შემიყვარე რადგან არაფერი ხდება





პოეზია

შემიყვარე რადგან არაფერი ხდება




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

 
მე შენ გხედავ ბერძნულ ლეიბზე
 
მე შენ გხედავ ბერძნულ ლეიბზე
როგორ კითხულობ ცვლილებების წიგნს,
ლიბანური შაქარლამით ჰაერში,
მოკირწყლულ კედელზე, მე, ვხედავ,
შენ, როგორ აღმართავ კიდევ ერთ ჰექსაგრამას
ისევ იმავე ძველი კითხვისთვის:
როგორ შეიძლება, თავისუფალი იყო?
ვხედავ, როგორ წმენდ შენს ჩიბუხს
ვიღაცის უმანკო ღამის
თმის სარჭით.
პლასტმასის ავ თვალს ვხედავ,
მიკრულს შენს საცვალზე.
კიდევ ერთხელ, მონეტებს ისვრი,
კიდევ ერთხელ კითხულობ
როგორ შეიცვალნენ სამყაროს
ნატეხები შენი შეკითხვის გარშემო.
მიაღწიე ჰიმალაიმდე?
ესტუმრე იმ ბერს ნიუ ჯერსიში?
მე არ ვუპასუხე შენს არცერთ წერილს.
ო, სტივ, გახსოვარ ისევ?
 
 
 
 
თოვს
 
თოვს.
შიშველი ქალია ჩემს ოთახში.
ღვინისფერ ხალიჩას ათვალიერებს.
 
თვრამეტისაა.
სწორი თმა აქვს.
არ ლაპარაკობს არცერთ მონრეალურ ენაზე.
 
დაჯდომის სურვილი არ აქვს.
ხორკლიან კანს არ ამჟღავნებს.
ქარიშხლის ხმები გვესმის.
 
გაზქურით
უკიდებს სიგარეტს.
თავის გრძელ თმას თავსუკან იჭერს.
 
 
 
 
ჯვარი არ დამეცა
 
ჯვარი არ დამეცა
როცა ჰოთ-დოგის საყიდლად გავედი
და ბერძენს მთელი ღამით რომ
უნდა ემონა კაზინო „სილვერში“
თავისი ძმა არ ვგონებივარ
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
მე მჯერა რომ წვიმა
თავს ბუმბულად არ მაგრძნობინებს
როდესაც წამოვა ამაღამ მას მერე
რაც ტრამვაები შეწყვეტენ სვლას
რადგან ჩემი ზომა განსაზღვრულია
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
თუ გაქვს წარმოდგენა რამდენი
ფილმი უნდა მენახა
სანამ დავრწმუნდი
რომ მეყვარებოდი
როდესაც შუქებმა გამოიღვიძეს
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
აი სტატიის სათაური 14 ივლისი
ქალაქ მონრეალში
Intervention décisive de Pearson
à la conférence du Commonwealth
ეს გუშინ იყო
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
ვარსკვლავები და ვარსკვლავები და ვარსკვლავები
ყველაფერს თავისთვის ინახავენ
თუ შეგიმჩნევია ოდესმე რამდენად ინტიმურია
სველი ხე
სამართებლების ფარდა
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
რატომ უნდა ვიყო მარტო
თუკი რასაც ვამბობ მართალია
ვაღიარებ რომ მინდა დერეფანს
მივაგნო ან პასპორტი გავაყალბო
ან ახალ ენაზე ვილაპარაკო
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
ვაღიარებ ვაპირებდი მომეზარდა
ფრთები და ჭკუა დამეკარგა
ვაღიარებ რომ
დამავიწყდა რად
მინდოდა ფრთები და დაკარგული ჭკუა
შემიყვარე რადგან არაფერი ხდება
 
 
 
 
ადამიანი რომელიც ხორცს ჭამს
 
ადამიანს რომელიც ხორცს ჭამს
სურს რაღაცაში ჩაარჭოს კბილები
ადამიანს რომელიც არ ჭამს ხორცს
სურს კბილები ჩაარჭოს სხვა რაღაცაში
თუ ეს აზრები სულ ერთი წამით მაინც გადარდებს
წასულია შენი საქმე
 
 
 
 
ეს შენთვისაა
 
ეს შენთვისაა
ესაა ჩემი სავსე გული
ესაა წიგნი შენთვის წაკითხვას რომ ვაპირებდი
როდესაც დავბერდებოდით
ახლა აჩრდილი ვარ
მღელვარე ვარ როგორც იმპერია
შენ ხარ ქალი
რომელმაც მიხსნა
მე ვიხილე როგორ უყურებდი მთვარეს
შენ უყოყმანოდ
შემიყვარე მთვარით
მე ვიხილე როგორ ეცი პატივი
კლდეში მომწყვდეულ ანემონებს
შენ მეალერსე ანემონებით
გლუვ ქვიშაზე
კენჭებსა და სანაპიროს შორის
შენ მიმიღე წრეში
სტუმარზე მეტი
ეს ყოველივე მოხდა
დროის სიმართლეში
სხეულის სიმართლეში
მე შენ გიხილე ბავშვთან ერთად
და ჩემი თავი წაუღე მის სურნელებას
და მის ხილვებს
ისე რომ სისხლი არ მოგითხოვია
საჭმლითა და სანთლებით მორთული
ხის მაგიდების სიმრავლეებზე
ათასობით სეფისკვერი და ზედაშე
რომლებიც შენი კალათით ატარე
მათზე ვეწვიე ჩემს თიხას
მათზე ვეწვიე ჩემს შობას
სანამ არ გავხვდი საკმარისად პატარა
და საკმარისად მფრთხალი
რათა ხელახლა ვშობილიყავი
მე შენ მინდოდი შენი სილამაზისთვის
შენ შენზე მეტი მომეცი
შენი სილამაზე გააზიარე
ამას მხოლოდ ამაღამ ვხვდები
როცა მახსენდება სარკეები
რომლებსაც მოშორდი
მას მერე რაც მიეცი
ყველაფერი რასაც ითხოვდნენ
ჩემი ინიციაციისთვის
ახლა აჩრდილი ვარ
ჩემი ხეტიალის
საზღვრებს ველტვი
და შენი ლოცვის 
მხნეობით ვმოძრაობ
და ვმოძრაობ
შენი ლოცვის მიმართულებით
რადგან მუხლს იყრი
როგორც თაიგული
ძვლის მღვიმეში
ჩემ შუბლს უკან
და მე მივემართები სიყვარულისკენ
ჩემთვის რომ ისიზმრე
 
 
 
 
შენ ღმერთივით ცხოვრობ
 
შენ ღმერთივით ცხორვობ
სადღაც იმ სახელებს მიღმა
მე რომ მაქვს შენთვის,
შენი სხეული ქნილი ბადეებისგან
რომლებშიც ჩემი სხეულია გახლართული,
შენი ხმა სრულქმნილი და ნაკლული
როგორც მისნის გვირგვინის ფურცლები
ზიზილების ჯოგში.
შენ პატივს მიაგებ შენს საკუთარ ღმერთს
ნისლითა და მეწყერით
მაგრამ მე არაფერი მაქვს
შენი უპირობობათა რელიგიისა
და მონუმენტების გარდა
ვარსკვლავებივით რომ ეცემიან
მდელოზე, რომელზეც, თქვი, არასდროს გეძინა.
შენს ფრჩხილებს სამართებლით
აძლევ ფორმას
და კითხულობ იგავთა წიგნის
მსგავს ნაშრომს
არცერთი კაცი შენთვის რომ არ დაწერს,
უკუგდებული მემბრანა
ხმისა რომელსაც შენ იყენებ
რათა შენი მდუმარება გაახვიო ნელ
დინებებად, იმ მიზიდულობაში ჩვენს შორის რომ კიდია,
და ჩვენი ყოველდღიურობის
რაღაც მოწყობილობა
ჩვეულებრივ კითხვას ბეჭდავს მასში,
როგორც მამაო ჩვენოს, აღმართულს
გორგოლაჭებიან ხურდაზე.
სანამ დავიწყებ შენთვის პასუხის გაცემას
უკვე ვიცი, რომ არ მომისმენ.
ერთად ვართ ოთახში,
ოქტომბრის საღამოა,
არავინ წერს ჩვენს ისტორიას.
ვინც კი გვაკავებს ამ კანონის შუაგულში,
ახლა მესმის მისი ხმა
მესმის მისი სუნთქვა
როგორ ქარგავს, როგორ ბრწყინვალედ, ჩვენს სადა ჯაჭვებს.
 
 
 
 
მე ვკვდები
 
მე ვკვდები
     იმის გამო რომ შენ არ
მოკვდი ჩემ გამო
     და სამყაროს
ჯერაც უყვარხარ
 
ამას იმიტომ ვწერ რომ ვიცი
შენი კოცნები
     ბრმად იშვნენ
სიმღერებზე რომლებიც გეხებიან
 
მე არ მსურს
     მიზანი შენს ცხოვრებაში
მინდა დავიკარგო შენს
          ფიქრებს შორის
როდესაც უსმენ ნიუ-იორკს
დაძინებისას
 
 
 
 
მსურს წავიკითხო
 
მსურს წავიკითხო
იმ ლექსებიდან ერთ-ერთი
რომლებმაც პოეზიაში დამიშვეს
ვერ ვიხსენებ ვერცერთ სტრიქონს
ვერც იმას სად შეიძლება ვეძებო
 
იგივე
დაემართათ ფულს
გოგოებს და გვიან საღამოს საუბრებს
 
სადაა ლექსები
რომლებმაც მომაშორეს
ყველაფერს რაც მიყვარდა
 
რათა ვიდგე აქ
შენს პოვნაზე ფიქრებით შიშველი
 
 
 
 
დარჩი
 
დარჩი
       კიდევ ცოტა ხანს დარჩი
მორცხვო ჩრდილო
               ჩემი მოსვენებისა
      ასე მსუბუქად რომ ებმი
               სუნთქვას ჩემს
                     პირველ კითხვამდე
 
შენ ხარ შიმშილი
ძალგიძს ყოველი
               მადის დაცხრობა
 
რა გულშიჩაკვრა
     უამებს სურვილს ბავშვს
რომელიც არ მოკლავს?
 
 
 
 
ეტიკეტი
 
კიდობანი რომელსაც
შენს ბაღში აშენებ
თუ შემომიშვებ
თუ გამომიშვებ
არ გეჩვენება
რომ ყველამ ეტიკეტი უნდა ვისწავლოთ
სანამ მაგიის სწავლას დავიწყებთ
 
 
 
 
არასწორი კაცი
 
მათ დაამწყვდიეს კაცი
რომელსაც სამყაროს მართვა უნდოდა
სულელები
არასწორი კაცი დაამწყვდიეს
 
 
 
 
ერთი
 
ერთ-ერთი ხვლიკი
ბუშტებს ბერავდა
თან აზიდვებს აკეთებდა ხეზე
დღეს დილით მე გავაკეთე აზიდვები
ხალიჩაზე
და ბაზუკის ბუშტები ვხეთქე
გუშინ ღამით მანქანაში
მგონი მისტიკოსები მართლები არიან
როცა ამბობენ რომ ყველანი ერთი ვართ
 
 
 
 
ეს ჩემი ხმაა
 
ეს ჩემი ხმაა
მაგრამ მე მხოლოდ ვჩურჩულებ
შენი სტილის
გასაოცარი ვულგარულობა
ხალხს აიძულებს
შენი სასიკვდილოდ წამება ისურვონ
მაგრამ მე მხოლოდ ვჩურჩულებ
ოკეანე ჩურჩულებს
ნაგავსაყრელი ჩურჩულებს
ჩვენ აღარ გვსურს ვისწავლოთ
რაც შენ იცი როგორ აკეთო
შური აღარ დარჩა
შენ რომ ეს გესმოდეს
ცახცახს მოჰყვებოდი
მაგრამ მე მხოლოდ ჩავჩურჩულებ
ჩემს ტომაჰავკს
რათა თვით ხატებამ
დაგიყვანოს ზიზღამდე
და კიდევ უფრო დაგასუსტოს
 
 
 
 
როდესაც ისიც
 
შენი ძუძუები გვანან.
შენი გვერდები და შენი ეტლი.
არასდროს მიფიქრია რომ.
სადღაც უნდა იყოს.
შესაძლოა რომ.
ზაფხულს არაფერი.
გაზაფხულიც კი არ.
შენი ფეხები ისე.
რა სისასტიკეა იმის.
თავს იმით ვიცავ რომ.
ზაფხული ნამდვილად არ.
შენი.
და შენი.
ნეტა მხოლოდ.
იქ სადღაც უნდა.
 
მაგრამ ეს.
და ის.
საკმარისია იმისთვის.
ჯარისკაცები არ.
პატიმრები არ.
შესაძლოა კუ.
იქნებ იეროგლიფები.
გაგზავნე.
მაგრამ შენს ცივ.
რომ შემეძლოს.
კიდევ ერთხელ რომ.
ფურცელი ან სითხე.
ხოლო ეს.
და ესეც.
ხანდახან როცა.
იმის მიუხედავად.
ჰო მიუხედავად იმისა.
ამბობენ რომ ტანჯვას.
ამბობენ.
კარგი მაშინ მოდი.
მოდი.
ნიშანი არის.
ხოლო ბეჭედი.
გარანტია რომ.
კი      მაგრამ.
ო სასტიკი.
ო ეს კოფთა.
ეს არის რასაც.
და რატომაც არ.
 
მაგრამ ისინი რას.
ისინი რას.
მაშინ როდესაც.
როდესაც ისიც კი.
ამას წლები.
ამას სიკვდილი.
მაგრამ ისინი ვერ.
თუნდაც.
თუნდაც იმასაც.
არასდროს ისინი არ.
 
ო მაცდურო.
ო მატყარა.
შეაბრუნე შენი თვალები.
დახარე შენი.
მისკენ ვინც.
ისევე საზიზღარი როგორც.
ვის არ უნდა.
რომელიც არასდროს.
მაგრამ ახლა შენი.
და შენი.
და ეს მხრები.
რომელიც უკანონოა.
რომელიც ბრმაა.
თუ დააპირებ.
თუ იპოვი.
მაშინ მე.
 
როგორ ყველა.
როგორც ყოველი.
ნეტა მხოლოდ.
ნეტა მაშინ თუ.
მიუხედავად იმისა რომ.
მაშინაც კი თუ.
არა იმისთვის.
იმისთვის არა რომ.
მაგრამ მხოლოდ.
მაგრამ ყოველი.
 
რომ შემეძლოს.
როდესაც ეს.
მაშინ მე.
თუნდაც ასე.
მაშინაც კი თუ.
ვიზამდი იმას.
 
 
 
 
ღრმა სიხარულმა
 
ღრმა სიხარულმა
       მომიცვა
ჩემი ქრისტიანი მეგობრები
       მეუბნებიან რომ
სული წმინდა გადმოვიდა ჩემზე
ეს მარტოობის სიმართლეა მხოლოდ
მხოლოდ მოწყვეტილი ფრინტა
       მისი ძირი გამოფენილი
ზღვისკენ მიმავალი ქარისთვის
ო ჩემი ნაჯღაბნი ცხოვრების მეგობარო
შენი გული ჩემსას ჰგავს -
შენი მარტოობა
       მიგიყვანს შინ
 
 
 
 
სიკვდილი ამ წიგნს
 
სიკვდილი ამ წიგნს და შევეცი ამ წიგნს და შევეცი ამ ქურწინებას. შევეცი ჩემი სიმხდალის ოცდაექვს ასოს. შეგეცი იმის გამო რომ სარკე გატეხე და წარბების საპუტი ფანჯრიდან ისროლე. შენს მკვდარ საწოლს ყოველ ღამე და არაფერი თბილი ბავშვური ტიტინის გარდა. შევეცი ქორწინებას და თეოლოგიას და ცივ ღამემშვიდობისას. შევეცი რისხვის კერპთაყვანისმცემლობას და მღვდლებს რომლებიც ამას ამბობენ. როგორ ბედავენ. გმადლობ შენ მიერ ჩემი განსჯის გამო.  მკვლელობა და სწრაფი მატარებელი პარიზის მიმართულებით და მე კვლავ გამხდარი ჩემს ლურჯ საწვიმარში, და ბარბარა, ქლუნი სქუეარ ჰოტელთან რომ მელოდება. შევეცი ბარბარას, იმის გამო რომ არასდროს გაეძრო.
 
 
 
 
ალბათ გაზაფხულია
 
ესა და ეს დაღალა მთელმა ამ მძღნერმა მაგრამ დღეს თავს ისე ცუდადაც არ გრძნობს რადგან ალბათ გაზაფხულია. სარეცხი მზეზე სიყვარულისა და ძალაუფლების უხამს საოჯახო ამბავს ყვება მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რადგან ალბათ გაზაფხულია. ჯეკი სქელია და ჯეინი შავი ჭირისგანაა მოკრუნჩხული. მაგრამ დღეს არ მოგიწევს არჩევა რადგან ალბათ გაზაფხულია. შენ ოდნავაც არ ჰგავხარ პილოტს, ოდნავაც არ ჰგავხარ მატადორს, ოდნავაც არ ჰგავხარ იმას, რომელსაც ველოდი, მაგრამ ცხვირს არ ჩაგაყოფინებ ყველაფერში რაც არ გიქნია, რადგან ალბათ გაზაფხულია. ახლა შემიძლია ბუკის კვრას ვუსმინო, შემიძლია ძველი წისქვილის პირას ვიდგე, შემიძლია ვიფიქრო ჩემს ერთგულ, თოვლში დამარხულ ძაღლზე. სალიმ დაკარგა თავისი კეთილსურნელება და მისი გატეხილი გული თავს არ ამჟღავნებს, მაგრამ აპირებს ტუჩზე იკბინოს და ხელახლა დაიწყოს, რადგან, როგორც იქნა, გაზაფხულია. პატარა ბატკნები მიძვრებიან სააღდგომო სალტეში, რათა ინსომნიაკმა დაძინება შეძლოს, მაგრამ მას წაუსწრებენ, როცა დანა-ჩანგალი არ ეჭირება, რადგან ალბათ გაზაფხულია. ალბათ გაზაფხულია. შეგიძლია, ერთი საათით გასცე შენი ფული. შეგიძლია, განაგრძო შენი ბავშვობის გეგმა. შიშველი ხარ და გველს შია, მაგრამ არ გიკბენს ეგ მანკიერი არსება, რადგან ალბათ გაზაფხულია. ყველა შხამიანი ღრუბელი ჩასახლდა სათითეში, რომლიდანაც კინაღამ მასმევ, მაგრამ მერე ბუხარში ისვრი, რადგან ალბათ გაზაფხულია. მაგრამ ჩუ, საზღვაო გუნდს დავუგდოთ ყური. ლამაზი ყმაწვილები არიან და ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. მათი ოფლი ტკბილია შალის უნიფორმის ქვეშ, რომელიც ცხელი და უხეშია, მაგრამ ხვალ თეთრები ეცმევათ იმის გამო რომ ახლა ალბათ გაზაფხულია. ის ჩვენი უფლის ვნებაა. ის კიბეა იმ ქალის თმებში. ის ლამაზი მდელოა რომელსაც ქალაქში ვერ იპოვი. ის, რასაც მეტად ვეღარასდროს იპოვი, ასე სინაზით სავსეს, ასე ველურს. ჰოდა დაიჩოქე და პატივი მიაგე რასაც სახელი ამჟღავნებს, რადგან ალბათ გაზაფხულია. ო საკადრისი პატივით მოეპყარი იმას რაც შენს ცოლს სხვის მკლავებში ისვრის, რაც ზიზილის ნამსხვრევს გასობს გულში, რომელიც გთავაზობს, შეუნდო რაღაც უბადრუკი დანაშაული, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩაიდენ, რადგან ალბათ გაზაფხულია.
 
 
კომენტარი
 
მსურს, დავკარგო რწმენა ამ პოეტისადმი, მაგრამ არ შემიძლია. მსურს, შემეძლოს, ვთქვა, რომ რაღაც ზერელეს მივაკვლიე მასში. მსურს, უფლება ჩამოვართვა. მან ლამის მიღალატა. ლამის მომიხელთა. მინდა ვთქვა, მეტისმეტად მდიდარი იყო. მსურს დავამტკიცო, რომ მისი ქორწინება ბედნიერი გამოდგა. მსურს ვთქვა, რომ მხოლოდ იმის გამო იყო ასეთი მაგარი, რომ მე გავიგე არასწორად, რას ამბობდა. მაგრამ ვშიშობ, არასწორად არ გამიგია, რასაც ამბობს. მესმის, რასაც ამბობს. ამაღამ სრულიად მესმის მისი, რომ ვზივარ, ჩინური საჭმლით დამძიმებული, ლოს ანჯელესის ღამის სამეფოლურჯად შეფერილი ცისქვეშ, სადაც ჩემთვის თითქმის არაფერი ხდება (როგორც აქ სჩვევიათ თქმა), ბევრი რამე გაფუჭდა, მაგრამ ნუ იდარდებ, მე არ ვიცი, როგორ დავიწყო შენი ყურადღების დამსახურება. არსებობს ხასიათი, რომლისთვისაც ბეთჰოვენი მეტისმეტად ხმაურიანია, და ბახი მეტისმეტად ბრძენი, და სიჩუმე მეტისმეტად კარგი ისეთი ბინძური გულისთვის, როგორიც ჩემ მკერდში სცემს, მაგრამ მე აშლილ არღანზე დაკრული ჰანგიდან ვიღებ ნუგეშისცემას, ის რომ აჟღარუნებს ფუჭად, რომელსაც დავყვები, დღე და ღამე, სიყვარულის ხუშტურითა და მოთამაშის შანსით. თხზულებას ისევ და ისევ ვკითხულობ, დიდად ნაამები იმით, რომ პოეტი ასე გულმოდგინედ ეცადა, არ შემხებოდა. ნეტა მე შევხებოდი მას ასე მსუბუქად, შეიძლებოდა, ახლა აქ არ ვმჯდარიყავი.
 
 
 
 
მოვლენა
 
მოვლენამ მომიცვა.
მტრედმა ჩაიფრინა ფანჯრის წინ.
ჩინელმა გოგომ გაიღიმა.
მე მას აღთქმა დავუდე.
არასოდეს ვიტყნაურებდით.
არასოდეს ვილაპარაკებდით.
არასოდეს შევხვდებოდით.
შეუზღუდავი ნაცრისფერი შუადღე
თანაბრად უჭერდა მხარს ყველა თავის არსებას.
 
 
 
 
შენ ფორმა არ გაქვს
 
შენ ფორმა არ გაქვს, შენ მოძრაობ, თან უ-
მოძრაობ, ფერგაცლილი აზრის ნაშთებს შორის
რომელთაგანაც შენ არ შექმნილხარ, მაგრამ რომლებიც სამყაროს
გაძლევენ, რომლებიც არაფრისგან შექმნილან, არაფრით არიან ნაჭედი.
იქ ილტვი, შენ, მისთვის რომელიც მე არ არის, ო
არცერთი საგნის დედოფალო, დილაზე ნორჩო,
იმ სარეცხის ძირას, სადაც შენ გიხმობენ და ადამი დაიბადა,
დავარდნილ პირველ თესლზე მეტად ანტიკურო.
და აქ, არა შენი არსი, არა შენი არარსებობა
ირთავს სიცარიელეს რომელიც არის არასდროს მე,
თუმც ეს ძვრები და ეს უფორმო მოვლენები
სამზადისია კაცობრიობისთვის,
და მე ვდგები რათა მიყვარდეს და ვჭამო და მოვკლა
არა ჩემი, არამედ ჩვენი შეუღლებული ნებით.
 
 
 
 
სიზმარი
 
ო ისეთი მშვენიერი სიზმარი ვნახე, თქვა ქალმა.
მესიზმრა რომ ჩემთან იწექი.
ბოლოს და ბოლოს, თქვა კაცმა თავისთვის, როგორც იქნა, სულმა
მოჰკიდა ხელი მძიმე სამუშაოს ნაწილს.
 
 
 
 
მომწონს როგორც შემეწინააღმდეგე
 
მომწონს როგორც შემეწინააღმდეგე, როცა იფიქრე, რომ დუმილს მივეცი თავი. როგორ გახარებდა, რომ არაფერი მქონდა შენთვის სასწავლებელი, და არავინ ლაპარაკობდა ჩემს გმირობებზე. ყოველივე ეს ეყრდნობოდა შენს საგულისხმო რწმენას, რომ მხოლოდ ერთი სცენა არსებობდა, და შენ ჩემი პიესის დასასრულს ელოდი, გრძნობდი რა თავს ისე დამწიფებულად და შესივებულად შენი ადგილისათვის. და აი, მე ისევ აქ ვარ, სიახლეებით სხვა თავისუფლების შესახებ, სწორედ მაშინ, როდესაც შენი კარგად იყიდებოდა და კონკურენცია კონტროლის ქვეშ იყო. შესაძლოა, გსურდეს, იცოდე, რა მითხრა ჩემმა ცოლმა ზემოთა სართულზე. მას თავისი ღვინისფერი ბიკინი აცვია, საკმაოდ მომხიბვლელია, ჰო იცი, მისი გადაპარსული თავის მიუხედავად, რაც შენი ცენტრალური კომიტეტის იდეა იყო. მან მითხრა, ლეონარდ, როცა კი ოთახს ტოვებ, ფანჯარასთან ნარინჯისფერი ჩიტი მოდის.
 
 
 
 
ჩემი შვილის გვერდით
 
ჩემი შვილის გვერდით დავწექი.
ახლა ის აღარ იყო ბავშვი.
სიზმარს ასხივებდნენ მისი ტუჩები.
მან უჩვეულოდ საამური კომპანია გამიწია.
 
 
კომენტარი
 
დაე აკურთხო შენი დედის და მამის კავშირი
დაე იოლად უარყო ჩემი ფიქრის ნაჭუჭები
დაე იდგე ჩემ მკვდარ სხეულზე
 
 
 
 
მტრედი
 
ვიხილე, როგორ დაეშვა მტრედი, მტრედი წვრილი მწვანე ტოტით, ბავშვური მტრედი გამოსული ქარიშხლიდან და წყალდიდობიდან. ის მომიახლოვდა, დაშვებული სული წმინდას მსგავსად, ოცდახუთი წელი ვიჯექი კაფეში და ველოდი ამ ხილვას. ის დიდი კამათის თავზე ეკიდა. მე დავნებდი მორალური სამყაროს რკინის კანონებს, რომლებიც ყოველივე ნასურვს მოწყენილობად აქცევენ. არ დანებდე, თქვა მტრედმა. მე მოვედი, რომ ბუდე გავიკეთო შენს ფეხსაცმელში. მსურს, შენი ნაბიჯი მსუბუქი იყოს.
 
 
 
 
შენი სიკვდილი
 
შენ მკვდარი კაცი ხარ
რომელიც წერილს მწერს
შენი მზის სათვალეები შენს გვერდითაა
ოთხკუთხა მაგიდაზე
მწვანე თექაზე
ფრთხილად წერ
წინადადებას წინადადებას აყოლებ
რათა შენს აზრს ნათელი მოჰფინო
აზრი ისაა
რომ მკვდარი ხარ
იმედით მკვდარი
გაზაფხულით მკვდარი
მოთხუპნული კოლიბრით მკვდარი
ლტოლვით მკვდარი
რათა კვლავ გამოანათო
წარსულის დეტალებში
და შენს სიკვდილს ხარ გამობმული
იმედით
იმედით რომ გამოძვრები
შენი სიკვდილის ქვეშ
და მერე დადგე
და გამოფინო იარა
შენ ხელისგულზე
როგორც მიპატიჟება მომდევნო განსაცდელზე
ღამეს შენი სიკვდილის
წყაროსთან ატარებ
ცდილობ ადიდო
ცდილობ გაყიდო
ცდილობ შეეხო
მე შენს სიკვდილთან პრობლემა არ მაქვს
მან მოგცა
ის ლამაზი თავი რომელიც გსურდა
სახე კარგი ღარებით
და თუმცა
არ შეგიძლია ამ თავისქალაში დასახლდე
მე შემიძლია და ასეც ვიქცევი
და გმადლობ
შენი ფუჭი მიმოწერის
ღრმა ჰეროიზმის გამო
 
 
 
 
საბოლოო შემოწმება
 
მე თითქმის 90’ის ვარ
ყველა ვისაც ვიცნობ მოკვდა
ლეონარდის გარდა
ის ჯერ კიდევ მოჩანს
თავის სიყვარულს ბორძიკით ადევნებული
 
 
კომენტარი
 
მე გამოვიკვლიე მისი სიკვდილი. თუმცა ის არამდგრადია, მეეჭვება, კიდევ ვიხილოთ, როგორ წიწკნის, ეგ ბებერი თხა, სხვადასხვა ხსნათა მაქმანებიან კიდეს. მე უფრო ვულგარული ვარ, ვიდრე ის იყო, მაგრამ მე არასდროს მომიჩვენებია, ვითომდა სულიერი სავარჯიშო ვიყავი. მეტიც, მისი სიკვდილი უსქესოა და პოლიტიკაში არ გამოდგება. იაფფასიანი, მოტკბო სუნი დგას ჰაერში, რომელზეც ის გარკვეულწილად აგებს პასუხს. პოლიციას ვეფიცები, რომ წარმოვადგენდი, და წარმოვადგენ, მის ერთ-ერთ ხმას. ამ გვერდების უმნიშვნელობაში მე მომავალი მოკრძალების აჩრდილს ვხედავ. ნაკითხი ვარ. კარგად მემსახურებიან. დავკმაყოფილდი და ვნებდები. დღეგრძელობა ქალთა და კაცთა ქორწინებას. გაუმარჯოს ერთ გულს.
 
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.