• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ღამის პერანგი

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 29 სექტემბერი, 2018 7756
ეს დღე უნდა დამდგარიყო და დადგა. მხოლოდ ერთხელ, ამ დღეს უნდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორადაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება ყოფნა. ამ დღეს, ამ ერთადერთ დღეს, მე ისეთი ვიქნებოდი, როგორიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ასეთად ყოფნა სხვა დღეებისთვის არ მემეტებოდა. სხვა დღეები ერთნაირია და არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ ხარ თუ არ ხარ. მერე რა, თუ არსებობ, როცა ყველაფერი ერთნაირია? როცა შუქს აქრობ და დაძინების წინ ფიქრობ, რომ კიდევ ერთი დღე მოიხადე და გინდა, რომ გაგიხარდეს, მაგრამ გახსენდება, რომ ხვალაც კიდევ ერთი დღე იქნება, რომელსაც ისევე მოიხდი, როგორც დღევანდელს, მაგრამ ამითი მოსახდელი დღეების რაოდენობა არ შემცირდება. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ერთხელ სხვა დღეც დადგებოდა და ამ დღეს ველოდი. ამ დღეს სარკეში ჩავიხედებოდი და სარკე მეტყოდა, რომ ყველაზე ლამაზი ვარ. 
 
ეს ნატვრა მაშინ ჩავუთქვი, როცა ჩემი თოჯინა თოვლის ბაბუასავით მოვრთე და ბამბისგან წვერებიც გავუკეთე. მაშინ პატარა ვიყავი, იმდენად პატარა, რომ ჯერ არავის არ ადადრდებდა, რომ მთელი დღე თოჯინით ვთამაშობდი. არც ეზოში თამაში მიყვარდა, არც კომპიუტერული თამაშები, არც ზღაპრები, თუ სათავგადასავლო წიგნები. მხოლოდ თოჯინით თამაში, ყოველდღე, დაძინებამდე, მაგრამ არასდროს მასთან ერთად ძილი. მას თავისი საწოლი ქონდა, მე ჩემი. ჩვენ დღისით ვიყავით ერთად, ღამით ცალ-ცალკე გვეძინა. 
 
ჩემი თოჯინა ცისფერთვალება გოგოა. როცა დააწვენ, თვალებს ხუჭავს, თუ წამოაყენებ, ისევ ახელს. როცა იწვა და თვალები დახუჭული ქონდა, ვიცოდი, რომ არ ეძინა და თვალებდახუჭული ისეთ სახის გამომეტყველებას იღებდა, რომ მე არ ვიცოდი ის რას განიცდიდა, მაგრამ იმდენად მომწონდა მისი სახის გამომეტყველება, რომ მინდოდა მეც განმეცადა. როცა დავწვებოდი და თვალებს დავხუჭავდი, ვცდილობდი წარმომედგინა, რომ მეც ჩემ თოჯინასავით რაღაც ძალიან სასიამოვნოს შევიგრძნობ, მაგრამ არ გამომდიოდა და სულ თოჯინას ვაკვირდებოდი, მჯეროდა, რომ კარგად თუ დავაკვირდებოდი, თოჯინის საიდუმლოს გამოვიცნობდი და ჩემი სახეც თოჯინის სახეს გამომეტყველებას მიიღებდა. 
ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი, როცა კერვა ვისწავლე საკერავ მანქანაზე და მე თვითონ შევუკერე კაბა ჩემს თოჯინას დედაჩემის ღამის პერანგისგან, რომელიც საკმაოდ გრძელი იყო და დედაჩემი საქორწინო კაბას ეძახდა. ეს კაბაც ჩემი თოჯინის საქორწინო კაბა იყო. დედას რომ ვკითხე, საწოლში რატომ გაცვია საქორწინო კაბა თქო, მიპასუხა, სიზმარში უნდა გავთხოვდეო. მე დავიჯერე და ყოველი ჩაძინების წინ თავს ვიფხიზლებდი, რომ დედაჩემისთვის მედარაჯა, სიზმარში რომ არ გათხოვილიყო და მე მარტო არ დავეტოვებინე. თუ ძილში დაილაპარაკებდა, მაშინვე ვაღვიძებდი, მეგონა თხოვდებოდა. მერე მოვიფიქრე, დედაჩემი გათხოვებისგან როგორ გადამერჩინა და მისი ღამის პერანგის ქვედა ნაწილი მოვარღვიე და იმისგან შევკერე თოჯინის კაბა. როცა დედამ მკითხა, რატომ დამიმოკლე ღამის პერანგიო, ვუთხარი, რომ არ გათხოვდეო. 
 
დედაჩემი სიზმარში გათხოვდა. ასე მითხრეს, დილით რომ გავიღვიძე და დედა არ დამხვდა. სიზმარში რომ არ გათხოვილიყო, ხომ მეც წამიყვანდა და მარტო არ დამტოვებდა? დამემშვიდობებოდა მაინც. მხოლოდ თავისი ღამის პერანგი, საქორწინო კაბას რომ ეძახდა, დამიტოვა და წავიდა. ეს ჩემთვის მისი ანდერძი იყო, შეიძლება მისამართიც, სად უნდა მეძებნა. ღამის პერანგს დედაჩემის სუნი ასდიოდა და ეს სუნი ყველაზე მეტად მიყვარდა. ლოგინში დედაჩემის ღამის პერანგს ვიხუტებდი და ვსუნავდი. ღამის პერანგს სუნი არ გასდიოდა, მაშინაც, როცა უკვე დიდი ხანი იყო, ის არავის არ ცმოდა. მხოლოდ მე ვეხუტებოდი. დილით, როცა ვიღვიძებდი, ჯერ დედაჩემის ღამის პერანგს ჩავეხუტებოდი და ასე რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიწექი. ადგომა არ მიყვარდა. თუ მეტყოდნენ, ადგომის დროაო, თავს ვიმძინარებდი, ან ვამბობდი, რომ ავად ვარ და ადგომა არ შემიძლია. ჩემი არავის სჯეროდა და მე მწყინდა, რომ ჩემი არ სჯეროდათ და თავზე საბანს ვიფარებდი და ვიბუტებოდი. ჩემი არც მე მჯეროდა, მაგრამ მინდოდა, რომ სხვებს დაეჯერებინათ. 
 
ერთხელ, როცა ჩემს თოჯინას კაბას ვაცმევდი და თმას ვვარცხნიდი, უცებ წარმოვიდგინე, რომ მე მაცმევდნენ კაბას და მე მვარცხნიდნენ თმას. მე თვითონ ვიყავი ჩემი თოჯინა და მას საქორწინო კაბა ეცვა. ჩაცმულ და დავარცხნილ თოჯინას სარკეში ჩავახედე და უცებ საკუთარი თავი დავინახე. თოჯინა საწოლზე დავაწვინე, საბანი გადავწიე და დედაჩემის ღამის პერანგი ამოვაცურე. გული არანორმალურად ამიჩქარდა, საკუთარი გულის ცემის მეშინოდა. მერე თითქოს შემცივდა და ამაკანკალა. ვიცოდი, რომ სახლში მარტო ვიყავი და ახლა უნდა მექნა. ტანსაცმელი გავიხადე და ღამის პერანგი ჩავიცვი. დამოკლებული პერანგიც ისე გრძელი იყო, რომ მართლა საქორწინო კაბასავით მქონდა. საწოლზე გადავწექი, ჩემს თოჯინას გვერდზე მივუწექი და უცებ ჩვენი გამოსახულება სარკეში დავინახე: მე და ჩემი თოჯინა ერთმანეთის გვერდზე, ერთნაირ კაბებში, ერთნაირი სახის გამომეტყველებით. უცებ თავში დამარტყა, რომ ახლა სწორედ ისეთ გრძნობას განვიცდიდი, რომელსაც სიამოვნებას ვეძახდი, მაგრამ აქამდე არ განმეცადა. გული სწრაფად მიცემდა, მუცლის და მკერდის არეში რაღაც მიბჟუოდა, თან იმაზეც ვფიქრობდი, ოთახში ვინმე არ შემოსულიყო და ჩემი სიამოვნება არ დაეფრთხო. ამიერიდან ვიცოდი რა იყო სიამოვნება და როცა სიამოვნება მომინდებოდა, დედაჩემის ღამის პერანგს ვიცვამდი და საწოლზე ვწვებოდი. და სიამოვნებაც მოდიოდა, საიდუმლოდ შემოიპარებოდა ჩემს ოთახში და იმდენ ხანს იყო, სანამ არ გავუშვებდი. ეს იყო ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მომენტები. მე სულ მათ გახანგრძლივებაზე ვფიქრობდი. ამიტომ არ მიყვარდა ადგომა. როცა ავდგებოდი, ჩემი ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა. მე არ მიყვარდა ჩემი ტანსაცმელი და თუ სახლში მარტო ვიყავი, დედაჩემის ღამის პერანგს ვიცვამდი და სარკეში ვიყურებოდი და მსიამოვნებდა, როცა მე და ჩემს თოჯინას ერთნაირი სახის გამომეტყველებები გვქონდა.  
 
არ ვიცი რა მეტაკა, რამ გადამაწყვეტინა: ერთხელ ჩემ თოჯინასავით ავიპრიხე წამწამები, დედაჩემის ღამის პერანგი ჩავიცვი და ეზოში ჩავედი. ეზოს ბავშვებს არ ვუყვარდი. მეც არ მიყვარდა ისინი, მათთან თამაშს ჩემ თოჯინასთან თამაში მერჩივნა, ამ არგუმენტით თავს ვიმშვიდებდი, როცა დამინახავდნენ და დაცინვას მიწყებდნენ. მხოლოდ ერთ უფროსკლასელ ბიჭს რომელიც ჩემს სკოლაში სწავლობდა და სახლში ხანდახან ერთად ვბრუნდებოდით, ველაპარაკებოდი ხოლმე, უფრო სწორედ, ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი, თუმცა რასაც ის მიყვებოდა, თითქმის არაფერი მესმოდა, მაგრამ როცა მასთან ერთად ჩავივლიდი, ჩემკენ დამცინავი სახით გამოხედვასაც ვერავინ მიბედავდა. ერთხელ, სკოლიდან რომ მოვდიოდით, უცებ წვიმამ დაცხო. იმან წვიმაში სირბილი დაიწყო და თან გახარებული რაღაც სიტყვებს ყვიროდა. სანამ უახლოესი სახლის სადარბაზომდე მივაღწიეთ, თავი რომ შეგვეფარებინა, ორივე გავილუმპეთ. სადარბაზოში რომ შევედით, იმან სველი პერანგი გაიხადა და გაწურვა დაიწყო. მე გაოცებული ვუყურებდი მის მუცელ-მკერდს და მისი მკლავების მოძრაობას. ის სპორტზე დადიოდა და მე პირველად ვხედავდი ნავარჯიშევ ტანს და რომ არ ეკითხა, შენ რატომ არ იხდიო, უკვე მისი კუნთების ხელით მოსინჯვას ვაპირებდი. მე მომერიდა გახდა და ჩემი გამხდარი ტანის გამოჩენა. მაგრამ მომინდა, მეც ისეთად ვჩვენებოდი, როგორადაც თავი ყველაზე მეტად მომწონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მთელი ჩემი სილამაზით დამინახავდა, ისიც და მთელი ეზოც, ყველა ჩემით მოიხიბლებოდა, ისინიც კი, ვინც დამცინოდა, ან უბრალოდ თვალს მარიდებდა. 
 
იმ დღეს, დედაჩემის ღამის პერანგი რომ ჩავიცვი და ეზოში ჩავედი, ის უფროსი ბიჭი ეზოში არ იყო. არადა ფანჯრიდან რომ გადავიხედე, იქ იდგა. ბავშვებმა დამცინეს. მათი სიცილის ხმა არ გაჩერებულა და ყოველთვის, როცა დედაჩემის ღამის პერანგს ვიცვამ, ეს ხმა თავისით ირთვება და არ ჩერდება. ერთმა მკლავში ხელი ჩამავლო და ისე მომქაჩა, რომ ღამის პერანგი გაირღვა. მე ატირებული გამოვიქეცი და სანამ კიბეებზე ამოვდიოდი, წარმოვიდგინე, რომ თავი უნდა ჩამომეხრჩო და საკუთარი თავის ჩამოხრჩობილად წარმოდგენა უცებ ისე მომეწონა, რომ კიბეები ხტუნვა-ხტუნვით ავირბინე და სახლში ისე შევვარდი, თითქოს საძინებელ ოთხაში უკვე გამზადებული სახრჩობელა მელოდებოდა და მხოლოდ მის ყულფში ჩემი თავის გაყოფაღა აკლდა. 
 
საძინებელში შევვარდი და სარკეში რომ ჩავიხედე, პირველი, რაც გავიფიქრე, საქორწინო კაბა იყო. დედაჩემის ღამის პერანგში მეც პატარძალს ვგავდი და მაშინ მომივიდა ეს იდეა, საკუთარ ქორწილში, საქორწინო კაბაში თავი რომ ჩამომეხრჩო. ისე მომეწონა ეს სურათი, - თეთრი გრძელი საქორწინო კაბა, ფეხებს რომ გიფარავს და ეკლესიის ზარივით რომ კიდიხარ და ირგვლივ რომ შეძრწუნებული ხალხი გახვევია და კივის, - რომ ამან გადამაფიქრებინა იმ საღამოს თავის ჩამოხრჩობა. მერე თოკი მოვძებნე, ყულფი გავუკეთე და ჩემს თოჯინას, ჩემი შეკერილი საქორწინო კაბა რომ ეცვა, თავი გავაყოფინე და ფარდების საკიდზე ჩამოვკიდე. რამდენიმე წუთი ვუყურებდი როგორ ქანაობდა სახრჩობელაზე ჩამოკიდული თოჯინა და უცებ ჩემ თავში ჩემთვის აქამდე უცნობი ძალა და სიმტკიცე ვიგრძენი, რომელმაც დაცინვის სიმწარე და წყენა გადამავიწყა და ჩემთვისვე მოულოდნელად და სრულიად გაუგებრად,  კარგ ხასიათზე დამაყენა. კარგ ხასიათზე კი არა, სიხარულს ვეღარ ვმალავდი, სიხარულისგან დავხტოდი. თითქოს ცხოვრების მიზანი ვიპოვე და მას ვერავინ გადამაფიქრებინებდა, მასზე უარს ვერავინ მათქმევინებდა. მე საკუთარ ქორწილში, საქორწინო კაბაში, რომელიც დედაჩემის ღამის პერანგი იქნებოდა, თავი უნდა ჩამომეხრჩო!
 
იმ ღამეს გვიანობამდე არ ჩამეძინა. ვიწექი და ჩემს თავს საქორწინო კაბაში ჩამოხრჩობილს ვხედავდი, მერე ხალხის შეშფოთებულ სახეებს და შეძახილებს წარმოვიდგენდი და სიამოვნებისგან სიცილი მიტყდებოდა. ეს ფიქრი არც შემდეგ დღეს გამქრალა, არც იმის შემდეგ დღეს. პირიქით, სულ უფრო მიძლიერდებოდა, სულ უფრო დიდ ვნებას აღძრავდა ჩემში. მასზე რომ ვიწყებდი ფიქრს, მთელი ტანი მითრთოდა, ტუჩები მიკანკალებდა და მეც ვიცოდი, რომ ეს სიამოვნების შეგრძნება იყო და რაც უფრო მეტად მსიამოვნებდა, მით უფრო სწრაფად მიცემდა გული და მით უფრო მეტად ვცახცახებდი. თან არდადეგები დაიწყო და მეც უფრო მეტი დრო მქონდა მხოლოდ საკუთარ ფიქრებზე მეფიქრა და გულის აჩქარებით მესიამოვნა.
 
მაშინაც გული ამიჩქარდა, როცა ჩემმა მეზობელმა უფროსკლასელმა ბიჭმა მითხრა, შენზე ამბობენ, კაბით დადისო. მე გავფითრდი და ვერაფერი ვერ ვუპასუხე. იმან, სადარბაზოში შევიდეთ, მინდა გელაპარაკოო. სადარბაზოს კარი რომ გამოვაღეთ, უცებ მივუბრუნდი და ვუთხარი, შენ მინდოდა დაგნახებოდითქო. მე რატოო? მე გადავწყვიტე აღარაფერი დამემალა და ვუპასუხე, იმ დღეს სადარბაზოში სველი პერანგი რომ გაიხადე, ისე მომეწონა შენი ტანი, რომ მეც ისეთი მინდოდა დაგნახებოდი, როგორიც საკუთარი თავი მომწონს. ბიჭმა მკითხა, გინდა კიდევ დაგენახოო? მე თავი დავუქნიე. მოდი სარდაფში ჩავიდეთო და მეც გავყევი. მაისური გაიხადა და კმაყოფილი თვალებით გადმომხედა. მე მონუსხული ვუყურებდი და ისევ დაკუნთულ მუცელზე ხელის მოკიდება დავაპირე, როცა ბიჭმა ხელები მხრებზე დამადო, თავისი მძიმე და დაკუნთული მკლავებით დამაწვა და მითხრა, დაიჩოქეო და შარვალი ჩაიხსნა. მე თვალებში დამიბნელდა, როცა ჩემ ტუჩებს შორის უცხო სხეულის შეჭრა ვიგრძენი და გონება დავკარგე. უფროს ბიჭს ისე შეშინებია, ეგონა მოვკვდი, რომ მკლავებში ავუტაცივარ და სარდაფიდან სადარბაზოში ამოვუყვანივარ. მერე ერთი-ორი სახეში შემომცხო თავისი ძლიერი ხელები და მეც თვალები გავახილე. ბიჭმა შეშინებული სახით, მაგრამ მკაცრი ხმით მითხრა, ადი სახლშიო და თვითონ სადარბაზოდან გავიდა. მე სახლში ავედი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. მთელი სახე მიხურდა, მეგონა 40 გრადუსი სიცხე მქონდა. მერე თითქოს გამახსენდა, რაც მოხდა და ფანჯარა გამოვაღე, მინდოდა გადამეფურთხებინა, მაგრამ ნერწყვი არ მქონდა, პირი გამომშრალი იყო. მწყუროდა, მაგრამ წყალი რომ დამელია, ოთახიდან უნდა გავსულიყავი. გარეთ გასვლის მეშინოდა, თითქოს ჩემი მეზობელი ბიჭი, ჩახდილი შარვლით იდგა და ჩემს ოთახიდან გამოსვლას ელოდა. მე დედაჩემის ღამის პერანგი ჩავიცვი და გაუშლელ ლოგინზე დავწექი. ვიფიქრე, იქნებ ახლა იყო თავის ჩამოხრჩობის დრო, ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, არასდროს გადამივლიდა და ასე ყოფნას სიკვდილი მერჩივნა. მაგრამ თავის მოკვლა თავად ჩამოხრჩობაზევე ფიქრმა გადამაფიქრებინა. ახლა თავი რომ მომეკლა, ეს უბრალოდ თვითმკვლელობა იქნებოდა, ცხოვრება რომ აღარ გინდა, აღარ შეგიძლია და თავს იკლავ. თავის ჩამოხრჩობა სხვა რამეა, მას თავისი სილამაზე აქვს: დიდი, გაშლილი თეთრი კაბა, ეკლესიის ზარივით რომ კიდია და მასში ჩამჯდარი სხეული ზარის ენასავით ქანაობს, - აი ამ სიამოვნებაზე უნდა მეთქვა უარი, იმ ღამეს თავი რომ მომეკლა. 
 
შემდეგ დღეს სკოლაში არ წავსულვარ, თავი მოვიავადმყოფე. დიდად არც მომიტყუებია, მართლა ავად ვიყავი, თუმცა არც სიცხე აღარ მქონდა, თავსაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. საშინლად მწყუროდა, მაგრამ წყალს ვერ ვსვამდი, მეგონა მოიწამლებოდა ჩემს პირის ღრუში და მეც მომწამლავდა. კბილებს მთელი ათი წუთი ვიხეხავდი, ღრძილები დავისისხლიანე, თითქოს გუშინდელი ამბის ნაკვალევს ვშლიდი. იმ დღეს სახლიდან არ გავსულვარ, მეორე დილით გამოვედი და იმ უფროსი ბიჭის სახლს ჩავუარე. მის აივანზე გადმოფენილი სარეცხი დავინახე. უცებ გავჩერდი და მომინდა, ბიჭის საცვლები ამომეცნო, მაგრამ მაშინვე თავი დავხარე და სწრაფი ნაბიჯებით გავაგრძელე სიარული. 
ქუჩაში თავჩაქინდრული დავდიოდი, მეშინოდა ვინმეს არ ვეცნე, თითქოს ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული და მე ვიმალებოდი. ყველაზე მეტად ბიჭებს ვერიდებოდი, თუ სადმე ტროტუარზე ერთად მდგარ ორ ბიჭს მაინც დავინახავდი, ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი. ერთხელ, სახლში რომ მოვდიოდი, წარმოვიდგინე, რომ უჩინმაჩინის ქუდი მაქვს და ვერავინ მხედავს. ისე გამიტაცა ამაზე ფიქრმა, რომ სახლში მისვლისთანავე ტანსაცმლის კარადაში შევძვერი და ქუდების ძებნა და მორგება დავიწყე. მერე მომბეზრდა და ისევ დედაჩემის ღამის პერანგი ამოვაძვრინე ჩემი ლოგინიდან და ჩავეხუტე. მერე ღამის პერანგი ჩავიცვი და დავიძინე. არადა დედაჩემის ღამის პერანგი ლოგინში არასდროს მცმია, ის ყოველთვის გვერდით მეწვინა, ხან ვყნოსავდი, ხან ვეხუტებოდი.
 
ჯერ თითქოს ბოლომდე არ ვიყავი ჩაძინებული, რომ ის მეზობელი უფროსი ბიჭი დამესიზმრა. მე ჩემს საწოლზე ვიწექი და დედაჩემის ღამის პერანგი მეცვა. თვალები დახუჭული მქონდა და სახის გამომეტყველებით ჩემს თოჯინას ვგავდი. ამ დროს კარი გაიღო და ის მეზობელი ბიჭი შემოვიდა. მე არ შემშინებია, პირიქით, თითქოს ველოდი და გამიხარდა მისი მოსვლა. ბიჭმა მაისური გაიხადა, მერე მკლავები გაშალა და მე მის მკლავებში აღმოვჩნდი. მე სიამოვნებისგან თვალთ დამიბნელდა და გონებადაკარგული მხოლოდ მის სხეულს შევიგრძნობდი, რომელიც თითქოს ჩემს სხეულს უერთდებოდა, როგორც მდინარე უერთდება ზღვას. ამ დროს გამეღვიძა და სანამ გამოვფხიზლდებოდი, ამ დასიზმრებული სიამოვნების გაშვება არ მინდოდა და ძილის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ამან უფრო გამომაფხიზლა და აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა, - უფროსმა ბიჭმა რომ ჩემზე იძალადა, თუ იმ აქამდე არგანცდილ ვნებაზე, რომელმაც თითქოს მთელი ჩემი სადარდებელი გადამავიწყა. თავიდან მინდოდა ჩემს ფიქრებს შევწინააღმდეგებოდი, მაინც მეუხერხულებოდა, რომ ვინც ჩემზე იძალადა, მე იმის მკლავებში ყოფნა მსიამოვნებდა, მაგრამ სწორედ ეს სიამოვნება იყო ისეთი უცხო და მომაჯადოებელი, რომ მას თუნდაც ფიქრებში ვეღარ ველეოდი, არ მინდოდა დამთავრებულიყო. ისევ გული ამიჩქარდა და ამაკანკალა, წარმოვიდგინე, როგორ მაწვება მხრებზე დაკუნთული მკლავების ძალა და მუხლებზე მაყენებს. მე პირს ვაღებ, თითქოს უნდა დავიყვირო, მაგრამ ხმას წინ რაღაც ძალა ეღობება, რომელსაც მთელი ჩემი პირით შევიგრძნობ. ეს ძალა ჩემს მოგონებაში არაამქვეყნიური ძალა იყო და მე მასთან შეხებაზე თვალებში ჩამომიბნელდა, თითქოს შუქზე მისი დანახვის უფლება არ მქონდა. მერე ჩემმა სხეულმა წონა დაკარგა და მე ჰაერში ტივტივი დავიწყე. ეს ისეთი შემზარავი სიამოვნება იყო, რომელსაც ჩემი გონება ვერ დაიტევდა და ამიტომ უნდა გონება დამკარგვოდა. ახლაც, ამას რომ ვიხსენებდი, უკვე ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა და მეგონა გონება მეკარგებოდა, მთელ ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და ყვირილივით ხმა აღმომხდა, როცა მუცელზე რაღაც თბილი სითხის შესხურება ვიგრძენი, რომელიც შარდს არ ჰგავდა. მერე აბაზანაში წყალი მოვუშვი და აქაფებულ თბილ წყალში ჩავწექი. ქაფი საქორწინო კაბა იყო და მეც აფროდიტესავით ქაფიდან დავიბადე.
 
ერთი თვეც არ იყო გასული, ერთხელ მეზობელ სახლთან რომ ჩავიარე, ძირს ჩამოვარდნილი ტრუსი დავინახე. აივანზე სარეცხი ეფინა. ტრუსი მეზობელი ბიჭის იყო. ვიცანი. ეს ტრუსი ეცვა, როცა სარდაფში ჩამიყვანა და შარვალი ჩაიხსნა, - გრძელი ჩითის ნაჭრისგან, ყოველთვის ამოწეული. პერანგის ქვედა ღილები ჩახსნილი ჰქონდა და შარვლიდან ყოველთვის ტრუსები უჩანდა. ეს ტრუსი ადრეც შემიმჩნევია, ხშირად ეცვა და მეც მიფიქრია, რომ მისი საყვარელი ტრუსი იყო. იმ დღესაც, სარდაფში, მუხლებზე რომ დამაყენა, სანამ თვალებში დამიბნელდებოდა, ამ ტრუსის დანახვა მოვასწარი. მას შემდეგ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. მე უცებ ძალიან ავღელდი, გული ამიჩქარდა, ამაკანკალა. სასწრაფოდ ხელი ვტაცე და სახლისკენ გავიქეცი, ვინმეს რომ არ დავენახე, ან არ დამწეოდა და წაერთმია. ჯერ უთოთი გავაშრე, მერე ჩემ საწოლზე დავდე და დიდხანს ვუყურებდი. მის გვერდით ჩემი თოჯინა იწვა, დედაჩემის ღამის პერანგისგან გამოჭრილი კაბით და თვალებდახუჭული ნეტარებაში მყოფს ჰგავდა, ისეთს, როგორიც მე ვიყავი ჩემს სიზმარში, როცა ჩემზე მოძალადე დამესიზმრა. მერე მივედი, ტრუსი სახესთან მივიტანე და დავყნოსე. თავიდან სარეცხის ფხვნილის სუნი ვიგრძენი, მაგრამ უცებ სხვა სუნმა გადაფარა და სანამ მივხვდებოდი, საიდან მეცნობოდა ეს სუნი, უკვე გულის აჩქარება და ლოყებში ტემპერატურის მატება ვიგრძენი: ეს იმ ბიჭის ტანის სუნი იყო, რომელიც მისი ჩახსნილი შარვლიდან ამოვარდა. მე ჩემ და უნებურად, ტრუსის ნაჭერს ენა შევახე და ჩემმა ენამ ის გემო გაიხსენა, რომელის გახსენებასაც მთელი ეს დღეები ვერ ვბედავდი. ეს იმ ერთადერთი ადამიანის ხორცის გემო იყო, რომელიც ჩემს ენას გაესინჯა. უცებ მივხვდი, რაც უნდა მექნა, სუნი და გემო რომ არ გამქრალიყო: ტრუსს ნაკერები ჩამოვურღვიე და დავშალე. მერე მაკრატლით დავჭერი და ცოტა ხანში პატარა ჩითის კაბა შევკერე, რომელიც ჩემს თოჯინას ზუსტად მოერგი, მიუხედავად იმისა, რომ ზომები არ ამიღია. ჩემმა თოჯინამ პირველად გამოიცვალა კაბა, მას შემდეგ, რაც დედაჩემის ღამის პერანგის ნაჭრისგან ჩემი შეკერილი კაბა ჩავაცვი. ძალიან მოუხდა ახალი კაბა. ახალ კაბაში, საწოლზე რომ იწვა და თვალებს ხუჭავდა, ის ჩემს სიზმარს ჰგავდა.
 
სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლაზე არც მიფიქრია. ბებიაჩემის დანატოვარ ბინას ვაქირავებდი და ეს ყველაფერზე მყოფნიდა, რაც მჭირდებოდა. ბევრიც არაფერი მჭირდებოდა. ძირითად დროს სახლში ვატარებდი. ჩემ ოთახში ვიჯექი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, დრო როგორ გამეყვანა. დილით გაღვიძება და ფარდების გაწევა, ღამით კი ფარდების ჩამოფარება და შუქის ჩაქრობა - აჩქარებული კადრების მონაცვლეობას ჰგავდა. არაფერი არ მიზიდავდა, - არც ფული, არც სწავლა, არც გართობა, არც რამე ჰობი მქონდა. მეგობრებიც არ მყავდა და არც მათი არყოლა მაწუხებდა. ყველა და ყველაფერი ერთფეროვნად და მოსაწყენად გამოიყურებოდა, ყველაფერი, გარდა ჩემივე ფიქრებისა. მეც ვიჯექი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ქორწილზე. არც არავინ შემყვარებია და არც ოჯახის შექმნაზე მიოცნებია, მხოლოდ ქორწილი და საქორწინო კაბა, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობდი. ყველა საქორწინო კაბა დედაჩემის ღამის პერანგს ჰგავდა, მაგრამ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ხატვაც შემეძლო, კერვაც ვიცოდი, მაგრამ საქორწინო კაბის დახატვაც კი არასდროს მიცდია. ის მხოლოდ ფიქრებში არსებობდა, ფიქრებში იცვლებოდა, იხვეწებოდა, სულ ახალ-ახალი დეტალებით ივსებოდა და იმდენად ცხადად ვხედავდი მის ყოველ ნაკეცს, რომ გამოჭრა და შეკერვა სრულიად ზედმეტად მიმაჩნდა.
 
ერთხელ, როდესაც თოჯინას კაბა გამოვუცვალე, მომინდა, რომ ჩემს თოჯინას მთელი გარდერობი ჰქონოდა. ძალიან მალე თოჯინის კაბების კერვა ჩემ ვნებად იქცა. ქუჩაში სიარული დავიწყე და ნადავლი მომქონდა. ვაგროვებდი გასაშრობად გაფენილ ბიჭების საცვლებს, სახლში ვაშრობდი, სუნს და გემოს ვუშინჯავდი და ამის მიხედვით ვშლიდი, ვანაწევრებდი და კაბებად ვაწყობდი. არცერთი კაბა ერთმანეთს არ ჰგავდა, ყველა სხვადასხვანაირი იყო, ყოველ ჯერზე ახალ ფორმას ვიგონებდი. კაბის ფორმას ტრუსის სუნი და გემო მკარნახობდა. ყოველი კაბა კოლბასავით იყო, რომელიც სუნს და გემოს ინახავდა. ცოტა ხანში ხატვაც დავიწყე, ზეპირად აღარ შემეძლო ამდენი ფორმის დამახსოვრება და რომ არ გამემეორებინა, წინასწარ ვხატავდი და მერე სანაჭრე ტრუსებსაც იმ ნახატის მიხედვით ვეძებდი. ასე ვისწავლე ტრუსის სუნის და გემოს მიხედვით შესატყვისი კაბის ფორმების გამოგონება და მერე საჭირო სუნისა და გემოს მასალის მოძიება. მალე ჩემს თოჯინას იმდენი კაბა დაუგროვდა, რომ დღეში რამდენჯერმე შეეძლო გამოცვლა. მეც არ მეზარებოდა და დღეში რამდენჯერმე ვუცვლიდი. მაგრამ მათ დამახსოვრებას ხატვაც აღარ ყოფნიდა და მეც ფოტოების გადაღება დავიწყე: ვაცვამდი თოჯინას ახალ-ახალ კაბას და ფოტოს ვუღებდი. 
 
ასე გადიოდა თვეები, შეიძლება წლებიც. ყოველი დღე ერთნაირი იყო და დიდი აზრიც არ ქონდა მათ თვლას. ზოგჯერ მთელი კვირა ისე გავიდოდა, რომ ჩემი ყელის იოგებს ჰაერის ნაკადი ხმად არ გარდაქმნა არ უწევდათ. ხანდახან ჩემთვის დავილაპარაკებდი, უფრო სწორედ, სიტყვებს ხმამაღლა ვამბობდი, მეტყველება რომ არ დამვიწყებოდა. მოწყენილი მაინც არ ვიყავი, ყოველ ახალ კაბას თავისი ისტორია ჰქონდა, ბიჭის ტრუსების მოპარვიდან კაბად ქცევამდე. ტრუსების მოპარვაში ისე დავოსტატდი, ისე მშვიდად და აუღელვებლად ვიპარავდი, რომ არაფერი შთამაგონებელი ამაში აღარ იყო. ჩემი ფიქრები ტრუსების სუნისა და გემოს გასინჯვით იწყებოდა. ცოტა ხანში, სუნს და გემოს სითბოც დაემატა: ყველა ტრუსს მისი მფლობელის სხეულის ტემპერატურა ქონდა, რომელსაც არც გარეცხვა და არც დაუთოება არ უკარგავდა. სუნის, გემოს და ტემპერატურის შეზავებით უკვე ზუსტად ვხედავდი მის მფლობელს, ტრუსის ფორმიდან გამომყავდა მისი გარეგნობა, რომელიც ჩემს მეზობელ უფროს ბიჭს ჰგავდა, მასთან მიმსგავსებული იყო, მაგრამ რა მომენტშიც თოჯინას ამ მიმსგავსებული ბიჭის ტრუსისგან შეკერილ კაბას ჩავაცმევდი, მაშინვე გადაულახავი სიუცხოვე ჩნდებოდა და მეც ახალ კაბაზე ვიწყებდი ფიქრს, რომელსაც მეზობელ ბიჭთან მეტი საერთო ექნებოდა. 
 
მეზობელი ბიჭი უკვე დიდი ხანი იყო, რაც ჩემი მეზობელი აღარ იყო. იმ ზაფხულს სკოლა დაამთავრა და ზაფხულშივე მისი ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა. მას შემდეგ აღარც მინახავს. მხოლოდ, როცა გამახსენდებოდა, მისი ტრუსისგან შეკერილ კაბას ვაცმევდი ჩემს თოჯინას, მე - დედაჩემის ღამის პერანგს. მერე ერთად ვწვებოდით საწოლზე და ორივეს ერთნაირი სახის გამომეტყველება გვქონდა. სხვებთან ასე არ გამომდიოდა: ზოგი მომწონდა და რამდენიმე საათითაც ეცვა თოჯინას მისი ტრუსისგან შეკერილი კაბა. ზოგს ჩაცმისთანავე ვხდიდი. მხოლოდ ერთხელ, ერთი ტრუსის პატრონი ისე მომეწონა, რომ ოთხი დღე მისი ტრუსისგან შეკერილი კაბა თოჯინისთვის არ გამიხდია. არც სხვა კაბა შემიკერავს იმ დღეებში, არც ტრუსების მოსაპარად გავსულვარ. ვიჯექი და თოჯინას ვუყურებდი და იმ ბიჭზე ვფიქრობდი, ვისაც თოჯინის ეს კაბა ტრუსად ეცვა. ისე შორს წავედი ჩემს ფიქრებში, რომ გადავწყვიტე ამ კაბაში გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე ამეტვირთა, იმ იმედით, რომ ის ბიჭი ნახავდა და ჩემი თოჯინის კაბაში საკუთარ ტრუსს იცნობდა და გამომეხმაურებოდა. 
 
ინსტაგრამზე ჩემი თოჯინის ფოტოების დადება ახალ საქმიანობად მექცა, უფრო სწორედ, ჩემი საქმიანობის ახალ სფეროდ. ყველა ფოტოზე თოჯინას სხვა კაბა ეცვა და მალე ინსტაგრამზე ჩემი თოჯინის კაბების სრული კოლექცია განთავსდა. თავიდან ზედ არავინ უყურებდა, კაი ხანი არავის შეუმჩნევია. მერე თითქოს ერთბაშად იფეთქა და ყოველდღე ახალ-ახალი „მიმდევარი“ მიჩნდებოდა. რამდენიმე წერილიც მივიღე, ყველა თითქმის ერთი და იმავე შინაარსის: „საიდან იწერ ამ ფოტოებს?“ „ვისი ნამუშევრებია?“ „მარტო თოჯინების ფოტოებს რატომ დებ?“ არცერთზე არ მიპასუხია, ფოსტის კითხვაც კი მეზარებოდა და მხოლოდ იმისთვის ვხსნიდი, რომ წამეშალა. 
 
ერთხელ ინსტაგრამზე წერილი მომივიდა. ჩვეულებრივზე ბევრად გრძელი წერილი იყო და თავიდან წაუკითხავად წაშლას ვაპირებდი, მაგრამ მერე გამომგზავნელს დავხედე და გავჩერდი: თოჯინების თეატრი მწერდა, ჩემი თოჯინის რამდენიმე კაბით იყვნენ დაინტერესებული და თანამშრომლობას მთავაზობდნენ. ვუპასუხე, რომ ეს კაბები არც იყიდება და არც ითხოვება, მაგრამ შემეძლო მსგავსი კაბები შემეკერა. თავიდან გამიკვირდა, ასე მალე რატომ დავთანხმდი. თოჯინების თეატრი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც დედაჩემს წავუყვანივარ. იქ მე და დედა ყოველთვის ერთად ვიყავით. სახლში რომ ვბრუნდებოდით, მე ჩემი თოჯინით ვაგრძელებდი ნანახ სპექტკლს.
 
მეორე დღესვე დამინიშნეს შეხვედრა. თეატრის ფოიეში პატარა, ჩემზე მეტად გამხდარი გოგო იდგა და რომ შევედი, გაკვირვებული, ცოტა დაბნეული სახითაც შემომხედა. მეც დავიბენი მის დანახვაზე, თანამშრომელზე უფრო თოჯინების თეატრის მაყურებელს ჰგავდა, თუმცა ახლოდან რომ დავაკვირდი, ჩემზე საგრძნობლად უფროსი უნდა ყოფილიყო. ორივეს ერთმანეთი სხვანაირი წარმოგვედგინა. მოგვიანებით გამომიტყდა, გოგო მეგონეო და თითქოს გაუხარდა, რომ ბიჭი შერჩა. მერე სახელოსნოში შემიყვანა და ნაჭრები მაჩვენა, რომლებისგანაც თოჯინებისთვის კაბები უნდა შემეკერა. თან სპექტაკლის სცენარიც მომცა, თოჯინების ხასიათებიც რომ მცოდნოდა. მე მარტო დავრჩი სახელოსნოში, ჯერ სცენარი წავიკითხე, მერე თოჯინებს და ნაჭრებს დავუწყე ყურება. არანაირი იდეა არ მომსვლია, საერთოდ ფიქრი მიჭირდა, ხან თოჯინებს ვუყურებდი, ხან ნაჭრებს და არცერთი არაფერს არ მეუბნებოდა. პირველად ცხოვრებაში, თოჯინებს ზომები ავუღე, მერე ხატვა ვცადე, მაგრამ მალევე თავი დავანებე. ბოლოს ნაჭრებს მივადექი და ჭრა დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ნაჭრებს უბრალოდ ვაქუცმაცებდი და ვაფუჭებდი. მერე უცებ გადავწყვიტე, რომ არაფერი გამოვა და სახლში გავიპარე. მისვლისთანავე ინსტაგრამზე შევედი და გოგოსთვის, ვისაც შევხვდი და დავალება მომცა და, როგორც გაირკვა, რეჟისორი იყო, წერილის წერა დავიწყე, სადაც მოკლედ ავუხსენი, რომ არ გამომდის და სხვა იპოვნონ. გაფუჭებული ნაჭრების თანხას ავანაზღაურებდი. სანამ წერილს გავაზავნიდი, უცებ წამოვხტი, სასწრაფოდ გავიხადე და დედაჩემის ღამის პერანგი ჩავიცვი. დღემდე ვერ გამიგია რა მოხდა, უცებ ტირილი ამიტყდა, ცრემლი ნიღვარივით მომდიოდა, ვქვითინებდი, ამდენი მას შემდეგ აღარ მიტირია, რაც მითხრეს, „დედაშენი გათხოვდაო“. მე დედაჩემის საწოლს მივვარდი და მისი ღამის პერანგი ამოვაძვრინე. ეს იყო მისი საქორწინო კაბა, რომლითაც ეძინა და ძილში გათხოვდა და მე მარტო დამტოვა და აღარ გავხსენებივარ და აღარ მოვუკითხივარ. მას შემდეგ მარტო ვარ და სულ ჩამესმის, - „დედას როგორ გავს“. რამდენჯერ მიფიქრია, რომ იქნებ იმიტომ ვგავარ, რომ დედა არსადაც არ წასულა და ჩემში, ჩემს სხეულში იმალება? იქნებ დედა მოაჯადოვეს და ჩემს სხეულში გამოამწყვდიეს და რომ დაბრუნებულიყო, ჯადო უნდა მომეხსნა? 
როცა დედაჩემის ღამის პერანგი მეცვა, სარკეში რომ ვიხედებოდი, დედაჩემს და საკუთარ თავს ერთად ვხედავდი. ისიც ჩემსავით გამხდარი იყო, ისიც სულ ვიღაცაზე ფიქრობდა და მე ვეჭვიანობდი, ვფიქრობდი, ალბათ იმაზე ფიქრობს, ვიზეც სიზმარში უნდა გათხოვდესო. მერე უცებ ის გამხდარი გოგო გამახსენდა, თოჯინების თეატრის რეჟისორი. სახელოსნოში რომ შევედით, მე უცებ ამეკვიატა, რომ მან თავისი საქორწინო კაბისთვის დამიბარა და მე მისთვის ზომები უნდა ამეღო და ლამის ვუთხარი, ისედაც ვიცი შენი ზომა თქო. არადა ქორწილი სპექტაკლში იყო, თოჯინა თხოვდებოდა, მასსავით ახალგაზრდა ოფიცერს მიყვებოდა და პატრაძლისა და მისი მეგობარი გოგოებისთვის კაბები უნდა მომეფიქრებინა. გამიხარდა, რომ წერილი არ გავაგზავნე. სასწრაფოდ ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი. უკვე დაღამებულზე დავბრუნდი ნადავლით სავსე ჩანთით, დიდხანს ვარჩევდი, ნახევარი ქალაქი მოვიარე, სულ საუკეთესო ახალგაზრდული ტრუსები შევარჩიე, დარწმუნებული რომ ვიყავი, რომ ისინი ლამაზი და კარგად გამოყვანილი ტანებიდან იყო. მთელი ღამე გავათენე და დილით ყველა კაბა მზად იყო. მერე ფოტოები გადავუღე და ინსტაგრამით რეჟისორს გავუგზავნე, თან ვწერდი, რომ ღამენათევი და დაღლილი ვარ და დღეს თეატრში მიტანას ვერ შევძლებდი. ცოტა ხანში აღფრთოვანებული პასუხი მომივიდა, თან მწერდა, არ შეწუხდე, მისამართი მომწერე და კურიერს გამოგიგზავნიო. ვთხოვე, მაშინ იქნებ ახლავე გამოეგზავნა, სანამ დავიძინებდი. ნახევარ საათში მანდ იქნებაო. მე კაბები დავკეცე და გასატანებლად გავამზადე. მერე ჩემს საძინებელში შევედი და ლოგინს ვშლიდი, კარზე ზარი რომ გაისმა. სანამ კარს გავაღებდი, უცებ წარმოვიდგინე, რომ კარს მიღმა ჩემი მეზობელი ბიჭი იდგა, რომ ის იყო თეატრის კურიერი. არც არასდროს უკითხავს, სად ვცხოვრობ და არც მე მითქვამს. იცოდა, რომ სადღაც ამ სახლში, მაგრამ არც სართული, არც ბინა. ძალიან მომინდა გამეხსენებინა და ვერ ვიხსენებდი, რამდენი წელი იყო გასული, ხუთი თუ ექვსი? კარი ისეთმა აფორიაქებულმა და შეშფოთებულმა გავაღე, კურიერი ჩემ დანახვაზე დაიბნა და ბოდიშების მოხდა დამიწყო შეწუხებისათვის. მე გავუღიმე და დაკეცილი კაბები მივაწოდე. როცა წავიდა, ჩემს თოჯინას ჩემი მეზობელი ბიჭის ტრუსისგან შეკერილი კაბა ჩავაცვი, მე - დედაჩემის ღამის პერანგი და დავიძინე.
 
ასე დავიწყე თოჯინების თეატრში მუშაობა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველაფერს სახლში გავაკეთებდი: თეატრიდან სცენარი და თოჯინების ფოტოები მომდიოდა, მე კაბებს ვუკერავდი თოჯინებს და კურიერს ვატანდი. მერე მე და რეჟისორ გოგოს გვიან ღამემდე ჩეტი გვქონდა ინსტაგრამზე. შეგვეძლო საათობით გვეწერა ერთმანეთისთვის, მაგრამ არასდროს პირადულ თემაზე. არც მას უკითხავს რამე და არც მე. ერთხელ მომწერა, როცა გავთხოვდები, საქორწინო კაბის შეკერვა შენ უნდა გთხოვოო. შემეშინდა, ეს რომ წავიკითხე, გული ისე ამიჩქარდა, სუნთქვა მიჭირდა, მეგონა გული მისკდებოდა, მუხლები ამიცახცახდა და საწოლზე დავწექი. მინდოდა მეტირა, მეგონა ცრემლები წამომივიდოდა, მაგრამ ტირილის ნაცვლად, თითქოს ჩემდა უნებურად, მის საქორწინო კაბაზე დავიწყე ფიქრი. ვიცოდი, პირველსავე ნახვაზე მივხვდი, რომ თხოვდებოდა, ქორწილზე ფიქრობდა, როცა გავიცანი. მის თვალებში დედაჩემის გამოხედვა მეცნო, როცა მეუბნებოდა, სიზმარში უნდა გავთხოვდეო. 
 
იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე: პატარა ვიყავი და დედაჩემის გვერდით მეძინა. შუა ღამისას გამომეღვიძა და დედაჩემს გადავხედე. მისი ლოგინი ცარიელი იყო. მე ავდექი და ძებნა დავუწყე. არსად არ იყო. აივნის კარი ღია იყო. აივანზე გავედი და პირველი, რაც დავინახე, დიდი კალათა თუ კასრი იყო, რომელიც ჰაერში ეკიდა, უფრო სწორედ, არაფერზე არ ეკიდა, არც იდგა, მას კიბე ჰქონდა მიდგმული. დედაჩემი აივანზე იდგა, ღამის პერანგი ეცვა, მისი „საქორწინო კაბა“, და კიბეზე ასვლას იწყებდა. მე აქვითინებული მივვარდი, ხელები ღამის პერანგში ჩავავლე და თან ვღრიალებდი, „არ გათხოვდე, დედა, არ დამტოვო“. უცებ კალათი ადგილიდან მოწყდა და ცაში გაუჩინარდა. მე ხელში დედაჩემის ღამის პერანგი შემრჩა. ატირებულს გამომეღვიძა, შეშინებული და სწრაფი მოძრაობით დედაჩემის ღამის პერანგი ხელით მოვსინჯე და რომ დავრწმუნდი, აქ იყო, მშვიდად ამოვისუნთქე. 
 
გადაწყდა, რომ მე უნდა შემეკერა მისი საქორწინო კაბა. თეატრში მივედი, ზომები უნდა ამეღო და ჩემი მომზადებული კაბის ესკიზები გაგვერჩია. მის ოთახში შევედი, დაკაკუნება დამავიწყდა და კარი რომ შევაღე, ის დავინახე, რაც აქამდეც უნდა მცოდნოდა, - ზუსტად ისევე, როგორც ვიცოდი, რომ რეჟისორი გოგო თხოვდებოდა, - მაგრამ არ მინდოდა, რომ მცოდნოდა, სიურპრიზი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, როცა ჩემს რეჟისორ გოგოს თავის საქმროსთან - ჩემ მეზობელ ბიჭთან - ერთად ვნახავდი. ეს უნდა მომხდარიყო. ეს ნიშანი იყო, რომ მე სწორ გზას ვადექი და ყველაფერი ისე მარტივად და თავისით ლაგდებოდა, რომ ცოტა ეჭვიც კი შემეპარა, არ მეგონა, ყველაფერი ასე იოლი თუ იქნებოდა და ცოტა გულიც კი დამწყდა. მაგრამ გულის დაწყვეტა მალე სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანმა ფიქრმა გადაფარა: ის ერთადერთი დღე ახლოს იყო, რომლის დადგომისაც მჯეროდა და რომლისთვისაც ამდენი წელი ვემზადებოდი. 
 
კარი რომ შევაღე, ბიჭი დივანზე იჯდა და მკლავებით კალთაში ჩაწვენილი რეჟისორი გოგო ეჭირა. ორივე შეცბა და დივანიდან წამოიშალა. პირველივე, რამაც თავში გამიელვა, ბიჭის მკლავების სიმძიმე იყო, რომელსაც ჩემი მხრებით ვიცნობდი, როცა ხელები დამაწყო და დამაწვა. ბიჭის მკლავების სიმძიმე ახლაც ვიგრძენი ჩემ მხრებში და უცებ დაჩოქება მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე და მოვიბოდიშე, მოგვიანებით შემოგივლით თქო და კარი მოვიხურე. რეჟისორი გოგო გამომეკიდა და გამაჩერა, ჩემი საქმრო მინდა გაგაცნოო. ბიჭი ისე ღელავდა, ენა დაება და მკლავები აუკანკალდა. დიდი ხანი ვერ მშვიდდებოდა. „კაი, რა დაგემართა?“ - სიცილით ამშვიდებდა რეჟისორი გოგო, - ეს მართლა ჩემი მკერავი კი არაა, მეგობარიაო. მე მშვიდად ვიდექი და მშვიდი სიამოვნებით ვუყურებდი მეზობელი ბიჭის გაფითრებულ სახეს და თითქოს ჩემში რაღაც ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება ვარდის კოკორივით იფურჩქნებოდა. ზომები სწრაფად ავუღე, ესკიზებსაც გადავახედე, ისე სწრაფად ავუხსენი, რომ ცოტა დაბნეული, მაგრამ კმაყოფილი სახით მიყურებდა. ბოლოს ვუთხარი, სამ დღეში ჩემთან გეპატიჟებით მეთქი ორივეს, ჩაზომვაზე და თან თოჯინების კაბების მთელი ჩემი კოლექციის ჩვენებასაც დავპირდი, რამაც რეჟისორი გოგო ისე აღაფრთოვანა, თავისი საქორწინო კაბა გადაავიწდა და გამომშვიდობებამდე დარჩენილი წუთები ჩემი თოჯინის კაბებზე მისვამდა აღტაცებულ კითხვებს. 
ჩემი თოჯინა და მისი კაბები ის საიდუმლო იყო, რომელიც განდობას არ ექვემდებარებოდა. თოჯინების თეატრში მუშაობამ სახელი გამითქვა, თუმცა ჩემი სახელი არავინ არ იცოდა რეჟისორ გოგოს, კურიერის და თეატრის ბუღალტრის გარდა. ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ თეატრმა რეკლამის მიზნით ჩემი ინტერნეტ გვერდის ლინკი გაავრცელა იმ თოჯინების კაბების ფოტოებთან ერთად, რომლებსაც თეატრისთვის ვკერავდი. მალე ახალი უცნაურობების მოყვარულთა წრეებში ლამის საკულტო ფიგურად ვიქეცი, რასაც, მნიშვნელოვანწილად, ჩემი უცნობობაც განაპირობებდა და ყველა ჩემს ნამუშევარსაც განსაკუთრებულობის იდუმალებას მატებდა. ბევრს ვაღიზიანებდი ჩემივე უცნობობის გამო, უაზრო და ავადმყოფურ ახირებას უწოდებდნენ, მაგრამ მე ეს ყველაფერი არანაირად არ მაღელვებდა, არც ქება, არც დაცინვა. მე არ ვარსებობდი და ამ პრივილეგიის დათმობა არაფრად მიღირდა. 
 
სამი დღე მქონდა იმის შესაქმნელად, რაზეც ფიქრი იმ დროს დავიწყე, როცა მითხრეს, დედაშენი სიზმარში გათხოვდაო. მე მაშინ გადავწყვიტე, ისეთი საქორწინო კაბა შემეკერა, რომელსაც ჯადოსნური ძალა ექნებოდა და დედაჩემს ჯადოს მოუხსნიდა. მე მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი და მაშინვე დავიწყე კერვის სწავლა. რაც დრო გადიოდა და ვიზრდებოდი, სულ უფრო ნაკლებად მჯეროდა ჯადოქრობის, მაგრამ სულ უფრო მეტად ვიჯერებდი, რომ ჯადოსნური კაბის შექმნას შევძლებდი და ჩემ ფიქრებში სულ მის ქმნაში ვიყავი. არა ლამაზის, ან ყველაზე ძვირად ღირებულის, არამედ ჯადოსნური ძალის მქონე კაბის, ზღვის ქაფს რომ ემგვანებოდა, საიდანაც ქალღმერთივით დავიბადებოდი. მიზანი ახლოვდებოდა, მაგრამ ჯერ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი.
 
სამი დღე სახლიდან არ გამოვსულვარ, გაღვიძებისთანავე მუშაობას ვიწყებდი და გონების დაკარგვამდე ვმუშაობდი. მასალების მოძიება არ მჭირდებოდა, ყველაფერი სახლში მქონდა. საქორწინო კაბის ძირითადი ღერძი დედაჩემის ღამის პერანგი იყო, დანარჩენ ნაწილებს ჩემი თოჯინის სხვა კაბებიდან ვიღებდი. მთავარი იყო არა ფერთა შეხამება, არამედ იმ ბიჭების ტანის გემო, რომელიც მათი ტრუსებიდან კაბას გადაედებოდა. კაბის რეცეპტი ამ გემოების და კანის სურნელის სწორი შეზავება იყო. ამ რეცეპტს წლების განმავლობაში ვიგონებდი და ვიმახსოვრებდი. სუნს და გემოს ვუსინჯავდი მოპოვებულ ტრუსებს და უკვე ზუსტად შემეძლო წარმოდგენა, როგორ გამოიყურებოდა მისი მფლობელი. 
 
სუნი და გემო საცვლებიდან არასდროს გადის, მე ეს საიდუმლო ამოვხსენი. არასდროს გასვლია, ოდნავაც არ შენელებია ღამის პერანგს დედაჩემის სუნი. როცა ის მეცვა, დედაჩემი მეალერსებოდა, მისი სხეულის ტემპერატურას ვგრძნობდი და ჩემ ფიქრებში სუნის, სითბოს და გემოს შეხამება ვისწავლე. ამ საიდუმლო ფორმულით ვკერავდი კაბებს თოჯინებისთვის და ახლა უკვე ადამიანის ჩასაცმელი უნდა შემეკერა. ვიცოდი, რომ ამისი საშუალება ერთადერთხელ მომეცემოდა, ერთადერთ საქორწინო კაბას შევქმნიდი, რომელშიც მთელი ჩემი ცოდნა უნდა გამთლიანებულიყო და ისეთი სრულყოფილი ფორმისთვის მიმეგნო, რომლის შექმნაც ბუნების კანონებით შეუძლებელი იქნებოდა. 
 
სამი დღე გავიდა. მეოთხე დღეს ქორწილი იყო დანიშნული. რეჟისორ გოგოს ქორწილის მთელი ცერემონიალის ჩატარება თეატრის სცენაზე უნდოდა. მე შევთავაზე, რომ სპექტაკლად ექცია, თოჯინების მონაწილეობით. იდეა ძალიან მოეწონა და შემომთავაზა, არა მხოლოდ თოჯინების ჩაცმულობაზე მეზრუნა, არამედ სცენარის დაწერაშიც დავხმარებოდი. უყოყმანოდ დავთანხმდი. ეს იდეალურ საშუალებას მაძლევდა, რომ ყველაფერი ჩემ ჭკუაზე წასულიყო. სცენაზე საქმრო უნდა მდგარიყო და პატარძალს დალოდებოდა, რომელიც პერანგის ამარა შემოდიოდა სცენაზე და ხელში თოჯინა ეჭირა, რომელსაც საქმროს გადასცემდა. ამ დროს შემომქონდა საქორწინო კაბა და სცენის ცენტრში ჩამოშვებულ თოკზე, რომელზეც საკიდარი იყო მიმაგრებული, კაბას ვკიდებდი. მის ქვეშ სკამი იდგა, რომელზე საპატარძლო დაჯდებოდა. ორი მსახიობი ქალი კაბას ჩამოხსნიდა და ჩააცმევდა. შემდეგ საქმრო თოჯინას ისევ პატარძალს უბრუნებდა. ეს იყო ჩემი მოგონილი რიტუალი. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებდა. იმ დღეს სცენაზე ჩემი თოჯინა გამოჩნდებოდა, ის შეასრულებდა მთავარი თოჯინის როლს.
 
ქორწილის წინა დღეს, მოსაღამოებულზე მესტუმრნენ რეჟისორი გოგო და ჩემი ყოფილი მეზობელი ბიჭი, რომელიც ხვალ მისი ქმარი ხდებოდა. ბიჭი დაძაბულობას ვერ მალავდა, თავს ნერვიულად ამოძრავებდა, ჩემკენ გამოიხედავდა, თითქოს თვალით უნოდოდა რაღაც ენიშნებინა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მე ჯერ ჩემი თოჯინა გამოვიყვანე, რომელსაც მეზობელი ბიჭის ტრუსისგან შეკერილი კაბა ეცვა და რეჟისორ გოგოს მივართვი, რომელმაც თოჯინა ჩაიხუტა და მოფერება დაუწყო. ბიჭს თვალის გუგები გაუფართოვდა თოჯინის, უფრო სწორედ, მისი კაბის დანახვაზე და მოულოდნელად ადგილიდან წამოხტა, მაგრამ არ იცოდა რა მოემოქმედა და ისევ დაჯდა. მისი გაფართოებული თვალის გუგებიდან განგაში გამოსჭვიოდა. რეჟისორმა გოგომ, მთავარ საიდუმლოსაც თუ გაგვიმხელო. მე ისეთი გულუბრყვილო სახის გამომეტყველება მივიღე, რომ გოგომ კითხვა დამიკონკრეტა, სად პოულობ კაბებისთვის ასეთ მასალასო? მე ისე სწრაფად ვუპასუხე, ტრუსებისგანო, თითქოს მოუთმენლად ველოდი კითხვის დასმას და პასუხის ენაზე მადგა და შეკავება მიჭირდა. რეჟისორმა გოგომ გადაიკისკისა, თან ძალიან მოეწონა ჩემი ნათქვამი, თან ცოტა ეჭვიც შეეპარა. 
 
ყველა ტრუსის ნარჩენი, რომლისგანაც კაბებს ვკერავდი, შენახული მქონდა ერთ პლასტმასის აბაზანაში, რომელშიც ბავშვობაში მაბანავებდნენ. ეჭვები რომ გამეფანტა, ვუთხარი, გამომყოლოდა და ორივეს ჩემ სამუშაო ოთახში შევუძეხი. პლასტმასის აბაზანა სავსე იყო სხვადასხვა ფერის ტრუსების ნარჩენებით, რომლებიც დაკლული საქონლის შიგნეულს გავდა. რეჟისორი გოგოს გულწრფელ აღფრთოვანებაში, რომელსაც აკრძალული სიამოვნების ეიფორიაც ეტყობოდა, ეჭვი არ შემპარვია, ისევე, როგორც მეზობელი ბიჭის სასოწარკვეთილ გულის რევაში, რომელმაც ძლივს მოასწრო ტუალეტში შევარდნა, იქიდან გამოსული კი პირდაპირ სადარბაზოში გაიჭრა, საიდანაც ოთახში კიბეებზე ხმაურიანი ჩარბენის ხმა შემოვიდა. გოგომ გამოკიდება სცადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ქონდა და ოთახში შეცხადებული და შიშ თუ სირცხვილნარევი სახით შემობრუნდა. თავიდან ორივე ვისხედით და ხმას არ ვიღებდით. რეჟისორი გოგო თავჩაქინდრული იჯდა და ნერვიულად სიგარეტს ეწეოდა. მერე თავი აწია და თითქოს ბოდიშის მოხდა უნდოდა, „ასეთი არ არისო“, ჩაილაპარაკა. დაველაპარაკები და ყველაფერი მოგვარდებაო, დაამატა. მერე ცოტა ხელოვნურად გაიცინა და, თითქოს გამოსავალს მიაგნოო, ისე თქვა: საქმრომ ხომ არ უნდა ნახოს ქორწილამდე საქორწინო კაბაო. 
 
კაბის მოზომვის ჯერი მოვიდა. მე საძინებელ ოთახში შევედი, სადაც კაბა ჩემ საწოლზე ეფინა. ის მართლაც ზღვის ქაფს გავდა, აი ისეთს, როგორიც ნახატებშია. მე ისე ავიტაცე მკლავებში, როგორც ჩემ სიზმარში მეზობელ ბიჭს ავყავდი თავის მსხვილ და ძლიერ მკლავებში და გამოვიტანე. რეჟისორ გოგოს სახე გაუშეშდა და უმეტყველო სახით ხან მე მიყურებდა, ხან ჩემს მკლავებში ჩასვენებულ კაბას. ეს უმეტყველება მალე შორისდებულების ისეთმა ნაკადმა შეცვალა, რომ მე ცოტა შეშფოთებული ვუყურებდი რეჟისორი გოგოს აღტაცებულ მოძრაობებს. სანამ კაბას ჩაიცვამდა, სარკის წინ დადგა, კაბა მკერდზე მიიდო და თქვა, ასეთი კაბა ჩასაცმელადაც კი მენანებაო. უცებ კაბა გვერდზე გადადო და გახდა დაიწყო, ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. მე სავარძელში ვიჯექი და ვაკვირდებოდი. მერე კაბა თავზე ჩამოიფარა და როცა მკლავების შეყოფას შეუდგა, უცებ თითქოს იკივლა, უფრო მოგუდული კივილის ხმას ჰგავდა, შეცბუნებისგან რომ გამოიცემა და სწრაფი, მაგრამ ქაოტური მოძრაობით კაბიდან გამოძვრა. სახე გაფითრებული ქონდა და ლაპარაკი უჭირდა. მე სასწრაფოდ წლიანი ჭიქა მივაწოდე. ხელიდან გამომტაცა, მოსვა და მითხრა, ბავშვობაში კლაუსტროფობია მქონდა, როცა მაცმევდნენ, თავზე რომ მაცვამდნენ, მეგონა ვიგუდები და ყვირილს ვიწყებდიო. რაც წამოვიზარდე აღარ მქონია და ახლა გამიმეორდაო. მერე წამოხტა, ტანსაცმელი ჩაიცვა, ახლავე უნდა წავიდეო და კარისკენ გაემართა. რომ გადიოდა, მომაძახა, ხვალ თეატრში გნახავო. კარი რომ ჩავკეტე, ვიცოდი, რომ ხვალ ის დღეა, რომლის დადგომისთვისაც მზად ვიყავი.
 
თეატრი გადავსებული დამხვდა, დარბაზში ფეხზე დასადგომი ადგილი არ იყო. ეს ქორწილიც იყო და სპექტაკლიც, რომელიც ერთადერთხელ დაიდგმებოდა, რეპეტიციების გარეშე, ყველამ თავისი როლი ისედაც კარგად იცოდა. ეს ერთადერთი სპექტაკლი იქნებოდა, რომელიც სინამდვილეში ხდებოდა და მისი ფინალი არავინ იცოდა, ჩემ გარდა. მე ყველაფერი ზუსტად ვიცოდი, ყველა ნაბიჯი მქონდა გამოთვლილი, როცა შეუმჩნეველად შევედი გადატენილ თეატრში და პირდაპირ რეჟისორი გოგოს საგრიმიოროში შევაჭერი. თავის საქმროზე მითხრა, ძალიან ღელავსო, პირველად უნდა დადგეს სცენაზე ამდენი ხალხის წინაშეო. ძლივს დავითანხმეო. მერე დაამატა, მეც ძალიან ვღელავო. თქმაც არ უნდოდა, ასეთი აფორიაქებული არასდროს ყოფილა. როცა ნერვიულობდა, გაუმართავად ლაპარაკობდა, აზრის ჩამოყალიბება უჭირდა. ჰოდა ახლა იჯდა და შფოთავდა, გაურკვეველ ფრაზებს იძახდა, წინადადებებს ვერ ამთავრებდა. მე ყოველგვარი გამხნევების გარეშე, მშვიდი ხმით ვუთხარი, რომ არაფერი სანერვიულო არ ქონდა, ყველაფერი იდეალურად იყო გათვლილი და დაგეგმილი. ჩემმა დამაჯერებელმა ტონმა დაამშვიდა. მე ჩანთიდან ჩემი თოჯინა ამოვიღე და მივაწოდე. რეჟისორმა გოგომ მოწიწებით გამომართვა თოჯინა და წამოდგა. თოჯინას დედაჩემის ღამის პერანგისგან შეკერილი საქორწინო კაბა ეცვა. მეც წამოვდექი, მუყაოს ყუთიდან ჩემი შეკერილი საქორწინო კაბა ამოვიღე, მკლავებში ჩავიწვინე და საპატარძლოს ზურგში ამოვუდექი. ჩვენ ასე უნდა გავსულიყავით სცენაზე, რომლის ბოლოშიც საქმრო იდგა. ჩვენ შევაბიჯებდით, როგორც ტაძარში, რომლის საკურთხეველი პარტერში ივარაუდებოდა, მაგრამ სცენაზე არ ჩანდა. სცენის ორივე მხარეს თოჯინები იდგნენ, ყველა თოჯინა, რომელიც თეატრში მოიპოვებოდა, თავის მათამაშებელ მსახიობებთან ერთად, რომლებაც შავი ტანსაცმელი ეცვათ და თავზეც შავი კაპიშონები ეხურათ. სცენის ცენტრში კიდევ ორი ქალი იდგა, რომლებსაც პატარძალი ჩემი კაბით უნდა შეემოსათ. 
 
დარბაზი ჩააბნელეს და ჩვენც ნელი ნაბიჯით სცენაზე გამოვჩნდით. იმდენად ნელა მოვიწევდით წინ, სცენის ცენტრამდე მისვლას მთელი ერთი წუთი დასჭირდა, სადაც სკამი იდგა, ხოლო მის თავზე თოკზე მიმაგრებული საკიდარი ეკიდა. საპატარძლოს თხელი, თითქმის გამჭირვალე პერანგი ეცვა და ხელში ჩემი თოჯინა ბავშვივით ეჭირა; თავი ოდნავ ზევით ქონდა აწეული და მის ფერმკრთალ ლოყებზე არეკლილი პროჟექტორის მოლურჯო შუქი საგანგაშო განწყობას ქმნიდა. სცენის ცენტრში, სადაც ორი ქალი იდგა, მე გავჩერდი, კაბა თოკზე მიმაგრებულ საკიდარზე ჩამოვკიდე და საქმროს მივაშტერდი, რომელიც მოუსვენრად იდგა და სცენის ფაქიზ სტატიკას არღვევდა. რეჟისორი გოგო თავის საქმროს ისე მიუახლოვდა და ორივე ხელით გადასცა თოჯინა, რომ სახის გამომეტყველება არ შეცვლია. ბიჭს თავიდან ეცინებოდა, მერე სახე დაუსერიოზულდა, თოჯინა ორივე ხელით გამოართვა, თავი დახარა და თოჯინა წამოაყენა. თოჯინამ ორივე თვალი გაახილა, რამაც ბიჭი ისე შეაშინა, რომ შეხტა და კინაღამ თოჯინა ხელიდან გაუვარდა. ამ დროს საპატარძლო უკვე სცენის ცენტრს უახლოვდებოდა და საქმროს შეკრთომა არ შეუმჩნევია. სცენაზე მდგარი ორივე ქალი საპატარძლოსკენ დაიძრა. გოგო სკამზე დაჯდა, სახით დარბაზისკენ შემოტრიალდა და მკლავები გაშალა. დამხმარე ქალებმა კაბა ჩამოხსნეს და ზემოთ აწიეს, საპატარძლოსათვის პირდაპირ ზემოდან უნდა ჩამოეცვათ. საპატარძლო თვალებდახუჭული და ხელებაწეული იჯდა და თითქოს განაჩენის აღსრულებას ელოდა. მერე წამოდგა. როდესაც კაბა სახეზე ჩამოეფარა, ხოლო მისი მკლავები კაბის სამკლაურებში აღმოჩნდა, საპატარძლომ განწირული ხმით დაიყვირა და ისეთი ჯაჯგურით სცადა კაბისგან თავის გათავისუფლება, თითქოს ობობის ქსელიდან თავის დაღწევას ცდილობდა. შეძრწუნებული საქმრო ჩამცმელ ქალებს მივარდა, ერთს ხელი კრა, მეორეს თოჯინა მიუგდო. ამასობაში საპატარძლომაც თავი გაითავისუფლა და შემზარავი ყვირილით სცენიდან გავარდა. საქმრო მე მომიტრიალდა, თავისი ძლიერი მკლავები მხრებში ჩამავლო, მთელი ტანით შემაჯანჯღარა და მომაძახა: „რატომ? რა დაგიშავეთ?“, მერე ხელი მკრა და საცოლეს გამოეკიდა. დამხმარე ქალებიც გაყვნენ. მხოლოდ თოჯინები და მათი მათამაშებლები მიყურებდნენ გაოგნებული სახეებით და არ იცოდნენ რა ემოქმედათ. დარბაზი დაძაბული და მონუსხული ჩანდა, შიგა და შიგ მძიმე ამოსუნთქვის ხმაც ისმოდა. მე მარტო დავრჩი სცენის განათებულ ცენტრში. ჯერ მაისური გავიხადე, მერე შარვალი, აუჩქარებელი მოძრაობით კაბა იატაკიდან ავიღე და ჩავიცვი. შემდეგ ხელში თოჯინა დავიჭირე, სკამზე შემოვდექი და სახე დარბაზისკენ მივატრიალე. ყველაფერი ჩემი სცენარის მიხედვით მიდიოდა და ახლა დასკვნითი აკორდი უნდა შემესრულებინა. ეს დღე უნდა დამდგარიყო და დადგა. 
..............................................................................................................................................................................................................................................................................
ის, რასაც თქვენ ხედავთ, ეს სპექტაკლია, რომელიც სინამდვილეში ხდება. სინამდვილეს თქვენ მხოლოდ სცენაზე ხედავთ, გარეთ რომ გახვალთ, სინამდვილე დამთავრდება და სხვის გამოგონილ სამყაროში აღმოჩნდებით, რომელიც თქვენი გეგონებათ. იქ სხვის სიზმრებში იქნებით და იმასაც ვერ მიხვდებით, რომ თქვენ არ გესიზმრებათ და სხვისი სიზმრიდან გაღვიძება თქვენ არ შეგიძლიათ. დედაჩემი სიზმარში გათხოვდა, ეს კაბა მისი ღამის პერანგი იყო, რომელსაც საქორწინო კაბას ეძახდა. ის ამ კაბაში გათხოვდა, როცა ეძინა, და საქორწინო კაბა მე დამიტოვა. მეც ყველა სიზმარში დედაჩემს ვეძებდი, იმიტომ ვიძინებდი, რომ დედა მეპოვნა, მაგრამ ვერ ვპოულობდი. დედაჩემი მოჯადოებული იყო. მან გათხოვების წინ თავისი საქორწინო კაბა დამიტოვა, რომ ამ კაბით მეპოვნა. მე უნდა შემეკერა ახალი საქორწინო კაბა, რომელიც ჯადოს დაძლევდა და დედას დააბრუნებდა. ახლა, როცა ეს კაბა ჩემთან ერთად აი ამ თოკზე ჩამოეკიდება, სიზმარი, რომელიც თქვენ არ გესიზმრებათ, დამთავრდება. ეს კაბა არ არის, ეს ზღვის ქაფია. ამ ზღვის ქაფიდან დღეს მე ვიბადები.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული