• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ოვალური სამერცხული

×
reverdy
ავტორის გვერდი პიერ რევერდი 24 ნოემბერი, 2018 2382
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
 
თავმოყვარეობის შესახებ
 
   ვერ ვიხსენებ, საიდან მომდის ეს ბოროტება. კიდევ რამდენიმე სიტყვა, კიდევ რამდენიმე სიტყვა, რომლებიც აქამდე მესმის. მას ნაღვლიანი სახე ჰქონდა. აღარ მახსოვს რა მითხრა, აღარ ვიცი, სად წავიდნენ სიტყვები, რომლებიც მან მითხრა. მაგრამ რა ბოროტებაა ეს, რა ბოროტება! ყველა ჩვენგანს თითო ყინულის ნატეხი ჰქონდა თითებს შორის, და თითო ენაზე.
 
 
 
 
 
მოგვიანებით
 
   დრო, გატარებული ოთახში, რომელშიც სრული სიბნელეა, მოგვიანებით დაბრუნდება. მაშინ მოვიტან პატარა ფარანს და გაგანათებთ. დაბნეული ფაქტები გააშკარავდებიან. მე შემეძლო, მნიშვნელობა მიმეცა სიტყვებისთვის, რომლებსაც ის არ ჰქონდათ, და მეცქირა ბავშვისთვის, რომელსაც გაღიმებულს სძინავს.
   შესაძლოა, რომ ეს ჩვენ თვითონ ვიყოთ, დაბერებულები? ნანგრევების რამდენიმე ნატეხი ცვივა. აი, ესენი აღარასოდეს წამოდგებიან. არის კიდევ რამდენიმე განათებული ფანჯარა. და, კარის წინ, წარმოსადეგი და მშვიდი კაცი, რომელმაც იცის თავისი ძალა და იცდის.
   თავისავე სახეს ვერ ცნობს.
 
 
 
 
 
ამაო გარჯა
 
   თავი ჯერ კიდევ ძილით მქონდა სავსე.
 
   ერთადერთი ხმა მიმოკლაკნილ ქუჩაში ამოვსებულ თხრილებში მდინარე წყლის ხმა იყო. სარკეები აღარაფერს ირეკლავდნენ. ღამე სიღრმეში მიიპარებოდა და სახურავების კიდეებთან ნათდებოდა. მიყრუებული ნაბიჯების ექო კედლებს ხვრეტდა. ცხოვრება ძლივს მოძრაობდა.
 
   კიბეებზე, რომლებსაც ჯერ არაფერი ანათებდა, სადაც აღარაფერი იძვროდა, მე ვცადე ჩემი პირველი თავხედობა. სხვათაშორის წამოვიყვირე სახელი, რომელიც ჩემი არ იყო.
   ხმაური, სხვენში, მომესმა გაფრთხილებად. გამეცინა საკუთარ გამოუცდელობასა და შიშზე. ამ ხმაურს არავინ გაუღვიძებია.
 
   მაშინ ერთი მეორის მიყოლებით გავაღე კარები. პირველ ოთახში, სადაც ბავშვებს ეძინათ, უმიზნო დანაშაული დამხვდა. მეორეში მოწყალება მთხოვეს. ზედა სართულზე ცარიელი ბინები ვიპოვე. ისინი განძეულობას შეიცავდნენ. აღმოჩენის შიშმა ნაბიჯი ამიჩქარა.
 
   ბოლოს და ბოლოს, სულ მაღლა, დანომრილ და სევდიან კარებს შორის აღმოვჩნდი, უფასურ სხვენებს რომ ხურავდნენ. მე მციოდა და დაშვებას ვეღარ ვბედავდი. ელექტრულმა ზარმა გამომაფხიზლა.
 
   შორს ყველაფრისგან, ჯერ კიდევ ჩემი კარის წინ ჩამოვმჯდარიყავი.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული