ოთახი სკამზე





პოეზია

ოთახი სკამზე




 
მთელი ოთახი სკამზე ავიდა
სკამზე ავიდა მთელი ოთახი
და 
ასე სკამზე ასულმა
ლექსი თქვა..
ოთახმა..
 
სიჩუმის დედა საწოლზე წამოჯდა
გაიღიმა და სევდიანად გარდაიცვალა
 
და ოთახში დაცარიელდნენ სკამები
და 
კაცები..
და მერე ოთახი დაცარიელდა სკამებისსგან
როგორც ჩვენ
დავცარიელდით ცარისტული ილეოლოგიისგან
 
დაამშვიდოს ყველა ოთახმა
ყველა
სკამზე ასული
ყველა 
ვისაც ცისაც სწამს
და ქვიშაც სწამს
და ქვის ჯავრს ჭამს
და დიდ ჯაჭვს ჭამს
რომლითაც ცა დირიჟაბლს აბამს
დილის ზღვას არ სვამს..
არმოსმენილში..
 
ყველა
ვის რაც სწამს
ქვიშას გავს
ქვის სახლს გავს 
და სიზმარს რგავს
რომელშიც 
ყველაფერი რიგზე აქვს
 
თადარიგიანი კაცია რიგში
თავაზიანი, როგორც ლიანდაგი..
და ვაგონის სახურავზე ამოსული ლიანები
და ვაგონის თავზე ამოსული ვაინონა რაიდერი
და ვან გოგის თავზე ამოსული
სასხლეტი თითი..
და რამდენიმე ორსული ქალი..
 
კომკავშირულ რადიოსადგურებში მოწეული ჰაერი..
და მოწეული ნევროზი
და მოწიფული სიჩუმე..
უხერხულობის ჯიბეებით კალთაზე..
 
მე კომაში მყოფი სიგარეტის კოლოფი ვარ..
კიმონოში დამასაფლავეთ..
არტურ რემბოს გვერდით
და ყველა საფლავზე გველეშაპი დააყენეთ, მათი ძილების დასაცავად
და დასაცავად ჩვენი დილების..
დილის ღილებით- ღიმილებით- ნატეხებით
ნატურალური სიჩუმე, როგორც კიმბერლი ოშო, რომელიც აზრზე არა ვარ, ვინ არის..
კიმივით, ტრაილერში ცხოვრობს, სადაც ხშირად ყვირიან..
და მათი ყვირილის ქვეშ კატები კნუტებს ბადებენ
და
უდაბნოები გადავსებულია უხასიათო ტურისტებით, რომლებიც ტურის ბოლოს ისევ ყვერებად გადაიქცევიან და ფანჯარასთან თავის კანტურით დასხდებიან..
რომ არავინ არ მოიკლას თავი..
რომ არავინ არ აღმოჩნდეს კატის კლანჭების ქვეშ, ფანჯრიდან მონაბერი ქარისას..
მთვარის ქვის ქვეშ
გალაქტიკის ყველა განედზე..
 
რამდენი შაქარი? 
რამდენიც გინდა..
რომ თავქვეშ დაითვალო ფიქრები..
დაითვალო ციფრები, რომ დანომრო კოვზები
რომ მერე დათვალო ისინი..
გათვალო ისინი კოზაკის ძილით
აქლემის ჩრდილში..
და ცაზე გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშებით
გუბეებს შორის აღმოჩნილი პატარა ქვეყნის,
რომლისაც გჯერა
თითქოს ჩინელი პოეტი იყო და ლექსებს მხოლოდ რეზინის კედებზე წერდე..
კედლებზე წერდე და გაუგებარ კილოკავზე წერდე..
მჭიდოდ დასახლებულ ლოკაციაზე..
მინდორში გაჭყლეტილ ლოკოკინებზე
..
როცა გზად ფიქრობ
რამდენი თევზია ცაში
ან რამდენი თოლია კვდება რამპის შუქზე
 
იმიტომ, რომ
ოთახი სკამზეა ასული..
ოთახი სკამზეა ასული..
ოთახი სკამზეა ასული..
ოთახი- ღმერთების ასული და
მასში მოთავსებული მე..
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.