გრაფიტი-პოემა, 1968, მაისი





პოეზია

გრაფიტი-პოემა, 1968, მაისი




შეადგინა და თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
[ეს ტექსტი დამყარებულია 1968 წლის პარიზში შექმნილ რეალურ გრაფიტი / კედლის წარწერებზე, რასაც მე აქ ვკითხულობ ანონიმურ, ან თუ გნებავთ, კოლექტიურ პოემად, რომლის გვერდებიც ფიზიკური ქალაქია და არა ფურცელი - ამგვარი პოეტური dérive საოცრად ერითმება არა მხოლოდ პოეტური / კომუნალური ცხოვრების უძველეს გამოხატულებებს, არამედ თანამედროვე ურბანული პოეზიის მრავალ ნიმუშსაც და, რატომაც არა, შოთა ჩანტლაძის პროგრამულ ლექსსაც, რომლის თანახმადაც ქალაქი წიგნია, პოეტის სამაგიდო წიგნი. ამ პოემის ამგვარად შეკვრისას მქონდა იდეა და სურვილი, ის ვიზუალურ / ნახატ წიგნაკად გამოცემულიყო ამ წლის მაისს, შექმნიდან 50 წლის თავზე, რაც არ გამოვიდა, ამიტომ ვაქვეყნებ ამგვარი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით, თუმცა წიგნის იდეა ჯერ კიდევ ჰაერშია და, ისედაც, ნებისმიერს შეუძლია, „ჩემი“ ტექსტი იქიდან აკრიფოს, სადაც მე დავტოვე, სხვა თუ არაფერი, როგორც კენ კნაბმა - „სიტუაციონისტური საერთაშორისო ანთოლოგიის“ (საიდანაც გრაფიტის ტექსტებია ამოკრეფილი) შემდგენელმა თქვა: no copyrights]

 

 
 
 
და ამასობაში ყველას უნდა, ისუნთქოს და ვერავინ სუნთქავს
და ბევრი ამბობს: „მოგვიანებით ვისუნთქებთ“.
და მათი უმრავლესობა არ კვდება რადგან უკვე მკვდარია
 
მოწყენილობა კონტრ-რევოლუციურია
 
ჩვენ არ გვინდა სამყარო, სადაც გარანტიას, რომ შიმშილით
არ მოკვდები, მოაქვს გარანტია, რომ მოწყენილობისგან მოკვდები
 
ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ
 
ცხოვრების უფლებას ვერ იმათხოვრებ, უნდა აიღო.
 
საზოგადოებაში, რომელიც ყველა თავგადასავალს კრძალავს,
ერთადერთი თავგადასავალი ამ საზოგადოების აკრძალვაა
 
კაცის განთავისუფლება იქნება სრული ან არ იქნება
 
ის, ვისაც რევოლუცია შუამდე მიჰყავს,
საკუთარ საფლავს თხრის
 
მაზოხიზმი დღეს რეფორმიზმის სახეს იღებს
 
რეფორმა, ჩემი ყლე
 
ყველა ვარიანტში, არავითარი სინანული!
 
ყოველ წამს რაღაც ხდება
 
აწმყოში იცხოვრე
 
ჩვენ არაფერზე ვიძიებთ შურს, არაფერს მოვითხოვთ
ჩვენ ავიღებთ, დავიკავებთ.
 
მტკივნეულია, დაემორჩილო უფროსებს,
მათი არჩევა კიდევ უფრო დიდი სისულელეა
 
ნუ შევცვლით უფროსს, ცხოვრება შევცვალოთ
 
ნუ განმათავისუფლებ, ჩემით ვიზამ
 
მე არავის სამსახურში არ ვარ
(განსაკუთრებით ხალხის, კიდევ ნაკლებად - მისი მმართველების)
ხალხი თვითონ მოემსახურება თავის თავს
 
ბუნებას არ შეუქმნია არც მოსამსახურე არც ბატონი,
მე არც გავცემ, არც მივიღებ ბრძანებებს
 
ყველა ძალაუფლება ძალადობს. აბსოლუტური ძალაუფლება
აბსოლუტურად ძალადობს
 
ჩვენი იმედი მხოლოდ უიმედობით მოდის
 
ნურასდროს იმუშავებ
 
ისინი, ვინც მუშაობენ, იწყენენ როცა არ მუშაობენ. ვინც არ მუშაობს
არასდროს იწყენს
 
მომუშავეებო ყველა ქვეყნისა, გაერთეთ!
 
1936 წლიდან გადასახადის გაზრდისთვის ვიბრძვი.
ჩემამდე მამაჩემი იბრძოდა გადასახადის გაზრდისთვის.
ახლა მაქვს ტელევიზორი, მაცივარი, ფოლკსვაგენი.
მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება ჩლუნგის ცხოვრებით ვიცხოვრე.
ნუ შეუთანხმდები უფროსს, გადააყენე.
 
უფროსს სჭირდები შენ, შენ არ გჭირდება უფროსი.
 
მთელი ძალაუფლება მუშათა საბჭოს
(განრისხებული)
 
მთელი ძალაუფლება განრისხებულთა საბჭოს
(მუშა)
 
ჩვენ ყველანი გერმანელი ურიები ვართ
 
ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ მაღალკორპუსიანები, დიპლომიანები, აღრიცხულები, დოქტრინირებულები, ნაზიარები, ნახელჯოხები, ტელემანიპულირებულები, გაზირებულები, გადაყრილები
 
ჩვენ ყველანი „არასასურველები“ ვართ
 
ჩვენ უნდა მოვაერხოთ, „მოურგებლები“დავრჩეთ
 
ტყე წინ უსწრებს ადამიანს, უდაბნო მიჰყვება
 
ტროტუარების ქვეშ სანაპიროა
 
 ბეტონი აღზრდის გულგრილობას
 
აქ, სულ მალე, მომხიბვლელი ნანგრევები
 
ლამაზი, იქნებ არც, მაგრამ ო რაოდენ მომხიბვლელი. ცხოვრება
გადარჩენის წინააღმდეგ
 
დაიმალე, ნივთო!
 
არა ჰალსტუხიან რევოლუციას
 
რევოლუცია რომელიც ითხოვს მისთვის თავი გავწიროთ
მამიკოს რევოლუციაა
 
რევოლუცია წყდება იმწამს როცა ის ითხოვს
თავი შესწირო
 
ხვალინდელი სიამოვნების იდეა არასდროს
დამიკმაყოფილებს დღევანდელ მოწყენილობას
 
როდესაც ადამიანი ყვდება, რომ მოიწყინა
ის წყვეტს მოწყენილობას
 
ბედნიერება ახალი იდეაა
 
იცხოვრო შეჩერებების გარეშე
 
კულტურა ცხოვრების ამოყირავებაა
 
პოეზია ქუჩაშია
 
ყველაზე ლამაზი სკულპტურა პოეზიის სახეში ნასროლი ტროტუარის ქვაა
 
ხელოვნება მოკვდა, ნუ ჭამთ მის გვამს
 
ხელოვნება მოკვდა, განვათავისუფლოთ ყოველდღიური ცხოვრება
 
ხელოვნება მოკვდა. გოდარი ვერაფრით უშველის
 
გოდარი: ყველაზე სულელი პრო-ჩინელ შვეიცარიელებს შორის
 
ჩვენ ველური და წამიერი მუსიკა გვინდა
ჩვენ ფუნდამენტურ რეგენერაციას გთავაზობთ:
კონცერტების გაფიცვა
ხმოვანი მიტინგები: კოლექტიური გამოძიებები
საავტორო უფლებების გაუქმება
ხმოვანი სტრუქტურები ეკუთვნის ყველას
 
ანარქია არის მე
 
რევოლუცია, მე შენ მიყვარხარ
 
ნუ მოვიხმართ მარქსს
 
მე მარქსისტი ვარ, გრუჩოს მიმართულებით
 
მე ჩემს სურვილებს რეალობად აღვიქვამ
რადგან მჯერა ჩემი სურვილების რეალობის
 
იყავი რეალისტი, მოითხოვე შეუძლებელი
 
ძალაუფლება წარმოსახვას
 
წარმოსახვის ნაკლებობა ნიშნავს არ წარმოიდგინო დანაკლისი
 
ქმედება უნდა იყოს არა რეაქცია, არამედ კრეაცია
 
სკეპტიციმზი მოძრაობის მტერია. ყველაფერი რაც კი ოდესმე
რეალიზდა, იყოს სპონტანურობიდან გამომდინარე დინამიზმი
 
აქ ჩვენ ვსპონტანირებთ
 
„საკუთარ თავს ქაოსი უნდა მოუტანო
რათა მოუტანო სამყაროს მოცეკვავე ვარსკვლავი“
(ნიცშე)
 
სისტემურად უნდა გამოიკვლიო შემთხვევა
 
გაიხსენით გონება ისევე ხშირად, როგორც შარვლის ელვა
 
„ნებისმიერი საგნის იერი, თუ უცნაური არაა, მცდარია“
(პოლ ვალერი)
 
ცხოვრება სხვაგანაა
 
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ისწავლეთ. სიზმრებით დაიწყეთ
 
რევოლუცია არის აქტიური პასაჟი სიზმრიდან რეალობაში
 
შევქმნათ სიზმრების კომიტეტები
 
აჯანყდით, უნივერსტეტისგან დაწყევლილებო!
 
სტუდენტები დებილები არიან
 
პროფესორებო, თქვენ გვაბერებთ
 
მორჩა უნივერსიტეტი
 
გააუპატიურეთ თქვენი ალმა მატერი
 
და რომ დაგვეწვა სორბონი?
 
ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენთვის დავალებულის შესრულებაზე:
ჩვენ არ ვიქნებით პოლიციის ძაღლები
 
როდესაც დაგკითხავენ, კითხვებით უპასუხეთ
 
აღვიქვათ რევოლუცია სერიოზულად, მაგრამ ჩვენს თავებს
ნუ აღვიქვამთ სერიოზულად
 
კედლებს ყურები აქვთ. თქვენს ყურებს კედლები აქვთ
 
არც ღმერთი არც ბატონი
 
იცოდით რომ ქრისტიანები ჯერაც არსებობენ?
 
ჩვენ გვინდა ადგილი მოსაფსმელად და არა სალოცავად
 
ღმერთო, ვეჭვობ, რომ თქვენ მემარცხენე ინტელექტუალი ხართ
 
გაათავე ბორკილების გარეშე
 
ზელდა, მიყვარხარ! ძირს სამუშაო!
 
ეკონომიკა დაჭრილია. დაე მოკვდეს.
 
რა სევდიანია, გიყვარდეს ფული
 
თქვენც გაქვთ უფლება, იქურდოთ
 
მე არ მიყვარს კედლებზე წერა
 
ყველგან წერეთ!
 
რაღაც მაქვს სათქმელი მაგრამ არ ვიცი რა
 
იყვირე.
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.