დიდი თამაშის თეორია და პრაქტიკა





პოეზია

დიდი თამაშის თეორია და პრაქტიკა




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
დიდი თამაში (Le grand jeu) მეოცე საუკუნის ისედაც რადიკალურ პოეტურ სივრცეშიც კი გამორჩეულად რადიკალური იყო (რაც გამოდგა კიდეც, ალბათ, ამ პოეტების, მწერლებისა და მოაზროვნეების ადრეული ფიზიკური თვით-განადგურებაც და ლიტერატურული მეხსიერებიდან, ნაწილობრივ მაინც, გაქრობაც) - შემთხვევითი არაა, მაშინ, რომ ანტონენ არტო იყო პირველი, ვინც ჯგუფის ორი მთავარი წევრის, როჟე ჟილბერ-ლეკომტის და რენე დომალის ნამდვილი ძალა დაინახა. ეს ორნი, ისევე როგორც თავად არტო, სწორედ იმ გზას ადგნენ, რასაც მოგვიანებით ბატაი „საზღვრის გამოცდილებას“ დაარქმევდა (expérience limite).
   პოეტურ-ფილოსოფიური პროექტი თავიდანვე რადიკალური და ვიზიონერული იყო და თავიდანვე დაუკავშირდა რემბოს მხილველურ კონცეპტს „ყველა გრძნობის ხანგრძლივი, კოლოსალური, გონივრული აღრევის“ შესახებ. ეს აღრევა მოიცავდა კარბონ ტეტრაქლორიდის, ეთერისა და ოპიუმის გამოყენებას, სხეულგარეთა, სიზმარეულ და პრენატალურ პრაქტიკებს, ისევე როგორც „ექსპერიმენტულ მეტაფიზიკას“ (მიზეზით, რომ სურრეალისტებს საკმარისად არ ესმოდათ ეს უკანასკნელი, დიდი თამაში მაშინვე გაემიჯნა იმ პერიოდის საფრანგეთის ცენტრალურ ავანგარდულ მოძრაობას).
1922 წელს (14-15 წლის ასაკში) ჟილბერ-ლეკომტმა, დომალმა და მათმა ორმა თანალიცეუმელმა (როჟე ვეიანი, რობერ მერა) თავიანთი პირველი ჯგუფი, „სიმპლისტი ძმები“ შექმნეს. ექსტრასენსორული კვლევების გზით ეს ოთხნი „ბავშვობის სიმარტივეს და ინტუიტიური და სპონტანური ცოდნის შესაძლებლობებს“ ეძებდნენ. „დიდი თამაში“ 1928 წელს შეიქმნა და ამ სახელით ჯგუფმა ჟურნალის სამი ნომერი გამოუშვა (პროზა და პოეზია, ქვემოთ, ამ ჟურნალიდანაა). ჯგუფი 1932 წელს დაიშალა.
   როჟე ჟილბერ-ლეკომტმა სიცოცხლეში 2 კრებული გამოსცა. 1940 წელს, პარიზში, ის ქუჩაში უგონოდ მიგდებული იპოვა კაფის მეპატრონემ და შეიფარა.  ლეკომტმა ამ კაფის უკანა ოთახში იცხოვრა 1943 წლამდე, რომელ წელსაც ბინძური ნემსისგან დამართნილი ტეტანუსისგან მოკვდა.
   რენე დომალის ძიებები გასცდა პოეტურს (თუმცა ამ უკანასკნელს არც შემდეგ დაუკარგავს ცენტრალურობა) და ღრმად გაიჭრა მისტიკურში, კერძოდ სანსკრიტის, აღმოსავლური ფილოსოფიისა და გურჯიევის სწავლების კვლევაში. მას ეკუთვნის თარგმანები ვედებიდან და სხვა. ამრიგად, დომალი ერთ-ერთი პირველი პოეტი/მოაზროვნეა, რომელმაც აღმოსავლური და დასავლური აზრი დააკავშირა, რემბოს მხილველური ხაზი აღმოსავლურ მისტერიებს შეურწყა. ის 1944 წელს მოკვდა ტუბერკულოზისგან. მისი რომანი „მთა ანალოგი“ მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა და შესაძლოა, მისი ყველაზე ცნობილი წიგნი იყოს. (ასევე ნახე)
   აქ მოტანილი პირველი ორი ტექსტი ერთგვარი მანიფესტებია დიდი თამაშისთვის. ამ ორი კაცის პოეზიას გამიზნულად ვაქცევ ერთმანეთის გვერდიგვერდ - მსგავსი სვლა, მეჩვენება, ხაზს უსვამს მათ (მოგვიანებით, იქნებ, გამქრალ) რწმენას, რომ სინამდვილეში ისინი ერთი და იგივე ადამიანი იყვნენ.
 
 
 
 
 
რენე დომალი
დიდი თამაშის წარდგენა
 
    დიდი თამაში აერთიანებს ხალხს, რომელთა ერთადერთი ძიების საგანი აბსოლუტური, უშუალო, ულმობელი სიცხადეა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ მოკლა მათში ყველა სხვა საზრუნავი.
    დიდი თამაში აერთიანებს ხალხს, რომელთაც ერთადერთი სიტყვა აქვთ სათქმელი, ყოველთვის ერთი და იგივე, დაუღალავად, ათას სხვადასხვა ენაზე; იგივე სიტყვა, რომელიც ამოთქვეს ვედების რიშიებმა, კაბალისტმა რაბინებმა, წინასწარმეტყველებმა, მისტიკოსებმა, ყველა დროის დიდმა ერეტიკოსებმა, და პოეტებმა, ნამდვილმა პოეტებმა.
    დიდ თამაშს სურს, წარუძღვეს დაუღალავ, ულმობელ ომს, ყველა საფეხურზე, მათ წინააღმდეგ, ვინც ღალატობს ამ გამოცხადებას ეგოისტური ადამიანური ინტერესის გულისთვის, იქნება ის ინდივიდუალური თუ სოციალური: მღვდლებს,
                                                                                                              სწავლულებს,
                                                                                                              ხელოვანებს.
   დიდი თამაში მოითხოვს რეალობის რევოლუციას თავისი წყაროსაკენ, სასიკვდილოს ყოფის ყველა დეგრადირებული და ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმის დამცველი ორგანიზაცისთვის; შესაბამისად, ის ბუნებრივი მტერია სამშობლოების, იმპერიალისტური სახელმწიფოების, მმართველი კლასების, რელიგიების, სორბონების, აკადემიების.
    დიდი თამაში არ ცნობს ცოდნას, გარდა სუბიექტის და ობიექტის ჭეშმარიტი გაიგივებისა, არ ცნობს თავისუფლებას, გარდა თვითგანსაზღვრული უნივერსალური საჭიროების შეცნობით განთავისუფლებისა.
 
    არა თავისუფალი მსაჯი
    არა ახირება, არა ფანტაზია
    არა ლამაზი რამეები
    დიდი თამაში არის პრიმიტიული, ველური, ანტიკური, რეალისტური
 
 
 
 
როჟე ჟილბერ-ლეკომტი
დიდი თამაშის წინასიტყვა
 
   დიდი თამაში შეუქცევადია; მისი თამაში ერთადერთხელ შეიძლება. ჩვენ გვსურს, ვითამაშოთ ის ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამს. ეს ჯერაც „ის იგებს ვინც აგებსაა“. რადგან ამოცანაა, დამარცხდე. ჩვენ გამარჯვება გვსურს. ხოლო დიდი თამაში იღბლის თამაშია, მაშასადამე სიმარჯვის, ან სულაც „მადლის“, „გრაციის“: ღვთიური მადლი, და ჟესტების გრაცია.
    მადლის ქონა მიმართებისა და თილისმის საქმეა. მოიხელთო ხელსაყრელი მიმართება და ნიშანი, რომელიც სამყაროს აწვება: ასეთია ჩვენი მიზანი. რადგან ჩვენ ყოველი სასწაულის გვწამს. მიმართება: თავი სრული მიმღეობის მდგომარეობაში უნდა ჩაიგდო, ამისათვის იყო სუფთა, სიცარიელე შექმნა შენში. აქედან, ჩვენი იდეური ტენდენცია, დავაყენოთ ყველაფერი, ყოველ წამს, კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ სიცარიელის გარკვეული თავისებურება დღითიდღე აწრთობს ჩვენს სულებს. უმანკოების უზარმაზარმა ბიძგმა დაბზარა ჩვენთვის შეზღუდვათა ყველა ჩარჩო, რომელთა მიღებაც სჩვევია სოციალურ არსებას. ჩვენ არ ვიღებთ, რადგან აღარ გვესმის. აღარ არსებობს უფლებები, ისევე, როგორც მოვალეობები და მათი ვითომდა სასიცოცხლო აუცილებლობა. ამ გვამების პირისპირ, ჩვენ ნელ-ნელა ვაცხადებთ ახალ ეთიკას, რომელიც აიგება ამ გვერდებზე. კაცთა მორალის საკითხში, ჩვენი დადგომის უწყვეტი ცვლილებები არაფერს ითხოვენ გარდა იმის უფლებისა, რასაც ისინი სიმხდალეს უწოდებენ. და მხოლოდ ჩვენ არ ვართ ის, ვინც მას მოიხმარს. ეს სიმხდალე მხოლოდ ჩვენი გულწრფელობისგან მზადდება; ჩვენ გულწრფელი მსახიობები ვართ. როცა დავაბიჯებთ, ჩვენში არიან კაცები, რომლებიც ერთმანეთს ათვალიერებენ, ერთმანეთის ნაბიჯებს ბაძავენ, რომლებიც ძირს დახოხავენ, მაღლა დაფრინავენ, ერთმანეთს დასდევენ და გაურბიან, აქებენ, ლანძღავენ და გულგრილ მზერას ესვრიან ერთმანეთს. მაგრამ ამრიგად ჩვენ არაფრად გვსურს ყოფნა, გარდა თვით სიარულის აქტისა. ამიტომაც ვართ გულწრფელი მსახიობები. ვაი იმათ, ვინც ბოლომდე არ ეძლევა თავის არჩევანს. ჩვენ, უბრალოდ, ქმედების აღქმა გვაქვს.
    რისთვის ვწერთ? ჩვენ წერა არ გვსურს, ჩვენ ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს, წეროს. და იმისთვისაც, რომ შევიცნოთ ჩვენივე თავები და ერთმანეთი: ყოველ დილით ვიხედები სარკეში, რათა შევკრა დროში გაწერილი პიროვნებით დაჯილდოებული ადამიანური სახე. რომ არა სარკეები, ჩემი სურვილისამებრ ცვლადი მხეცების სახეები მექნებოდა და, ზოგიერთ დღეს, როცა სასწაული შემეხებოდა, საერთოდ აღარ მექნებოდა სახე. რადგან, ხსნილნი, ერთდროულად ვართ მხეცები, თავიანთი სექსისა და სისხლის ინსტინქტების ამულეტებით რომ იმუქრებიან, და ღმერთები, რომლებიც თავიანთი დაბნეულობით ერთიანი უსასრულობის შექმნას ლამობენ. „ჰომო საპიენსის“ კომპრომისი ამ ორს შორის იშლება. არეული ცოდნა, ჰუმანიტარული მეცნიერებები მხოლოდ იმდენად გვაინტერესებენ, რამდენადაც ადგებიან ჩვენს უშუალო საჭიროებებს. ყველა რელიგიის ყველა დიდი მისტიკოსი ჩვენიანი იქნებოდა რომ დაემსხვრია თავისი რელიგიის ბორკილები, რომლებსაც ჩვენ ვერ დავიდებთ.
   ჩვენ ყოველთვის მთელი ჩვენი ძალისხმევით მივეცემით ყოველ ახალ რევოლუციას. სამინისტროებისა თუ რეჟიმების ცვლილება ჩვენ არ გვადარდებს. ჩვენ თავად ამბოხების აქტს ვანიჭებთ მრავალი სასწაულის მოხდენის ძალას.
   აგრეთვე, ჩვენ არ ვართ ინდივიდუალისტები: იმის ნაცვლად, რომ ჩვენი თავი ჩვენსავე წარსულში გამოვკეტოთ, ჩვენ ერთხმად მივაბიჯებთ, და თითოეულს თავისი კუთვნილი გვამი აქვს მოკიდებული ზურგზე.
    რადგან ჩვენ ლიტერატურული დაჯგუფება არ ვართ, არამედ კაცთა ერთობა, დაკავშირებული საერთო ძიებით.
    ესაა ჩვენი უკანასკნელი საერთო აქტი; ხელოვნება, ლიტერატურა ჩვენთვის მხოლოდ საშუალებებია.
    მადლს, რომელიც მიმართებას უკავშირდება, როგორც ვთქვით, ესაჭიროება თილისმები, რომლებიც მას თავიანთ ძალებს ანდობენ, საკვებს, რომელიც მის სიცოცხლეს კვებავს. ამას წინათ, ერთ-ერთი ჩვენგანი ამბობდა, რომ მისი სული, უმთავრესად, საჭმელს ეძებს. თავის შეგრძნებებს შორის ის იძებს იმას, რომელსაც მისი გამოკვება შეუძლია. ამაოდ დაათრევს შიმშილი მუზეუმებიდან ბიბლიოთეკებში. მაგრამ სანახაობა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მოულოდნელად აწვდის საძოვარს (სარების ღობეს, ცოცხალ ხამანწკას). წამიერმა ამაღელვებელმა შეგრძნებამ ერთი დარტყმით მიანიჭა ურიცხვი ძალები მის მღელვარე ცხოვრებას.
    სწორედ ამ მარადიულ წამებს ვეძებთ ყველგან, წამებს, რომლებიც, იქნებ, ჩვენმა ნაწერებმა, ჩვენმა ნახატებმა წარმოქმნან ვინმესთვის, როგორც თავიანთ შემქმნელებს მიანიჭეს მათი აღმოჩენის შოკი და რომელთათვისაც ჩვენი ესეები რეცეპტს ეძებენ.
   ერთ-ერთ ასეთ წამს ვშთანქავთ ყველაფერს, გადავსანსლავთ ღმერთს, რათა შედეგად გავმჭვირვალდეთ, ვიდრე არ გავქრებით.
 
როჟე ჟილბერ-ლეკომტი
 
სრულად ეთანხმებიან: ჰენდრიკ კრამერი, რენე დომალი, არტურ ჰარფო, მორის ანრი, პიერ მინე, ა. როლან დე რენევილი, იოზეფ სიმა, როჟე ვაიანი.
 
 
 
 
რენე დომალი
პერსეფონე ესე იგი ორმაგი გამოშვება
 
ჩემი მკვდრების მეხსიერება, შავი ხვრელი ყველაფრის გასწვრივ
ხახადაღებული თავბრუს ზღვის თავზე,
კვლავ სპირალისებრ ეშვება შემზარავის შუაგულში,
გამოიღრუტნე ჩემს მისაღებად
შენი სიხარბის პირში,
შენი შავად მწველი გულისკენ, ჩემი მრავალი სხეულის სისხლის
ნელთბილი მდინარით, საუკუნეების სიგრძეზე,
მდინარე ნელი იხვევა წითელბნელ გველად
შენი მსანსვლელი ნაპრალისკენ, შენი მუცლის მწველი ღამე,
ჩვენი გამომშრალი კანების მოუსვენარი მჭამელი,
დაუდეგრად მცურავი ჩვენი ბოლოს და ბოლოს შერწყმული! სისხლების
ზღვაში, დაე იდინონ დაე იზღვაონ
და დროისმიღმიერ წარმოუდგენელ სანაპიროზე,
სამყაროებს მიღმა, დაე წამოდგნენ,
შედედდნენ უეცრად ბუშტებით სავსე კედლად,
შიშის წყლები ოფლად სდიოდეთ, ნაცისარტყელებ თვალთა ცრემლები,
რომლებიც სკდებიან, და ეს ბოლო სიმღერაა,
მათი ანაორთქლი ქანდაკებად რომ ხორცდება,
ნორჩი ცხოველები ცეცხლის სულს რომ უხმობენ
შიშის ოკეანეების უკნიდან,
მეტად შორს, ვიდრე ქვითინი უკანასკნელ კამარებქვეშ
სადაც მკვდართაგან უკანასკნელი ვრცელი ნაბიჯით
მიიტაატებს, და ზურგსუკან არაფერს იტოვებს:
ის მიიძინებს უძრავ ტალღაში
მაგრამ მზად ახალი ჩანასახით სასნებოვნებლად, მოსული ჩვენი ყვირილებიდან,
ჩვენი მყარი, ნავთობისთვალება სისხლიდან.
ხმა მარადიულდება და მარტოობისგან კვდება,
ხმა წყდება.
               და შენ, შენ რომელსაც მეტად დაბადება აღარ გსურდა,
დაუბრუნდი ტანჯვის ყველა საცხოვრისს, 
დაუბრუნდი მიწისქვეშა გუნდებს ფილების ქვეშ,
დაუბრუნდი ქალაქს ზეცის გარეშე,
ხელახლა განვლე შენი გზა ოღონდ უკუღმა.
საშვილოსნო რომელმაც ჩაგსახა წაღმა ბრუნდება
და ცოცხლად გდორბლავს სამყაროს სახეში,
იქ, თავზარდაცემულო ლარვა, და მალე
კვლავ შეუდგები შენს წუწუნს გამო ზეცის, შენი
თავის და შენი სიცოცხლის, შენი ნარწყევის გამო.
 
 
 
 
როჟე ჟილბერ-ლეკომტი
ძვლის შვილი ლაპარაკობს
 
ვითარცა ყრუ ვაკაკუნებ მკვდრების კარზე
ვაკაკუნებ თავით რომელსაც წითლად სდის
ჩხუბში მივყავარ მიმათრევენ
კომისარიატში
წასახემსებლად საცერში მატარებენ
ნაბოზრები
თუმცა მე არ
დამიწყია
მკვდრების კართან რომლის ჩამოღებაც მინდოდა
თუ კაიფში ვარ და შტერი ფერმიხდილი ვარ და სისხლი მდის
და წითელ კვალს ვტოვებ
ეს იმიტომაა რომ არასდროს მდომებია წავეთრიეთ
შორს სიკვდილის კარებისგან რომლებზეც ვაკაკუნე
თავით და ფეხებით და სულით და სიცარიელით
რომლებიც მეკუთვნიან და რომლებიც მე არიან
მასიკვდილეთ ან მოვკვდები მომკალით ან მოვკლავ
და ინატრეთ რომ არსებობის შეწყვეტით თქვენს თავს ვიკლავ
სისხლიანი თავით ვაკაკუნებ გამოღრუტნულ ცაზე
იმდენად რომ ფეხზე ვდგავარ ოღონდ თავდაყირა
სიკვდილის კარების წინაშე
ზღვის კარების წინაშე
მკვდრების სიცილის წინაშე
ზღვების სიცილის წინაშე
შერყეული მოფანტული დიდი მწარე სიცილის მიერ
მიმობნეული მკვდრების კარის მიღმა
რომელიც გაქრა
მაგრამ მე ვყვირი და ჩემი ყვირილი მხოლოდ ყრუ დარტყმებს მანიჭებს
რომ მოკლული თავისქალა ცეცხლში ვეცემი ვღმუი და ვიკბინები
და სარდაფების და ფესვების ჩამონგრევაში
მიწის ნაწლავებისა და მუცლის ფსკერზე
უკუღმა წამოვიმართები სისხლგაქვავებული
და მქსოველი ნერვები დაჭიმული ტრანსის პირას
გადაუარეთ ფეხქვეშ გათელეთ ეს სხეული რომელიც უარს აცხედებს
მკვდრებთან კავშირში იცხოვროს
რომ თქვენ გახრწნილი ცოცხალი სანაგვე ტვინები ხართ
შემომხედეთ მე წამოვდექი საფლავების ქვეშ
ყველაფრის შიგთავსის შუაგულ კენწერომდე
და მე ვიცინი დიდი სიცილით სიკვდილის შავ ხვრელში
მკვდართა რისხვის მქუხარე სიცილში
 
 
 
 
რენე დომალი
მოკლე გამოცხადება სიკვდილისა და ქაოსის შესახებ
 
შენ, რომელიც თვითდავიწყებას მიეცი ამ მოძრავ კუბოში,
მე ჩემს თავს ველაპარაკები და ჩემი ორეული მკლავს,
ჰაერში მარილის სვეტი და წყალში ბუშტი,
როდესაც ზეცა ოკეანეს შეერწყმება,
მარილი წყალში, ყველგან, მოკლებული გამოკვეთილ კიდურებს
და გულს და სახელს, ფართოდ გაშლილი—ეს მე ვარ?
ნუთუ ეს შენ ხარ, ბუშტი ცას მიბარებული
მოკლებული თავის ვერცხლის კანს?
უკანასკნელი ხმა, ჩვენი,
რათა გამოცალოს ყველა ცრემლი ერთი ხელის მოსმით,
და არც მე არც შენ, ყურადღება:
პირი შეჭამს ყურს. ხმა იხილავს.
 
 
 
 
როჟე ჟილბერ-ლეკომტი
მკვდარი სამყაროს ძველი დარიგება
 
უძრავი და მუნჯი
სუნთქვა შეიკავე და შეინარჩუნე
მკვდრის მდუმარება
სიკვდილის გამოსახმობად
 
და დაასახელე გამოუთქმელი
 
 
 
 
ხამხამი
 
თვალებს ხუჭავს
ეს სამყაროს დასასრულია
თვალებს ახელს
სხვა სამყაროა
 
და როდესაც ყველაფერი მოისპო
ყველაფერი კვლავ თავის ადგილზე დარჩა
მხოლოდ განათება შეიცვალა
 
 
 
 
რენე დომალი
ერთადერთი
 
ვიცი უკვე შენი გემო,
ვიცი შენი ხელის სურნელი,
შიშის ქალბატონო,
აღსასრულის ქალბატონო.
 
უკვე შევეხე შენს ძვლებს
შენი უხანო კანის გავლით,
ათასწლეული მწერების და მომავალი
ყვავილების ჯამებისგან რომ მოზილეს.
 
მე ვიძინე წარღვნებიდან მოყოლებული, მეძინა
შენს ძირას, შენს მხარზე, მეძინა უსახელოდ—
შენი მუცელი არ შეცვლილა,
სიცოცხლის ჰაერს ნერვი აღარ აქვს, გამაღვიძოს—
ნურასდროს დამასახელებ, ნუ გამაღვიძებ;
შენმა უძრავმა ფილტვებმა ჩემებს განასწავლეს
ესუნთქათ ამ სამყაროს სუსტი სუნთქვა,
ამ მომაკვდავის! რადგან საყვირები მას თავზარს სცემენ,
დაფდაფა წვიმები, და დაე მოკვდეს, სუსტი გიგანტი,
მხცოვანი სამყარო, ყვირილისგან რომ ფილტვებს იფლეთს,
ფერკმკრთალ ალში ნიმბად შენს თავზე,
ეს ვარვარი, ო მკვდრების ბრმა გუშაგო, უძილო
მეაზრე სიზმრების ფსკერიდან
შორს სიცოცხლის ცხოველური ცხიმისგან,
მიმძინებელო, ჩვენ ორს გვაქვს ეს საიდუმლო,
შენ რომ გამოგართვი მთვარის ჭედურ გზაჯვარედინზე;
გაიხსენე, პატარა გოგოსავით იყავი ჩაცმული,
ფილებზე იდექი გუშაგად, პირი გედო შენს საიდუმლოზე.
 
გაიხსენე, თმებით გითრიე,
შენ კბილები დაკრიჭე,
გაიხსენე, ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის,
რადგან მე ყველაფერს ვუღალატე შენს გამო,
—დიახ, კვამლისა და ჩრდილის ბატონებო,
ყველა თქვენგანი დავაღალატე მის გამო;
წყალ-დედაო, სიცოცხლე, შენ რომ მომეცი,
ცხოვრება პირდაღებული,
მე მას ვუღალატე და სამყაროს ვუღალატე მისთვის,
ამ ბავშვისთვის სიცოცხლიდან სიცოცხლეში რომ ვპოულობ,
უძილო მიმძინებელი,
აღსასრულის გუშაგი—ო სიკვდილო ჩემო!
შენ კბილები დაკრიჭე:
ბუშტები, ცეცხლი, ყელის ვარსკვლავი,
შეშლილი კრუნჩხვა შენი ტუჩების უკან,
უსასრულოდ შენი კბილების უკან, ეს კედელი
სადაც ამდენი სხვა კისერს იტეხს,
...და ის რისი თქმაც ვერ შევძელი...
 
მაგრამ შევძლებ, ველაპარაკო? ყოველი ყური, ყოველი თვალი
ყვინთავს უმახსოვრობო მდუმარებასა და ღამეში.
შენ უცალოდ გუშაგობ, მალამოების შვილი,
გზაჯვარედინის სიკვდილი, მოსვი ჩემი ძილი,
ნურაფერს დატოვებ ჩემგან,
მე ერთადერთმა გიხილე უფრო სრულმყოფი ვიდრე მათ,
მდედრმა ბოლქვებმა,
მაწანწალებმა, ნამდვილი მზერა რომ ფანტავს,
მე შენ მიყვარხარ უფრო შორს ვიდრე სიზმრების ფსკერამდე,
შიშის ქალბატონო,
აღსასრულის ქალბატონო,
ნუღარ გამაღვიძებს,
სახელს ნუღარ მომცემ.
 
 
 
 
როჟე ჟილბერ-ლეკომტი
დალოცვა-ჟლეტა სიყვარულისა
 
 
      I
 
ფერმკრთალ აღმოსავლეთში სადაც ეთერი სულთმობრძაობს
ღამეების დიდი წყლების დასავლეთში
ქარბორბალებისა და ქარიშხლების სეპტენტრიონში
მკვდრების ფერფლის კურთხეულ სამხრეთში
 
ჰორიზონტის მხეცური სახეების ოთხი მხრივ
ხარის პირისპირ
ლომის პირისპირ
არწივის პირისპირ
პირისპირ კაცის უსრულის მარად
და ცხოვრების ტანჯვისგან უწყვეტლივ ზელილის
 
მტრედის გულში
გველის ბეჭედში
 
ზეცის თაფლიდან ზღვათა მარილამდე
 
მდედრი სივრცის ერთადერთი ცოცხალი სიმბოლო
ქალის ვარსკვლავებით მოჭედილი სხეული 
ლარნაკი და ფორმა სამყაროების
 
ლაჟვარდის სხეული ზეცის სახით
 
 
     II
 
ღამის ბავშვების ფანტომური ტერიტორია
არყოფნის მდუმარების და ჩრდილების ადგილი
ყოველი სივრცე და რაც მას ეკვრის
შავი ხვრელია თეთრ სისავსეში
 
როგორც სამყაროთა მღვიმე
ქალის ყოველი სხეული სიცარიელეა აღსავსებად
 
 
     III
 
მკრთალი ლანდები
ცივი ცისკარი
ზეცის და ხორცის
პოლუსებს ტბორავს
 
ხორცის და ვარსკვლავების მიწისქვეშა ნაკადები
 
მიწის სხეულის ფსკერზე
მიწისძვრები
და ბზარები საითაც ბოდვის ვულკანები მიდიან
საჭექად
 
სამფეხზე დაამყნეთ
ის ვინც ღრიალებს
პირი შეჭმული
რისხვისგან
დიდების დაფნის ალებში
ზღვათა მრისხნების
ქაფი
ქარიშხლისთმიანი
ქალი
მზისდაბნელებისთვალება
მოკაშკაშევარსკვლავხელება
თრთოლვის აბრეშუმით მოსილი ტრაგიკული ხორცი
თავზარის მარმარილოთი ნაქანდაკები სახე
მთვარის და მზის ფეხებით
ოკეანის ნაბიჯებით
ზღვის ცხოველი ღელვით აღძრული წელი
უხვი და ამაღელვებელი
 
მისი სხეული ღამის სხეულია
ბნელი ალი და მისი მოპირისპირე ვინაობის
ორმაგი იდუმალება რომელიც ანათებს
დიდი წყლების სარკეზე
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.