სენეკას დღიური





პოეზია

სენეკას დღიური




ფრაგმენტები წიგნიდან „სენეკას დღიური“
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
მე თახვი 1968 წელს გავხდი. მამაჩემი რიჩარდ ჯონი ჯონი იყო. ცერემონია ვიგვამში ჩატარდა და ძალიან ხანმოკლე იყო. რაც სიტყვები ითქვა სენეკას ენაზე. მე ახალი სახელი მივიღე. არ ვიცი, რამდენად სერიოზულად შვებოდნენ ამას, მაგრამ სახელი მაგარი იყო. ჩემი ცოლ-შვილი ლურჯი ყანჩები გახდნენ. ჩემს ცოლს „ის ვინც მოგზაურობს“ დაერქვა, ჩემს შვილს - „მოლაპარაკე“. ჩემი ცოლის და თელმა ლედსამი იყო, ხოლო დედამისი - ეფი ჯონსონი. თახვებით ოთხი წლის მერე დავინტერესდი—როდესაც სალამანკაში გადავედით საცხოვრებლად. სალამანკა სარკინიგზო ქალაქია ზუსტად ინდიელების ნაკრძალთან. მე ის ერთხელ ვნახე ამერიკის გერმანულ რუკაზე, რომელზეც ოლბანი (ნიუ იორკი) არ იყო დატანილი. ქალაქის მოსახლეობა ახლა 7000 ადამიანია, მათი უმეტესობა თეთრკანიანი. ჩარლზ ოლსონი წერდა: ისტორია ახალი ლოკალიზმია. და ეზრა პაუნდი: ეპოსი არის ლექსი, რომელიც ისტორიას მოიცავს. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ დაბრუნდება, საიდანაც მოვიდა. მას სენეკა მოაკითხავს.
 
 
 
 
სალამანკა, წინასწარმეტყველება
 
(1)
 
ქალაქი
კუს ზურგზე
გრძელი ქოხი
 
/
 
ჰგავდა იერუსალიმის
ტაძარს დასვენებულს
ვეშაპის ზურგზე
 
(2)
 
შეუძლებელია ამ ყველაფრის
შეკავშირება
 
სენეკას ერი
სალამანკა, ნიუ იორკი
 
 
 
 
სენეკას დღიური 1: თახვების ლექსი
ეძღვნება გარი გორდონს
 
სიზმარში
თახვები მოდიან
ჰარი უოთთან
„ბავშვი
„ამეტყველდებოდა
„კომუნიკაცია
„მწკრივად იდგნენ
„თქვეს აღარ
„მივაყენებდი ზიანს
„მეტად
„აღარ
„ვინადირებდი წაულასა
„& მაჩვზე
„მაგრამ თახვები
„ჩემი ძმები იყვნენ
„& მეხმარებოდნენ
 
ასე დაიწყო მისი ამბავი & მე ის ვიცოდი    აგრეთვე     როცა ვუსმენდი რასაც ამბობდა ვუსმენდი ვიცოდი      ჩემთან იყო ჩემს დროზე ადრე    & ვიცოდი როგორც საკუთარი მოგონება     ბაბუები     არა როგორც მონადირეები ტყეში არამედ ძველი სამყაროს ზღვარზე    ტყეები რომლებშიც კაცები & ქალები მიდიმოდიოდნენ გზად ბაზრებისკენ აბანოებისკენ ზაფხულობით ტყედ მიდიოდნენ კენკრის საკრეფად მგელადევნებულნი ზამთრის წარსულში     ქოხები სადაც სოკოები ეკიდა საშრობად მოხუცი      ქალები ტყეებში ცხოვრობდნენ       მძიმე რუხ კაბებში გამოწყობილნი ნიკაპზე თმა ტომობრივ წვერად ებურძგლებოდათ მათი კუთვნილი     ოჯახის ძაღლები & კატები მათ გვერდით     კეთილი სახელის ოსტატებს ამათგან ესწავლათ ცხოველთა ენა      ეს    არის საიდუმლო ყველა კაცმა რომ შეინარჩუნა ეს უფრო დიადი ენა     ენა იმისა       რასაც ბიოლოგიურ საძმო       გაგვიმჟღავნებს       აწ კიდევ ერთხელ
 
ეთოლოგია მაკლურისა
& ჩომსკის ხილვები ყველა
ღრმა ენათა მეტყველნი მიგვითითებენ
მიმართულებით ამ თაობას
რომ ექნება პატივი იკისროს
უნივერსალური ენა
რომელშიც სამყაროს სამეფოები
ერთია
სამყაროს სამეფოები ერთია
 
*
 
რას ნიშნავს ეს ჭეშმარიტად იყო თახვი
როცა ვფიქრობ ამაზე ვფიქრობ
წყალზე წყალზე რომ ფარავს სხეულს
ბალნით დაფარულს
ვფიქრობ თახვების ქუდებზე
& თახვების ფილმებზე
ვფიქრობ თახვურ ცხოვრებაში
ხელახალ შობაზე
თახვი იბადება
ბაალ შემის ლექსში
ისაა კაცის წარმომქმნელი ნაწილი
თმიანი სირი
ეს დაბალი საზრისი რომ ამოხეთქავს
ცვლის იმას რაც ვართ
რბილი
მაგრდება ცივი
ცხელდება
თახვის წითელი ენა ბეწვის
ბუდეში
უეცარი სახეცვლილებით
თხევადი სამყარო
იქცევა
ნებისმიერად რაც გონებას ძალუძს იფიქრობს
გონება ფიქრობს
აბიჯებს გარდაქმნილი სექსის
თხევად ძირეულ ნაკადში
ბაალ შემი ტოვებს თორას ნათელს
& იქცევა
ნებისმიერ ძველ ცხოველად
წმინდა ტყეში
 
*
 
არა უწყინარი მხეცი ის ძალაა
არა უწყინარი კაცი ის არის კუნთი დაჭიმული ელის როდის მოუჭერს & ჩაამტვრევს
თავის ქალას იქნებ ასევე დაფშვნას ყბა & აქციოს
კბილების თავისების მსგავს ლამის არარსებულ წყებად მოჩვენება კბილი
შუაგულში რომ ანათებს სარკეა რომლებშიც ჩვენს თავებს ვხედავთ
უშორესი გვირაბის ძირას რომ მიიკლაკნება
მანათობელ ფოთლებსა & ყვავილებს შორის სიტყვებსა & ციცქნა მელოდიებს შორის
ფერები რომ გამოსცემენ
                                          ან თუ სიზმარი იწყება
მდუმარებით იმავე ფეხში
თავად მდუმარება რომ არხევს
თითოეულ იზოლირებულ ნერვში ათრთოლებული
ცეკვა აგონებს სიმღერას
რომელიც სურს რომ იმღეროს
სიკვდილის ჟამს
& თუ ამ სიმღერას ახლა თახვი უმღერის ეს
იოლ სიკვდილს უნდა ნიშნავდეს
 
*
 
ზუსტად როგორც დაბადება იყო ადვილი
თახვის ცხოვრება წყალში დაიწყო
იყო ძვლების & ბალნის გუბურა
უტყუარმა წინათგრძნობამ
გამოტყორცნა მისი ენა
მარცხენა ძუძუსკენ მოწოვა
ტკბილი ყვითელი ბლანტი რძე
დედილომ რომ მისცა
„ყლუპ“ ამბობს ბებერი ღოჯა თახვი
„ეხა გაცურვა უნდა ვცადო“
ერთი საათისა მხოლოდ & უკვე ლაპარაკობს
დაცურავს მარჩხ წყალში შიშველი ფეხებით ატოპებს
დედილოს ძუძუს დვრილის გარშემო ნაშუადღევს მზე რომ იხრება
ვიგვამის თავზე ისწავლის
როგორ არ გაუშრეს კუდი არამედ წვეთოს
ტკბილი მასუფთავებელი სურნელი ქვედა
ხვრელიდან ყველა არსება რომ ილტვის
დაყნოსოს
ბეწვს ისე სათნოდ & ტკბილად
ივარცხნის ასეთია თახვის ცხოვრება
(ამბობს ბებერი თახვი)
მგონი წავალ ცოტა ხეს დავღეჭავ
—როგორ უყვარს ღეჭვა & კუება—
„რა იოლია სიამენი
„ამა სოფლისა ხრიკი ისაა
„ხე ვიპოვო & მზე დავინათო
„ნარინჯისფერ კბილზე
„ხის ნაფოტები მთელი დღე დაფრინავენ
„& მე გავჩერდები არასდროს
„სანამ ხე ძირს არ დაეცემა
„& არასდროს გავჩერდები თუმცა შეიძლება გამსრისოს
„დამიბინდდეს თვალებზე გადაკრული პირბადე
„რასაც ძველნი სიკვდილს უწოდებენ
 
*
 
მაგრამ არა უბრძოლველად
(თახვი ამბობს) წავი დაჰყვება კვალდაკვალ
„ისე ცბიერად უთვალთვალებს ჩემს გვირაბებს
„წიხლებს ურტყამს ჩემს ჯერაც ჩემი სურნელით
„მხურვალე ორთქლმდენ დატკბილულ
„ტალახის ღვეზელებს პროჭში
„იტენის ზეთის წვეთებს
& ქვებს     (ღრიალებს)
მე მეფე წავი! ამლოკე!
წავის დიადი ნიღაბი ავსებს
თახვი კაცის სიზმრებს
ნაკვალევს ტოვებს მის სიმინდის ფაფაში
ღერღილის მარგალიტისებრი მარცვლები
წავის კლანჭებქვეშ
წავის ფსელი შხაპუნით ეცემა
ბურღულის წვნიანად
„ქვიშები ნარწყევის ნატიფი ტალღები
„ჩემი ნათხემის გადაღმა ო წავების
„ცბიერი ცეკვა მკათათვის ღამეობით სავსე მთვარე
გამოკიდული შავი მურყანის ბოძის თავზე
ხარობს ბებერი თახვი კაცი გარ-
შემოიკრებს შთამომავლებს
ის წყალზე დგას
ზედ მაგრად
ატყაპუნებს კუდით (ამბობს)
„ძველო მტერო
„წავო
„უხუცესი მისტიკური
„ძუძუმწოვრების სიონური ამერიკის
„გრძელწვერების
„წმინდა რაბინული
„საბჭოს ვიგვამის სახელით
„მე ვიცხოვრე ჩემი წინა ცხოვრება მიწისქვეშ
„აწ ახალი მზისკენ მივეშურები
„ტომობრივი გვირვინოსანი (ამბობს თახვი)
„მე ყვერებს გაღეჭავ
„მე გადარჩა
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.