ლოცვა რუპორში





პოეზია

ლოცვა რუპორში




ნაიკის ბოტასები
 
შენი არარსებობის განცდა 
ისეთი მძლავრია,
რომ მის გარდა 
არც არაფერი არსებობს,მგონია.
შენი არარსებობის მრწამს,
შენი არარსებობა მაძლიერებს,
შენი არარსებობის სამება.
ჩემი შეკითხვები და
შენი უპასუხობა -
როგორც უდაბნო.
მე ნაიკის ბოტასებით
მოვიკვლევ შენკენ გზას
მხურვალე ქვიშაში.
სიარული შენკენ
ნაიკის ბოტასებით.
ჩემი შეკითვების ექო, 
როგორც მირაჟი შენი პასუხების,
ახალგაპარსულ კანზე.
მწვავს.
გუშინ ვიგრძენი
იმ სიტყვების მნიშვნელობა
რომელიც მამამ
დედას სიკვდილისას არ მითხრა.
მას კი მამამისმა არ უთხრა, იმის მამას-
მამამისმა არ უთხრა.
მთელი ცხოვრება მემახსოვრება 
მისი ტუჩების უძრაობა
ამ სიტყვების არწარმოთქმისას.
და ახლა, როცა ვეღარ ვიტყვი:
“ასე ამბობდა მამაჩემი” -მეთქი
კიდევ უფრო მესმის მისი
ტუჩების უძრაობის.
ღმერთო.
გადაიქეცი კანფეტის
გახსნის ხმად, ბებიაჩემის თითებში
და შენც მიხვდები.
 
მე კი ისევ მოვდივარ
შენი პასუხების უდაბნოში
და ვიმეორებ მამაჩემის
არწარმოთქმულ სიტყვებს.
სიარული შენკენ.
ნაიკის ბოტასებით.
 
დავიკარგე.
მაპოვნინე შენი არარსებობა.
 
 
 
 
ლოცვა “რუპორში”
 
 
ჩემში შეპარულ სიგიჟის მარცვლებს
დედა არჩევს ბრინჯთან 
და წიწიბურსთან ერთად.
ყვირილი.
ავტობანზე თოლიის გადაფრენა.
ლოცვა “რუპორში”
დედა,
შენ არასდროს ყოფილხარ ორსულად,
არც მამჩემს შეხვედრიხარ სახლის ღობესთან,
რადგან მამაშენი არ დაბრუნებულა ომიდან ცოცხალი
და არ აუშენებია სახლი, რომელშიც შენ გაიზარდე.
ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი,
როცა 
ვაგზალზე ჰოთდოგის ჭამისას
მზემ ზუგრზე დამაჭირა.
სითბო.
 
და უკან გადავეშვი.
და არსად დავცემულვარ.
 
 
 
 
 
ფეხის ცივი თითები
 
 
შენი მკერდის არარსებობა
და ფეხის ცივი თითები.
ჩემი რწმენა 3 ზომაა, ღმერთის.
 
შენი მკერდის არარსებობა
და ფეხის ცივი თითები.
 
სასტუმროს ოთახი. ერთჯერადი:
ჩუსტები, კბილის პასტა, საპონი
და სიტყვები რომლითაც  ერთმანეთს ვეფერებით..
ხვალ არცერთი იქნება.
მხოლოდ მას შეუძლია აღარ იყოს,
რაც, არც არასდროს ყოფილა.
 
შენი მკერდის არარსებობა.
ჩემი რწმენა 3 ზომაა.
 
 
 
 
 
მამაჩემი მჭამს
 
 
მამაჩემს საყურეები არ მოსწონს
არც ჩემი ყურები მოსწონდა, გახვრეტამდე.
სახლში საყურეები იკარგება.
მამაჩემი ჭამს.
მისი კუჭის დასერილობა
და საყურეების ღებინება-
სიმინდის მარცვლებთან.
მამას ჩემი მუსიკა არ მოსწონს
არც  თითები მოსწონდა, დაკვრამდე.
თითები ჩემი : ნაზი, თხელი.
მამაჩემი ჭამს.
მისი საფულის ერექცია
ზმეიკის და სისხძარღვების დაჭიმულობა,
ლამაზია.
თვალს ვერ ვწვეტ.
ფული.
მე დოგის პოზაში. ოთხზე.
მამას საფულის შეხება ჩემს  ტაკოზე.
 
დედის მუცელში დავიბადე 
და მამის მუცელში ვკვდები.
 
მამაჩემი მჭამს.
 
 
 
 
შენი ორსულობის კერძი
 
 
ძვირფასო,
როცა გული მიგდის.
შენ არა,
ეს, მიწა იქცევა.
მეც, ჩვენი სახლიც, სარეცხი მანქანაც.
შენ უცვლელი დგახარ..
უბრალოდ გეჩვენება.
გეჩვენება, რომ მუცელი გაგაზერდა.
ამ დროს  სამყარო შეიკუმშა..
შენი მუცელი როგორც ხორცის წვნიანი.
სტუმრები  ჩაგლით
საუკეთსო ნაწილს არჩევენ.
შენი ორსულობის კერძი.
ჩვენი შვილი.
ძვირფასო,
რატომ გვქონდა
ომის დროს სექსი.
ან მხოლოდ ომისას ჩასახული
ნაყოფი რატომ დავიტოვეთ?
ვის მოკვლას ვცდილობთ?
ვინ უნდა მოვაკვლევინოთ ჩვენს შვილს?
 
ჩვენ გვჭირდება შვილები,
რომლებიც ჩვენს მშობლებს დახოცავენ,
რადგან ჩვენ არ შეგვიძ₾ია,
რადგან ჩვენ ხელები გვიკანკალებს.
 
და ისინიც გააჩენენ შვილებს
და ჩვენს თავს დაახოცინებენ,
რადგან მათ არ შეეძლებათ,
რადგან მათაც  ხელები აუკანკალდებათ.
 
ძვირფასო,
ახლა სამჯერ დავტრიალდებით
და ყველაფერი მოგვარდება,
ძვირფასო.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.