთგვაროვანი კოიტუსისგან - მომდინარეობს დედამიწისა და მზის პოლიმორფული და ორგანული კოიტუსი.
   მაგრამ მზიური სიყვარულის პირველი ფორმა თხევადი ელემენტის თავზე აღმართული ღრუბელია.
   ეროტიკული ღრუბელი ხანდახან ჭექა-ქუხილად იქცევა და კვლავ მიწას უბრუნდება წვიმის სახით, სანამ ელვა ატმოსფერულ შრეებს ხვრეტს.
   მალე წვიმა კვლავ წამოიმართება უძრავი მცენარის სახით.
 
   ცხოველური ცხოვრება სრულად მომდინარეობს ზღვათა მოძრაობისგან და, სხეულების შიგნით, სიცოცხლე განაგრძობს მარილიანი წყლიდან გამოსვლას.
   მაშასადამე ზღვამ მდედრობითი ორგანოს როლი შეასრულა, რომელიც თხევადდება ასოს მიერ აღგზნების დროს.
   ზღვა განუწყვეტლივ ანძრევს.
   ეროტიკული მოძრაობის მიერ აღძრულ ზღვაში მოცული და ნახარში მყარი ელემენტები ცვივა მისგან როგორც მფრინავი თევზები.
   
   ერექცია და მზე ისევე აღაშფოთებენ, როგორც გვამი ანდა სარდაფების სიბნელე.
   მცენარეულობა ერთხმად მიიწევს მზისკენ, ხოლო ადამიანები, პირიქით - თუნდაც ისინიც, ხეების მსგავსად, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით - უცილობლად თვალს არიდებენ მას.
   ადამიანთა თვალები ვერ იტანენ ვერც მზეს, ვერც კოიტუსს, ვერც გვამს, ვერც სიბნელეს, მაგრამ სხვადასხვა რეაქციებით.
 
   როდესაც სახეში სისხლი ამასხამს, ის წითლდება და უხამსდება.
   ის, ამავე დროს, ავადმყოფური რეფლექსების მეშვეობით გასცემს სისხლიან ერექციასა და უწესობისა და კრიმინალური აღვირახსნილობის მომთხოვნ წყურვილს.
   მაშ, არ მეთაკილება იმის დადასტურება, რომ ჩემი სახე სამარცხვინოა და რომ ჩემი ვნებები მხოლოდ მეიეზუვის (Jésuve [1]) გზით გამოიხატებიან.
   დედამიწა დაფარულია ვულკანებით, რომლებიც მისი ანუსის ფუნქციას ასრულებენ.
   თუმცა ეს დედამიწა არაფერს ჭამს, ის ხშირად გამოისვრის თავისი ნაწლავების შიგთავსს.
   ეს შიგთავსი გრუხუნით ინთხევა და კვლავ ძირს ეცემა, თან მეიეზუვის ფერდებზე იღვრება, რითაც ყველგან სიკვდილსა და თავზარს ავრცელებს.
 
   მართლაც, თუმც მიწის ეროტიკული ძვრები იმდენად ნაყოფიერი არაა, რამდენადაც წყლის, ისინი ბევრად უფრო სწრაფია.
   მიწა ხანდახან შლეგურად ანძრევს და ყველაფერი იმსხვრევა მის ზედაპირზე.
 
   ამრიგად, მეიეზუვი ეროტიკული მოძრაობის სახეა, რომელიც ძარცვით აძლევს გონებაში არსებულ იდეებს სკანდალური ამონთხევის ძალას.
 
   ისინი, რომლებშიც ამოხეთქვის ძალა გროვდება, აუცილებლად სიღრმეში არიან მოთავსებულები.
   კომუნისტი მუშები ბურჟუების თვალში ისევე მახინჯები და ბინძურები ჩანან, როგორც თმიანი სასქესო ორგანოები ან სხეულის ქვედა ნაწილები: ადრე თუ გვიან ის სკანდალურად ამოიფრქვევა, და ამ დროს ბურჟუათა უსქესო და კეთილშობილური თავები მოიკვეთება.
 
   კატასტროფები, რევოლუციები და ვულკანები ვარსკვლავებთან არ სიყვარულობენ.
   რევოლუციური და ვულკანური ხასიათის ეროტიკული დეფლაგრაციები ანტაგონიზმში არიან ზეცასთან.
   სასტიკი ტრფობის მსგავსად, მათ ნაყოფიერებასთან წყვეტა წარმოქმნის.
   ციურ ნაყოფიერებას ეწინააღმდეგება მიწიერი კატასტროფები, უპირობო მიწიერი სიყვარულის, გამოუვალი და წესების გარეშე ერექციის, სკანდალისა და ტერორის ხატება.
 
   სწორედ ამრიგად აღმოხდება სიყვარულს ჩემი ყელიდან: მე ვარ მეიეზუვი, მგზნებარე და დამაბრმავებელი მზის ბინძური პაროდია.
   მსურს ყელი გამომღადრონ გოგოს გაუპატიურებისას, რომლისთვისაც, შევძლებდი, მეთქვა: შენ ხარ ღამე.
   მზეს მხოლოდ ღამე უყვარს და მიწისკენ აგზავნის თავის მანათობელ სისასტიკეს, სულმდაბალ ასოს, მაგრამ უძლურია, მიაღწიოს ღამის მზერას, თუნდაც მიწის ღამეული სივრცეები მარად მიიწევდნენ მზის სხივის სიბინძურისკენ.
 
   სოლარული ანუსი მისი თვრამეტი წლის სხეულის ხელუხლებელი ანუსია, რომელსაც ვერაფერი საკმარისად დამაბრმავებელი ვერ შეედრება, გარდა მზისა, თუნდაც ანუსი ღამე იყოს.
 
 
 
 
[1] Jésuve ჟორჟ ბატაის მიერ მოგონილი სიტყვა-ჰიბრიდია, რომელიც, სავარაუდოდ, სამი ელემენტისგან შედგება: Je (=მე), Vésuve (=ვეზუვის ვულკანი), Jésus (=იესო).

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.