გამარჯვებული ამური





კრიტიკა/ესსე

გამარჯვებული ამური




ლათინური Cupīdō, საიდანაც სიტყვა „კუპიდონი“ წარმოდგა, სურვილს აღნიშნავს. რომაულ მითოლოგიაში კუპიდონი, სხვანაირად ამური, ეროტიკული სიყვარულის თუ მიზიდულობის ღვთაებაა და ვენერას და მარსის ვაჟიშვილად ირაცხება. ძველბერძნული კულტების რომში გავრცელების კვალდაკვალ ვენერას ბერძნულ მითოლოგიურ ქალღმერთ აფროდიტესთან აიგივებენ და უწინ გაზაფხულის, ყვავილობის ქალღმერთი რომანტიკული სიყვარულის ღვთაებად იქცევა. კუპიდონის მამა, მარსი, ომის ღმერთია. ეროტიკული სიყვარულის და წადილის ხორცშემსხმელი ამურის ამ მითოლოგიურ სახეში ერთმანეთს სიყვარულის და ომის ღმერთები ხვდებიან და შობენ მოისარ ბიჭუნას, პატარა ფრთებით მხრებზე; ის ადამიანებს ისრებს უშენს და ერთმანეთს აყვარებს.
 
„გამარჯვებული ამური“, იგივე „სიყვარული ყველაფერს ამარცხებს“, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს სურათია. მოტივი ვირგილიუსის „ბუკოლიკებიდანაა“ ნასესხები და სიყვარულის უზენაესი ძალმოსილების ფონზე სხვა ყველაფრის უსუსურობას ეხება. სურათზე ბიჭუნას მოცინარ სახეს ვხედავთ, თეთრის ნაცვლად მუქი ფრთები ამოზრდია, ხელში ისრები უჭირავს, ფერხთით დაფნის გვირგვინი, მუსიკალური საკრავები და ნოტები მიმოფანტვია, სულ შიშველია. მიიჩნევა, რომ მიმოყრილი საგნები, როგორც სიმბოლოები მიწიერი დიდების (დაფნის გვირგვინი), განცხრომის და სიამოვნებისა (მუსიკალური საკრავები), კარგავს საზრისს სიყვარულის დამანგრეველი ძალის წინაშე. გამარჯვებული ამურის ღიმილი არნახული სიზუსტით იჭერს შეყვარებულობის ხეიბრულ, სახიჩრულ ბუნებას - გულისგულს მისი თანმხლები ყოველი ზარ-ზეიმისა. ალმაცერ ღიმილში გამარჯვებული ღვთაების კმაყოფილება ცნაურდება, თითოეული გამარჯვების უკან კი დამარცხებული დგას. ტილო სხვა ტრიუმფზეა, იმაზე - არა, რომელსაც რომელიმე ფილმის ბედნიერ დასასრულს ჩახუტებული წყვილის სიყვარულმა შეიძლება მიაღწიოს. მუქი ფრთებიც ამის დასტურია, იქნებ იმაზე მჭახეც კი, ვიდრე ასეთ ღიმილს სჭირდება. 
 
გამარჯვებული ამურის ნასროლი ისარი სამიზნეს მსჭვალავს და აავადმყოფებს. სამსჭვალია ის, რაც ხვრეტს, აზიანებს, ვნებს. ქართულ სიტყვაში „ვნება“ - ამურიც ვნების, სიყვარულის ღვთაებაა - ეს ორაზროვნება ბრმა როდია. აქ სიტყვის და მითოლოგიის საზრისებიც ემთხვევა; მარსის (ომის ღმერთის) და ვენერას (სიყვარულის ქალღმერთის) ურთიერთქმედება ამურის (ეროტიკული სურვილის) სახეში ზუსტად იმეორებს ზიანის და ჟინის ურთიერთქმედებას სიტყვა „ვნების“ მნიშვნელობის სიბრტყეზე. რომაული მითოსი სასიყვარულო გამოცდილებაზე იუწყება, რომ მას შესაძლებელს ომის და სიყვარულის ტოლქმედი ძალების შეხლა ხდის. ომი ერთ გაბრძოლებაზე, გაანჩხლებაზე ან, მით უფრო, სკანდალზე არ დაიყვანება. საქმე ის კი არ არის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში წილი პერიოდულ კინკლაობას და კონფლიქტებს უდევს ან განშორების ტკივილია ომის შედეგივით ძნელი; აქ რაღაც ფუძისეულ განხეთქილებაზე თუ შეურიგებლობაზე მინიშნებაა, რომ შეყვარებულობა უკვე თავისივე თავშია ომის მდგომარეობა და მას არ ჰყავს გამარჯვებული. ერთადერთი, ვინც ამ ომში იმარჯვებს, ღვთაებაა, დემონს უფრო რომ წააგავს. ტილოს სათაურის არ იყოს, სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, პირველ რიგში კი - შეყვარებულებსვე. მათი გრძნობა განა რომელიმე გარეშე მტერს უმხედრდება და საწადელს აღწევს, სიყვარულთან ისინი თავადვე მარცხდებიან. ამურის ღიმილიდან ეს შეუფარავად გამოსჭვივის. ნამდვილი ვნება სწორედ ამ გარდაუვალი მარცხის იმთავითვე განწირული შეგნებით იდაღება; ნაისრევი, როგორც სიყვარულით დასნებოვნების საწინდარი, „ვნებაა“, ამ სიტყვის მეტყველი ორაზროვნებით.
 
 
გაყალბებული ეტიმოლოგია
 
თუ სიტყვა „მიჯნურის“ აზრობრივ ტვიფარს დავაკვირდებით, ის სიყვარულზე, იქნებ ამურის ტრიუმფზეც, რაღაც ძველისძველს გაგვიმხელს. მიჯნა, საიდანაც სიტყვა „მიჯნური“ წარმოდგა, საზღვარს გამოსახავს. მიჯნიდან, აგრეთვე, ნაწარმოებია სიტყვები „გამიჯვნა“ და „მომიჯნავე“. უკვე აღმნიშვნელში „მიჯნური“ აღსანიშნისთვის შემზადებულია ფიზიკურ კატეგორიაში პირველადი სიახლოვის გაგება: მომიჯნავეა, ვისაც მიჯნა, ანუ საზღვრის ნიშანი, მიჯნავს სხვისგან; ის სხვისი მიჯნურია, რაკი ემიჯნავება და, რაც ამავე მედლის მეორე მხარეა, ემიჯნება მას. „მიჯნის“ ეს დიალექტიკური ბუნება, ერთი მხრივ, ზღვრული სიახლოვის და, მეორე მხრივ, მაახლოებელი მიჯნისვე მიერ მიჯნურის უსასრულოდ განზე დატოვების ერთარსობაში ჩენადობს. „გამიჯნული“ და „მომიჯნავე“ საერთო აღსანიშნის მქონე ის აღმნიშვნელებია, რომელთა შერწყმის ფონზე სიტყვა „მიჯნის“ დიალექტიკურობა, სიყვარულთან მიმართებით, მთელი თავისი აზრობრივი სისავსით ვლინდება. „მიჯნურობას“ ძირისძირამდე სწორედ მაახლოებელი სიშორის შეგნება მსჭვალავს: ის კი არ არის ახლოს, ვინც სიშორეში და სიშორით გვიახლოვდება, ის რჩება სამუდამოდ შორეული, ვინც, როგორც მიჯნური, ყველაზე ახლოსაა. ცარიელ აღმნიშვნელად აღებული, „მიჯნურობა“ ის სიახლოვეა, რომელიც ადამიანს თვალს ამ მიჯნის მორღვევის, სხვასთან შეზრდის ყოველგვარ იმედს იმთავითვე მოკლებულობის მდგომარეობაში თავის გარდაუვალ და, რაღაც მხრივ, ტრაგიკულ ჩაყენებულობაზე უხელს.
 
„კომფორტულ პარტნიორებსა“ და „ინდექსებით“ გაზომვად ბედნიერებას ამურის ღიმილში არა მორიგი, არამედ საბედისწერო სიყვარულის შემოფეთება ამასხარავებს. წინსწრებით მცოდნეს, რა მოელის ისრით დაკოდილს, თვალებში ბავშვური სიანცე უკრთის; როგორც საკუთარი გაფუჭებულის შორიდან ცქერასა და უფროსებისგან დატუქსვის მოლოდინში ებადრება ბავშვს სახე მავნებლური ტკბობით, გამარჯვებული ამურიც - ონავარი, ოდნავ ალმაცერი და თანაც დაინტერესებული თავისი ნამავნებლარის ხილვით, მოსალოდნელ ნგრევას დარაჯობს. მის წინ განურჩევლად ყველა ქედს იხრის, თვითონ კი, ცელქი თამაშის ჟინით ატანილს, ხელში ისრები მოუმარჯვებია და მსხვერპლს მადამორეული დაეძებს. 
 
2018 წ.      
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.