შეწყვეტა





პოეზია

შეწყვეტა




წესრიგი
 
მან უთო მესამედ გადაუსვა იდეალურად სწორ პერანგს,
როცა დაკარგა საოცნებო სამსახური,
მოწმინდა სუფთა იატაკი, როცა გაშორდა ცოლი,
გაასუფთავა მტვრისგან წიგნების ყდები,
როცა შვილმა გაისეირნა ახალ მამასთან,
დაახარისხა ნაგავი უახლესი სტანდარტებით,
როცა შემოაკლდა მეგობრები,
დილას მეზობლებმა აარიდეს თავი,
საღამოს გაწმინდა ფანჯრები და გააქრო აბლაბუდები,
ღამით შეაწუხა სახლის პატრონმა და გადასვლა სთხოვა,
დილით ხუთჯერ დაივარცხნა თმა და საცხოვრებელი შეიცვალა,
ახალი ნაცნობები ფიქრობდნენ, რომ მას წესრიგი უყვარდა,
მაგარამ ის უბრალოდ სხვა ფორმით ოცნებობდა.
 
 
 
შეწყვეტა
 
სანამ ყველაფერი ადრეა და დრო გეკუთვნის,
სითეთრე, სადაც შენი სული დაისადგურებს-
რომელიმე გაჩერებზე ვაგონიდან გასვლისას
აღმოაჩენ, აღარაფერია წინა დღის მსგავსი,
მოულოდნელად არაფერი აკავშირებს 
სითეთრეში ჩამარხულ ამ ადგილს
შენს უახლოეს ან რამენაირ წარსულთან.
 
მოძრაობის წრიული მცდელობა, 
მუდმივი განმეორებებით და მცირე განსხვავებებით,
როგორც წესი, არაარსებითით,
შენი ადგილი იქ არ არის, სადაც ყველა ზის
და ელოდება თავის რიგს 
ნაცნობ დროს მიწიდან ამოსასვლელად.
 
ისუნთქე ხმამაღლა და მარტომ,
როგორც ამას გააკეთებდა ყველა
შენს ადგილას მყოფი,
ცხოვრების რომელიმე
მიუვალ მომენტში მაინც:
მაშინ, როცა მდინარეს აყოლებდი 
ნახევრად დამწვარ ფურცლებს,
რომლებიც არ იყო შენი,
სხვების სიტყვებიდან გამოპარული
სიმშვიდის ყოველი სტუმრობისას.
ყოველი ჩასუნთქვა სავსე იქნება
სხვისი სახლის ფანჯრიდან მონაბერი
ნელთბილი და უცხო სულით.
 
 
 
დღის ბოლო
 
წარუმატებლობის შიშით ჩაბნელებული
იღებ სიამოვნებას. დღის სიმწარე-მუქი შოკოლადი,
ძალდატანებულ დასვენებას ეხმარება აზრი, 
რომ არც ერთი შენი შეცდომა და არც ერთი უაზრობა
არ იქნება სამყაროსთვის უცხო და გასაკვირი,
ვერც ერთი ადრეული ჩაძინება, სახელის გატეხა,
დროის დავიწყება, ხასიათის დილიდან გაფუჭება,
ნივთების დაკარგვა, არასწორი გამომეტყველება
ვერ დაგტოვებს მარტოს, ბევრი ხარ სხვებთან,
მაგრამ იქნებ ერთ ოთახში ყოფილიყავით,
ან ერთ დროში მაინც.
 
 
 
*
 
უმთვარო ღამემ დაფაროს აუშენებელი სახლი,
ჩემი ფანჯრიდან რომ მოჩანს
და ძილის წინ გაგონილმა მანქანების მოულოდნელმა ხმაურმა
შეავსოს ჩვენს საუბარში ჩამოვარდნილი პაუზა, 
ერთმანეთს ვხედავთ და ვერაფერს ვამბობთ,
ჯერ კიდევ მთლიანად ვჩანვართ.
სიტყვები დიდი ხანია სიზმრებში აწყობენ
შეუზღუდავ თავსატეხებს,
მრავლდებიან თავაშვებული ორგიებით,
იცვლიან საცხოვრებელ ადგილს,
გადადიან ერთი ტყიდან მეორეში, 
ამზადებენ ახალ განსაცდელებს გაღვიძებისთვის,
როცა საღამო აენთება და ოთახს გაათბობს,
ვნახავ სათქმელებს, როგორ ჩაიკარგებიან 
მიმქრალ ნაკვერჩხალში 
ახალი ტერიტორიების შემოსასაზღვრად.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.