წითელი ვარდი და მათხოვარი





პოეზია

წითელი ვარდი და მათხოვარი




(ფრაგმენტი)
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
[1]
 
რატომ მოხვედი
ჩემი დაცემის ასაღელვებლად?
მე ბებერი ვარ (ბებერი ვიყავი სანამ მოხვიდოდი);
 
უწითლესი ვარდი იშლება,
(რაც სისულელეა
ასეთ დროს, ამ ადგილას,
 
უადგილო, შეუძლებელი,
სულ ცოტათი სკანდალურიც კი),
ყველაზე წითელი ვარდი იფურჩქნება;
 
(ვერავინ ამას ვერ შეაჩერებს,
ვერა ნიშანდობლივი მუქარა ციდან,
ამინდიც კი ვერ,
 
ჩვენს ზაფხულის ხილს რომ აზიანებს),
ყველაზე წითელი ვარდი იშლება,
(მათ მოუწევთ ეს გაითვალისწინონ).
 
[2]
 
ნებისმიერგან წამიყვანე, ნებისმიერგან;
მე შენში ვაბიჯებ,
დოჟ — ვენეცია —
 
შენ ხარ მთელი ჩემი ქონება;
მე დავიმალებოდი შენს გონებაში
როგორც ბავშვი იმალება სხვენში,
 
რას ვიპოვიდი იქ?
რელიგიას თუ ჯადო-მაგიას — ორივეს? არცერთს?
ან ერთს ან მეორეს? ორთავეს, შერწყმულს
 
დაწყვილებულს, ერთსა და იმავეს,
თანაბარს ძალით, ერთად თან ცალ-ცალკე,
შენ თვალთა ქარვა.
 
[3]
 
ისის, ირის,
ფლერ-დე-ლის, ზამბახო
ბარ-ისის ისისის ძე არის,
 
(bar ou ber ou ben, signifiant fils).
ანუ ბარ-ისის არის პარ-ისის?
ყველა შემთხვევაში, პარის;
 
რადგან შენ არ სვამ ჩვენს ღვინოს,
არც ჩვენს მარილს ამარილებ,
მე შემოვიდოდი შენს გრძნობებში
 
დამწვარი გუმფისის და ფიჭვის გირჩის გზით
ბრტყელ კერძში რომ ღვივიან;
შენ მღვიმელი განდეგილი იყავი?
 
რისთვის გვსჯიან ისინი?
გამო, გამო სიბნელიდან;
ნაცრად დავიწვები მე ამ მხურვალებაში?
 
[4]
 
ამბობენ, იერატიკული და ჰერალდიკური ზამბახი
ლოტუსია, მარტაგონის შროშანი,
ფუქსინი, იისფერი — ვმკრეხელობ?
 
წვიმისქვეშ მობუზული,
ვფიქრობ ცხელ ქვიშაზე,
და ვიძახი და კვლავ ვიძახი
 
ბარ-ისის, პარის;
ვიძახი პარის, პარის,
არა ბერძნებს
 
არც დახვეწილ ვერონელ ხელის მთხოვნელს
„სადაც ჩვენ ჩვენი სცენა დავეცით,“
თუმც ვერონა შორი არაა,
 
ახლა მე შენში ვაბიჯებ,
დოჟ — ვენეცია —
შენ ხარ ჩემი სრული ქონება.
 
[5]
 
ვენეცია — ვენერა?
ალბათ ესაა ჩემი სადგომი,
ჩემი სადგური: თუმც შენ განზე გასწიე
 
ჩემი ლექსი,
მე თავს ვერ ვაღწევ,
ვცადე და ვერ;
 
მართალია, „წარმტაცი [იყო] ...
თუ მისი მანერულობის ატანა ძალგიძს,“
წერდი შენ იმაზე რასაც მე ვწერდი;
 
რატომ უნდა ვწერო?
შენ ამით თავს არ შეიწუხებდი,
მაგრამ ის, ქალი, პირბადეს გადასწევს,
 
თვალებს განმიხვევს,
მიბრძანებს,
წერე, წერე ან მოკვდი.
 
[6]
 
ესაა ჩემი ახალი ლოცვა;
შენდამი ვლოცულობ?
პარის, ბარ-ისის? შენდამი, ოსირის?
 
თუ ისის-მესადმი, ეგვიპტური ყვავილი,
Notre Dame — ოდესმე მიდიხარ იქ?
ქვები ინახავენ საიდუმლოებს;
 
გვეუბნებიან რომ ვიბრაცია
ძველმა ალქიმიკოსებმა გადმოგვცეს;
ჩვენი ქალბატონი პაემანზეა,
 
ბრძანებას თავისი კვერთხით გასცემს (Astrologie
პირველი კარია?)
და ბავშვი ჩვენ გვამჯობინებს;
 
მისურვე სასო არ წარმეკვეთოს,
ანტიკური იერარქიის ბავშვო ...
და შენ დღეს.
 
[7]
 
წმინდა ანა ბოლო კარია, (Magie
Cybele, მას ერთ დროს ეძახდნენ,
მას, ბებიას),
 
და ახლა სად ვართ?
უდავოდ არსებობს ქროლა, მგზნებარება,
თელვა ქორფა ბალახის,
 
შიშველი ფეხების ხლართვა,
უკანასკნელი თავგანწირული ტვირთის ღრიალი,
გაუქცევადობა, მოჯადოება,
 
თრთოლა, მიწისძვრა,
არარა, არარა, მეტად აღარრა,
ამას იქით აღარ; ფიჭვის გირჩი
 
ბრტყელ კერძში მწველი რომ დავტოვეთ,
გიზგიზებს, ცეცხლია,
არა მანამდე, არა მერე — გაქცევა?
 
ვინ გაექცევა სიცოცხლეს, ციებ-ცხელებას,
უფსკრულის წყვდიადს?
დაკარგული, დაკარგული, დაკარგული,
 
უკანასკნელი თავგანწირული გაუქცევადობა,
ყველაზე წითელი ვარდი,
უცვლადი კანონი. . .
 
[8]
 
ეს შენ ხარ?
სვლათა და ხართა რამე
მქუხარე შეკვრაა? ერთია?
 
მრავალია?
ხმები წარსულიდან, მომავლიდან,
ისე შორს, არა უმეტეს,
 
ამჟამად სრული დამდაბლება;
ოდესმე თუ იყავი აქ?
ოდესმე ყოფილხარ ამ ოთახში?
 
როგორ გავუძელი მე შენს აქყოფნას,
და შემდგომ, მხოლოდ ერთადერთხელ,
უცნო ადგილას, სადაც სხვები იყვნენ,
 
უაზრო ტლიკინი, ჩემი,
და შენ არ დალევდი ჩვენს ღვინოს,
(„მაშინ ხილის წვენი?“ „დიახ“),
 
და არ შეეხებოდი ჩვენს მარილს —
ნუშებს — პეკანს — რა მოხდა?
შენ ისე დააგვიანე,
 
რატომ უფრო მალე არ მოხვედი?
საერთოდ რისთვის მოხვედი?
რატომ მოხვედი
 
ჩემი დაცემის ასაღელვებლად,
მე ბებერი ვარ,
(ბებერი ვიყავი სანამ შენ მოხვედი.)

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.