თუთიყუშები





პროზა

თუთიყუშები




                                                            
                                                                                       
                                                                                        ეძღვნება სისულელეს, რომელსაც ერთ დროს
                                                                                        ერაზმუსმა ხოტბა შეასხა, არადა მან არაფერი
                                                                                        უწყოდა საკუთრივ ქართული სისულელის
                                                                                        შესახებ.                                                                                 

                                                                                       
მ ო ქ მ ე დ ი   პ ი რ ნ ი

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მ ა მ ა   თ ე დ ო
შ ო რ ე ნ ა, მდივან-რეფერენტი
მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა, ქორეპისკოპოსი
ქ ო რ ო, ეპისკოპატი (სინოდი)
პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
თ უ თ ი ყ უ შ ი   შ ი ო
ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა   მ წ ე რ ა ლ ი
მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
მ ე უ ფ ე   პ ე ტ რ ე


პ რ ო ლ ო გ ი

სცენის სიღრმეში მოსჩანს ეკლესია. სცენის მარცხენა მხრიდან საუბრით შემოდიან მამა თედო და დიაკვანი ტიტე. შუაში ჩერდებიან. მამა თედოს ჩვეულებრივი სლავური სამღვდელო შესამოსელი ანაფორა აცვია, თავზე სლაური სკუფია ახურავს, ხელში კრიალოსანი უჭირავს, კისერზე კი დეკანოზისთვის განკუთვნილი ოქროს ჯვარი ჰკიდია. ტიტეს, ინფანტილურსა და ეგზალტირებულ ნეოფიტს, დიაკვნის თეთრი სტიქარი აცვია.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
... ჩემო მოძღვარო,
რა გადაწყდა ერთი მითხარი,
შეასმინეთ წმინდა კრებულს ჩემი წადილი,
რომელიც ადრე აღსარების დროსაც გიამბეთ?

მ ა მ ა   თ ე დ ო
ეჰ, ჩემო ტიტე, როგორ მომწონს შენი ამაღლებული მეტყველების მანერა, არაპოეტურად ერთი წინადადების წარმოთქმაც კი არ შეგიძლია, როგორი აღტყინებული ხარ (მხარზე ხელს მოუთათუნებს, შეხედავს და ჩაეცინება).

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ჩემო მამი, რომც შემძლებოდა მაინც ასე ვიმეტყველებდი,
განა ძალმიძს წმინდა საგნებზე ვულგარული ენით ვიუბნო?

მ ა მ ა   თ ე დ ო
კარგი ტიტე, გაგეხუმრე, ნება შენია (გაეღიმება).

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ო, ჩემო მამი, კითხვაზე რომ პასუხს არა მცემ,
ალბათ რაღაც ისე ვერ არის?!

მ ა მ ა   თ ე დ ო
არა, ტიტე, არა. შენი ნება გამოვუცხადე მღვდელმთავართ. კომიისიის წევრებს ვუთხარი, რომ გსურს რაც შეიძლება მალე გაკურთხონ მღვდლად, რადგან შენ ამას იმსახურებ. ისიც ვუთხარი რომ რეკომენდაციას გიწევ, როგორც ჩემს სულიერ შვილს და ჩემი ეკლესიის კარგ მსახურს.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტიტე
და რაო მამი, რა ინებეს წმინდა მამებმა?

მ ა მ ა   თ ე დ ო
ასე თქვეს, ეკლესიას ამ პერიოდში სერიოზული პრობლემები აქვს და ამ საკითხის განხილვა ცოტათი გადავდოთო. მანამდე ტიტეს გადაეცი, საბუთების შეგროვება დაიწყოს, ის მღვდელი აუცილებლად გახდებაო.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
რა საბუთების, ჩემო მამი, ერთი მითხარი.

მ ა მ ა   თ ე დ ო
ცოტა უხერხული კია, ჩემო შვილო, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმალური მხარე. როგრც ჩვენი ერთი გამოჩენილი მწერალი ამბობს, „ჯერ საქმეა წესი...“ უფრო სწორად „ჯერ წესია წესი...“ თუ როგორც არის. მოკლედ, უნდა წარადგინო: პირადობის მოწმობა, ნათლობის მოწმობა, დიაკვნის მოწმობა, ჩემი სარეკომენდაციო წერილი (ეგ უკვე გადავეცი), ცნობა ფსიქიატრიულიდან...

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(აღშფოთებილი)
ოი, წმინდაო სამებავ, ცნობა ფსიქიატრიულიდან!
კი მაგრამ, ეგ რა საჭიროა?!

მ ა მ ა   თ ე დ ო
როცა ვეკურთხე მაშინ ამ ცნობას არავინ ითხოვდა, ახლა რა საჭიროა მეთქი? სწორედ ეს ვიკითხე კომისიის სხდომაზე...

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მერე მამი?

მ ა მ ა   თ ე დ ო
მერე ქორეპისკოპოსმა კობამ წამოიძახა: როგორ კაცო, 21-ე საუკუნეში ახალგაზრდა კაცს მღვდლობა გადაუწყვეტია და ფსიქიატრიულის ცნობა არ წარმოვადგენინოთო? დაიხოცნენ სიცილით კომისიის წევრები, თმცა ეკლესიაში დაშვებული სიცილის საზღვრებს არ გასცდენილან. (ტიტე მოიღუშა. საცოდავად ჩაქინდრა თავი).
ამ საბუთის აღების ამბავს ეშველება, მაგრამ უფრო რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(მყისიერად თავს მაღლა ასწევს და აღელვებული წამოიძახებს)
კიდევ რა? კიდევ რა პრობლემის, ჩემო მოძღვარო?!
(თავს ისევ დახრის)

მ ა მ ა   თ ე დ ო
რა და მეუფე კობამ სხვა საბუთის წარდგენაც მოითხოვა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(უფრო მეტად აღელვებული, თავს კვლავ ზემოთ ასწევს, ხელსაც შემართავს და შესძახებს)
კიდევ რა? კიდევ რა საბუთის, ო, ჩემო მამი?!
(ისევ ჩაქინდრავს)

ამ დროს სცენის მარჯვნიდან ჩქარი ნაბიჯით შემოდის მკაცრი გარეგნობის შუახნის ქალბატონი. ამათ დანახვაზე უცებ შედგება და დააკვირდება. პაუზა. მამა თედო მოწიწების ნიშნად ლამის სკუფიას მოიხდის, მაგრამ მიხვდება, რომ მღვდლისთვის ამგვარი საქციელი შეუფერებელია და ნახევრად მოხდილ ქუდს ხელს შეუშვებს, ისე, რომ ქუდი სასაცილოდ ოდნავ შეტრიალებული რჩება.

ქ ა ლ ი
(რაღაცნაირი მკაცრი სახითა და იუმორით)
აჰ, სხდომა გაქვთ სასულიერო პირებს, ჩემო ოქროს თევზებო? სურვილი მაქვს თვენთან!

მ ა მ ა   თ ე დ ო
ბრძანეთ ქალბატონო შო... (ოდნავ დაიბნევა) ქალბატონო მდივან-რეფერენტო, გისმენთ.

შ ო რ ე ნ ა
ახლა სწორედ საპატრიარქოში გავრბივარ, მგონი ცოტა დამაგვიანდა კიდეც, ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, ერთ-ერთი თქვენიც არის, გამომყევით. (მოძრაობას აგრძელებს სცენის მარცხენა მხარეს. მამა თედო, ისე რომ ტიტესკენ აღარც კი იხედება, ძუნძულით მისდევს. კულისებიდან ისმის შორენას ხმა) თქვენ კი, დიაკვანო ტიტე... თვენთან დაკავშირებით  მოგვიანებით ვიმსჯელებთ.  

ტიტე მარჯვენა მხარეს, ავანსცენაზე მხრებაჩეჩილი, ხელებს წინ გამოსწევს, თავს ზეცისკენ შემართავს და დაიწყებს:

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
არადა გუშინ დიდი ტაძრის საკურთხეველში, ოქროპირის ტერფს რომ ვემთხვიე, გული სულიწმინდით ამევსო და მქონდა ხილვა, წმინდა მამა თეთრ სამოსში გამომეცხადა და აღმითქვა: ჩემო ტიტე, რატომ დარდობ მღვდლად კურთხევისთვის? ზეცაში უკვე კურთხეულიც ხარ და გამორჩეულიც, დედამიწაზე კი რა მნიშვნელობა აქვსო. ვაგლახ, რომ არ შემიძლია იმის განჭვრეტა, რაც ცაში ხდება, მე დედამიწის კვერცხი მირჩევნია ზეციურ ქათამს!

(შეტრიალბედა და ასე მხრებაჩეჩილი სცენას მარჯვენა მხრიდან დატოვებს.)


პ ა რ ო დ ო ს ი

სცენაზე შემოდის შავი კვართით შემოსილი ქორო. ეპისკოპატი. 12 ეპისკოპოსი. შავ კვართებზე ოქროსფერი მცირე ომოფორები აქვთ მოსხმული და ერთმანეთში ლაპარაკობენ. ყაყანია. სცენის სიღრმეში ილანდება სკამზე ჩამომჯდარი რამდენიმე მღვდელი, მათ შორის სასაცილოდ ქუდმოქცეული მამა თედო. უცებ სცენის მარჯვენა მხრიდან, მეუფე (ქორეპისკოპოს) კობასთან ერთად, ცარიელი ფურცლით ხელში, ჩნდება შორენა. ეპისკოპატი ჩუმდება და მისკენ მიტრიალდება. საუბრის დროს ცალი ხელით ფურცელს ჰაერში მსუბუქად აფრიალებს.

შ ო რ ე ნ ა
ეს კაცი (თითს მამა თედოსკენ გაიშვერს) იძულებულს გვხდის, ეპისკოპოსად დავნიშნოთ!

ქ ო რ ო
დავნიშნოთ! დავნიშნოთ! დავნიშნოთ!

შ ო რ ე ნ ა
გადამრევთ თქვენ მე, დავნიშნოთ კი არა, გამოვარჩიოთ!

ქ ო რ ო
გამოვარჩიოთ! გამოვარჩიოთ! გამოვარჩიოთ!

შ ო რ ე ნ ა
მე წინააღმდეგი არა ვარ, მგონი იმსახურებს კიდეც. თანაც დაწერილია: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სდომებიაო, მაგრამ ცნობა?.. (ფურცელს ააფრიალებს) ცნობის ფურცელი ხომ...

ქ ო რ ო
ცნობა! ცნობა! ცნობა!

შ ო რ ე ნ ა
რამდენჯერ უნდა გითხრათ, ნუ მაწყვეტინებთ-მეთქი...

ქ ო რ ო
(კვლავ აწყვეტინებენ) მეთქი! მეთქი! მეთქი!

შ ო რ ე ნ ა
(კმაყოფილი, უჩვეულო კეთილგანწყობილი გაბრაზებით გაჰყვირის)
ეეეეეე! თუთიყუშები ხართ რა! თუთიყუშები და მეტი არაფერი!
(დემონსტრაციულად ჩაიქნევს ცარიელ ფურცლიან ხელს და მარჯვენა მხრიდან ჩქარი ნაბიჯით გადის, ისე რომ მეუფე (ქორეპისკოპოსი) კობა ძლივს ეწევა. ფეხებში ანაფორა ებლანდება).

ქ ო რ ო
(მაინც გააგრძელებს) თუთიყუშები! თუთიყუშები! თუთიყუშები!

დარაზმული ეპისკოპატი ჯარისკაცებივით მწყობრად მარჯვენა მხრიდან ტოვებენ სცენას, თან იმეორებენ რეფრენივით: თუთიყუშები! თუთიყუშები! თუთიყუშები! ხმა ნელ-ნელა მიილევა დაბოლოს შეწყდება. სცენა ცარიელდება და უცებ მარჯვნიდან ქორეპისკოპოსი კობა და შორენა სცენაზე ბრუნდებიან.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მართლა მოკვლას უპირებდნენ თუ შენ გააჩალიჩე?

შ ო რ ე ნ ა
აზრზე არა ხარ ხომ, რა ხდება? (ჩაეცინება).

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰო, მაგრამ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ათასი თვალია ჩვენკენ მომართული, შეიძლება ახლაც გვისმენენ (პირჯვარს გადაისახავს).

შ ო რ ე ნ ა
ჩვენმა უშიშროების კაცმა დამირეკა, აქ ყველაფერი დალაგებულია, კაი სროკს მიარჭობენო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგია, იმსახურებს! სახარების მიხედვით, გაფიქრება ქმედების ტოლფასია.

შ ო რ ე ნ ა
ისე, მართლა რო მოეკლათ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ხომ არ უბერავ, მართლა როგორ უნდა მოეკლათ?!

შ ო რ ე ნ ა
ზოგჯერ ვფიქრობ, იმ იდიოტს მართლა განზრახული ხომ არ ჰქონდა-მეთქი მთავრის მოწამვლა (ორივე გაიცინებს)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ღმერთმა დაიფაროს (კვლავ პირჯვარს გადაიწერს) ჩვენი წმინდა მამა, მხსნელი, უკანასკნელი ჟამის ახალი მოციქული უფლისა, მთავარეპისკოპოსი თბილისისა, მცხეთისა, ცხუმ-აფხაზეთისა და სრულიად საქართველოისა. (მცირე პაუზა.) ისე, მართლა რომ მოეკლათ?

შ ო რ ე ნ ა
ვის უნდა მოეკლა, იმ იდიოტს?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
არა. აი ვთქვათ წმინდა მიქელ-გაბრიელს. აუუუ, რა მგდომარეობაში აღმოვჩნდებოდით ბოზი შ...

შ ო რ ე ნ ა
(აწყვეტინებს) კარგი რა, მხედრიონელი აღარ ხარ, ბოლობოლო საპატრიარქოს ქონებას განაგებ!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰო, ზოგჯერ მაინც წამომცდება ხოლმე. მრევლთანაც შევრცხვი რამდენჯერმე. არა, მართლა რომ მიიძინოს უფლისმიერი ძილით ჩვენმა წმინდა მამამამ, რა ვქნათ? სდიე მერე ამდენ ბრიყვს ცალ-ცალკე. ანდერძის ამბავი სასწრაფოდ მოსაგვარებელია.

შ ო რ ე ნ ა
ჰო, მაგ ბრიყვებში ბევრი მოღალატეა. რა ვქნა აღარ ვიცი, ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ ვერ შევასმინე. ორანჟერეაში ჯდომასა და საგალობლების ღიღინში ატარებს დარჩენილ ცხოვრებას, არაფერი აღარ აინტერესებს.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
უნდა დავაინტერესოთ. რამე მოიფიქრე.

შ ო რ ე ნ ა
მოფიქრებული მაქვს. მგონი ეს ჩვენი ბოლო შანსია.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რა მოიფიქრე?

შ ო რ ე ნ ა
შიო!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რაა?

შ ო რ ე ნ ა
რა და შიოს უნდა დაველაპარაკო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
შიო ვინ ჯანდაბაა?

შ ო რ ე ნ ა
ვინ და პაპას თუთიყუში.

(პაუზა. კობა გაკვირვებული უყურებს და მხრებს აიჩეჩავს. შორენა განაგრძობს)

შ ო რ ე ნ ა
ხომ იცი, მაგას თავის თუთიყუში, აი, იქ ორანჟერეაში რომ ჰყავს, ყველას ურჩევნია, სულ ელაპარაკება, ამბობს, არავის აღარ ვენდობი, ეს არის ჩემი ნამდვილი მეგობარი, დარდის გამზიარებელიო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგი რა! თუთიყუში არა იხვი (გაეცინება).

შ ო რ ე ნ ა
შენ იცინე და ქორეპისკოპოსი რომ ხარ სწორედ შიოს დამსახურებაა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ეგ როგორ? მოყევი აბა.

შ ო რ ე ნ ა
როგორ და, როდესაც რაღაცას ვთხოვ და არ მისმენს, საღამოობით შევიპარები ხოლმე ორანჟერეაში, ვუმეორებ და ვუმეორებ შიოს სათხოვარს, ასე გრძელდება კვირაობით, მერე ერთხელაც, როდესაც ეს საკითხი პაპას აღარც კი ახსოვს, თუთიყუში ჩაილაპარაკებს, ეს გაიგონებს, განცვიფრდება, დამიძახებს და მეუბნება, ზეცის სასწაულია, ჩიტმა მომიტანა ამბავი, ესა და ეს მითხრაო. მეც ვეუბნები, ჭეშმარიტად ღვთისგან არის, ერთხელ ვირიც ხომ აალაპარაკა, აუცილებლად დაუჯერე-მეთქი და ყოველთვის ასრულებს. შენს სახელსაც ასე ვუმეორებდი. ხომ იცი, პაპა ხევისბერივით ცრუ მორწმუნეა (ირონიულად ჩაეცინება).

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვააა, გადარევ ადამიანს, რიშელიე და ტალეირანი შენთან შედარებით სასაცილო თოჯინები არიან, ბოზი შვილ...

შ ო რ ე ნ ა
(აწყვეტინებს) კარგი რა, რამდენჯერ გითხრა, აკონტროლე საუბრის მანერა, ქორეპისკოპოსი ხარ ბოლობოლო!

(ამ დროს სცენაზე მარცხენა მხრიდან შემოვა ადამიანი. კობასთან მივა, ცალ ფეხზე დაიჩოქებს, ხელზე ემთხვევა და ეტყვის: დამლოცე მეუფეო! კობა დაჩოქილს თავზე ხელს დადებს: ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო! ეს ადამიანი სცენას მარჯვენა მხრიდან დატოვებს)

შ ო რ ე ნ ა
აგერ, რომ გეუბნები ფრთხილად-მეთქი. ჰო, მართლა, იმ ორ ანთებულ იდიოტს რა ვუქნათ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვის გულისხმობ?

შ ო რ ე ნ ა
აი, იმათ რა, მამა თედოს და მის მოწაფეს.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
აააა, ჰო, მახსოვს. ტიტეს საკითხი კომისიაზე დააყენა პატივცემულმა, კარგად კი გავერთე... ტიტე იქით იყოს და თავად მაგ ცოლგანაქცევ ასკეტ ასკლეპიოსზე რას ფიქრობ, გვიღალატებს? (იცინიან)

შ ო რ ე ნ ა
(სწრაფად უპასუხებს) აბა რას იზამს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი კაცია. მომეწონა ასკეტი ასკლეპიოსი (გაეცინება).

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მაშინ რაღას ველოდებით, გამოვარჩიოთ და ვაკურთხოთ. ის ტიტე კი რაღაც არ მევასება როჟაზე, სამჯერ მყავს ნანახი, ცოტა გავაწვალოთ.

შ ო რ ე ნ ა
გავაწვალოთ, მე თანახმა ვარ.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კომისიაზე ისეთი საბუთების წარდგენა მოვთხოვე, რომ მგონი დიდი განსაცდელი მოვუწყვე მოსწავლისა და მასწავლებლის რწმენას (იცინიან).

შ ო რ ე ნ ა
დონ-კიხოტსა და სანჩოს ეპისკოპოსობა და მღვდლობა მოუნდომებიათ. უნდა იგრძნონ, რომ ქრისტეს გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი, ეკლიანია. იდეისთვის ზოგჯერ ქარის წისქვილებსაც უნდა ებრძოლო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
იგრძნონ, იგრძნონ. შენ თუთიყუშის საქმეს მიხედე, მაგათ მე მოვუვლი, ბოზი შვილ...

შ ო რ ე ნ ა
(აწყვეტინებს) ეჰ, არა შეჯდა მწყერი ხესა, თუ როგორც არის. მოკლედ, დავიშალეთ, დრო ცოტა გვაქვს, საქმეს მივხედოთ (და ორივენი სცენას ტოვებენ მარცხენა მხრიდან).


 

პ ი რ ვ ე ლ ი   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

სცენის შუაში, უკანა მხრიდან, ეკლესიის ღია კარიდან გამოდიან მამა თედო და დიაკვანი ტიტე. შორიდან ისმის ზარების ხმა. ღვთისმსახურება ეს ესაა დაასრულეს. ტაძართან ახლოს, იქვე ეზოში სცენის შუა ნაწილში სკამზე ჩამოსხდებიან. მამა თედოს თეთრი სლავური კვართი აცვია, ფეხებთან შემოვლებული ოქროსფერი არშიით. კისერზეც შესაფერისი ოლარი აქვს ჩამოკიდებული, მკერდზე კი ოქროს ჯვარი ჰკიდია, რომელზეც მარცხენა ხელი მტკიცედ უკიდია. ტიტეს დიაკონის მოიისფრო შესამოსელი აცვია, მარცხენა მხარზე შესაბამისი გინგილა აქვს გადაკიდებული.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ო, ჩემო მამი, რა მადლია ასეთი თქვენზე,
რა დიდებულად წარიმართა ღვთისმსახურება!
და მერე სიტყვა,
ქადაგება იყო ისეთი...
რას შევადარო?
ენა დაშვრა, გული გამხნევდა.

მ ა მ ა   თ ე დ ო
ჩემო შვილო, შენი დამსახურებაც არის ასეთი ლამაზი რომ გამოვიდა ლიტურგია, ისეთი ენთუზიაზმით მონაწილებდი, ისეთი აღტყინებული... როგორც წმინდა გრიგოლ პალამა იტყოდა, ღვთაებრივი ენერგიებით ამავსე.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ის რა კარგად თქვი, ჩემო მამი:
ეკლესიაში სნეულებამ შემოაღწია,
სიფხიზლე ჰმართებს ყოველ ქრისტიანს.
თუ არ ვიმკურნალეთ თავად ქრისტე მოიკვეთს სნებოვან ნაწილს,
ჯანსაღი ნაწილის გადასარჩენად
და ძალიან დიდი და მტკივნეული იქნება ეს ქირურგიული ჩარევაო!
განა მარლთლაც განსაცდელში არ არის ჩვენი დედა ეკლესია?
უფლის სხეულს ქაჯები შემოსევიან,
ცხვრის ფორმაში ჩაცმული მგლები.
ქრისტეს მისტიკური სხეული დასნეულებულია:
„კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი
ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ!“

მ ა მ ა    თ ე დ ო
რა კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი, დიდ რწმენას ვხედავ შენში, ჩემო ტიტე!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ეჰ, ჩემო მამი,
თქვენ კი ხედავთ ჩემში დიდ რწმენას,
მაგრამ იქ ზევით (თითს ეკლესიისკენ და თან ზეცისკენ შემართავს)
ყველა ასე როდი მიყურებს:
„ტლუმ გაიხარა, თავის თავს ვერ ცნობს, მეორე ტლუში,
მართალი კაცი ჩაგრული და პირაკრულია“.
(ამ დროს გულის ჯიბის საკინძეს გაიხსნის, ფურცელს ამოაძვრენს და მამა თედოს გაუწვდის)
აგერ მამიკო, ის საბუთი საგიჟეთიდან:
მეუფე კობას განსაგმირად სულ-ჯანმრთელი ვარ!

მ ა მ ა   თ ე დ ო
(ჯვარს ხელს გაუშვებს. ფურცელს გამოართმევს, ათავლიერებს და ჩაილაპარაკებს):
ეს ძალიან კარგია, ჩემო ტიტე, ოღონდ არასაკმარისი.
(ფურცელს დაკეცავს და მარცხენა ხელის მუჭში მოიქცევს)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(თავაწეული) რა ჩემო მამი? კიდევ რაა? კიდევ რამეა?
(მოიხრება. თავს ხელებში ჩარგავს. იდაყვებს მუხლებზე დაილაგებს და ჩაფიქრდება)

მ ა მ ა   თ ე დ ო
ძალიან კი მეუხერხულება ამის თქმა, ჩემო შვილო, მაგრამ მეუფე კობამ თქვა, რაღაცნაირი მანერები აქვსო...

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ნაზად წარმოთქვამს) ო, ჩემო მამი, რანაირი რაღაცნაირი?

მ ა მ ა   თ ე დ ო
რა ვიცი, მამაკაცისთვის შეუფერებლი, მეტისმეტად დახვეწილი და უცნაურიო. და შემდეგ მოაყოლა: რადგან ეკლესიაში ათასგვარმა სნეულებამ და ბიწიერებამ შემოაღწია...
(თავს ასწევს და ომახიანად იტყვის): მოკლედ, ჩვენ, ვისაც მღვდლობა ან ეპისკოპოსობა მოგვიწადინებია პროქტოლოგის ცნობა გვჭირდება!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ჯერ მამა თედოს ბოლომდე სიტყვაც არ აქვს დასრულებული, ტიტე თავს ზემოთ ასწევს, ხელებსაც აღმართავს და აღშფოთებული სასაცილოდ წამოიძახებს. შესაძლოა მამა თედომ კარგად ვერც გაიგონა):
პირზე ხომ გვადევს,
ნუთუ ტრაკებზეც ბოქლომები უნდა დაგვადოთ? - ჩემო რეზიკო!!!
(თავს ისევ ხელებში ჩარგავს)

მ ა მ ა   თ ე დ ო
(მხარზე ხელს დაადებს და გაოგნებული პათეტიკუტურად მიუგებს)
ხო მშვიდობაა, ჩემო შვილო, ასე ძალიან რამ აგაღელვა?! თან ასეთი ბილწსიტყვაობა შენგან არასდროს მომისმენია! ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომესმა-მეთქი? კარგად ვერც გავიგონე. (მოულოდნელად ტონს შეიცვლის) და რეზიკო ვინ არის?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(პაუზა. პასუხს ჯერ არ სცემს. ტრანსშია. მერე ნელ-ნელა თავს ზემოთ ასწევს, მამა თედოს შეხედავს და დაიწყებს):
არა, მამაო, არ მოგესმათ,
ვთქვი, ის, რაც არ ვთქვი!
ან შესაძლოა სულ პირიქით
არ ვთქვი ის, რაც, ვთქვი!
ან: არ ვთქვი რაც, არ ვთქვი!
მემგონი უფრო:
ვთქვი ის, რაც ვთქვი!
(ამ დროს მამა თედო ცნობას ფსიქიატრიულიდან ხელახლა გაშლის, ჩააშტერდება და გაკვირვების ნიშნად მხრებს აიჩეჩავს)
(ტიტე ფეხზე წამოვარდება და აგრძელებს):
მოკლედ, მამაო, აი, რა ვთქვი,
მაინტერესებს:
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის, თუ, თუ...?
(და კვლავ წამოიძახებს)
ნუთუ საჯდომებს ბოქლომები უნდა დავადოთ?!
„აი, რატომ აღარა აქვს ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,
აი, ამიტომ, რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს!“ - ჩემო რობიკო!!!
(ამას იტყვის და თან ნელ-ნელა მარცხენა მხარეს კულისებისკენ დაიძვრება, მამა თედო გაშლილი ფურცლით ხელში გაჰყვება და გულუბრყვილოდ ეკითხება)

მ ა მ ა   თ ე დ ო
ხომ მშვიდობაა, ხომ კარგად ხარ, ტიტე, შვილო? ...და ვინ არის რობიკო? (გადიან)


მ ე ო რ ე   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

(ამ დროს სცენაზე მარჯვნიდან მდივან-რეფერენტი შორენა და მეუფე კობა შემოდიან. შორენას ხელში ბიბლია უჭირავს)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
იყავი შიოსთან?

შ ო რ ე ნ ა
დიახ, გახლდი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მერე რაო შიომ?

შ ო რ ე ნ ა
საქმე ცუდად მიდის. თუთიყუშიც რომ აგიმხედრდება, მაგის დედაც... მეც გინება დამაწყებინე.
ვერაფერი შევასმინე, ჩემი ფეხები.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რას ჰქვია ვერ შეასმინე, უხეშად მოგმართა? (გაეცინება)

შ ო რ ე ნ ა
შენ იღადავე და რამდენჯერაც გავუმეორე „მოსაყდრე“ იმდენჯერ „არა“-თი მპასხობდა. (შორენა თუთიყუშის მიბაძვით გაიმეორებს) ვეუბნები: „მოსაყდრე“, „მოსაყდრე“, „მოსაყდრე“, მპასუხობს: „არა“, „არა“, არა“.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რა ხდება, აზრზე ვერ მოვდივარ.

შ ო რ ე ნ ა
ვერ ხვდები ხომ? უნდა დაამუნჯო ეს შიო შენ რომ ქორეპისკოპოსი გაგხადა. რა ხდება და ჩვენამდე ვიღაცას უმუშავია, ვიღაცამ ტვინი გამოურეცხა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბა
ტვინი გამოურეცხა? (გაეცინება)

შ ო რ ე ნ ა
და იცი ვინ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვინ?

შ ო რ ე ნ ა
როდესაც იმედგაცრუებული გამოვბრუნდი და კარი გამოვაღე, მოულოდნელად მომაძახა: „მეუფე პეტრე“, მეუფე პეტრე“-ო! ალბათ ჩვენამდე დაიარებოდა ორანჟერეაში... და ამანაც წამოაყრანტალა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
პეტრე? მაგას მოვუტ...

შ ო რ ე ნ ა
(აწყვეტიბს) კარგი ახლა, მაინც ღვთის მსახურია.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ეგ ისეთივე ღვთისმსახურია, როგორც მე...

შ ო რ ე ნ ა
(კვლავ აწყვეტინებს) ჰო, დაახლოებით ერთი დონე ხართ (გაეცინება).

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
სასაცილოდ გვაქვს საქმე? მერე რა მოიმოქმედე?

შ ო რ ე ნ ა
რა და გათენდა თუ არა მამამთავართან გავეშურე.

მ ე უ ფ ე   კ  ო ბ ა
პაპასთან?

შ ო რ ე ნ ა
ჰო. და ვუთხარი: ჩემო მამა და წმინდანო, ესქატოლოგიური ჟამის უკანასკნელო მოციქულო, წუხელ სიზმარი ვნახე, რომელმაც ძალიან ამაღელვა და აუცილებლად მინდა გიამბო, რადგან თვით ანგელოზმა, რომელიც გამომეცადა, მითხრა, დიდ ივერიელ მამას უამბე, მხოლოდ მას ძალუძს ამ სიზმრის ახსნაო. ჰოდა, ორანჟერეაში კრესლოში ზის აუღელვებლად, არც განძრეულა, თვალები დახუჭული აქვს, - მიამბეო, - მშვიდად ჩაიბუტბუტა. კი მეუხერხულება ჩემო უნეტარესო, მაგრამ წმინდა სერაფიმები მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი იდგნენ ჩემს წინაშე, ამ დროს თქვენც გამოჩნდით, თითქოს მათ უახლოვდებოდით, ერთი ხელი ერთისკენ გქონდათ გაშვერილი, მეორე კი - მეორისკენ. ისინი გეუბნებოდნენ, მანამდე ვერ ჩაგჭიდებთ ხელს და ვერ შეგიყვანთ წმინდა სასუფევლის წიაღსა შინა სანამ მანდ დედამიწაზე უკანასკნელ საქმეებს არ მოაგვარებო. თქვენ კი ჯიუტად მიილტვოდით მათკენ, ისინი კი განილტვოდნენ თქვენგან... და ამ ჭირვეულობის დროს საშინლად გატანჯულს გამომეღვიძა და თქვენთან გამოვიქეცი ამ ყოველივეს სათქმელად-მეთქი. კვლავ არ განძრეულა, მშვიდად მომიგო, როგორც ვატყობ სიზმარს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ჩემგან რაღაცის მოგვარებას მოელიან იქ მაღლა და ამის გამო ნეტარებაზე უარს მეუბნებიან. ვერ ვხვდები რა უნდათ. საპატრიარქოსთან არსებულ სიზმრების ახსნის დეპარტამენტის სპეციალურ კომისიას მიმართე და დასკვნა წარმოადგინეო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მერე რა ქენი?

შ ო რ ე ნ ა
რას ვიზამდი, იმ დღესვე გავემართე დეპარტამენტში. ხომ იცი იქ თავმჯდომარედ ჩვენი ერთი „ოქროს თევზია“. სასწრაფოდ დამიწერეს დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ამ პროვიდენციული სიზმარის მიხედვით მიქელ-გაბრიელი პატრიარქისგან ღირსეული მემკვიდრის დასახელებას მოითხოვსო. ფურცელი ავიღე და სასწრაფოდ გავეშურე ორანჟერეაში. წამიკითხეო, მომიგო. მეც წავუკითხე. ირონიულად გაიღიმა, მანამდე ასეთი არასდროს მინახავს და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ შიომ მოულოდნელად ჩამოგვძახა: „გამოცხადება ოცდაერთი რვა“, „გამოცხადება ოცდაერთი რვა“, „გამოცხადება ოცდაერთი რვა“... აღარ ჩუმდებოდა, ჰოდა, პაპამ მოულოდნელად ამომხედა და მითხრა: ჩემო შორენა, შიო ყოველთვის სიმართლეს ამბობს, იცი რა წერია ბიბლიის წიგნის ამ ნაწილში? არა, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი, ჰოდა წადი და ნახეო. რაღა მექნა, ხელზე ვემთხვიე და გაწბილებული წამოვედი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მერე და რა წერია მაგ დაწყევლილ მუხლში?

შ ო რ ე ნ ა
(ცივად გაუწვდის ბიბლიას)
აჰა და თავად ნახე.

(მეუფე კობა წიგნს გამოართმევს, გადაშლის, ფურცლავს და ფურცლავს, ხან სად და ხან სად... ეძებს მუხლს და ვერ პოულობს ვერაფრით. ხან წაღმა უჭირავს წიგნი და ხან უკუღმა, თხა და გიგოსავითაა. შორენა წიგნს ხელიდან გამოჰგლეჯს)

შ ო რ ე ნ ა
ნეტა ცხოვრებაში ერთი მუხლი თუ მაინც წაგიკითხავს, გადაგიშლია საერთოდ?
(სწრაფად იპოვის მუხლს, მიაწვდის, თან იმ ადგილზე თითი უდევს)
აი აქ, წაიკითხე.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(ხმამაღლა ბორძიკით კითხულობს)
ყოველთა ცრუთა ხვედრი ცეცხლის ტბაშია... - რისი თქმა უნდა იმ ბრიყვ თუთიყუშს, ცრუები ვართ და ჩვენი ხვედრი გეენაშია?

შ ო რ ე ნ ა
კარგი რა, იმან რა იცის, ესეც მეუფე პეტრეს ამბავია. სასწრაფოდ უნდა ჩავაგონოთ შიო-თუთიყუშს, პაპას მარტო მაგის სჯერა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰოდა, გააგრძელე მერე მუშაობა, ცოტა დრო კიდევ გვაქვს.

შ ო რ ე ნ ა
ჰო, მართლა, იმ ორ იდიოტს რა ვუყოთ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვინ ორ იდიოტს?

შ ო რ ე ნ ა
აი, იმათ რა, ასკეტ ასკლეპიოსსა და მის მოწაფეს?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
უჰ, ეგენი სულ დამავიწყდა. ამ დღეებში ვაპირებთ კომისიის სხდომის გამართვას და მაგათაც დავუძახებთ, ვნახოთ რა საბუთებს წარმოადგენენ ბიჭები.

შ ო რ ე ნ ა
ძალიან არ გააწვალო, რწმენას ნუ დაუნგრევ უმანკო მტრედებს. (გაეცინებათ)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვნახოთ როგორ წარმოადგენენ თავს სხდოამზე.
(სცენიდან გადიან)


მ ე ს ა მ ე   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

სცენის მარჯვენა მხარეს, ორ რიგად, ჩნდება პირველი ნახევარგუნდი. ეპისკოპატის ნაწილი. შვიდი ეპისკოპოსი. რომლის წინა რიგში, ორი ეპისკოპოსის შუაში, ქორეპისკოპოსი იაკობიც დგას. უკანა რიგში ოთხნი დგანან. სცენის სიღრმეში ხის გრძელი სკამი დგას, სადაც თავჩაღუნული ახალგაზრდა მწერალი კაცი ზის. თავს მაღლა არ სწევს. უცებ მარცხენა მხრიდან აღელვებული შორენა შემოვარდება. ხელში ორი წიგნი უჭირავს, ლაშა ბუღაძის „მესამე სართული“ და ოთარ ჯირკვალიშვილის „კანფეტი“

შ ო რ ე ნ ა
გახსოვსთ ეს ვიგინდარა? (ხელს ჩამომჯდარი მწერლისკენ გაიშვერს)

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ვიგინდარა! ვიგინდარა! ვიგინდარა!

შ ო რ ე ნ ა
(რუსულად ჩაილაპარაკებს) ტალანტლივი ნო სვოლაჩ!

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გარეწარი! გარეწარი! გარეწარი!

შ ო რ ე ნ ა
(გაბრაზებული) ნუ მაწყვეტინებთ!
აი, ამან (სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდისკენ მიტრიალდება და ხელს გაიშვერს, თან წიგნს აღმართავს და თითს უკაკუნებს) დაგვიწერა მაშინ „პირველი რუსი“, ჩვენი სიწმინდეები შეურაცხჰყო და კარგადაც ვაზღვევინეთ. როგორც ჩანს თანამოაზრეებიც გამოსჩენია (შემობრუნდება. ახლა მეორე წიგნს „კანფეტს“ გადაფურცლავს, ჩახედავს და ირონიულად ჩაილაპარაკებს), ეკლესიის მტრები!

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
მტრები! მტრები! მტრები!

შ ო რ ე ნ ა
(ხალხისკენ მიტრიალდება)
ამბობენ, რომ ჩვენ ახლა ერთ-ერთი ვიგინდარას ინტერესებს ვემსახურებით, მის პიესაში ვმონაწილეობთ.

(პაუზა. უხეხრული დუმილი)

შ ო რ ე ნ ა
ისე, საერთოდ ნათქვამია, რომ სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი მსახიობები ვართო, მაგრამ „არა ძვირფასო უილიამ, სამყარო სამყაროა, თეატრი თეატრია!“ (უცებ პირველი ნახევარგუნდისკენ მიტრიალდება), არ მეთანხმებით?

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გეთანხმებით! გეთანხმებ...

შ ო რ ე ნ ა
(აწყვეტინებს)
მართლა თუთიყუშები ვიქნებოდით, განგება რომ გვიგეგმავდეს ყველაფერს და (ირონიულად) არც მე ვიქნებოდი ასეთი წარმატებული (ხალხისკენ მოტრიალდება): თქვენი წყალობით, მეგობრებო, თქვენი წყალობით!

(შემდეგ ლაშა ბუღაძის წიგნის ფურცვლას დაიწყებს, იქიდან ფურცელი გადმოუვარდება, აიღებს, გაშლის, ჩახედავ და იტყვის)

შ ო რ ე ნ ა
მამა თედო, მამა თედო, რა გაგიმართლა! ექიმის მიერ გაცემულ ცნობაში ყველაფერი რიგზეა.
გამოვარჩიოთ?

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გამოვარჩიოთ! გამოვარჩიოთ!

შ ო რ ე ნ ა
და ბარემ ვაკურთხოთ კიდეც, სამომავლოდ შეიძლება წმინდა სინოდში სწორედ მისი ხმა იყოს გადამწყვეტი. ვენდოთ?

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ვენდოთ! ვენდოთ! ვენდოთ!

შ ო რ ე ნ ა
ძალიან კარგი. შემოიყვანეთ!

(ამ დროს სცენის სიღრმეში გამოჩნდება მამა თედო. ბერის შავ შესამოსელშია გამოწყობილი. თავზე კუნკულ-ბარტყული ახურავს. ეპისკოპოსების ნახევარგუნდთან მივა. ქორეპისკოპოს კობას წინ დაიჩოქებს. კუნკულს მოიხდის და იქვე დადებს. მეუფე კობა თავზე ხელს დაასხამს და ამაღელვებლად შესძახებს)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ღირს არს! - აქსიოს!

პ ი რ ვ ე ლ ი   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

(შორენა ხელით ჟესტს გააკეთებს და ნახევარგუნდი და მამა თედო (ახლა უკვე მეუფე) მარჯვნიდან ტოვებენ სცენას. რჩებიან შორენა, კობა და ის ყმაწვილი სკამზე)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ეს ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ იმ ამბავზე რა ხდება?

შ ო რ ე ნ ა
ტელევიზორს არ უყურე?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
აღარ ვუყურებ, მომბეზრდა ლანძღვის მოსმენა, სულ ერთი და იგივეს გაიძახიან: „ფარსი“, „დადგმული სპექტაკლი“ და ა. შ.

შ ო რ ე ნ ა
წეღან არ ვამბობდი, რომ ყველაფერი სპექტაკლია? დიდი ამბავი ერთი ჩვენც თუ დავდგით. მგონი ურიგო რეჟისორები არ უნდა ვიყოთ, რას იტყვი? (გაეცინებათ)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰო, პაპას სკოლა... აღარ იტყვი რა მოხდა?

შ ო რ ე ნ ა
რა და მკვლელობის მცდელობისთვის ცხრა წელი მიარჭვეს. ახლა უკვე მთელი სინოდი ჩვენს მხარეზეა, მილოცავენ, გეგონება ბოროტი დედოფალი იზებელი ვიყო. (გაეცინებათ) ეპისკოპოს პეტრეს თუთიყუშის იმედიღა აქვს.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ვერ გადმოიბირე?

შ ო რ ე ნ ა
პეტრე?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რა პეტრე, თუთიყუში.

შ ო რ ე ნ ა
არ გამახსენო. მთელ ღამეებს ორანჟერეაში ვათენებ, ვუმეორებ და ვუმეორებ მოსაყდრე, “მოსაყდრე“, მოსაყდრე“, ისიც გაიძახის: „სირცხვილი“! „სირცხვილი“! „სირცხვილი“! მაგრამ მგონი შევასმინე.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მართლა?

შ ო რ ე ნ ა
გუშინ პირველად წამოაყრანტალა „მოსაყდრე“, მანამდე სულ „არა“, „არა“-ს გაიძახოდა. ახლა მთავარია პაპას ჩამოსძახოს მაღლიდან და სინოდის სხდომაზე წამოაყრანტალოს, ეგ ხომ ყველა სხდომას ესწრება.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(პირჯვარს გადაიწერს)
დიდება უფალს!

შ ო რ ე ნ ა
(ხელებს აღაპყრობს, ზეცას ახედავს) ამინ!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მოკლედ, შენ მუშაობა გააგრძელე, ხვალ კომისიის სხდომა მოვიწვიე, მეუფე ასკლეპიოსის მოწაფის საქმე უნდა განვიხილოთ, საბუთები მოუგროვებიათ.

შ ო რ ე ნ ა
მერე რას აპირებ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
საბუთებს უკვე გავეცანი, მგონი ცოტა ხნით კიდევ დავატორმუზებ, ტიტე ბერკეტია, შვილივით უყვარს ასკლეპიოსს, თორემ ხომ იცი როგორ ხდება ხოლმე?

შ ო რ ე ნ ა
როგორ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
როგორ და ადამიანი თავისას რომ გაინაღდებს, გიკიდებს.

შ ო რ ე ნ ა
მაგ სიბრძნეს მხედრიონში ეზიარე? (გაეცინება)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(ცინიკურად) არა, საპატრიარქოში.

შ ო რ ე ნ ა
კარგი, წავედი შიოსთან. შენ სხვა გზით წადი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მოიცა. ამას რა ვუქნათ (ხელს სკამზე ჩამომჯდარი მწერლისკენ გაიშვერს), რომ ჩამომჯდარა აქ და ისმენს ყველაფერს?

შ ო რ ე ნ ა
მოვიშოროთ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კიდევ რამე არ დაგვიწეროს (გაეცინებათ)

შ ო რ ე ნ ა
ნეტაი შენ, წეროს და იკითხოს, ვინ უსმენს. მწერლების სერიოზულად აღქმა არც შეიძლება, რეალობას მოწყვეტილი ხალხია.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგი, კარგი, წავედით.

(ერთი მარჯვნიდან დატოვებს სცენას, მეორე - მარცხნიდან. ის ახალგაზრდა მწერალი (ლაშა ბუღაძე) ფეხზე წამოდგება. მაყურებლის მიმართულებით დაიძვრება. ავანსცენიდან გადახედავს ხალხს, თვალს მოავლებს დარბაზს. მიაშტერდება. პაუზა. მხრებს აიჩეჩავს, ხელებს გაასავსავებს, ცოტა ხანს შედგება და ასე გაოგნებული სცენას მარჯვნიდან დატოვებს. გასვლისას, ოდნავ შეყოვნდება, შემობრუნდება და ცოტა დაბნეული წმოიძახებს)

მ წ ე რ ა ლ ი
საქ… საქარ... საქართველო!
(და გადის)


მ ე ო თ ხ ე   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

(სცენაზე შემოდიან მამა (ახლა უკვე მეუფე) თედო და დიაკვანი ტიტე)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
...მადლობა ღმერთს, ეპისკოპოსად გაკურთხეს!
გატანჯულია სული ჩემი, ჩემო მეუფ...
(უცებ შეყოვნდება, შეხედავს და განაგრძობს)
წინააღმდეგი ხომ არა ხართ მეუფის ნაცვლად კვლავაც მამა რომ დაგიძახოთ?
(პასუხს არც ელოდება, საუბარს აგრძელებს)
ამ კომისიის შეკრებამდე,
სწორად გამიგე, ჩემო მამი,
აღსარება მინდა წარმოვთქვა.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
გისმენ ტიტე, რა გაგჭირვებია, განა ჩვენი მამა-შვილური ურთიერთობა მთლიანად აღსარება არ არის, ხან შენ მიზიარებ, ხან მე.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ეგ კი, მამაო, მაგრამ რასაც ახლა გაგიმხელ
თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და
არასოდეს გამიმხელია.
ეპიტიმია, მინდა მამი, ეპიტიმია! გთხოვ, დამსაჯე! (მოულოდნელად ბუქვნას დაიწყებს. ორჯერ ჩაბუქვნის შემდეგ თედო შეაჩერებს და წამოაყენებს)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მზად ვარ გისმინო და, და დაგეხმარო კიდეც, თუკი რამე შემეძლება, ჩემო ტიტე.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(მოიხრება, მამა თედო კი ხელს დაადებს თავზე)
ო, ჩემო მამი, ურწმუნოება მტანჯავს, დიდი...

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(შეაწყვეტინებს) ურწმუნოება? არა მგონია, რაღაცას აზვიადებ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ოჰ, ჩემო მამი, ნეტავი კი ვაზვიადებდე,
როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?!

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მაინც რაში გამოიხატება შენი ურწმუნოება?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
აი, მაგალითად, მაგალითად... ღმერთო საიდან დავიწყო?
მეხსიერებავ, ახლა უნდა იჩინო თავი.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მაგალითად?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მაგალითად. მაგალითად ის, ჩემო მამი,
რომ აღდგომას, იერუსალიმის დიდებულ ტაძარში
ცეცხლის გარდამოსვლის ზეციური წარმომავლობის არ მჯერა!

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(თითქოს გაუკვირდა) როგორ, არ გჯერა რომ სასწაულია?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ჩუმად ჩაილაპარაკებს) რა ვქნა, არ მჯერა.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(სასაცილო ინტონაციით) მერე რა, მაგის არც მე მჯერა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
რაა?

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ჰო, ეგ უბრალო საკრამენტული რიტუალია, ღვთისმსახურების ნაწილია, ჩვეულებრი.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(დარბაზს მოავლებს თვალს და ხელს)
და ხალხს რომ სჯერა?

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
სჯეროდეთ, მაგით რა შავდება, ან თუ არ უნდათ ნუ დაიჯერებენ, ვინ ეხვეწებათ. მთავარია ქრისტესი და სახარების სჯეროდეთ, სასწაულზე დამოკიდებული რწმენა ქვიშაზე აშენებული სახლივითაა, სწრაფად ინგრევა. კიდევ რა გაწუხებს, ჩემო ტიტე?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
კიდევ, კიდევ რა?
ღმერთო ჩემო, შენ მომაგონე,
დღე მიიწურა, ვგრძნობ, რომ მწუხრი მიახლობდება...
კიდევ აი ეს, ჩემო მამი, ღმერთი მიშველის...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფიზიოლოგიური ნეშომპალა ვარ.
(თან ამასობაში გულის ჯიბიდან ფურცელს ამოაძვრენს, ნელ-ნელა გახსნის და მცირე ხნით ჩააშტერდება)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ეგ რა არის, შვილო, ტიტე?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ეჰ, დავიღუპე, ჩემო მამი,
დამღუპა ჩემმა დავიწყებულმა ძველმა ცოდვებმა.
განა ბავშვები მართლა ისეთი უმწიკვლონი არიან,
რაცას ხალხი მათზე ფიქრობს?
(თან ფურცელს დაჰყურებს)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ბავშვებზე მხოლოდ კარგს ამბობს წმინდა წერილი. თუ გახსოვს უფალმა რომ ბრძანა: გამოუშვით ბავშვები ჩემთან, მათნაირების არის ცათა სასუფეველიო?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მახსოვს, მეუფევ, როგორ არა, რა დამავიწყებს,
მაგრამ ისიც მახსოვს „ძველი აღთქმიდან“
წინასწარმეტყველმა ელისემ, რომ შეაჩვენა ორმოცი ბავში,
ტყიდან გამოსულ მშიერ დათვებს დააგლეჯინა!
იცი მამაო, იმ ორმოც ბავშვთაგან ერთი მე ვიყავი.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
კარგად ვერ ვხვდები ჩემო ტიტე, რისი თქმა გინდა, იმ ორმოცდაორ ბავშვში შენ როგორ იქნებოდი?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ერთი ამბავი მინდა გიამბო, ჩემო მოძღვარო,
და ეს ეხება ჩემი ცხოვრების უბედურ ხანას,
ჩემს რთულ ბავშვობას.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მიდი, მიამბე.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(მონოლოგი)
ჩემი ცხოვრების დასაწყისში, როდესაც მამა მომიკვდა და
პატარა ბავშვი სოფლის შარაზე დამწუხრებული მივაბიჯებდი
(მამაჩემი სახლში ესვენა), უცნაური რამე გადამხდა.
გზად მეზობელი წამომეწია და ასე მითხრა:
ტიტე, არ გინდა რომ მოინათლო, ექვსის ხარ უკვე?
და ამიტომაც ვუთხარი მე წამს... (ღმერთო, რას ვამბობ, რა შუაშია!)
წამს კი არა და მაშინ ვკითხე პირველად ჩემს თავს:
ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საერთოდ რა სისულელეა...
მოინათლები და ედემის მწვანე მდელოებზე გაიჩით...
უი, რას ვბოდავ, ჩემო მამი, დაბნეული ვარ, გაორებული!
(ფურცელს დახედავს)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ნუ დაიბნევი ჩემო ტიტე, აღელვებული ხარ, ბავშვობის შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერია.  მერე რა მოხდა, განაგრძე.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე 
რა და ნათლიად შემირჩიეს მამაჩემის ძველი ძმაკაცი,
რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ღირსების მქონე.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
რატომ? რა დააშავა ეგეთი?


დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
გურჯაანის ვაზისუბანში,
ბებრიჭამიას წმინდა საყდრისკენ მიმავალ გზაზე
მაშინ, როდესაც გულისფანქცალით
პატარა ბავშვი მოსანათლად ვემზადებოდი...

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(აწყვეტინებს. ოდნავ საყვედურის ტონით)
ტიტე, მესმის რომ აღელვებული ხარ, მაგრამ თუ შეგიძილია მეტყველების ეგ პოეტური სტილი ცოტა ხნით დაივიწყე და ჩვეულებრივად ისაუბრე. რა მოხდა გზაში?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(პოეტურ ტონს მოიშორებს. ბუნებრივად ამბობს)
რა და ეს იდიოტი ნათლიაჩემი მთელი გზა მეხვეწებოდა, ეკლესიაში, როდესაც მღვდელი შენკენ გადმოიხრება წვერები დააწიწკნეო. არ მეშვებოდა: დააწიწკნე, დააწიწკნე წვერიო.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მერე რა ქენი?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(მონოლოგის დროს ფურცელს დაკუჭავს და მუჭში მოიქცევს)
მამას მეგობარს გაოგნებული შევყურებდი და ვკანკალებდი.
არადა მიმტკიცებდა, სხვანაირად ნათლობას აზრი არ ექნება, სამოთხეში ვერ მოხვდებიო.
ხმა არ ამომიღია. (ტიტე საუბრის ძველ სტილს იბრუნებს)
და ჩვენ შევედით ბებრიჭამიას წმინდა საყდარში,
მღვდელმაც დაიწყო ნათლობის მაცხოვნებელი საიდუმლოს აღსრულება.
აღელვებული და მოცახცახე ბავშვის გულუბრყვილო თვალებით ავყურებდი ზორბა წვეროსანს, რომელსაც ჩემთვის სამოთხის კარი უნდა განეხვნა,
და როგორც კი ჩემსკენ გადმოიხარა, მირონის შუბლზე საცხებლად,
იმ სიმაღლეზე, თითქოს ეშმაკმა ამახტუნაო... წვერზე ჩამოვეკიდე...
ძლივს მომიშორა, მთელი მრევლი ეხმარებოდა.
ძლიერ აღშფოთდა, აღრიალდა და შემაჩვენა.
წყეულიმც იყავ, მკრეხელობა, მკრეხელობაო, - გაიძახოდა!
კიდევ კარგი, რომ დათვი დიდი იშვიათობაა
გურჯაანის მეჩხერ ტყეებში, თორემ ელისესავით მოუხმობდა და...
დღემდე მომყვება ის წყევლა, მამი, რა ვქნა, არ ვიცი!

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
დამშვიდდი, ტიტე, მაშინ ბავშვი იყავი, ბევრი რამ არ გესმოდა. გულუბრყვილოდ დაუჯერე მამაშენის მეგობარს. ეგ ცოდვა შენ არ მოგეკითხება. ყველაფერი კომუნისტების ბრალია, იმათ ჩათესეს ხალხში ათეიზმი და დამცინავი დამოკიდებულება მღვდლების მიმართ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ეგ მე ვერ მანუგეშებს, ჩემო მეუფევ.
(დაუჩოქებს და ფეხებზე შემოეხვევა. ახედავს)
დაწყევლილი ვარ, დაწყევლილი და ვერავინ ამხსნა ეს წყევლა.
როგორც ბორკილი სხეულს ბოჭავს და თან ამძიმებს, ისე ადევს ჩემს სულს ეგ წყევლა.
ძლიერი სულის კვეთებულის ლოცვა მჭირდება!
მამა აკაკის უნდა ვესტუმრო, მეტეხის წმინდა ეკლესიაში,
მსმენია ეშმაკებს დევნისო.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(ტიტეს ფეხზე წამოაყენებს. ხელებს თავზე დაადებს და შთაგონებული შესძახებს)
უფლის მიერ ჩემთვის მონიჭებული ძალაუფლებით, ვამბობ: მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, დაე, მოგეტევოს ეგ ცოდვა და მოგეხსნას წყევლა, ამინ!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(შესძახებს) აბბა მამი! (და ხელებს დაუკოცნის)
თიქოს რაღაც მძიმე ლოდი მოსწყდა ჩემს სულს, თავს მსუბუქად ვგრძნობ,
მაგრამ, ჩემო მამი, ის რიტუალი ბოლომდე ვერ აღსრულდა და დღეს ისიც კი არ ვიცი მონათლული ვარ თუ არა. მგონი ერთადერთი ვარ მართლმადიდებლურ სამყაროში, ვინც ნახევრად მოინათლა.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
შენ როგორ გწამს შინაგანად, მონათლული ხარ?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მონათლული ვარ.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
დაე ეგრე იყოს, მონათლული ხარ, ამინ!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ამინ, მამაო, ამინ! მაგრამ იმ დღისა და წყევლის შემდეგ
ჩემი ცხოვრება გაუკუღმართდდა და ესეც მინდა წვრილად გიამბო.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მიდი, მიამბე.


დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ჩქარი ნაბიჯით ტაძრიდან გამოსულს, ხედვა მიმძიმდა.
არ ვიცი სოფლამდე გზა როგორ გამოვიარე,
რადგან უფროსებს მეტი აღარ დავლოდებივარ,
გამოვიპარე და გამოვიქეცი.
მოვრბოდი, ვერაფერს ვგრძნობდი და ვერ ვამჩნევდი.
ირგვლივ ყველაფერი ნისლის ნამქერში ჩაიძირა.
ექვსი წლის ღლაპი, ღმერთს ავუჯანყდი და ნუგეში მჭირდებოდა.
ჩემს სოფელში, „ვაზისუბანში“, ერთი უფროსკლასელი მეგობარი მყავდა,
რომელმაც ერთხელ სკოლის დერეფანში გერმანული ფანქარი მაჩუქა და დავმეგობრდით.  მასთან მივედი...
იმ დღის შემდეგ განსაკუთრებულად დავმეგობრდით. განსაკუთრებულად.
ვმეგობრობდით და ვმეგობრობდით.
წლები გავიდა. მე მღვდლობა გადავწვიტე, ყველა ცოდვა მოვინანიე, ყველაფერი.
კვლავ ვინანიებ, ჩემო მამი, სულ ვინანიებ, მთელი ცხოვრება მოვინანიებ!
(ხელში ჩაკუჭულ ფურცელს გახსნის, გაასწორებს და მამა თედოს გაუწვდის)
აგერ, აი, ეს, ჩემო მამი. აგერ, აი, ეს.
ხმამაღლა წაიკითხე, რომ დავიტანჯო და რომ დავმდაბლდე.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(ფურცელს გამოართმევს. ჩააშტერდება და ხმადაბლა წაიკითხავს)
ექიმი პროქტოლოგის დასკვნა: პაციენტს აღენიშნება სწორი ნაწლავის დაზიანება. ანალური არხის კავერნოზული სხეულების ჰიპერპლაზია. სფინქტერის სპაზმი. ანალური ნაპრალი.
(ფურცელი ხელიდან გაუვარდება)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(სწრაფად ხალხისკენ შემობრუნდება)
დამთავრდა. მორჩა. აღარ ვარსებობ.
ვინღა დაუშვებს აწი ჩემს მღვდლობას!
მე თქვენ მოგმართავთ ჩემო მსგავსებო,
ნუ შესთავაზებთ ღმერთს მეგობრობას.
(დაიყვირებს: ეპიტიმია! და კვლავ ბუქვნას დაიწყებს. თედო ისევ შეაჩერებს მხარზე ხელი დადებით)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
შვილო ჩემო, იესო ყველასთვის შეეწირა და ღმერთთან მეგობრობა ყველას შეუძლია. შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება, სანამ მღვდლობას მოინდომებდი, ვგულისხმობ იმას რომ... (დაიბნევა)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
რას გულისხმობ, ჩემო მამაო?

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
რას და, ცოტა კი მეუხერხულება, შეყვარებული თუ გყოლია, ქალებს როგორ აღიქვამდი?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მეზიზღებოდნენ! გული მერეოდა მათზე.
ულამაზესებზეც კი, რას გვანან-მეთქი, გავიძახოდი.
და ამის გაგონებაზე ერთხელ რა მირჩია იცით იმ ბოროტმა ნათლიაჩემმა?
ხშირად დაირებოდა ჩვენთან, ოჯახის მეგობარი იყო.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
რაო, რა გირჩია? კარგს რას გირჩევდა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
მართალი ხარ, წმინდა მამაო, კარგს რას მირჩევდა!
მაგრამ გაოგნებული ვარ, რატომ მჯეროდა ყოველთვის მისი.
საოცარი დარწმუნების უნარი ჰქონდა.
ახლა მკვდარია, ვენახში მძინარეს ტრაქტორმა გადაუარა.
მითხრა: ტიტე, თუ გსურს ქალის სილამაზის აღქმა ისწავლო, ბევრი წიწაკა ჭამეო.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(უნებლიედ გაეცინება. სწრაფად შეიკავებს თავს)
მერე რა ქენი, დაუჯერე?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ვერ წარმოიდგენ, ჩემო მამი, რამდენ წიწაკას ვჭამდი იმ დღის შემდეგ.
ვჭამდი და ვჭამდი. სწორი ნაწლავის მდგომარეობა გავიუარესე,
მაგრამ სამაგიეროდ ქალის სილამზის აღქმა ვისწავლე.
შეყვარებულიც მყავდა, ულამაზესი, რომელიც შემდეგ რომელიღაც მონასტერში აღიკვეცა და ამან საბოლოოდ მეც მიბიძგა მღვდლობისკენ.
ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ახლაც მონაზონია?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
დიახ, მამაო, მონაზონია.
წლებია უკვე აღარ მინახავს.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მორჩა ტიტე შენი აღსარება, თუ კიდევ რამე გაქვს სათქმელი?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ჩემი აღსარება მარადიულია, წმინდა მამაო,
ჩემს მონანიებას დასასრული არა აქვს, მაგრამ ახლა კი, მორჩა.
მე, ფიზიოლოგიური ნეშომპალა, ცოდვილი სული,
ვერც შემოგკადრებ მაზიარე-მეთქი.
ეპიტიმიას ველოდები შენგან მამაო,
ისეთ სასჯელს, რომ თვით სიზიფეს სიზმრადაც არ მოლანდებია!

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
დაწერილია: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი.
(რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს და სცენის კუთხიდან, ისე რომ მაყურებლები აქამდე ვერ ხედავდნენ, ბარძიმს აიღებს. ცალ ხელს თავზე დაადებს დაჩოქილ ტიტეს და იტყვის)
მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით: მოგეტევა ცოდვები. აჰა, დალიე, ეს მისი სისიხლია, რომელიც შენი ცოდვებისთვის დაიღვარა (მოასმევინებს და ფეხზე წამოაყენებს).
ახლა კი განწმენდილნი წარვდგებით კომიის სხდომაზე. მეც იქ ვიქნები, როგორც დამსწრე. წავედით. (ტიტე ხმას აღარ იღებს. მეუფე თედო დაიხრება, ძირს დაგდებულ ფურცელს აიღებს. დაჰყურებს. თან მარცხენა მხარეს მიდიან. შემდეგ გასვლისას ტიტეს შეხედავს და ეტყვის)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
მაინც რა არის ფიზიოლოგიური ნეშომპალა, ჩემო ტიტე? (და მარცხენა მხრიდან გადიან)


პ ა რ ა ბ ი ს ი ს ი  
(კომისიის სხდომა) 

სცენაზე ჩნდება გრძელი ხის მაგიდა და მასზე ორივე მხრიდან ვერტიკალურად მიმდგარი  გრძელი ხის სკამები. ერთ მხარეს ზის კომისიის თავმჯდომარე მეუფე კობა, უკან ერთ რიგად უდგას ექვსი ეპისკოპოსისგან შემდგარი მეორე ნახევარგუნდი. კობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორი სასულიერო პირი ზის, ჩვეულებრივ სამღვდელო ფორმაში გამოწყობილი. მოპირდაპირე მხარეს სხედან მეუფე თედო და ტიტე. ტიტე, რომელსაც იისფერი სტიქარი აცვია, ქორეპისკოპოს კობას უზის პირისპირ.

მ ე უ ფ ე    კ ო ბ ა
(წინ გადაშლილ პაპკაში თავმოყრილი დოკუმენტები ულაგია. იქ იყურება და თან იქექება. ზოგჯერ ახედავს ხოლმე ტიტეს, მეუფე თედოს არ იმჩნევს)
ჩვენ დაწვრილებით გამოვიკვლიეთ შენი პიროვნული და ზნეობრივი მხარეები, შენი ბიოგრაფია, გურჯაანიდან დაწყებული და თბილისით დამთავრებული. დოკუმენტებს კარგად გავეცანით და ბევრ საგულისხმო რაღაცებს გადავაწყდით, აგერ, მაგალითად, აქ წერია, რომ ღალატი შეგძლებია.

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ რ გ უ ნ დ ი
ღალატი! ღალატი! ღალატი!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(აღშფოთებული)
რატომ მაკადრებთ, მეუფეო, რა დავაშავე?
რაში გამოიხატება ჩემი ღალატი?

მ ე უ ფ ე   ი ა კ ო ბ ი
(დოკუმენტს ჩააშტერდება)
იცის შენმა მოძღვარმა, სექტის წევრი რომ იყავი?
(მეუფე კობა ტიტეს შეხედავს, ტიტე კი დარცხვენილი თავს მეუფე თედოსკენ მიაბრუნებს, მეუფე თედო თავს დახრის)
ჯერ მამა-პაპის რელიგიას მართლმადიდებლობას უღალატე და იქ შეხვედი, შემდეგ იმათ უღალატე და ისევ აქეთ გადმობარგდი, დიდი მერყევი ვინმე ჩანხარ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაებს მაკადრებთ.
მე მართლმადიდებელი დიაკონი...

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(აწყვეტინებს)
მოუთმენელი და ცოტა აგრესიულიც ყოფილხარ.

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ გ უ ნ დ ი
მოუთმენელი! მოუთმენელი! მოუთმენელი!
და... და... და...

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(მეუფე კობა ნახევარგუნდს ახედავს და ეტყვის)
რა იყო, ვერ გაიხსენეთ? ცოტა ხანი გაჩუმდით რა, დაგვაცადეთ.

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
(ამასობაში მეუფე თედო ტიტეს მხარზე ხელს დაადებს და ჩაილაპარაკებს)
დამშვიდდი, შვილო ჩემო, ტიტე, მღვდელს, უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არ შეშვენის აღელვება.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(თავს დახრის და მშვიდად ჩაილაპარაკებს)
განა თვით დიდი ნეტარი ავგუსტინე ავრელიუსი ცხრა წელიწადი მანიქეველთა სექტის წევრი არ იყო? შემდეგ გონს მოეგო და დედა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ოჰო, სამაგალითოდ განდგომილ ლათინთა და კათოლიკეთა მამის დასახელებასაც არ ერიდები. ეკუმენისტიც ყოფილხარ. იქნებ ფილიოკვესაც აღიარებ, ყოფილი სექტანტისგან არ გამიკვირდება!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
რას მერჩით მეუფეო, რა დავაშავე,
წმინდა ავგუსტინეს აღმოსავლეთშიც ხომ აღიარებენ.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(აღშფოთებული ფეხზე წამოიჭრება. ის ორი მღვდელიც წამოდგება და აქეთ-იქიდან მხარზე ხელს დაადებენ)
ლიბერასტები, ლიბერასტები, მედასავლეთე სოდომისტი მოდერნისტი თეოლოგები, ეკლესიისა და საქართველოს მტრები! იქნებ მოგწონს კიდეც ეგენი, ჰა?!!

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ლიბერალები! ლიბერალები! ლიბერალები!
მედასავლეთე მამათმავალი მოდერნისტი თეოლოგები, ეკლესიისა და საქართველოს მტრები!
იქნებ მოგწონთ კიდეც ეგენი?! იქნებ მოგწონთ კიდეც?!
მოგწონთ კიდეც?! მოგწონთ კიდეც?! მოგწონთ კიდეც, ჰა? (დარბაზს გახედავენ)

(ისევ დაჯდება სამივე)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(თავს ასწევს და მეუფე კობას შეხედავს)
არა, არ მომწონს ლიბერალები.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კიდევ კარგი, ძლივს რაღაცა მომეწონა. გადამრევს ეს ხალხი ბოზ...
(უცებ გაჩერდება. დაბნეული) ჰო, ჰო... რაზე ვლაპარაკობდით? ნეტარი ავგუსტინე, სექტა და ა. შ.
ეგ მთელი ცხოვრება „მანიქეველად“ დარჩა, ვერაფრით გათავისუფლდა, იქნებ შენც ცხოვრების ბოლომდე აპირებ „იეღოველობას“ და „მასონობას“?

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
მასონები! მასონები! მასონები!
მტრები! მტრები! მტრები!
მასონები! მასონები! მასონები!
მტრები! მტრები! მტრები!
მასონები! მასონები! მასონები!
მტრები! მტრები! მტრები!
მასონები! მასონები! მასონები!
სოროსი! სოროსი! სოროსი!
იეღოველი! იეღოველი! იეღოველი!
მტერი! მტერი! მტერი!
გვართმევს! გვართმევს! გვართმევს!
გვართმევს! გვართმევს! გვართმევს!
გვართმევს! გვართმევს! გვართმ...

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(ახედავს ნახევაგრგუნდს და შეაწყვეტნებს)
ასეთს რას გვართმევენ კაცო?
რაღაცა აურიეთ ახლა თქვენ.
ნუ ჩაიხვევთ ხოლმე, გავიგეთ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ადრეც ვთქვი და კვლავ ვიმეორებ:
მართლმადიდებელი დიაკონი ვარ,
მორჩა, გათავდა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ეგ გასაგებია, მაგრამ... მაგრამ.... (სასაცილო ინტონაციით წარმოთქვამს) ისე, მაინც როგორ ჩაგითრიეს, ჰა? მართლა შაქარზე და ფქვილზე გაცვალე ქართველობა?

პაუზა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგი, ამაზე მოვრჩეთ, სხვა საკითხზე გადავიდეთ.

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გადავიდეთ! გადავიდეთ! გადავიდეთ!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(დოკუმენტების ფურცვლას აგრძელებს)
აგერ აქ წერია, რომ ბავშვობაში ნათლობისას მღვდელს წვერი დააწიწკნე და სული გაუმწარე, მართალია?

პაუზა.
(გაკვირვებული და გაოგნებული ტიტე მეუფე თედოს გახედავს. ის უხერხულად აიჩეჩავს მხრებს და თავს გააქნვს)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
გეკითხები, მართალია?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
საუბედუროდ მართალია, მკაცრო მეუფევ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი წვერის ბღუჯა ახლაც ხელში მიჭირავს.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კიდევ მე ვარ მკაცრი? ჰოდა, ხელში რომ გიჭირავს... იცი როგორ გაუმწარე იმ მღვდელს სული?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(სასაცილოდ ამბობს) ვიცი, დამწყევლა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
წყევლას რომ დასჯერდა და იქვე არ მიგინგრია ცხვირ-პირი მადლობა თქვი!

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ნეტა ვეცემე.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ისე, კარგი ხელი გქონია, ვერაფერს ვიტყვი.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ხელებს წინ გამოსწევს)
ოი, უფალო, რად არ გამიხმე ეს ხელები.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
იცი მერე იმ მღვდელს რა შეემთხვა?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
არა, არ ვიცი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რა და... ჰმ... რა და ქორეპისკოპოსი გახდა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(გაოგნებული. ფეხზე წამოჭრება)
როგორ თქვენ?.. ეს თქვენ იყავით, მკაცრო მეუფევ?
ღმერთო მაღალო დიდება შენ, რომ შემახვედრე!
(სკამზე დაეშვება, თავს ხელებში ჩარგავს და ჩაილაპარაკებს)
მომიტევეთ, ჩემო მეუფევ, გემუდარებით, მაპატიეთ ის მკრეხელობა, წყევლა ამხსენით.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მომიტევე კარგია, ის სიმწარე ახლაც მახსოვს (წვერზე ხელს ჩამოისმევს), ასეთი მეჩხერი წვერი რომ მაქვს, შენი დამსახურებაა, თუმცა რა ხანია მოგიტევე, წყევლაც აგხსენი და ნათლობაც ჩაგითვალე.

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
დიდსულოვანი! დიდსულოვანი! დიდსულოვანი!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(ოდნავ გაინაზება. დარცხვენილი ახედავს ნახევარგუნდს)
კარგით, გეყოფათ. ქრისტიანები ვართ, არ არის საჭირო.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
გმადლობ. მადობა, ჩემო მეუფევ.
დიდი ლოდი ახსენი ჩემს სულს, გავთავისუფლდი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(უფრო სწრაფად გადაფურცლავს საბუთებს)
კარგი, შემდეგი საკითხები უფრო სწრაფად გავიაროთ, მგონი ისეთი აღარაფერია.
(უცებ ერთ ადგილს ჩააშტერდება) აქ წერია, რომ იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის არ გჯერა, მართალია?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ისევ გაოგნებული შეხედავს თედოს, ის კვლავ მხრებს აიჩეჩავს)
საუბედუროდ მართალია, მკაცრო მეუფევ.

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ურწმუნოება! ურწმუნოება! ურწმუნოება!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
განიცდი და ნერვიულ მაინც ურწმუნოების გამო?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ვიტანჯები. ვიტანჯები და ვნერვიულობ.


მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(სასცილოდ ამბობს) მერე რა განერვიულებს, ნეტა მაგ „სასწაულის“ რომელ ჭკუადმყოფელს სჯერა?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
თქვენც, მეუფევ?!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
როგორ გითხრა... მოდი ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. შემდეგ საკითხზე გადავიდეთ: წიწაკა გიყვართ?

პაუზა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ისევ გაოცებული მიაშტერდება მეუფე თედოს. ის კვლავ მხრებს იჩეჩავს)
ო, ღმერთო ახლა რა მეშველება მართლა არ ვიცი,
საიდან იცით მეუფეო ეს ყველაფერი?
მე არაფერი აღარ მინდა ამ ცხოვრებაში,
მცირედითაც კმაყოფილი ვარ.
თუ არ მაკურთხებთ (რაღაცნაირად მოიკუნტება, ხელებს წინ გაიწვდის. თითქოს კალათში ბურთს აგდებსო, უცნაურ მოძრაობას შეასრულებს)
ქრისტეს ჯვართან მნახავთ დავარდნილს,
მთელი ცხოვრება იქ ვეგდები, არ გავინძრევი,
მისთვის შეურცხყოფილი და დამცირებული.
(უცებ მეუფე კობას მიაშტერდება)
მე უმწეო ვარ. თქვენ - სამეფო ძალის მფლობელნი. - წმინდა მამანო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მოიცა კაცო, რამ გადაგრია, ერთი ვიცოდე, შენი წიწაკის სიყვარულის ამბავზე მთელი კახეთი ლაპარაკობდა, მე იქ მღვდელი ვიყავი, დიდი ამბავი თუ ვიცი.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ხელს ჩაიქნევს) ახლა აღარ მიყვარს, ერთ დროს მიყვარდა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰოდა, ჯანმრთელობისთვის ზიანი მიგიყენებია.
(ფურცელს საქაღალდიდან ამოაძვრენს და ჩააშტერდება)
ცოტა უხეხრული კი არის, მაგრამ ხომ იცი, ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა წესი, თუ როგორც არის. მოკლედ, ექიმი-პროქტოლოგის ცნობაში წერია, რომ სწორი ნაწლავი დაზიანებული გაქვს, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს დაზიანება ნორმის ანუ ბუასილის ფარგლებში ჯდება.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(გახარებული წამოიყვირებს)
მართლა, მეუფევ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მართლა. და თან, მახსოვს გურჯაანში ამბობდნენ, ერთი ლამაზი ქალი უყვარს...

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(აწყვეტინებს) რა კარგი მეხსიერება გაქვთ, მართალია, ჩემო მეუფევ, ძალიან მიყვარდა!

მ ე ო რ ე   ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
დიდება უფალს! დიდება უფალს! დიდება უფალს!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(დამჯდარი, ოდნავ მიტრიალდება სცენის მარცხენა მხარეს, ხელს გაიშვერს და ხმამაღლა იტყვის) ეს ხომ არ იყო?
(სცენის მარცხენა მხრიდან ულამაზესი მონაზონი შემოვა და მათ მოუახლოვდება)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ფეხზე წამოიჭრება, უმწეოდ თითს გაიშვერს და ძლივს ამოილუღლუღებს)
ეეეეს... დროთა კავშირი დაირღვა და... ეეს...
(და გული წაუვა. სცენა დაბნელდება. სიბნელეში გაისმება მეუფე თედოს ხმა)

მ ე უ ფ ე   თ ე დ ო
ტიტე, შვილო! წყალი!..
(ჩაბნელებული სცენიდან ყველანი გადიან, რჩება მხოლოდ ტიტე)


მ ე ხ უ თ ე   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

სცენა ნელ-ნელა ნათდება. იწყება მუსიკა. სცენა უნდა იყოს ფეერიული, ოდნავ განათებული, ფანტასმაგორიული. ლამაზ ფერებში. იისფერი სტიქარით შემოსილი ტიტე, სკამზე ზის, მაყურებელი მის პროფილს ხედავს. უნდა შეიქმნას რომანტიკული ზღაპრისა და სიზმრის განწყობა. სცენის სიღრმიდან გამოდის და ნელ-ნელა ტიტეს უახლოვდება ულამაზესი მონაზონი. მიუახლოვდება. დახედავს, ტიტე ახედავს და ჰკითხავს

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
შენ, შენ, რა გქვია?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი
მე? დედა მაია.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
დედა?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
ჰო, დედა. დედა მაია.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
აჰ, ისევ ის სახელი, მაგრამ დედაო?
(დაბნეული) გეხვეწები მითხარ დედაო...

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
რა გაინტერესებს?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ჩვენ, ჩვენ ხომ პოეზია გვიყვარდა, დედაო...
(დაიბნევა)

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
ჰო, გვიყვარდა, ძალიან გვიყვარდა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(სკამიდან წამოდგება)
საკურთხეველთან გელოდებოდი, დედაო,
ქორწილის დღეს უგზოუკვლოდ გადაიკარგე...
ცოლად რატომ არ გამომყევი?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
ცოლად?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ჰო, ცოლად.

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
განა არ იცი, რომ გათხოვილ ქალს
წარსულიდან ეგეთ შეკითხვებს აღარ უსვამენ?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
რაა? გათხოვილი ხარ?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
კი, კი, გავთხოვდი,
რა ხანია გათხოვილი ვარ.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
ბედნიერი ხარ?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
სამყაროში ყველაზე ბედნიერი!

პაუზა.

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(რამდენიმე ნაბიჯით მოშორდება)
და ვის გაჰყევი?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
(მიუახლოვდება)
განა არ იცი, „ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები“?

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
სასძლო ეკლესიაა, მახსოვს,
მაგრამ შენ, შენ ვის გაჰყევი?

მ ო ნ ა ზ ო ნ ი   მ ა ი ა
უფალ იესოს!
(პასუხით გაოგნებულ ტიტეს დედა მაია ტუჩებზე ნაზად ეამბორება და სცენის იმ ნაწილიდან გაუჩინარდება საიდანაც გაჩნდა. დარეტიანებული ტიტე მაყურებლისკენ მიბრუნდება.
მცირე პაუზა.)

დ ი ა კ ვ ა ნ ი   ტ ი ტ ე
(ხმადაბლა)
არარაობავ!.. ბედნიერებავ!..
უფალო იესო, შემიწყალე მე ცოდვილი.
(სცენას დატოვებს)


მ ე ე ქ ვ ს ე   ე პ ი ს ო დ ი ო ნ ი

(სცენაზე ერთდროულად ლაპარაკით შემოდიან შორენა და ქორეპისკოპოსი კობა)

შ ო რ ე ნ ა
რა ქენი, დადგი სპექტაკლი?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რომელს გულისხმობ?

შ ო რ ე ნ ა
კომიისის სხდომას.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ეს იყო დიდებული სანახაობა.

შ ო რ ე ნ ა
მერე რა გადაწყვიტეთ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგად გავერთე. (ამოიოხრებს) ეჰ, რა მსახიობი ვკვდები? (გაეცინებათ)

შ ო რ ე ნ ა
აკურთხე?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
დამცინი?

შ ო რ ე ნ ა
კი

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
გადავდე. ვუთხარი, საბოლოო სხდომა წმინდა სინოდის შეკრების შემდეგ გავმართოთ-მეთქი.

შ ო რ ე ნ ა
თედო მიხვდა?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
დიდი ეშმაკი ვინმეა ჩვენი ასკეტი ასკლეპიოსი, ვითომ გულუბრყვილოა, სინამდვილეში  ყველაფერს მშვენივრად ხვდება.

შ ო რ ე ნ ა
ჰოდა, მხარს დაგვიჭერს, თუ არა და იქნება ტიტე მარადმწვანე დიაკვანი (გაეცინებათ)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მოკლედ, სინოდის სხდომის შემდეგ, როდესაც დიდი მთავრის მოსაყდრის საკითხი გაირკვევა, ტიტესაც ვაკურთხებთ და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. სამომავლოდ ეგეც ჩვენი კაცია. ჰო, მართლა, დიდი მთავარი როგორ არის?

შ ო რ ე ნ ა
გაიყინა!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რაა? რას ჰქვია გაიყინა?

შ ო რ ე ნ ა
რას ჰქვია, რას ჰქვია გაიყინა? აი ეგრე, ზამტარში, თავის დაბადების დღეზე, 85 წლის ასაკში, მეტროს გადასასვლელში გადადიოდა და  გაიყინა (კობას გაოგნებულ სახეს შეხედავს და გაეცინება). კარგი, რა იყო, ვხუმრობ. როგორც ჩანს, არც თანამედროვე პოეზიას იცნობ.
(სახეს დაისერიოზულებს) სინამდვილეში კი პაპა ცუდად არის, იმდენად ცუდად, რომ სხდომას ვერ დაესწრება. დაბერდა.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
წარმომადგენლად ვის გზავნის?

შ ო რ ე ნ ა
გაგიკვირდება და...
აბა, თუ გამოიცნობ.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(შეხედავს შორენას და დააკვირდება მის ცინიკურ გამომეტყველებას. შორენა ფრინველის ფრთებივით გააქნევს ხელებს. კობას გაეცინება)
კაი, ნუ გაატრ...

შ ო რ ე ნ ა
ყოჩაღ! მიხვდი ხომ? ჰო, ჰო, შიოს. თუთიყუში შიო გაახმოვანებს მის პოზიციას სინოდის სხდომაზე.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
და მასთან ხომ კარგად იმუშავე?

შ ო რ ე ნ ა
კი, აბა როგორ. მთელი ამ ხნის განმავლობაში რას აღარ ჩავჩიჩინებდი, მგონი დავიდა მაგის ტვინამდე.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მაგას ტვინიცა აქვს?

შ ო რ ე ნ ა
ჩვენ ეპისკოპოსებზე ბევრად მეტი (გაეცინებათ)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
მოკლედ, შენი წყალობით, ადამიანებიდან დაწყებული და თუთიყუშით დამთავრებული ყველა მეშოკში გვყავს. ტალეირანი და რიშელიე მიმიქარავს, ბოზი შვილ...

შ ო რ ე ნ ა
ჰო, კაი, კაი ახლა, გეყოფა. შენ პატრიარქობის შემდეგაც ვერ შეეშვები გინებას. წავედით, საქმეს მივხედოთ.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
კარგი, წავედით. ხვალ სხდომაა.
(სცენას ტოვებენ)


აგონი

სცენაზე 12 ეპისკოპოსისაგან შემდგარი ქორო გამოდის. ისევე შემოსილნი, როგორც პაროდოსში. მეუფე თედოც მათ შორის არის. ორ რიგად დგანან, ხმას არ იღებენ. სცენაზე ასევე ჩნდება დიდი ოქროს გალია, შიგნით თუთიყუშია. გალია ეკლესიის ფონზე, ქოროს თავზე, უხილავ ძაფზეა ჩამოკიდებული, თითქოს ცაშია გამოკიდებულიო. გალიის ქვეშ, მაყურებლისთვის შეუმჩნეველ ადგილას საშუალო ზომის თეთრი მუყაოს ყუთი დგას. უცებ მარჯვენა მხრიდან აღელვებული შორენა და მეუფე იაკობი შემოვლენ და ქოროს წინ დადგებიან. შორენას კვლავ ფურცელი უჭირავს ხელში, ამჯერად მასზე რაღაცები წერია. ლაპარაკის დროს აფრიალებს.

შ ო რ ე ნ ა
(ხელს წინა რიგში მდგარ მეუფე თედოსკენ გაიშვერს)
გახსოვთ, ამ კაცმა იძულებული გაგვხადა ეპისკოპოსად გამოგვერჩია?

ქ ო რ ო
ვალშია! ვალშია! ვალშია!

შ ო რ ე ნ ა
ვალშია, ოღონდ ჩვენთან კი არა, ქრისტეს ეკლესიასთან.

ქ ო რ ო
ეკლესიასთან, ეკლესიასთან, ეკლესიასთან,
და არა ჩვენთან!

შ ო რ ე ნ ა
მაშ ასე, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი დიდი მამა, უწმინდესი, მთავარეპისკოპოსი სრულიად ირმის ნახტომისა, ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ძლიერ ავად არის, დაბერდა.

ქ ო რ ო
რა გვეშველება! რა გვეშველება! რა გვეშველება!
ღმერთი გვიშველის! ღმერთი გვიშველის! ღმერთი გვიშველის!
პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ!..

შ ო რ ე ნ ა
(გაბრაზებული შეაწყვეტინებს)
თქვენ ხომ არ გადაირიეთ, რაებს ბოდავთ, რა პოლიქრონიონ!

ქ ო რ ო
ვბოდავთ! ვბოდავთ! ვბოდავთ!

(ლაპარაკში უეცრად ქორეპისკოპოსი კობა ჩაერთვება)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ყველამ ვიცით, რომ დღეს სინოდის სხდომაზე განიხილება მთავარეპისკოპოსის მოსაყდრის...

(უცებ თუთიყუში გააწყვეტინებს)

შ ი ო
მოსაყდრე! მოსაყდრე! მოსაყდრე!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
აი, ხომ ხედავთ, თავად დიდი მთავრის წარმომადგენელმა, დროებითმა მოსაყდრემ (ხელს გალიისკენ გაიშვერს) შიომ დაადასტურა, რომ ეს არის დღევანდელი სხდომის მთავარი საკითხი. ის ხომ მის ნებას გამოხატავს.

(უცებ საუბარში ისევ შორენა ჩაერთვება)

შ ო რ ე ნ ა
მოსაყდრის პირდაპირი დასახელების უფლება მხოლოდ დიდ მთავარს აქვს, მისი წარმომადგენელი კი, ვინც მის ნებას გამოხატავს, გალიაშია, გავხსნათ გალია და ვისაც ის დააჯდება, ის იქნება მთავარი მოსაყდრე.

ქ ო რ ო
გავხსნათ! გავხსნათ! გავხსნათ!

(ქოროს, წინა რიგიდან ერთი მაღალი ეპისკოპოსი გამოეყფა, გალიას გააღებს და მეუფე თედოს გვერდზე თავის ადგილს დაუბრუნდება. თუთიყუში შიო გამოფრინდება, სცენას შემოუფრენს, ჯერ ქორეპისკოპოს იაკობს მიუახლოვდება და უცებ, მოულოდნელად იმ ეპისკოპოსს დააჯდება მხარზე, რომელმაც გალიის კარი გაუღო და ჩაილაპარაკებს)

შ ი ო
მეუფე პეტრე! მეუფე პეტრე! მეუფე პეტრე!

(კობა შორენას შეხედავს გაბრაზებული და გაოგნებული)

შ ო რ ე ნ ა
(დაიყვირებს)
მოიცათ! მოიცათ! არა, მეგობრებო, ასე არ გამოვა, ეს უსამართლობაა! მეუფე პეტრემ თავად გაუღო თუთიყუშს კარი და აბა სხვას ვის დააფრინდებოდა შიო, თუ არა იმას, ვინც კარგი გაუხსნა?! ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტას თუთიყუშს ვერ მივანდობთ, მოდით კენჭი ვყაროთ!

ქ ო რ ო
ვყაროთ! ვყაროთ! ვყაროთ!

შ ი ო
არა! არა! არა!

ქ ო რ ო
კენჭისყრა! კენჭისყრა! კენჭისყრა!

(ამასობაში შორენა ფურცელს, რომელიც ხელში ეჭირა, დაკეცავს, ჯიბეში შეინახავს და გალიის ქვემოთ მდგარი ყუთისკენ გაემართება. თეთრი ყუთით ხელში ეპისკოპოსებს ჩამოუვლის)

შ ო რ ე ნ ა
ვაგროვებ ნებას. ჩაყარეთ, ჩაყარეთ თქვენი ხმები, ეპისკოპოსებო,
ოღონდ მოსაყდრედ მკვლელს ნუ ავირჩევთ, წმინდა მამანო...
(ეპისკოპოსები გულის ჯიბიდან დაკეცილ ფურცლებს იღებენ და ყუთში აგდებენ. ბოლოს, შორენა კობასთან მივა და ყუთს გაუშვერს)
შენც ჩააგდე, რა იცი რა ხდება.
(მეუფე კობაც ჩააგდებს დაკეცილ ფურცელს. შორენა ყუთს იქვე დადგამს,
ჯიბეში შენახულ ფურცელს ამოაძვრენს და წაიკითხავს)
მაშ ასე, შვიდი ხმა ექვსის წინააღმდეგ, ერთი ხმით გაიმარჯვა (ხმა აუკანკალდება), ერთი ხმით გაიმარჯვა ქორეპისკოპოსმა კობამ, მოსაყდრე მეუფე კობაა, დიდება უფალს!

ქ ო რ ო
აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!
ღმერთმა გვიშველა! ღმერთმა გვიშველა! ღმერთმა გვიშველა!
აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

შ ი ო
(კვლავ პეტრეს აზის მხარზე)
სირცხვილი! სირცხვილი! სირცხვილი!

შ ო რ ე ნ ა
მოაკეტინეთ ვინმემ ამ თუთიყუშს, ისედაც ბევრი ვალაპარაკეთ. მაგას ისიც ეყოფა, რომ მეორე რიგის მოსაყდრეა. კინაღამ მამამთავარის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ ავირჩიეთ, კაცო.

ქ ო რ ო
მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს!

შ ო რ ე ნ ა
ის მღვდელი, უწმინდესის მოწამვლას რომ აპირებდა, სწორედ მეუფე პეტრეს ადებს ხელს,
ამან დამავალაო.

ქ ო რ ო
კიდევ კარგი! კიდევ კარგი! კიდევ კარგი!

შ ო რ ე ნ ა
(ქოროში მდგარ მეუფე თედოსკენ გაიშვერს თითს)
ერთი ხმით გავიმარჯვეთ, ერთი ხმით, ეს იმას ნიშნავს, რომ... ეს იმას ნიშნავს
(ხელს მოავლებს ქოროს), რომ თქვენს შორის ნახევარი მოღალატეა! ახლა კი დაგვტოვეთ,
თქვენი თუთიყუშიანად!

ქ ო რ ო
(თან სცენიდან გადიან და თან იმეორებენ)
მოღალატე! მოღალატე! მოღალატე!
თუთიყუშები! თუთიყუშები! თუთიყუშები!
თუთიყუშები! თუთიყუშები! თუთიყუშები!
(მეუფე პეტრეს თუთიყუში შიო კვლავ მხარზე აზის და ქოროსთან ერთად ტოვებს სცენას. თუთიყუში, რაღაც მომენტში, აფრინდება, სცენას შემოუფრენს და კულისებში გაუჩინარდება.
ქოროც დატოვებს სცენას.
რჩებიან მხოლოდ ქორეპისკოპოსი კობა და მდივან-რეფერენტი შორენა)

შ ო რ ე ნ ა
კინაღამ არ დაგვღუპა შიომ? ამიტოა რა, თუთიყუშების იმედზე არ უნდა იყო.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰო, შენ რომ არა... შენ რომ არა... ვინ გვყოლია ისტორიაში შენნარი გავლენიანი ქალი. მეორე თამარ მეფე ხარ რა და დაჟე უფრო მეტიც, ბოზი შვ...

შ ო რ ე ნ ა
კარგი ახლა, არ გინდა ეგეთი ლაპარაკი. ერთი ხმით მოვიგეთ, აზრზე ხარ. აი, რომ გეუბნებოდი, თეოდორე ვაკურთხოთ-მეთქი.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჰო, აბა, სულ თეოდორემ მოგვაგებინა რა (გაეცინებათ)

შ ო რ ე ნ ა
დავუფასოთ და ვუკურთხოთ მღვდლად ტიტე, სამომავლოდ ეგეც ჩვენი კაცია.

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ორ დღეში სხდომაა და ვაკურთხებ, ჯანდაბას მაგათი თავი.

შ ო რ ე ნ ა
და მაინც, არჩევენბს ვინ იგებს?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(მხრებს აიჩეჩავს) რა ვიცი, ჩვენ.

შ ო რ ე ნ ა
ეჰ, აზრზე არა ხარ რა, არჩევნებს ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის!

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ჭკვიანურია. დავიმახსოვრებ. თორმეტში ერთი მოღალატეც ბევრია და ცამეტში ექვსი ძალიან ბევრია. ახლიდან გვაქვს საქმე დასაწყები.

შ ო რ ე ნა
დაიწყე მერე, დამწყემსე უფლის ცხვრები, მოსაყდრე შენ რო ხარ ეგეთი უნდა.

(ამ დროს ხმაური, გნიასი და ჩოჩქოლი ატყდება. მარჯვენა და მარცხენა მხრიდან კამერებითა და მიკროფონებით ხელში სცენაზე ჟურნალისტები შემოცვივდებიან. შორენა, ჟურნალისტების დანახვაზე, რომლებიც ყვირიან „ქალბატონო შორენა, ქალბატონო შორენა“-ს, სცენიდან გარბის და გაიძახის, „მე რა შუაში ვარ, მე არაფერი ვიცი, ეგ გაგცემთ პასუხსო“ და სცენას ტოვებს. ჟურნალისტები მეუფე კობას მიესევიან, რომელიც მშვიდად და აუღელვებლად პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს)


ექსოდოსი

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
მეუფე კობა, მართალია, რომ მოსაყდრეთ თქვენ აგირჩიეს?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ნაწილობრივ.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
ეგ როგორ გავიგოთ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
როგორ და მხოლოდ მე არ ვარ მოსაყდრე.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
კიდევ ვინმეა?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
დიახ.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
ვინ არის?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ის, ვინც სინოდის სხდომაზე დიდი მთავრის ნება გვამცნო.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
შეგიძლიათ დაასახელოთ?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
შიო!

(ჟურნალისტებში ყაყანი და ჩოჩქოლი დაიწყება: „ვინ არის შიო? ვინ არის შიო?“, კითხულობენ. „მასზე არაფერი გვსმენიაო“, ამბობენ)

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
არაუშავს, მალე გაიგებთ ვინც არის. არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს.

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
ასე სწრაფად, ერთ სხდომაში, როგორ განიხილეთ და გადაწყვიტეთ მოსაყდრის საკითხი? თან თქვენ ამბობთ, რომ ორი კანდიდატურა ყოფილა გამოსარჩევი?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
ის ერთი ჩემამდე უშუალოდ მთავარეპისკოპოსმა დანიშნა, ხოლო რაც შემეხება მე... (კამერებისკენ შემობრუნდება, ხალხს მიაშტერდება და პრინციპული და დამაჯერებელი ტონით იტყვის) ეკლესიაზე სულიწმინდა მოქმედებს, აქ ღვთის მადლია, ჩემო კარგებო, ამიტომ
ჩვენ, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებთ!

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
კიდევ რამეს ხომ არ გვეტყოდით? შიო სად არის?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
(იმავე ტონში აგრძელებს)
შიოს გალიის კარი გავუღეთ, ის თავისუფალია!

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი
(აწყვეტინებს)
რისი თქმა გსურთ ამით?

მ ე უ ფ ე   კ ო ბ ა
რისი და (გამომწვევად ამბობს),
შიო ჩრდილოეთში გადაფრინდა, ჩვენ გავიმარჯვეთ!
(ყველანი ტოვებენ სცენას).

                                                      ფ   ა   რ   დ   ა   !   !   !


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.