• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქალაქები და ხალხი

×
ავტორის გვერდი ალექსეი გასტევი 07 ნოემბერი, 2018 2904
თარგმანი: ვალო ჩაჩუა
 
ხარხარებს ნიუ-იორკი.
საწამებელ ძელებზე.
შ-შხუილი არხებში.
ზღვა დუღილისგან აწივლდა.
და გადმოემხო ჰადსონები ნიუ-იორკთან ერთად და ზეცად აორთქლდა.
ცათამბჯენები ტერფებით შედგნენ ელია წინასწარმეტყველს.
შ-შხუილი ისევ ზღვაში ჩატენილი...
ღამით, მსოფლიოს გასაგონად, ნიუ-იორკი ჩურჩულებს.
ვსუნ-თ-თ-ქავ.
ცა გაიგუდა.
აღარ შეუძლია.
- ამერიკა, მანქანები, კანტორები, დოლარები.
ამერიკა, ჩემკენ გაისროლე.
სისხლით და რკინით სავსე ქალაქი.
ანდა კონტინენტს შევანჯღრევ.
- აჰა.
ზედა ყბა - ჩიკაგო.
ქვედა - სან-ფრანცისკო.
დაგრეხილი დასნებოვნებული ენა - გზათა ფოლადის დიაგონალი.
ნახევარი ვაშინგტონი დენთს.
გრენლანდია, ჩამრთველები...
მართი კუთხით ბერლინისაკენ, ლონდონის სიგანეზე პარიზის კატაკომბების გავლით დაიჟღარუნა და ააფეთქა ნიუ-იორკი.
საბოტაჟი, საბოტაჟი და ბოლი.
კაცობრიული ფილოსოფია ნამსხვრევებად.
ან ძილი, ან სიცოცხლე.
მაგრამ არც კითხვა, არც სწავლა.
ორმოცი მილიონი ხალათი.
ცისფერი, ხაკი, წითელი.
ფეხები... ათასობით ჩხირი.
ვინც ნახევარი მილიმეტრით გადააბიჯებს - დაწვით. ერთი თავი ორმოც ვერსზე.
ულევი წყურვილი.
ჯავშნიანი სახე.
ცემენტი და თმები, ცემენტი და თმები.
სიცხე, ყინული, ნოტი.
სიცხე, ყინული, ნოტი.
დარტყმა. ძგერება. ყვირილი.
სატურნს გამოდებული კოშკი.
ბრძმედის ამოყირავება. 
სიცილის ფრქვევა.
ცრემლთა ნაკადი.
ელევატორი ჭურვთა... ერთი, ორი, სამი ბალტიის ზღვაში!
და მატარებელთა ქალაქი ფსკერისაკენ...
გათეთრებამდე მოიხარშნენ სკანდინავიელები.
ოთხი მილიარდი რეგვენი.
ბეტონის სატირის ფრთები - პოლუსზე!
ვადა ორი საათი გაქვთ.
ტროპიკი კარის ზღვაზე გადაიგზავნოს.
ახლა კი იცეკვეთ.
ოცდაორი კლემანსო.
რენტის ძვლადქცეული არწივი.
ოცდაცამეტი ვილსონი.
მსოფლიოს ბუთქუნა ხუცესი.
ორმოცი ლოიდ-ჯორჯი.
ორატორებო, ტყვიამფრქვევი რელსებზეა.
გაეცით განკარგულება!
მშრომელო-ამხანაგებო, სირენა.
მებადურებო. ზურგი. კიბე მონბლანზე.
მელითონეებო. ძე... ძე... ძელები. ზიგზაგი. ცეცხლოვანი სათქვლეფი. სიჩ...ჩ-ჩ-უმე.
კალატოზებო. აგურები. სიმაღლეები. ფანჯრები. რუპორები ქალაქში და ზღვაზე.
მიწის მთხრელებო. ორმოები. მერიდიანები. პარალელები. პერპენდიკულარები.
მტკიცედ მობრუნდით.
გზები. სახურავები. კამარები. ლაგამამოდებული აფეთქებები. მთვრალი ხიდები.
და გაბმული ხალხი.
მესამე. ორმოცდამეჩვიდმეტე.  ნული, შვიდი, რვა, სამი, ცხრა, სამი.
ბარათები. ინსტრუქციები. ბორბლები. დამდგმელები. ხარატები. მეხანძრეები.
სახლები - სერია B. კოშკი 7, ქუჩა 40.
ატლანტის ოკეანის საქმისმწარმოებელი.
ბერლინი. ელექტროობა.
სამი მილიონი მუშა. თვალები, თვალები ევროპისა.
ესენელებო. თქვენ მილიონი ხართ. იცით რა არის თქვენი სახელი? - სროლა.
ქალაქთა კოლონა, ორ მწკრივად.
სოფელთა მერიდიანები, მარჯვნივ!
აჯანყების ლოდი.
რეპრესიის კუთხე.
შეძახილთა რკინის ნიშანი ოთხმოც სართულზე.
ორი შეძახილის ნიშანი.
ოჩოფეხები.
რევოლუცია ოჩოფეხებზე.
ამერიკული პური ევროპულ შიმშილს ეხმაურება.
ვილსონს არ შეუძლია ევროპაში წასვლა: მისი თავი შტატებია, გული - კოლუმბია, ფეხები - არგენტინა, ქუდი - ალასკა.
თუ მაინც წავა, შტატების რკინისმაგისტრალით აზიურ ტალახში ჩაეფლობა.
ან შესანსლავს, ან გაიგუდება.
მაგრამ რა შუაშია აქ ვილსონები?
რელსებში.
რკინაში. 
მსოფლიო დაბეტონებულია.
ვილსონიდებო, კლემანსიდებო, ლოიდ-ჯორჯიდებო... გაეცით ბრძანება.
ნუ მოგვაცქერდებით სახეებზე.
ფეხთა მესერი. დაფდაფი.
მკერდები... ძელთა ჯავშანი.
ჩვენი სახეები.
რუხი მიწაყრილი.
და სიმღერასაც.
ტელეგრაფის.
ხიდხანდაზმულობის.
გიგანტურ-ვიადუკისებრის.
თავდაყირა.
თვალები, შველერად და ჯავშნად შედუღებული... განრჩილეთ. არტერიები, ქვაბებსა და დინამოს შემოხვეული - დაუბრუნეთ ადამიანის მომცრო გულს.
არ
გამოვა.
ცხადია, რომ ჩვენი სახელია - თუჯი.
მადანი, ნავთობი, რკინა... და კიდევ მილიონობით სხვა სახელი.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული