• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

წარსულები

×
rk ology
ავტორის გვერდი რობერტ კელი 26 ოქტომბერი, 2018 2646
 
არა წარსული. წარსულები.
 
ფატალური მხოლობითი. ჩვენი საზოგადოება წყეულია, ტანჯულია მონოთეიზმით. და მონოთეოსის ყველა ფერმკრთალი აჩრდილით: სწორედ აქ ჩნდება შედევრის კულტი, დიდი ავტორის მითი, მონარქია და მასთან ერთად თანამედროვე ერ-სახელმწიფო, რომელსაც მემკვიდრეობით ერგება მონარქიის ტოტალიტარიანული ეთოსი. დღეს მონოთეოსის რეინკარნაცია საკუთარი მე’ა. მხოლობითი მე, ყველა ჩვენს გადახრათაგან ყველაზე უცნაური. მე, რომლის კულტი და თაყვანისცემაც უფლებამოსილების, სახელის მოხვეჭის ხარბი ქსელია. რომლის მოთხოვნაც ომია.
 
ნურასდროს დართავ სკოლებს და სწავლულებს ნებას, ისტორიაზე ილაპარაკონ. სულ მცირე, ილაპარაკე ისტორიებზე. საუკეთესო შემთხვევაში - საგანთა ფესვებისა და ტოტების გამოკვლევაზე.
 
მონარქი ხის ერთი ხილული ასპექტია. მონოთეოსი რეალობის ერთი წარმოსადგენი ასპექტია. ნუ მიაგებ მათ ამაზე მეტ პრივილეგიას.
 
მაშინ როდესაც:
 
ჩვენი წარსულები სიზმრებივით მრავალფეროვანი და სხვადასხვაგვარია
ჩვენი წარსულები ყველა ენებზე მეტყველებენ
 
ჩვენი წარსულები უარყოფენ ერთადერთი მნიშვნელობის ზედაპირულ ჩვენებას
ჩვენი წარსულები უარყოფენ ფაქტების ზედაპირულ დოქტრინას
 
ჩვენი წარსულები გვათავისუფლებენ ცრუ ვინაობებისგან
გვათავისუფლებენ კლასისა და რასის პოზიორობისგან.
 
მხოლოდ ისტორიის, ელ ტუერტოს, სიელმემ გამოიწვია, რომ სამარცხვინოდ ჩავეშვით ეროვნებისა და რასობრივი სიწმინდის რწმენაში.
 
ისტორიამ ბევრად მეტი ქალაქი დაწვა, ვიდრე კრიმინალმა
 
პრივილეგირებული წარსულის იდეა
 
პრივილეგირებული წარსულის იდეა
რომელიც წინ მიგვიძღვის „ჩვენ“.
 
იმედი არსებობს:
წარსულთა გამოგონება ჩვენი საუკუნის უტკბესი ხელოვნებაა.
 
არ უნდა ველოდოთ, როდის გამოიგონებს ბორხესი ტლონს. ჩვენი წარსულები სავსეა ლაიონესებით, სხვაგნეთებით, Ailleur‘ებით, Anywhere Out of the World‘ებით. და ისინი სანდონი არიან, როგორც ფრიმენია სანდო უილიამ რუფუსის შესახებ ანდა ტრევორ როპერი ჰიტლერის შესახებ. მეტიც. ისინი იგონებენ შინაგანი რწმენით, რომლის განცდისაც ჩვენს ისტორიკოსებს—მათ, არა-გამომძიებლებს—რცხვენიათ - ვერც, მითუმეტეს, ენდობიან.
 
რობერტ დანკანი ამბობდა, რომ ახალგაზრდა პოეტის მრავალთაგან ერთ-ერთი მოვალეობა (ეს მოვალეობები ამავე დროს უფლებებია) საკუთარი ჰოროსკოპის გამოგონებაა. წინაპრების არჩევა—l'invention des aieux (ძველთა გამოგონება).
 
ჩვეულებრივ, ადამიანები თავს „საკუთარი“ ჰოროსკოპების ხაფანგებში იმწყვდევენ, ესე იგი, თავიანთი ნატალური გენიის განზრახვაში.
 
ჩვენ წარსულთა გამოგონება. (Invenire, ლათინურად, ცხადია, ნიშნავს იმასაც, რასაც ჩვენ ინვენციით ვგულისხმობთ, და აღმოჩენასაც—ანუ, აღმოაჩინო ის, რაც ისედაც არსებობს). სამარადისოდ ვიქნებით გამომწყვდეულნი ამ ნაყოფიერ ორაზროვნებაში. ვიმედოვნებ.
 
ახალგაზრდა პოეტი, აგრეთვე, არის ქალი წარსულის გარეშე, რომელიც თავისი წარმოსახვის კაშკაშა სინათლით აქრობს იმათ ჩრდილებს ვინც მანამდე იყო. ახალგაზრდა პოეტს მემკვიდრეობად ტრადიციისგან გათავისუფლების ტრადიცია ეძლევა. ესაა მისი საიდუმლო, მისი თავზარი, მისი მოვალეობა, მისი საფრთხე.
 
ამრიგად, ვფიქრობ, წარსულთა მიზანი ის უნდა იყოს, რომ გამოიგონოს კიდევ რამდენიმე წინამავლი: ისინი, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ, ისე, რომ ჩვენ არ გვცოდნია, რომლებიც მოგვეპარნენ წარსულიდან როცა, ბოლოს და ბოლოს, მზად ვიყავით მათ დასანახად. (სურრეალისტები ლოტრეამონს არ შეუქმნია; ლოტრეამონი, რომელიც ჩვენ ვიცით, შექმნეს სურრეალისტებმა. მომავალი ქმნის წარსულს—ეს ყოველთვის ყველამ იცოდა.)
 
ახალგაზრდა პოეტი პოეზიის ყველა საჭირო (ანუ შესაძლებელ) წარსულს ქმნის. პაუნდს შეუძლია, რაღაც საერთო კონტექსტში წარმოიდგინოს არნო დანიელი და როჩესტერის გრაფი და საფო და ლი პო და, როგორღაც, ამას თავისი პაიდეუმა ან გნომონი ან ღერძული წერტილი უწოდოს. ბრეტონს შეუძლია, აკრძალოს კლასიკოსები და აკადემიკოსები, თავი უკრას სანაგვე ურნაში, წარწერით NE LISEZ PAS (ნუ წაიკითხავთ), და ახალი კანონი შექმნას, შემდგარი სიზმრის მსახურებისგან, ბრწყინვალე ხელმოცარულებისგან, ღამის შვილებისგან, ნახევრად გაუგებარ სურათებს რომ ზლუქუნებენ. და ეს კანონი უფრო გვადგება, ვიდრე დაქანცული ძიაკაცები, რომლებიც მან ჩაანაცვლა.
 
ამრიგად, როცა ამ წარსულთა საკითხებს ვეხები, მე არ ვიჩემებ სხვა პრივილეგიას, გარდა საკუთარი მშობლების გამოგონებებისა, იქნება ისინი რეალური, წარმოსახვითი თუ სასურველი.
 
არავის უნდა, იცხოვროს სამყაროში, რომელიც ბელინის და დედა ტერეზას და მილარეპას და ბლეიკს და რაიხს და საფოს და ჰოლდერლინს და გრძელი სიმღერის მთხზველებს არ შეუქმნიათ—ტალიესინს, ქალს, რომელიც ჰომეროსი იყო, კოჭლ ვერგილიუსს, ვიასა მრავალს, ვალმიკი ერთადერთს, სპენსერ ბარაქიანს, ქოლრიჯ დახარჯულს, ტენისონს რომელიც მეტყველებაში იმალება, ბეკეტს რომელიც მდუმარებაში ყვირის, და გერტრუდ სტაინს, რომელიც ცისკრის მაღვიძებელია, იმავე დუნე დილის, რომლის გაგებასაც ჯერაც ვცდილობთ,
 
ენის დილა, რომელშიც ლამისაა, გამოვიღვიძეთ.
 
და იქაა, უკან, წარსულებში, იქ იცდიან ძალები, მზად, გამოგვადგნენ.
 
ჰომეროსი, არა ბრმა. არა ბრმა, არამედ ქალი. გენდერის განუკურნებელი იარა მოსჩანს მის ყველა სახე-ხატში, მის ყველა სიკეთეში, მის ყველა მიუკერძოებლობაში, ჰომეროსი, ბერძენთა დედა, ტროელთა დედა.
 
როცა ცენტრი მკვდარია, ყველა სანუკვარი რამ ექსცენტრიულია.
 
როცა ცენტრი მკვდარია, ექსცენტრიულს უნდა მივაშუროთ, პერიფერიას, სადაც ცხოვრება იცდის.
 
ეგ არ იყო რასაც მოდერნისტები ამბობდნენ? განა ეგ არაა რასაც შენი გული ამბობს, როცა დგახარ წიგნისგამყიდველ სუპერმარკეტში და უყურებ იგივეობის გამოფენის გამრავლებას?
 
როცა ცენტრი მკვდარია, ჩვენ უილიამ დაიაფერს და კვირინუს კულმანს ვეძლევით, და შერიდან ლეფანიუს და მეთიუ შილს და სიდნი ლანიეს (რომლის სახელის ხსენებაც კი აღარაა ისეთ „საჯარო ჩანაწერებში“, როგორიც ჰარვარდის ამერიკული ლიტერატურის ისტორიაა, მაგრამ რომლის „გლინის საფლობებიც“ დღემდე ბევრი ამერიკელი პოეტის გონებას იპყრობს, და რომლის საზომებიც, უიტმენისაზე უფრო გიჟურები, ჯეფერსთან და დანკანთან მეორდებიან). თომას ბედოუსი დაგვეხმარება, და ჟილბერ ლეკომტი და რობერტ ბარლოუ და ფილიპ ლამანტია და სტივენ ჯონასი და უელდონ კისი.
 
იქნებ ბოლოს და ბოლოს განვკურნოთ ჩვენი თავები აფრიკისა და აზიის არა-სტანდარტული, არა-გეგმიური თეოლოგიების (როგორც მათ ლენი ბრუსი ეძახდა) გიჟური ნებართვებით, მოძველებულის, ხმარებიდან ამოსულის, გაცვეთილის, არქაულის, დროებითის, მიუღებლის, დაკარგულის, დაწყევლილის, მედიას მიერ მივიწყებულის, ექსტრაკურიკულარულის, აბსურდულის ნებართვებით,
 
ისევე, როგორც „სერიოზულმა“ მუსიკამ განიკურნა თავი ნების შეურაცხადი პარალიზებისგან (მუსიკაში ნება მელოდიაა), ნების, რომლითაც გავიზარდეთ მეორე ვენური სკოლის გვალვიანობის ჟამს,
 
განიკურნა თავი გიჟი რომანტიკოსებით და ბრუკნერის, შტრაუსის და მალერის უსასრულო ექსცენტრიულობებით, მალერის, რომლის მეორე შობამაც სამუდამოდ უნდა მოჰფინოს ნათელი ბეთჰოვენისა და ბახის ჭეშმარიტ ექსცენტრიულობას (მაგალითად, კონსერვატორიელ სპონტინისა და კერუბინისთან შედარებით).
 
და მე ჯერაც მჯერა, რომ გერტრუდ სტაინი ლამის ჩვენი ერთადერთი აზრიანი მწერალია.
 
აზრი, შეხედულებების შემოთავაზების ნაცვლად. მას შეხედულებები არ გააჩნდა, მხოლოდ იმის ძალა ჰქონდა, რომ აზრი მოეხდინა.
 
წარსულები რისკებითაა სავსე. ეს რისკებია, რაც მსურს, მოგიტანო.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული