დედაჩემი საკუთარ თავს ივიწყებდა (ლექსები)





პოეზია

დედაჩემი საკუთარ თავს ივიწყებდა (ლექსები)




პოეზიის საზღვრები დღეს უფრო ფართოა ვიდრე ოდესმე ყოფილა. პოეტობა ჩვენს დროში სამყაროს უმნიშვნელო ნიუანსების პოეზიად აღმოჩენაში და სახელდებაში ვლინდება. ფრაგმენტები ტექსტებიდან რომლებიც  სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჟანრის ტექსტებად გამოქვეყნდა, მაძლევს საშუალებას, პოეზიად გამოვაცხადო ისინი, მათ პოეტურ თანავტორად მოვიაზრო თავი და ამით  მეორე სიცოცხლეც მივცე მათ ლიტერატურულ სივრცეში.

 

 

 

 

  * * *

(ფილიპ როთი - ''პორტნოის სინდრომი''
მთარგმნელი ქეთი ქანთარია)

 

დედაჩემი საკუთარ თავს ივიწყებდა
უფრო სწორად საკუთარ თავს თავფეხიანად მოყვასს უძღვნიდა.
მიცვალებულებს სანთელს ახლაც უნთებს ხოლმე,
(რაც სხვებს აზრად არ მოსდით).

დედაჩემს რელიგიური თარიღები ყოველთვის ახსენდება
და ამისთვის კალენდარი  არ სჭირდება.
წესების გულმოდგინედ დაცვა სისხლში აქვს გამჯდარი .

როგორც ამბობს ხოლმე, სასაფლაოზე იმისთვის დადის,
რომ ''საღი აზრისა'' და ''ღირსების გრძნობის'' კარნახით,
ჩვენი ნათესავების საფლავები სარეველას არ დაანებოს.

გაზაფხულის პირველ დღეს დადგომას არ აცლის.
შალის ტანსაცმელს ამზეურებს, 
ნოხებს თოფებად ახვევს, და შემოსასვლელში აბინავებს,
მამაჩემის სიგელ-მედლებით დაფარულ კედლებზე.

დედაჩემი ის ქალია,
სახლში უცხო ადამიანის შეშვებისა რომ არ შერცხვება.
რა დროც არ უნდა იყოს,
იმ უცხოს ნებისმიერ კარადაში ნებისმიერ უჯრაში ჩაახედებს
და მისი თვალი იქ ისეთს ვერაფერს დაინახავს, რომ დედაჩემს შერცხვეს.
სააბაზანო ისე აქვს დაწკრიალებული,
საჭირო რომ გახდეს იატაკის ფილებს ალოკავ.

მაჯონგის თამაშის დროს რომ აგებს,
ამ ამბავს სპორტსმენივით უყურებს,
აბა, თავს ხო არ მოიკლავს ზოგიერთებივით, 
სახელს და გვარს არ დაასახელებს და არც ტიპი ჰოხმანს ახსენებს,
საერთოდაც ისეთი სისულელეა ეს ყველაფერი ,
სათქმელადაც არ ღირს.

დედაჩემი ჭრის და კერავს,
ქსოვს და კემსავს,
უთოობით ხომ შვარცზე უკეთესად აუთოებს.

 

 

* * *

(ნიქო გორგილაძის ფეისბუქ სტატუსი)

ცოტათი მკაცრი ვარ და ოდნავ პრანჭია,
ყოფილი სტიქაროსანი და მეობის რაინდი,
ყვავ-ყორნებს მინდა ვეომო და
საქართველო დავიბრუნო ფარნავაზის დროინდელი...

დიდება გაცსა და დიდება გაიმს!

 

 

 

* * *

(ჩაკ პალანიკი - ''ძილისპირული''
მთარგმნელი გია ბერაძე )

ხშირად ხდება ხოლმე ასე.
სიცილი და მუსიკა ფიქრებს შთანთქავს.
მათ ხმაური ახშობს.
ყველა  ხმა ყურადღებას გიფანტავს,
ხელს გიშლის აზრების კონცენტრირებაში.
წებო თავს გტკენს.

ჩვენი აზრები უკვე ჩვენი აღარ არის,
იმიტომ, რომ შეუძლებალია საკუთარ თავში ჩაღრმავება,
უნბრალოდ დაჯდომა და ფიქრი.
და ხმაური მაინც აღწევს საიდანღაც.
მომღერლები ხმის ჩაწყვეტამდე გაჰყვირიან.
მკვდრები იცინიან.
მსახიობები ტირიან.
ყველა ეს ემოცია - მცირე დოზებით.

ვიღაც აუცილებლად აშხეფებს ჰაერში თავის განწყობილებას.
მაგნიტოფონები მანქანებში ვიღაცეების მწუხარებას,
ბოღმას თუ დარდს აფრქვევენ.

 

 

* * *

თეა გვეტაძის ინტერვიუ
ჟურნალი ''ინდიგო''  #34

 

ჩემს ცხოვრებაში
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი
ლილი კალატოზიშვილია, 
ჩემი ბებია,
რომელიც ბათუმში ცხოვრობდა.
დღემდე ბათუმი
ამ ქალის გამო რჩება ჩემთვის
ძალიან განსაკუთრებული და
მგონია, რომ სიყვარული ბუნებისადმი მან მაჩუქა.
პატარა ბავშვს,
ძალიან მიყვარდა
მასთან ერთად ბაზარში სიარული.
რაც არ უნდა დატვისთული მოვსულიყავით ბაზრიდან,
ლილი ყვავილებს მაინც იყიდდა.
ყველაზე ლამაზს და ველურს და
ისე მოუვლიდა მათ,
როგორც არავინ.
ერთხელ ლილი თბილისში იყო ჩამოსული და
თავის ბიძაშვილთან სტუმრად წამიყვანა.
ეს იყო საკუთარი სახლი ტაბიძის ქუჩაზე.
შემოდგომა იქნებოდა და
ეზო ხეხილით სავსე იყო,
ნაყოფის გარეშე,
მხოლოდ ფოთლებით.
მე ლაბათ 5 წლის ვიყავი და
კარგად მახსოვს ეს ორი ქალი.
ეზოში ისხდნენ,
ძალიან კომფორტულად ვგრძნბდი თავს ამ ადამიანებთან,
რომლებსაც ილუზიები არ ჰქონდათ და
ცხოვრების ნამდვილი ფასი იცოდნენ.
შეზლონგებში ისხდნენ,
ორივეს ულამაზესი წვივები ჰქონდა,
და საუბრობდნენ.
მე უცბად ვკითხე,
ამ ხეს ატამი როდის ექნება-მეთქი,
ბებიაჩემი ბოტანიკოსი იყო და ყურები ცქვიტა.
ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად შეკრთა,
რა იცი, რომ ატმის ხეაო?
ყველა ხე გამოვიცანი,
რომლებსაც ნაყოფი უკვე აღარ ჰქონდათ.
დამაყენეს მერე ხეების ჩრდილში და
სპექტაკლი მომაწყობინეს, 
მეკითხებოდნენ ეს რა ხეა, ეს რა ხეაო. 
ჩემი ახლანდელი გადმოსახედიდან,
ერთ-ერთი ყველაზე მისტერიული ეპიზოდი იყო ეს,
რაც კი დამმართნია.
არც ვიცი, საიდან მოვიდა ეს ცოდნა,
რომელიც ჩემთვის არავის უსწავლებია.

 

 

* * *

ენდი უორჰოლი
(თარგმნა თეა სუბელიანმა)

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი,
რომ ქალაქს სოფელი მირჩევნია.
სოფლად ჩასვლის იდეა მხიბლავს,
მაგრამ როცა იქ ჩავდივარ,
მაშინვე გამახსენდება ხოლმე, რომ;

სეირნობა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

ცურვა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია,

მზეზე მიფიცხება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

ჩოგბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

წყლის თხილამურებზე დგომა მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია.

სიის გაგრძელება შეიძლებოდა,
მაგრამ აზრი მგონი გასაგებია;
პასუხი კითხვაზე რატომ ''არ შემიძლია'',
მარტივია
- იმიტომ, რომ ''ეგ ტიპი არ ვარ''.
ჰოდა, თუ ''ეგ ტიპი არ არის'' ვინმე,
მაშინ ნურც ისეთი რამეების კეთებას მოსთხოვთ,
რაც არ შეეფერება.
შეიძლება შეუფერებელი რამეები თქვას კაცმა,
მაგრამ შეუფერებელი რამეები არ უნდა აკეთოს.

სულ ესაა.

 

 

გარდა ამისა,

როცა სოფლად ვარ, ტელევიზორის ყურება მიყვარს,
მაგრამ არ შემიძლია, რადგან სიგნალი ძალიან ცუდად იჭერს.

 

 

 

 

* * *

ჰაროლკდ პინტერი
''ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა''
(თარგმნა გია ბერიძემ)

 

ჩემთვის ცნობილია,
რომ პეზიდენტ ბუშს ჰყავს
მთელი რიგი კომპეტენტური ადამიანებისა,
რომელებიც მოხსენებებს უწერენ,
სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც,
- აი, თუნდაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას
(თითქოს უკვე ვხედავ მას ტელეეკრანზე:
დინჯია,
საგულდაგულოდ თმადავარცხნილი,
თავდაჯერებული,
გულწრფელი,
შიგადაშიგ მაამებელი,
მზაკვრულად მოღიმარე,
სიმპათური...
ერთი სიტყვით, - კაცური კაცი):

 

''ღმერთი სახიერია.

ღმერთ დიდია.

ღმერთ სახეირია.

ბინლადენის ღმერთ კი ცუდია.

ის ცუდი ღმერთია. 

სადამის ღმერთიც ცუდი იყო,
თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი.

სადამი ბარმაროსია,

ჩვენ არა ვართ ბარბაროსები.

ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ.

ჩვენ გვინდა მშვიდობა.

ღმერთსაც უნდა.

მე არა ვარ ბარბაროსი,

მე ვარ მშვიდობისმოყცვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიიული გზით არჩეული ლიდერი.

ჩვენ გულჩვილი საზოგადეობა ვართ.

გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას.

ჩვენ დიადი ერი ვართ.

მე არა ვარტ დიქტატორი.

ის კი არის.

მე არა ვარ ბარბაროსი.

ის კი არის.

ის ნამდვილი ბარბაროსია.

ისინი ყველანი ბარბაროსები არიან.

მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს.

 

ამ მუშტს ხედავთ?

აბა, უსუნეთ'' .

 

 

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.