• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

თბილისის მეტაფიზიკა: ხელოვნების მანიფესტი

×
ავტორის გვერდი ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე 09 დეკემბერი, 2018 3943

„რომელი საათია?“[1]

გალაკტიონ ტაბიძე

როდესაც ისტორიას უჭირს, ხელოვნება ეხმარება - შეამჩნია ჯაკ ლე-გოფმა. რას ნიშნავს ეს? ამ საკითხში ვალტერ ბენიამინზე უკეთესად ვერავინ გაგვარკვევს, რომელმაც ისტორიის გაჭირვებაც და ხელოვნების მაგიაც თავის ტყავზე იწვნია: როგორია იყო ებრაელი 1930-იან წლებში და სარკეში ყოველი ჩახედვისას შუბლზე ამჩნევდე სნაიპერის წითელ წერტილს, რომელსაც ერთ დღეს ფაშისტის ტყვია ბზუილით გახვრეტს? შენ კი ამ დროს ჰაშიშს ეწევი და შენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ტექსტს წერ - „ჰაშიშზე“.

ასე იცხოვრა ბენიამინმა.

მისი გახსენება ისტორიასა და ხელოვნებას შორის მიმართებას გვახსენებს. ბენიამინის ფუნდამენტური კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა მიმართება აქვთ ხელოვნებასა და ისტორიას ერთმანეთთან? მაგრამ არა ზოგადად, არამედ დღეს, აწმყოში, იმ დროით აქტუალურობაში, რომელშიც კითხვა ისმება.

დელეზი თავისი ხრინწიანი ხმით აკირა კუროსავას „შვიდი სამურაის“ ინტერპრეტაციას მოგვითხრობს და ამბობს, რომ კინოხელოვანის იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ისტორიის კრიზისში დაესვა დოსტოევსკის იდიოტის კითხვა: ვინ არის სამურაი მაშინ, როდესაც სამურაების დრო წასულია? დღეს ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ვინ არიან ხელოვანები თბილისში, სადაც ხელოვნება სანაგვეზე მოისროლეს.

დღეს თბილისში ხელოვნება და ისტორია გარკვეულ დაძაბულობაშია. ვხედავთ, რომ ახალი ადამიანები აკეთებენ ხელოვნებას უკვე ლოკალური ისტორიულობის მიღმა, ლოკალური ისტორიულობა კი ცხვირ წინ ფარსს გვიფრიალებს. ასე რომ, ისტორიას უჭირს, ამიტომ უნდა მოვძებნოთ ხელოვნება, რომელსაც აქვს თამამი პრეტენზია, რომ ლოკალური დროის დინებას ეხმარება. რა არის ისტორიის გაჭირვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში არა კანდიდატების, არამედ მთლიანი პოლიტ-ტოტალობის კრახი: არჩევნები არჩევანის გარეშე. სალომე და გრიგოლი... ქეთო და კოტე…

პოლიტიკა, რომელიც ხალხს აღარ ელაპარაკება, როდესაც ბიზნესის რუპორიც კი აღარაა, მაშინ თავისთავში იკეტება და არჩევნების კრიზისიც ამის ლუსტრაცია გახლავთ. პოლიტიკა თავის თავში წარმოებს, თავისივე პოლიტიკური თამაშების ჩიხშია, ხოლო იმის გამო, რომ ყველა დიდი მედიუმი ღიად და დეკლარირებულად პარტიული გახდა - მედია ნარატივიც ტოტალურად პარტიულმა რიტორიკამ განსაზღვრა. ეს რიტორიკა არა მარტო აყალბებს მოვლენებს, არამედ აყალბებს მთლიან დისკურსებს: მათ შორის ცდილობს გააყალბოს ხელოვნებაც!

ხელოვნების სახელით ტელევიზორებიდან ცრუ-ხელოვანები გვესალმებიან. თანამედროვე თვითდიზაინირებული სხეულები კი, ხელოვნების ობიექტურობისთვის ვერ გამოდგებიან. ჩვენ კი, ვისაც თბილისის ოღრო-ჩოღროებში გვიწანწალია, ვიცით, რომ ხელოვნება სხვაგან და სხვა ხალხის მიერ კეთდება. თბილისური ხელოვნების მეტაფიზიკას პატარა გალერეებში, ჩეხური კორპუსის ერთ ოთახიან ბინებში, სარდაფებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში ძერწავენ. იქ სადაც პარტიული ტელევიზიების კამერა იშვიათად აღწევს. ჩვენს ნაცნობ ხელოვანებს თუ კითხავთ, ის ვინც ხელოვნებას ტელევიზორებში წარმოადგენს, საერთოდ არაა ხელოვანი: ნინი, თაკო, ბორისი და სხვები… რა საჭიროა თავის მოტყუება, ეს ცრუ-რიტუალი, ისედაც ხომ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტელეეკრანებს ცრუ-ხელოვანები დაეპატრონენ. ასევე ვერაფერს მოვთხოვთ თანამედროვეებს, თვითდიზაინირებულ და ნევროტულ ახალგაზრდებს, რომლებიც ქალაქს აღარ იცავენ, აღარც სამურაის ხელოვნება მოსწონთ და ალტერმოდერნული ტრანსგრესიით მუდმივ სახელოვნებო მოგზაურობაში ერთვებიან.

მაშ ვინაა უკანასკნელი სამურაი დღეს? სამურაი, რომელიც კამერებს აღარ სჭირდებათ. აქ სამი სამურაის ისტორიას მოგითხრობთ, თუმცა დარწმუნებული ვარ ხელოვნებაში გაწაფულ მკითხველს საკუთარი ფავორიტი სამეულის შერჩევაც არ გაუჭირდებოდა:

ხშირად ამბობენ ეკო დეისაძე პროვოკაციული ხელოვანიაო. სინამდვილეში ის მოქნილი, სამურაის მახვილივით სწრაფი არტისტია, ხელოვნების მეტაფიზიკით შემოსილი ღამის რაინდი. მისი პირველი ტექსტი, „საიდუმლო სირობა“, სულაც არაა პროვოკაცია: პროვოკაცია გაგრძელებას, ინტერპრეტაციას უნდა ითხოვდეს, ხოლო ეკოს ნიმუში პირიქითაა. სათაური ტექსტს თვითონ ხურავს, შინაარს აუქმებს, საიდუმლოებით მოსავს, ქალაქის მითად იქცევა, რომლის შესახებაც ყველას სმენია და არავის წაუკითხავს… ეკოს ნაბიჯი კი ხელოვანის მისალმებად შეიძლება ჩავთვალოთ. დებიუტი, როდესაც ხელოვანი ხალხს თავს აცნობს და ამცნობს, რომ ქალაქში კიდევ ერთი არტისტი [სამურაი] დაეხეტება. „საიდუმლო სირობა“ არაფერია გარდა ხელოვანის „გამარჯობა“ ხალხს, რომელიც ხელოვანს ყოველთვის ლანდად დაჰყვება.

ეკოს ხელოვნება „უხარისხოა“. ზოგიერთი „დაუმთავრებელი“ ნახატის მსგავსად მისი დიდებულება მის ხარვეზებშია, თუმცა სწორედ ესაა რაც ხელოვნების აქტს მოქნილობას და დროულობას ანიჭებს. ხელოვანი რომელიც ისტორიასთან ერთად თანაარსებობს და ეს არსებობა მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, ხელოვანის სიფხიზლეს, უძილო ღამეებს. როდესაც ბიუროკრატიამ გასპარ ნოეს „სიყვარული“ პორნოგრაფიად გამოაცხადა, ეკომ კანცელარიის შენობის “პორნოგრაფიით” განათება არ დააყოვნა; ეს ხელოვნების პოლიტიკასთან მიმართებაა. ხშირად ხელოვანები ასე იცავენ ხელოვნების ავტონომიურობას. ეს კონტრშეტევაზე გადასვლაა, რათა აკრძალული ხელოვნება, შიშები და იდეები საჯაროში გამოიტანო და პოლიტიკას ცხვირიწინ აუფრიალო. ეს პოეტური მითითებაა, თითის გაშვერა და ხელოვანის თამამი ჟესტი, რა დროსაც არტისტი ბუნაგიდან გამოდის, რადგან ბიუროკრატები ხელოვნების სრული სიმკაცრით გააფრთხილოს: „ქალაქში ხელოვნებას არ სძინავს… ქალაქს თავისი სამურაები იცავენ“!  

რაც შეეხება პროვოკაციას, ეს ლია უკლებას „თვითმკვლელი ღვთისმშობელია“. „საიდუმლო სირობისგან“ განსხვავებით, ის პროვოცირებს ინტერპრეტაციას და ითხოვს გახსნას, წაკითხვას. ის არა მარტო ფემინისტური ხელოვნების ნიმუშია, არამედ, მასში გაიარა ქართული სეკულარიზმის პოლიტიკურმა ისტორიამაც. ამ ნახატთან მიმართებაში და მის პარალელურად დაისვა ინტელექტუალური კითხვები, თუ როგორ იქმნება ხელოვნების ავტონომიურობა, ნაწილდება ძალაუფლება, ქალსა და მამაკაცს, ეკლესიასა და პოლიტიკას შორის? ხოლო, როდესაც ხელოვნების ნიმუში მსგავს ისტორიულ დისკურსებს გარდატეხს, ის ხელოვნების მეტაფიზიკით იმოსება - ხელოვნების აურას ატარებს.

ეს საზღვრების გადასინჯვაა, რომელიც თვითის კეთების ტექნოლოგიებს - იმას რაც ვართ, ვფიქრობთ და ვაკეთებთ სხვა პერსპექტივას უხსნის. არღვევს აზრის კონტურებს და ახალ განზომილებას სძენს ისტორიას: რატომ იკლავს ღვთიშობელი თავს, ან თუნდაც, რატომ კლავს ფერმწერი ღმერთებს? ეს კითხვა პროვოკაციაა, პოეტიკით გაჟღენთილი ხელოვნების აქტი, რომელიც არა აბსტრაქტული, არამედ დროითია: ის თანამედროვეობას უსვამს კითხვას: დღეს რატომ კლავენ თბილისელი არტისტები ღმერთებს? დღეს თბილისში რატომ იკლავენ ღმერთები თავებს?

ან, დღეს რატომ ყიდიან დედები შვილის რძეს?

ეს, ნატალია ნებიერიძის პერფორმანსია, როდესაც საჯარო ადგილას ორსულმა ქალმა ძუძუ მოიწველა და „დედის რძე ტუჩზე ნაჟური“ 50 თეთრად გაყიდა. უკლებას ნახატისგან განსხვავებით, შესაძლოა პერფორმანსმა თავი მიგვავიწყა, მაგრამ ხელოვანის კითხვა თანამედროვეობასთან დარჩა: რატომ ყიდის თბილისელი დედა  თავისივე რძეს? რატომ იწველის ძუძუს? ეს პროვოკაციაა? არა, ეს ურთულესი ჟესტია, მრავალმხრივი, რომელსაც ასევე თარგმანი, აქტუალიზება და გატექნოლოგიურება სჭირდება. ეს სუბიექტური ტკივილის ლუსტრაცია, ტაბუირებული საიდუმლოს მიზან მიმართული ინფლაციაა, რომელიც მხოლოდ „ქალების საქმე“ აღარაა. ეს ხელოვანები და მათი კოლეგა-მეგობრები თანამედროვეობას რადიკალურ კითხვებს უსვამენ და ამ ეჭვებში იბადება ყოფის ისეთი ფორმები (მაგ. სეკულარული) რაც ასე სჭირდება ჩვენს პოლიტიკას, კულტურას, სოციოლოგიას, ფილოსოფიას, მეცნიერებას, მე და თქვენც.

რატომ გაურბის მედია ხელოვანთა ამგვარ კითხვებს? რატომ გაურბიან ახალგაზრდა ინტელექტუალები ხელოვნების ინტერპრეტაციას? რატომ გამოცხადდა ხელოვანთა ეჭვი სიგიჟედ? რატომ ჩანაცვლდა მათი გულწრფელი გაკვირვება თვითმარქვიათა ბოდვით? რატომ სხედან ტელევიზორებში ცრუ-ხელოვანები? რატომ იტყუებს პროდუსერი თავს… ხომ კარგად იცის, რომ ხელოვანს სხვა ნომერზე უნდა დაურეკოს? რატომ ნინი, თაკო და ბორისი და არა ეკო, ლია და ნატალია? მაგრამ მხოლოდ მედიასაც განტევების ვაცივით სამსხვერპლოს ვერ შევწირავთ. მთლიანად „ინდუსტრიას“ უჭირს...

იმისათვის, რომ ხელოვნებამ თავისი ხმაური ქალაქის ექოდ აქციოს, საჭიროა ხელოვნების საბაზრო ჯაჭვი (value chain): ხელოვნების კრიტიკოსები, თეორეტიკოსები, ინტერპრეტატორები, მყიდველები, ბანკირები, კურატორები, კოლექციონერები და ერთი ხარისხიანი ტაბლოიდური, ყვითელი პრესაც, თავისი პაპარაცებით. როგორმე ხელოვანები უნდა გამოვტეხოთ, ვთარგმნოთ, მართვაში შევიტანოთ… გავიგოთ, რას ფუთფუთებენ - რა არ ასვენებთ თბილისელ არტისტებს?

პოპულისტური, გადამალული და კომერციული თანამედროვე არტი, ჩვენთან დასავლური მიმიკრიის ჩრდილებია და დასავლეთიც სწორად მიმბაძველებს ამიტომაც უყრის ლუკმებს. სამურაებს კი ალბათ ისევ შიათ; შეიძლება არც არავის შია, და სამურაიც აღარავის სჭირდება, თუმცა ქალაქს ყაჩაღების შიში მაინც არ ასვენებს.

ჩვენ ვინც თეორიებში დავიკარგეთ, კარგად ვხვდებით რომ ხელოვნებამ უდროობაში გაგვასწრო. როდესაც ინტელექტუალები დუმან, ხელოვანები ხმაურობენ. ეს ერთადერთი პასუხისმგებლობაა რაც თავქარიან ხელოვანებს შემორჩენიათ. ისეთი დრო დაგვიდგა, რომ გონებამახვილმა თეორეტიკოსმა უნდა აღიაროს ხელოვნების უპირატესობა და თავი მის ინტერპრეტატორად, განმმარტებლად გამოაცხადოს, ან თუ არ გამოსდის, დადუმდეს.

დაბნეულია ინტელექტუალი. მისგან ნურაფერს მოელით. ფეისბუქზე უმეტესი "ინტელექტუალების" პროფილებს თუ დააკვირდებით, ძალიან უცნაურ რამეს შეამჩნევთ: მათ თითქოს დაკარგული აქვთ სუბიექტურობა და გადაქცეულები არიან მედიაპლატფორმებად, სადაც შეხვალ და შენს კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას გამოხატავ. თავად ამ ინტელექტუალების უმეტესობა აზრებს, ძირითადად, საინფორმაციო სააგენტოების სტილში ავითარებს (მოკლედ და ლაკონურად), თუმცა ხშირად არც ამ ტექსტების არტიკულირების ენერგია აქვთ და პირდაპირ საინფორმაციო სააგენტოებს აშეარებენ, ან უფრო Brief რომ გამოვიდეს, სულ მარტივად გიფებს დებენ. ამ ტიპის ინტელექტუალების გარშემო ხდება მედიალური ბირთვების შექმნა, რომელთა სუბიექტური ძალაუფლებაც დაყვანილია Like/dislike ფუნქციამდე, რაც ნათქვამის ლეგიტიმაციას განსაზღვრავს და შემდგომ, გადახაზულ დისკუსიას უმსჯელობაში უშვებს. ეს ისეთი აპრობირებული მეთოდია, რომ ეს მედიაპლატფორმები Robot Check-საც ვერ გაივლიან, რადგან ციფრების შეყვანის ველში Like/dislike ფუნქციას ვერ იპოვნიან და კიბერბოტებად გადაიქცევიან, იგივე მედიამუტანტებად. ამრიგად, ვიღებთ მედიაინტელექტუალებს, რომელთა ინტელექტუალობის ძირითადი კრიტერიუმია ფეისბუქის შენიშვნაა: "აღნიშნულ პროფილს უკვე ჰყავს 5,000 მეგობარი, გსურთ რომ დააFოლოუეროთ?“

როდესაც ინტელექტუალი აზროვნების ვერტიკალში ახალ კონტინენტს აღმოაჩენს, ერთი თვალის შევლება კმარა და მიხვდება, რომ სინამდვილეში ამ ტერიტორიაზე ხელოვანებს დიდი ხნის წინ გაუვლიათ - აქაც მოსჩანს ხელოვანის ბატინკების კვალი. ბარათაშვილის ლექსებმაც ხომ გათელეს, რაღაც ისეთი, სადაც ყველა ვინც ინტელექტუალობაზე პრეტენზიას დამსახურებულად აცხადებს, ერთხელ მაინც აღმოჩენილა: ფიქრის უპროგნოზო მდინარებაში, განუსაზღვრელობაში, გაურკვევლობის შიშით გაჟღენთილ აზროვნების აქტში. ქართულ კულტურას პოეტებზე მეტი არავისი მართებს; სწორედ პოეტებმა და ზოგადად პოეტიკამ მისცა ქართულ ენას მგრძნობელობა, სითამამე და სიღრმე. ვაჟას ლექსებმა ხელოვნების სული ჩაჰბერეს ისტორიას, რომელიც პირველადი დახმარებასავით სჭირდებოდა ჩვენს კულტურას - ხელოვანის ჰაეროვანი კოცნა.

დღეს თბილისში ხელოვნება თავის აპოთეოზშია. კინოს შეიძლება უჭირს (თუმცა აქაცაა გაბნეული მარგალიტები), მაგრამ უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების იმ დარგებში რომელიც დიდ მატერიალურ რესურსებს არ მოითხოვს ხელოვანები ხელოვნებას ეწირებიან. მასში ცხოვრობენ და ხელოვნება მათი გავლით ცხოვრობს. არა მარტო პროფესიონალი არტისტები, არამედ მოქალაქე ესთეტებიც - ჩვენ ხომ ზოგადად ესთეტიკის ქალაქი მივიღეთ?! არა მხოლოდ ფუნჯით, მიქსერით, კალმით, კამერით, არამედ თბილისში მოქალაქეების სხეულებითაც იქმნება ხელოვნება. არტისტების სისხლსა და ხორცზე აისახება ხელოვნების მგრძნობიარე ტალღები, რომლებიც შემდგომ „ინსტაგრამსა“ და ქალაქის ქუჩებში გამოიფინება.

დილეტანტებს ეს აღიზიანებთ: ამ ეპოქალურ სხეულებს ვინ „ისკეიპიზმად“ მონათლავს, ვინ ჰიპსტერებად და ვინ ბოჰემად, მაგრამ ხელოვნებას ამისი არასდროს ეშინოდა. ხელოვანის იდენტობა იმუნურია დილეტანტიზმის მიმართ. ეს იდენტობა ხელოვანს ასულდგმულებს, მას სასიცოცხლოდ სჭირდება იყოს ხელოვანი, რადგან ამ გზით დაუსხლტეს ტოტალურ კონტროლს, განსაზღვრულ საქციელებს, დაკვეთილ ნიმუშებს, იდეოლოგიზირებულ ავანგარდიზმს, არ შეეშინდეს ჩვენი დღის წესრიგის და კრიზისების ფონზე გაბედოს ხელოვნების აქტი. ამიტომაც, მათგან ამპარტავნება ნუ გაგიკვირდებათ, მათ ეს იდენტობა ისე სჭირდებათ, როგორც Top ბუღალტერს შარვალ კოსტუმი. მათგან ნურც თავმდაბლობა გაგიკვირდებათ, რადგან ხშირადაა, როდესაც ხელოვანი თავის ხელოვნებას ვერ ცნობს, ან თავს იბეჩავებს და კიბის ქვეშ იმალება. მათგან ნურც ნუგეშს მოელით, ხელოვანის შიგნით შეიძლება უკანასკნელი ნაძირალა დაგხვდეთ: „ამაზრზენი და დიდებული არტისტი“. სამყარო ხომ ზიზღში იხრჩობა? და ეს სწორად ხდება; ეს მაშინ ხდება, „როცა ხელოვნებას ნაგავსაყრელისთვის იმეტებენ“. ასეა თუ ისე, ისტორიის ამ მონაკვეთში, როდესაც როგორც ვახუშტი მენაბდემ თავის ცხელ-ცხელ წერილში მართებულად მიუთითა, პოლიტიკა მოგვპარეს, თბილისში ესთეტიური მზერა მაინც ზეიმობს… რას ზეიმობენ სამურაები, როდესაც სოფელი საფრთხეშია? რატომ იწველავს ეს გოგო ძუძუს? რატომ იკლავენ ღმერთები თავებს?

პარტიული მედია ამ კითხვებს არ იმჩნევს, ან იქნებ, საყოფაცხოვრებო კულტურულ კოდებშიც არაა გაწაფული და ეს თავისი ინფანტილური და კონცეპტუალური ცოდნით მოსდის. მიუხედავად ამისა, ხელოვნება თავის მარტოობაში, თავის სუვერენულობაში, ხელოვნების ავტონომიურობაში ბობოქრობს. და როდესაც თეორეტიკოსი თავისას ლაპარაკობს, არტისტებს ამპარტავნული ღიმილი დაჰკრავთ - არტისტის ქილიკი თუ არ გინახავთ, მიაკითხეთ მათ პოლისის რომელიმე მედიუმში. იქ სადაც ხელოვანთა ურბანული ტომები ნადიმებს მართავენ.

შეიძლება ეს ტექსტი წერაში ისე დაძველდეს, რომ თქვენამდე უაზრობამ მოაღწიოს: მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ მისი გრამატიკულად გამართვა და ტექსტუალური ფორმის მიცემა იგვიანებს, რედაქტირება/რეპროდუქციისთვის საჭირო დროზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ტექსტები თვალის დახამხამებაში ძველდებიან და კარგავენ იმ დროულ მიმართებას ისტორიასთან, რასაც ხელოვანი ფეხდაფეხ მიჰყვება.

ჩვენი წარსული მკვდარია, რადგან უარყოფილია, როგორც გამოუსადეგარი და დაგმობილი. ჩვენი მომავალი ბუნდოვანია, რადგან არ არის შეთანხმებული. ამგვარად, მოქალაქე გატყორცნილია ყოველდღიურობაში, რომლის მოქმედებები სპონტანური, გრძნობადი გამღიზიანებლებითაა ნაკარნახევი და არა ისტორიული მიმართულებით, ან მომავლის გამიზნული კონსტრუირების სურვილით.“  და ამინდის პროგნოზსაც თუ შევხედავთ, ასე კიდევ დიდხანს გასტანს…

ვის შეიძლება მიენდო მაშინ როდესაც ისტორიას ასე უჭირს? ვინ უნდა ჩართო მართვის მექანიზმებში მაშინ როდესაც მართვა უმართავი ხდება? უკანასკნელი სამურაები, ჩვენი პოლისის კრეატიული მენეჯერები, თბილისის თავქარიანი არტისტები… აბა სხვა ვინ?

რას ზეიმობენ სამურაები, როდესაც სოფელი საფრთხეშია? რატომ იწველავს ეს გოგო ძუძუს? რატომ იკლავენ ღმერთები თავებს?



[1] სტატია დაწერილია 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს. ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძეს.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული