დარჩით აქ და იფხიზლეთ





პროზა

დარჩით აქ და იფხიზლეთ




დარჩით აქ და იფხიზლეთ

„დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“ მათე 26, 38.

 

სცენის ცენტრში დგას საწოლი, რომელზეც ვიღაც წევს, თუმცა მთელი სხეული დაფარულია საბნით და მხოლოდ ადამიანის ფორმის რელიეფი ჩანს. საწოლთან დგას 30-35 წლის მამაკაცი, სახე გაფითრებული აქვს, მთელი სხეულით ცახცახებს და მოკლე, მაგრამ უმიზნო მოძრაობებს აკეთებს, თითქოს სადღაც წასვლა უნდა, მაგრამ პირველივე ნაბიჯის გადადგმისთანავე ჩერდება და საწყის მდგომარეობას უბრუნდება. მერე ფრთხილად, ნელი მოძრაობით საწოლზე ჯდება, მერე კიდევ უფრო ფრთხილად, გვერდულად წვება, საწოლზე მწოლისგან ზურგით, მაგრამ უცებ შემკრთალი წამოვარდება და სცენის წინა კიდემდე მოდის, უცებ ჩერდება და ცხვირზე ერთ ხელს იფარებს, მეორეთი ჯიბეში იქექება. ჯიბიდან იღებს ცხვირსახოცს და ცხვირზე იფარებს. ცხვირიდან სისხლი მოსდის. მერე ცხვირსახოცს ჯიბეში იდებს და ღრმად ამოისუნთქავს. მერე ცოტა გაუბედავი ხმით ამბობს:

- რატომ არ დამელოდე? ხომ გთხოვე, დამელოდე მეთქი? ხომ გთხოვე, ხომ გთხოვე...

გეძინებოდა? გეძინება? - მე არ მეძინება, მე საერთოდ არ მეძინება... ხომ იცი, შენ რომ გძინავს და მე არ მეძინება... ხომ გთხოვე? მეტი ხომ არ მითხოვია, მეტს ხომ არაფერს გთხოვდი?

ჰო, არაფერი, არაფერი, შენ რა შუაში ხარ? შენ არაფერ შუაში ხარ! ეს მე არ მეძინება, - შენ ხომ არა?! ჰო, ეს მე, მე, - შენ ხომ არა?!

მე სახლში შემოვედი და შენ გეძინა. შენ საწოლში იწექი და გეძინა. მე მოვდიოდი... კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი, რომ მოვსულიყავი და ... შენ ამ დროს იწექი და გეძინა. მე სახლში შემოვედი და შენ მძინარე დამხვდი.

იცი როგორია, როცა სახლში მოვდივარ და შენ გძინავს? იცი როგორია, როცა სახლში ვარ და შენც სახლში ხარ, მაგრამ ჩემთან არ ხარ? შენ გძინავს!

შენ გძინავს და მე მეშინია, როცა მძინარეს გხედავ, სულ მეშინია, შენი ძილის მეშინია.

როცა მძინარეს  გხედავ, მე სიკვდილს ვხედავ. ამას რომ გეუბნებოდი, შენ სიცილი გიტყდებოდა და დამცინოდი, შენ დამცინოდი და მპასუხობდი, რომ გიჟი ვარ და ფსიქიატრთან უნდა მივიდე. შენ არ მისმენდი და ავად ხარო, მეუბნებოდი, როცა მე სიკვდილზე გიყვებოდი, რომელსაც მე ვხედავდი,

როცა შენ გეძინა.

როცა გეძინა, მე არ ვიცოდი ძილში სად იყავი, ან ვისთან ერთად იყავი, შენ ჩემთან არ იყავი და შენს ადგილს სიკვდილი იკავებდა. მე გაღვიძებდი, რომ სიკვდილთან მარტო არ ვყოფილიყავი, რომ შენ ყოფილიყავი ჩემთან.

მამაკაცი უცებ წყვეტს ლაპარაკს, სწრაფი მოძრაობით ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს, ცხვირზე იდებს და თავს უკან გადაწევს. რამდენიმე წამი გაშეშებული დგას. მერე თავს ისევ ჩამოწევს, ცხვირს მოიწმენდს და ცხვირსახოცს ჯიბეში იდებს.

მაშინაც სისხლი წამომივიდა და შენ შეგეშინდა. მახსოვს, რომ შეგეშინდა. არ იტყუებოდი, რომ შეგეშინდა. მე ძალიან შემრცხვა და გავფითრდი. შენ კიდევ გეგონა, რომ ცუდად ყოფნისგან გავფითრდი. არადა მე სირცხვილისგან გავფითრდი. შენ ისე შეგეშინდა, რომ სასწრაფოს იძახებდი. მე ძლივს გადაგაფიქრებინე. არადა უკვე ტელეფონი გეჭირა ხელში და მე გაგაჩერე. მე ენა დამება და გაგუგებარ ფრაზებს ვამბობდი და შენ გეგონა, რომ ისე ცუდად ვიყავი, რომ ლაპარაკი აღარ შემეძლო და ამან უფრო შეგაშინა. ამ დროს მე გამეცინა. მე თვითონაც ვერ ვხვდები, რატომ გამეცინა. მე ძალიან მრცხვენოდა, რომ ცხვირიდან სისხლი მომდიოდა და სირცხვილისგან ენა დამება და ვერ გაგებინებდი, მაგრამ შენი შეშინებული სახე რომ დავინახე, გამეცინა და გამიკვირდა, როცა მივხვდი, რომ გამეცინა. შენ უცებ გაჩერდი და მე შემომხედე და მომაშტერდი. შენი სახის გამომეტყველებაში შიში ბრაზად გარდაიქმნა და მე გამიხარდა, რომ აღარ გეშინოდა. შენი ბრაზი ჩემს სირცხვილს უკეთესად მიესადაგებოდა და დამსახურებულად მსჯიდა.

როცა გრცხვენია, ყველაზე კარგია მაგ დროს დასჯა. სასჯელი სირცხვილს აქრობს, სირცხვილისგან გკურნავს. მე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და იატაკი დაგისისხლიანე. მე შემრცხვა და შენ გაბრაზდი, - ეს უკეთესია, ვიდრე, რომ შეგეშინდა. როცა შენ გაბრაზდი, მე დავისაჯე და აღარ მრცხვენოდა. ახლა შემეძლო მომეყოლა, რომ ასეთი დაავადება მაქვს, ცხვირიდან სისხლი მომდის. ცოტა წამომივა და მერე გადამივლის. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

შენ მომისმინე და დამშვიდდი, მაგრამ არ გინდოდა, რომ დამშვიდებულიყავი და გადაწყვიტე, რომ მზრუნველად შეშინებული ყოფილიყავი და მითხარი, რომ ამაღამ ვეღარ გამიშვებ, რომ ამაღამ შენთან უნდა დავრჩე.

მე ვიცოდი, რომ შენ თამაშობდი. ვითომ არ გჯეროდა, რომ მე ცუდად არ ვიყავი და ჩემზე ზრუნავდი. არადა მე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი შენთან დატოვება გინდოდა და მიხაროდა, რომ შენ ჩემი დატოვება გინდოდა.

ჩვენ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და შენ სახლში დამპატიჟე და მე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და შენ მითხარი, რომ სახლში ვეღარ გამიშვებ და მე ისე გამიხარდა, რომ ვერ დამეჯერებინა, რომ ასე რამე გამიხარდებოდა. აქამდე ასე არაფერი გამხარებია. არ ვიცოდი, რომ ასე გახარება შეიძლებოდა. არ მეგონა, რომ ცხვირიდან სისხლის წამოსვლა ასე გამახარებდა.

მე იმ ღამეს შენთან დავრჩი. ჩვენ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და მე იმ ღამეს შენთან დავრჩი.

კაცი ნელი ნაბიჯებით უკან იხევს და საწოლს უახლოვდება.   

მე იმ ღამეს შენთან დავრჩი და ის ღამე ჩვენი პირველი ღამე იყო. შენ საძინებელი ოთახიდან გამოხვედი და მითხარი, რომ ლოგინი გაშლილია. სანამ საძინებელიდან გამოხვიდოდი, მე მარტო ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩვენ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და უკვე ერთად ვრჩებოდით და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ძალიან მიხაროდა.

კაცი ფრთხილი მოძრაობით საწოლზე წვება, სახით საწოლის ცენტრისაკენ, სადაც საბნის ქვეშ ვიღაც წევს. 

მერე შუქი ჩააქრე და მითხარი: „ძილი ნებისა“ და თვალები დახუჭე.

შენ გადაბრუნდი და დაიძინე!

როგორ შეგეძლო დაძინება? როგორ შეიძლებოდა იმ ღამეს ძილი? ეს ხომ წარმოუდგენელია! ეს მართლა წარმოუდგენელია!

ჩვენ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი, მერე შენთან ავედით, მერე შენ სახლში დამიტოვე და ჩვენ ერთად, ერთ საწოლში დავწექით და შენ გადაბრუნდი და დაიძინე და მე ეს უნდა დამეჯერებინა? მეც უნდა გადავბრუნებულიყავი და დამეძინა? ეს ხომ დაუჯერებელია? ეს ხომ წარმოუდგენელია?

მე შენკენ გადმოვტრიალდი, ფრთხილად მოგიახლოვდი. ჯერ გიყურებდი, გაკვირდებოდი, მართლა გეძინა, თუ თავს იმძინარებდი. თვალები სიბნელეს  მიეჩვია და უკვე შენი სახის ნაკვთებს ვარჩევდი. სახე ფერმკრთალი გქონდა, გაყვითლებული და განაცრისფრებული, როგორც მკვდარს.

უცებ თავში გამიელვა, რომ მოკვდი, რომ მკვდარი იყავი და მე გვამთან ერთად ვიწექი. ჩემმავე ფიქრებმა ისე შემაშინა, რომ მინდოდა ხელით შეგხებოდი, შემენჯღრიე, გამეღვიძებინე.

როცა ბავშვი ვიყავი და დედჩემის გვერდით მეძინა, მაგრამ მე არ მეძინა და არც დედაჩემს არ ვაძინებდი. საკმარისი იყო ჩაძინებოდა, რომ მაშინვე ვაღვიძებდი. მეგონა, რომ მოკვდა და შეშინებული ვაღვიძებდი. სიბნელეში მძინარეს მკვდრის ფერი ჰქონდა, ამ ფერის დანახვის ყველაზე მეტად მეშინოდა. მეშინოდა მკვდართან მარტო ყოფნის, მეშინოდა მარტო ყოფნის.

როდესაც სხვას ძინავს და შენ არ გეძინება და ფიქრობ, რომ ვისაც ძინავს, მკვდარია და შენ მკვდართან ერთად გძინავს.

კაცი უცებ წამოხტება საწოლიდან და საწოლის წინ დგება.

რატომ არ დამელოდე? ხომ გთხოვე, ხომ გთხოვე, მეტი ხომ არაფერი არ მითხოვია? ნუთუ ასეთი ძნელი იყო ამ ერთი თხოვნის შესრულება? მე ხომ მეტი არაფერი მითხოვია, მეტი არაფერი მინდოდა? - მხოლოდ დაძინებული არ დამხვედროდი, მხოლოდ არ დაგეძინა, ერთი ღამე არ დაგეძინა, ერთი ღამე ჩემთან ერთად გეფხიზლა!

გახსოვს, რომ წაგიკითხე: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“, და შენ დამცინე? - მითხარი, უძილობისგან უკვე თავი ღმერთი გგონიაო.

მე გიხსნიდი, რომ უძილობა აგონიაა, რომ ძილიში სიკვდილი დგება და რომ არ უნდა დაიძინო, არ უნდა დამტოვო მარტო. სანამ ღამეა, არ უნდა დამტოვო მარტო, არ უნდა დაიძინო, როცა ღამეა.

ხომ იცი, რომ არ შემიძლია, არ შემიძლია შენი დანახვა, როცა შენ გძინავს, როცა მე არ მეძინება და შენ გძინავს.

 

შენ გადატრიალდი და დაიძინე... და მე ეს უნდა დამეჯერებინა.

კაცი საწოლს მარცხენა მხრიდან უახლოვდება და ფრთხილი მოძრაობით საწოლზე წვება. მერე წამოიწევა და საწოლის ცენტრში მწოლს ზემოდან დაყურებს.

მე საწოლიდან წამოვიწიე და ზემოდან დაგხედე, სიბნელეს თვალს ვაჩვევდი და სახეზე გაკვირდებოდი. თვალები სიბნელეს მიეჩვია და შენი სახე გამოჩნდა და მე ის ფერი გამახსენდა, დედაჩემს რომ ჰქონდა, როცა ეძინა და მე არ მეძინა.

მე შემეშინდა და მინდოდა გამეღვიძებინე. მინდოდა შემენჯღრიე და გამეღვიძებინე, გამეცოცხლებინე. მეგონა, რომ მოკვდი... აბა როგორ დაიძინებდი, ცოცხალი რომ ყოფილიყავი, როგორ დაგეძინებოდა, როგორ შეიძლებოდა იმ ღამეს დაძინება? ჩვენ ხომ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და შენ როგორ უნდა დაგძინებოდა? თუ მკვდარი არ იყავი, იმ ღამეს როგორ შეძლებდი დაძინებას?

უცებ მე ხმა გავიგონე და გავშეშდი.

კაცი ისევ სწრაფი მოძრაობით წამოხტება საწოლიდან, წინ მოიწევს და სცენაზე ნერვიულ მოძრაობას იწყებს.

სწრაფი და ხმამაღალი გულის ფეთქვის ხმა, ისე სწრაფი და ხმამაღალი, როგორიც არასდროს მომისმენია, არ ვიცოდი, ვერ წარმომედგინა, რომ გულს ასეთი მაღალი ხმა ჰქონდა. თითქოს ტყიამფრქვევიდან ისროდნენ და სროლა არ ჩერდებოდა, ტყვიები არ ილეოდა.

მე გამიხარდა, ძალიან გამიხარდა. თუ გული ასე ხმამაღლა და სწრაფად გიცემდა, მაშინ ვერ დაიძინებდი, შენ ცოცხალი იყავი, შენ გეღვიძა, მხოლოდ თავს იმძინარებდი! თავს იმძინარებდი და მე მიცდიდი.

შენ მე მცდიდი, ჩემს მოთმინებას ცდიდი. შენ უკვე მაშინ, უკვე მაშინ გსიამოვნებდა ჩემი წამება.

როცა მე მღვიძავს და შენ თავს იმძინარებ. როცა მე არ მეძინება და შენ გძინავს და უნდა დავიჯერო, რომ შენ ისე გეძინება, რომ არ შეგიძლია ჩემთან ერთად სიფხიზლე, არ გჯერა, რომ ეს...

მე უცებ ეჭვი შემეპარა. უცებ გავჩერდი, უცებ აღარ მიხაროდა და ეჭვი შემეპარა, რომ ეს ჩემი ხმა იყო, ჩემი გული ფეთქავდა ასე სწრაფად და ხმამაღლა. უცებ გავქვავდი და სუნთქვა შევიკავე, მინდოდა გამერჩია ვისი გულის ფეთქვა იყო. ჩემი თუ შენი? ჩემი თუ შენი?

მე თავი ბალიშზე დავდე და შენკენ მოვიწიე, ყური მოგიახლოვე და სუნთქვა შევიჩერე, მხოლოდ შენი გულის ხმა უნდა გამეგონა, ყველაფერი სხვა უნდა გაჩუმებულიყო, მხოლოდ შენს გულს ეხმაურა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, ან შეიძლება მომეჩვენა, რომ გულის ფეთქვა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდა. ისევ იმედი მომეცა, რომ ცოცხალი იყავი და გეღვიძა, თავს იმძინარებდი, მაგრამ გული შემზარავად სწრაფად გიცემდა.

ეს შენი გულისცემა იყო, შენი და არა ჩემი! მე სუნთქვა შევიკავე, მე გულისცემა გავიჩერე, რომ მხოლოდ ის ხმაური გამეგონა, რომელიც შენი მკერდიდან მოისმოდა.

დიახ, ეს შენი გულისცემა იყო და არა ჩემი გულის. ჩემი გული გაჩუმდა, ხმა დაკარგა მას შემდეგ, რაც სახლში მოვდივარ და შენ მძინარე მხვდები, როცა შენ გძინავს, მე კი მღვიძავს და შენს მკვდრისფერ ტუჩებს ვუყურებ და ჩემი სული მწუხარებისგან მძიმდება და გულს ხმას უთიშავს. მე გული მიჩერდება, შენს დახუჭულ თვალებს რომ ვხედავ, როცა გძინავს და მძინარეს გხედავ.

შენ იწექი და თავს იმძინარებდი. მე ჯერ ყური დაგადე და შენს გულისცემას ვუსმენდი. მერე უცებ გადმოვტრიალდი და ჭერში დავიწყე ყურება. შენ გეღვიძა და თავს იმძინარებდი. უცებ მთელ სხეულში რაღაც უცნაურად მძიმე სითხის ამოძრავება ვიგრძენი. მუცლიდან დაიძრა და წამებში მთელი სხეული მოიცვა. მუხლები ამიკანკალდა. ჩემს სხეულს რომელიღაც აქამდე ჩემთვის უცნობი ძალა დაეუფლა და მე ავცახცახდი, მისმა სიდიადემ სხეული ამითრთოლა. შიშისგან თვალები დავხუჭე და სახსრები ისე დავჭიმე, თითქოს თავი კუნძზე მედო და ნაჯახის მოქნევას ვუცდიდი.

ამ დროს შუბლზე რაღაც თბილის და ოდნავ ნამიანის რბილი შეხება ვიგრძენი, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, ტუჩებზე, ნიკაპზე, მკერდზე, მუცელზე. მე თვალები გავახილე და ჩემ თავზე უფსკრული იდგა. შენ უფსკრულად გადაიქეცი, რომელიც თავზე მადგა და თავისკენ მექაჩებოდა, მისრუტავდა, როგორც მტვერს.

მერე მე ჰაერში ამოვტრიალდი და მიმართულება შეიცვალა: ახლა მე ვიყავი ზემოთ და ჩემ ქვეშ უფსკრული იყო, რომელშიც უნდა ჩავვარდნილიყავი. მე შემეშინდა და შიშთან ერთად უზარმაზარი სიამოვნება ვიგრძენი, ვარდნის და ფრენის სიამოვნება, რომელსაც გარდაუვალი დანარცხების შიში მოყვება. მაგრამ უცებ რაღაც ძალამ ამომისროლა და ისევ საწოლზე დამანარცხა.

ჩემი ცხვირიდან სისხლმა იფეთქა და ნაკადივით მკერდზე ჩამოგეღვარა და ჭიპში ჩაგიგუბდა. მე თავი უკან გადავწიე და სიმწრისაგან ტირილი მომინდა, მთელ ხმაზე დაღრიალება მომინდა. მე განწირული ხმით ვტიროდი და სიმწრისაგან ხმა დამეკარგა. გაღებულ პირში, რომლიდანაც ხმა არ ამოდიოდა, საკუთარი სისხლი ჩამივიდა. სისხლის გემო მომლაშო იყო. ეს ჩემი ბავშვობის გემო იყო. ცხვირიდან სისხლის წამოსვლა მიხაროდა. ცხვირსახოცს არ ვიდებდი, ველოდი, პირში სისხლი როდის ჩამივიდოდა. რამდენი მიუსწრიათ, დასჯა არ ამცდენია, მაშინებდნენ, სისხლისგან დაიცლებიო. მეც მეშინოდა, მაგრამ საკუთარი სისხლის მომლაშო გემოთი ტკბობის სურვილი ყველანაირ შიშზე ძლიერი იყო და მეც გაფითრებული და გულაჩქარებული ველოდი სისხლის ყოველი წვეთის ჩემ ტუჩებამდე მიღწევას.

შენ ზურგზე მომეხვიე, საიდანღაც ცხვირსახოცი გააჩინე და ცხვირზე დამადე. მერე ყურში მითხარი, რომ არასდროს მიგიღია უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე მაშინ, როდესაც შენი მკერდი ჩემი თბილი სისხლით მოითხვარა. მე მთელ სხეულში გამაჟრიალა. მომეჩვენა, რომ შენი პირი დასისხლიანებული იყო ჩემი სისხლით. შენ მაკოცე და შენს პირს ჩემი სისხლის მომლაშო გემო ჰქონდა. შენი პირის გემო ჩემი სისხლის გემო იყო. მე გკოცნიდი და ჩემი სისხლის გემოს ვეწაფებოდი შენი პირიდან.

მერე შენ შემომეხვიე და გათენებამდე მეფერებოდი. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მოფერება, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. დრო გაჩერდა, მზე არ ამოდიოდა. ჩვენ არ გვეძინა, ჩვენ ერთად ვიყავით და არ გვეძინა.

როგორ შეიძლებოდა დაძინება? როგორ შეიძლება დაძინება, როცა ღამეა? როგორ შეგეძლო, დაგეძინა, როცა ღამეა, ეს ღამე, ამ ღამეს, ამ ერთ ღამეს, როგორ შეიძლება ძილი?!

ჩვენ მთელი ღამე ფხიზლად გავატარეთ. ჩვენ მთელი ღამე არ გვიძინია. ჩვენ მთელი ღამე საწოლზე ვისხედით და ერთმანეთს ვეფერებოდით და არ გვეძინებოდა. როცა გავიღვიძეთ, ჩვენ უძილობიდან გავიღვიძეთ, სიფხიზლიდან გავიღვიძეთ. ძილი გამოვტოვეთ და პირდაპირ გავიღვიძეთ, დაუძინებლად. შენ კალთაში ჩამიჯექი და მეფერებოდი, თავს ლოყაზე მადებდი, მკლავებს მხვევდი და მთელი ძალით მიჭერდი. მე ფიქრი არ შემეძლო, არაფერზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ გგრძნობდი, მთელი სხეულით გგრძნობდი და მეტი არაფერი მინდოდა.

 

მე მოფერება მინდოდა, მე მხოლოდ მოფერება მინდოდა, ისე არ დავიძინებდი. არ ვიძინებდი და დედაჩემს ველოდებოდი. „სანამ დედა არ მოვა, არ დავიძინებ!“ - ვამბობდი, როცა დაძინებას მაიძულებდნენ. ძილი ჩემთვის სასჯელი იყო. თავს ვიმძინარებდი, რომ დედაჩემის მოსვლა მენახა, რომ ძილის წინ მოფერება მეთხოვა, მაგრამ ის სულ იგვიანებდა, სულ მაშინ მოდიოდა სახლში, როცა მე მეძინა. ერთხელ გავძელი და არ დავიძინე, მხოლოდ თავი მოვიმძინარე. როცა დედა საძინებელში შემოვიდა, მე გახარებული საწოლიდან წამოვხტი. დედა გამიბრაზდა, რატომ არ გძინავსო, უკვე გვიანიაო და სასჯელად არ მომეფერა. მე მთელი ღამე ვტიროდი და მას შემდეგ ღამე აღარ დამიძინია.

 

მძულს! ყოველთვის მძულდა, როცა მეფერებოდი, როცა უცებ მოფერებას მიწყებ. შენი მოფერება ღალატს ნიშნავს. ვიცი, რომ რაღაც გაქვს ჩადენილი და შენი ალერსი დანაშაულს ფარავს. მოფერება ღალატის აღიარებაა, თან ახალი მომხდარი ღალატის, ჯერ ისევ რომ ცხელია, შემიძლია გამოვთვალო, ზუსტად გითხრა, როდის მიღალატე. თუ დიდი დრო გავიდა და გადაგიარა, მაშინ აღარც მოფერება გინდება, ცივად გადიხარ საძინებელში და იძინებ. იქ, როცა გძინავ, ვიღაცას ხვდები. როცა იძინებ, იმ ღამეს ჩემთან არ ხარ, იმ ღამეს სხვასთან ატარებ, სხვას ხვდები. შენს ძილში მე არა ვარ, შენ მე მღალატობ. როცა შენ გძინავს, შენ მე მღალატობ!

ცოტა გულისრევის გრძნობა რომ მოგყვებოდა ახალ ნაღალატევზე, საკუთარ საქციელზე გული გერეოდა, საკუთარი თავი გეზიზღებოდა, ყოველ შენს კოცნაზე ვგრძნობდი ამ ზიზღს, თითქოს პირიდან ნაღებინების სუნი ამოგდიოდა და შენს ნერწყვსაც მჟავე გემო ქონდა. ნაღალატევი პირი გიმჟავდებოდა და ჩემი ენით იწმენდდი. მერე როცა შენს პირს ჩემი სისხლის მომლაშო გემო უბრუნდებოდა,  მეც აღარ მახსოვდა, რომ მიღალატე. ჩემი სისხლის მომლაშო გემოს ვიგრძნობდი თუ არა, მაშინვე თვალებში მიბნელდებოდა, სიმძიმე მეცლებოდა და ჰაერში ტივტივს ვიწყებდი. ამ დროს შენ მკერდს მოიშიშვლებდი და ორივე ხელით ჩემს თავს შენი მკერდისკენ ატრიალებდი. ჩემი ცხვირიდან წამოსული სისხლის ნაკადი შენს მკერდზე იღვრებოდა. ჩემი სისხლით შენი სხეული ღალატისგან იწმინდებოდა.

 

მე სახლში მოვედი და შენ დაძინებული დამხვდი. მე გაგაღვიძე და შენ მაკოცე და ძილი განაგრძე. შენ მაკოცე და შენს პირს მომჟაო გემო ჰქონდა. შენ მაკოცე და მიმატოვე. ჩემგან წახვედი და ძილს დაუბრუნდი. შენი კოცნა ღალატი იყო. შენ მაკოცე და გამეცი. შენი კოცნით სასიკვდილოდ გამიმეტე.

მე გთხოვე, რომ არ დაგეძინა, მე გთხოვე, რომ ჩემთან ერთად დარჩენილიყავი და ჩემთან ერთად გეფხიზლა. მე გთხოვე, რომ ეს ღამე ჩემთან ერთად გაგეტარებინა, მე გთხოვე, - გითხარი, რომ ეს ბოლო ღამეა, - რომ ამ ღამეს ძილი არ შეიძლება. ჩემი სული დამწუხრებულია სასიკვდილოდ!

შენ მაკოცე და გადაბრუნდი და ძილი გააგრძელე, დაიძინე, როგორც იმ ღამეს, პირველად როცა დავრჩით ერთად. შენ ისე სწრაფად ჩაგეძინა, თითქოს იქ, სიზმარში სხვა გელოდებოდა და მასთან დაბრუნებას ჩქარობდი. ისე სწრაფად გაიქეცი, რომ დადევნება ვეღარ შევძელი. სანამ მოვიხედე, შენ უკვე წასული იყავი და მე მარტო დავრჩი, სულ მარტო. შენ სხვაგან იყავი, შენ გეძინა, შენ სხვას ხვდებოდი შენს ძილში. მე კიდევ სულ მარტო დავრჩი, სულ მარტოდმარტო. ჩემი სული დამძიმდა და დამწუხრდა სასიკვდილოდ. შენ წახვედი და შენი ადგილი სიკვდილმა დაიკავა.

კაცი ნელი ნაბიჯით მიდი საწოლთან და მარცხენა მხრიდან საწოლზე მუხლებით შემოდგება და საწოლის ცენტრში მწოლს უყურებს.

მე შენ დაგხედე და შენ მკვდრის ფერი გედო. მე თავზე დაგადექი და ფრთხილად საბანი გადაგხადე. თავი დავხარე, მინდოდა ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ყური დამედო, შემემოწმებინა, გული თუ გიფეთქავს.

საბანი გადაიწია და უფსკრული გამოჩნდა. უფსკრული ვიწრო იყო და დაბალი, ორ კაცზე მეტი ვერ დაეტევოდა. იქ ჩვენი ადგილი იყო, მხოლოდ ჩვენ ორის. ცხვირიდან სისხლი წამსკდა და ნიაღვარივით შენ მკერდზე ჩამოიღვარა. მე გამიხარდა, მეგონა ჩემი სისხლი გაგაღვიძებდა და შენი პირიდან ჩემი სისხლის მომლაშო გემოს ვიგრძნობდი. მთელი შენი მკერდი ჩემმა სისხლმა დაფარა. მე სისხლისგან ვიცლებოდი და შენ ჩემ სისხლში ბანაობდი. მე სისხლისგან დავიცალე და შენ ჩემ სისხლში დაიხრჩვე. შენ გამოცურვას ცდილობდი, მაგრამ ნაპირი არ ჩანდა. ჩემი სული დამწუხრდა და მწუხარებამ დაამძიმა.

დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად!

დარჩით აქ, აქ დარჩით!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.