საფოსტო ბარათი





პოეზია

საფოსტო ბარათი




თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
 
 
მირაბოს ხიდი
 
მირაბოს ხიდქვეშ მიედინება სენა
          და ჩვენ ტრფობათა
       მოგონება მომდის ძნელად
სიამე სულმუდამ ტკივილს რომ სდევდა
 
         მოდის ღამე რეკენ ზარები
         დრო მიქრის ისევ მე კვლავ აქ ვრჩები
 
შენი ხელი ჩემსაში პირისპირ ჩემგან
          სანამ ჩვენი
       მხრების ხიდქვეშ მიედინება
მარადიული მზერით დაღლილი ტალღა
 
         მოდის ღამე რეკენ ზარები
         დრო მიქრის ისევ მე კვლავ აქ ვრჩები
 
სიყვარული მიდის როგორც ეს წყალი მდენი
         სიყვარული მიდის
       სიცოცხლეა ისე ნელი
და იმედი გულში ისე ძნელად მწველი
 
          მოდის ღამე რეკენ ზარები
          დრო მიქრის ისევ მე კვლავ აქ ვრჩები
 
მიდიან დღეები კვირები გადიან
          არც წარსული დრო
       არც ტრფობა ბრუნდებიან
მირაბოს ხიდქვეშ მდინარე წყლებია
 
 
 
მარი
 
ასე ცეკვავდით პატარა გოგოდ
იცეკვებთ ასე რომ დაბერდებით
ფარვანასავით დაფარფატებდით
დე ყველა ზარმა რეკა დაიწყოს
მარი როდისღა დამიბრუნდებით
 
ყველა ნიღაბი დადუმებულა
მუსიკა ისმის ისე შორიდან
თითქოს დაეშვა სადღაც მაღლიდან
ჰო მართალია მინდა მიყვარდეთ მაგრამ მიყვარდეთ ოდნავ სულ ოდნავ
და ეს ბოროტება მადას აღმიძრავს
 
მაკე ცხვრები მიმოდიან თოვლში
ვერცხლის და მატყლის ფანტელი ცვივა
მიდის მხედართა მწკრივი და რომ არ
მაქვს გული ჩემი ეს გული ცვლადი
მარად ცვლადი და სხვა თუ რამ ვიცი
 
ვიცი წამივლენ მე შენი თმები
მათი ხვეული ჰგავს გაქაფულ ზღვას
ვიცი სად წავლენ ჩემგან ეგ თმები
და ეგ ხელები ფოთოლცვენილი
მიმოფანტავენ ჩვენს ფიცის სიტყვას
 
მე ჩავიარე სენის ნაპირას
ეს ძველი წიგნი მხარქვეშ თან დამაქვს
ჩემს ტკივილს ჰგავს მდინარის დინება
მიედინება გაუჩერებლად
და ნეტა მალე დამთავრდეს კვირა
 
 
 
ბოშა ქალი
 
ბოშა ქალმა წინასწარ იცოდა
ჩვენ ორის ცხოვრება ღამე მათ თავზე
დავემშვიდობეთ და მერე მასზე
ამავე ჭაში იმედი გაჩნდა
 
სიყვარული მძიმე თვინიერი
დათვივით ცეკვავდა როცა გვსურდა
და ლურჯმა ჩიტმა ფრთები დაკარგა
და მათხოვრებმა მათი ლოცვები
 
მშვენივრად ვიცით თავს რომ ვიწყევლით
მაგრამ ჩვენ სიყვარულის იმედი
თავს გვახსენებს გზად რომ მივდივართ
რაც ბოშამ გვიწინასწარმეტყველა
 
 
 
თეთრი თოვლი
 
ანგელოზები ანგელოზები ცაში
ერთი ოფიცრად გამოწყობილი
ერთი ჩაცმული მზარეულივით
და სხვები მღერიან
 
ლამაზო ოფიცერო ლურჯი ცის ფერო
ტკბილი გაზაფხული ამ შობიდან დიდი ხნის მერე
მედლად დაგკიდებს მშვენიერ მზეს
                         მშვენიერ მზეს
 
მზარეული ბატებს პუტავს
                          აჰ! ფიფქი ცვივა
                          ცვივა და მცივა
რომ არ მყავს ახლა სატრფო ჩემს მკლავებში
 
 
 
საფოსტო ბარათი
 
ამას რომ გწერ ვზივარ კარავში
სანამ კვდება ეს ზაფხულის დღე
როცა კაშკაშა ყვავილობა
ოდნავ ლურჯგადაკრულ ცაზე
და გაფრენა ფეთქებადი
არც ყოფილა ისე ჭკნება
 
 
 
დამშვიდობება
 
მე დავკრიფე ამ მანანის ყლორტი
შემოდგომა მოკვდა თუ გახსოვს
მეტად ამქვეყნად აღარ შევხვდებით
დროის სურნელი მანანის ყლორტი
და გახსოვდეს რომ გელი მარად
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.