ქალის იდეალი





ფილოსოფია

ქალის იდეალი




შემოკლებული თარგმანი დ. შერგელაშვილისა. 2010 წ.
 
 
დაე, იყოს ქალი ჩუმი. მდუმარებით თვისით, ის შეინახავს სიტყვას. დუმილი მისი გამოხატავს იმას, რაც უღრმესად დაფარულია მასში. გწამს, შენ დუმილის? მე მწამს! როდესაც კაენი აბელს კლავდა, აბელი დუმდა, მაგრამ აბელის სისხლი ცას შეჰღაღადებდა - საშინელი მჭერმეტყველება, რომელიც არ დუმდება! ოჰ, დუმილის ძალავ! განა იმ პრინცის(1) მდუმარება უმნიშვნელო იყო? ბევრი ყვიროდა მაშინ ქვეყნის განთავისუფლებაზე - მხოლოდ ის ერთი დუმდა..
ასევეა ქალიც. როგორც უკვე ნათქვამია, ის არ ლაპარაკობს ეკლესიაში(2). ის დუმს. ის არც შინ ალაპარაკდება რელიგიაზე, რადგან დუმილს ინახავს. რას უნდა ნიშნავდეს ეს დუმილი? ის დაკავებულია საოჯახო საქმეებით, ცხოვრობს მთლიანად აწმყოში, თითქოს მთელი სულით აქ არის, თვით ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებშიც კი. ის სიცოცხლით სავსეა, მას სახლში მხიარული განწყობა შემოაქვს, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბავშვებს, მაგრამ მისი შემყურე, მაინც საკუთარ თავთან საუბრობ, რადგან ის - დუმს! კი მაგრამ, რა იმალება ამ დუმილის უკან? რა იმალება? მოდით, ნუ ვეცდებით ამის გარკვევას, მაგრამ დავფიქრდეთ - ეს დუმილი, ხომ ზუსტად ის არის, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად განვიცდით (თუკი, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვას, კიდევ უნდა გააჩნდეს მცირეოდენი ძალა ადამიანზე). თუ მიმოვიხილავთ თანამედროვე მსოფლიოს მდგომარეობას, იძულებულნი ვიქნებოდით გვეთქვა: ჩვენ, ჩვენი საზოგადოება, ავად ვართ! და, თუ შემეკითხებოდენ, როგორ გგონიათ, რა უნდა გავაკეთოთო, მე ვუპასუხებდი: პირველი, გადაუდებელი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, ესა - გამოვათავისუფლოთ დუმილი! ვეცადოთ, მოვიპოვოთ დუმილი, რამეთუ უკვე შეუძლებელი გახდა ღვთის სიტყვის გაგონება. თუ, მისი ძახილის(3) გამაძლიერებლების დახმარებით მიწვდენა მოგვიხდა(რათა ადამიანებმა გაიგონონ ამ ცხოვრების სპექტაკლში), ეს ხომ უკვე ღვთის სიტყვა აღარ არის. 
ყველა ხმაურმა მოიცვა. ჩვენს დროში ყოველი ღონისძიება, თუნდ უმნიშვნელო, ყოველი შეტყობინება, სრულიად უმნიშვნელოც კი, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ რომ ააფორიაქონ გრძნობის ორგანოები, ან წარმოშვან აურზაური მასაში, ბრბოში, პუბლიკაში და ადამიანიც, თითქოს ძილი დაუკარგავსო, ცდილობს აღმოაჩინოს ახალ-ახალი საშუალებები ხმაურის მოსამატებლად, მგრგვინავი სიცარიელის გასავრცელებლად, თან რაც შეიძლება მეტი ფუსფუსით და რაც შეიძლება დიდი მასშტაბებით. ორიენტირთა ასეთი ცვლილება მალე მიაღწევს მიზანს - შეტყობინებები სრულ უაზრობამდე დაეშვებიან, ხოლო შეტყობინების საშუალებანი მიაღწევენ მაქსიმუმს თავიანთი აჩქარებული, ყოვლისმომცველი და ყოვლისწამლეკავი დინებით. რამეთუ, არაფერი ასე არ მიისწრაფის მსოფლიოში და არაფერს მოუპოვებია ასე გავრცელება, როგორც ლაყბობას.
ამიტომაც - ჰქმენ სიჩუმე!
ქალს ხომ შეუძლია უამრავი გზით მოიპოვოს ძალაუფლება - თავისი სილამაზით, თავისი ხიბლით, ბედნიერი ცნობიერებით. თუნდაც, სიღარიბე ხვდეს წილად, ქალს შეუძლია ისე მოაწყოს სახლი, რომ იქ სითბომ და სინათლემ დაისადგუროს. ხოლო თუ მდიდრული ცხოვრება ერგო, მას ინსტინქტური ტაქტით შეუძლია, ლამის მიჩქმალოს სიმდიდრე, მაგრამ თუ დაავიწყდა სახლში შეეტანა ერთი, ერთადერთი რამ, მას არ ექნება, უმთავრესი! რა არის ეს? დუმილი! დუმილი ხომ იმაში არ მდგომარეობს, რომ უბრალოდ არ ლაპარაკობენ..
მიაქციეთ ყურადღება ამ ყველაფერს მანდილოსანნო! და თუ არ გაითვალისწინებთ, რომ უმთავრესი არის ჰარმონია, რომ აი, აქვეა დუმილი, მაშინ დუმილი არასოდეს შევა სახლებში. გაიხსენეთ მოციქულის სიტყვა და შეძლებთ საკუთარი თავის დანახვას სიტყვის სარკეში. რადგან, ქალი, რომელიც სულ სარკის წინ ტრიალებს პატივმოყვარე ხდება, ხოლო პატივმოყვარეობის მეშვეობით ყბედი. ასევე, ქალი, რომელიც თავს მხოლოდ დროის სარკეში ხედავს, მყვირალა და ხმაურიანია. და მხოლოდ ისეთი ქალი, რომელიც საკუთარ თავს სიტყვის სარკეში ჭვრეტს, ხდება მდუმარე. თუ ის, მჭერმეტყველი გახდა, ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება კარგი მეხსიერების მქონეა, მაგრამ ვინც ყოველივე ამით მდუმარე გახდა, მხოლოდ ისაა სრულიად სანდო. თავადაც ხომ იცი: ვისაც უყვარდება, მასში ენამზეობა იღვიძებს, თუმცა, რამდენად საიმედოა, სიყვარულის შენახვა მდუმარებაში..
 
(1) იგულისხმება, პრინცი ვილჰელმ ორანელი.
(2) 1 კორ. 14:34
(3) შდრ. მაისტერ ეკჰარტი: "ჩვენს დუმილში ღმერთის ძახილი ისმის".
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.