• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ხორხე ლუის ბორხესი - შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი

×
ავტორის გვერდი დავით შერგელაშვილი 15 მარტი, 2019 4501

ამ პოემას (ჰომეროსის პოემების მსგავსად), იშვიათი ბედი ხვდა წილად - ის ზეპირად იციან! უცნაური კანონზომიერების მიხედვით მისი ავტორი შოთა რუსთაველთან ერთად ქართველი ერია, თუმცა საქართველო პოემაში საერთოდ არ ფიგურირებს, რადგან გამოცანაში ერთადერთი სიტყვა, რომელიც არ უნდა გამოიყენო, არის ის სიტყვა, რომელიც გამოცანის პასუხია. "ვეფხისტყაოსანი" დიდი გამოცანა ან პარაბოლაა, სადაც ასეთი პასუხი რამდენიმეა.

               "ვეფხისტყაოსნის" დასაწყისი მაგონებს "მეფე ლირის" დასაწყისს. სამეფოს გადაცემა ქალიშვილზე (შექსპირთან ქალიშვილებზე), იწვევს ქაოსს, ქაოსი კი ახალი კოსმოსით უნდა დასრულდეს  და ა.შ.  ქაოსის და კოსმოსის ლიმინალური რიტუალი სამყაროს ლაბირინთად აქცევს, რომლის სახე პერიოდულად იცვლება, მაგრამ არსი უცვლელი რჩება. წმინდა ავგუსტინე ამ ლაბირინთიდან გამოსავალს ქრისტეში ხედავდა.

               ტარიელმა სრულიად შემთხვევით, მოახლის მიერ ფარდაგის გადაწევისას, წამიერად მოჰკრა თვალი ნესტან-დარეჯანს და მისი სილამაზისგან გონი დაჰკარგა. (1) როგორც ჩანს, რუსთაველიც შოპენჰაუერივით ფიქრობს: ,,დიადი ვნება პირველი ნახვიდან იფეთქებს ხოლმე".

               რუსთაველი ვირტუოზულად იყენებს "ოქროს კვეთის" პრინციპს, ხანდახან ვირტუოზულად არღვევს რა, მის მკაცრ სიმეტრიულობას. (2) მკაცრად გეომეტრიული და მექანიკური სტილი ნიშანდობლივია ნიუტონის სამყაროსთვის, და მკვეთრად უარყოფილია უილიამ ბლეიკის მიერ, - უარყოფილი მეტისმეტი სისწორის და მოძრაობის რაციონალიზაციის დამთრგუნველობის გამო. ასეთი სამყაროს ღმერთი იყო Nobodaddy, (3) ხოლო საზოგადოებას ამ სამყაროში მხოლოდ ,,კანონით შექმნილი ბორკილების" შეთავაზება შეეძლო. ნიუტონის სამყაროს მექანიკურობას ბლეიკი უპირისპირებს პარადოქსის და ინვერსიის ლირიზმს. ლექსში "ვეფხვი" ის ირონიულად კითხულობს:

               What immortal hand or eye

               Could frame thy fearful symmetry? (4)          

               "შემზარავ სიმეტრიას", დაფუძნებულს პერიოდულ გამეორებაზე, რუსთაველი და ბლეიკი უპირისპირდებიან თავისუფლების და მოძრაობის სასარგებლოდ. ამიტომ "ვეფხისტყაოსანში" ყველაფერი ერთხელ ხდება და ყველაფერს სხვანაირი ნამდვილობა გააჩნია.

               მორის აბრამოვიცის შენიშვნით,  პოემის კითხვისას იბადება შეგრძნება, რომ მოქმედების ადგილი მთელი სამყაროა. რუსთაველი მოქმედ პირებად თვლის არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ  მზეს, მთვარეს და პლანეტებს.

               რუსთაველის უნივერსუმი გეოცენტრული სისტემაა, რომელიც ჰელიოცენტრულობისკენ ისწრაფვის. ცის თაღზე გაჩენილი ბზარი რუსთაველისათვის თავისუფლება იყო. გაივლის წლები და ბლეზ პასკალისთვის ის შემაძრწუნებელ სფეროდ იქცევა.

                მზე - მთავარი მეტაფორაა რუსთაველთან. პერსონაჟები მისკენ ისწრაფვიან, მას ეტრფიან და მისი გულისთვის ყველაფერს სჩადიან, მკვლელობასაც კი! (ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან უცხოა).

               ადრე ნებისმიერი წამოწყება წარმატებულად მთავრდებოდა. ერთი გმირი მოიპოვებდა ოქროს ვაშლებს, სხვას გრაალის მოპოვება ხვდებოდა წილად. ახლა ძიებანი ჩავარდნისთვის განწირულია. კაპიტანი აქაბი დაჭრის ვეშაპს, მაგრამ ვეშაპი მაინც ანადგურებს მას; ჯეიმსის და კაფკას გმირებს მხოლოდ მარცხი თუ ელოდება. ჩვენ ისე ღარიბნი ვართ შემართებით და რწმენით, რომ ბედნიერ ფინალში მასების გემოვნების უხეშად შეთხზულ წაქეზებას ვხედავთ.

               დასასრულს, მინდა გავიხსენო, რომ ჩემ მეგობარს, რაფაელ კანსინოს-ასენსს ბუენოს-აირესში მოღვაწე რუსთველოლოგმა გაუმხილა ამ პოემის ორი საიდუმლო ვერსია, თუ გაგრძელება:

                ქორწილის დამთავრების შემდეგ ტარიელი სანთიობოში შევიდა. ზღურბლზე გადაბიჯებისას უცებ ორი დურგალი და მათი ორი სამეფო გაახსენდა, მაგრამ ბუნდოვან ხატებას აღარ ჩაუღრმავდა..

               სიზმარში მამლის ყივილმა გამოაღვიძა. ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა. მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. რქის კარი გააღო. გარეთ გამოსულმა, სიცივე იგრძნო, მაგრამ სამოსისთვის მაინც არ მიბრუნდა. ერთთავად მარცხნივ უხვევდა, მხოლოდ ბოლო გზაჯვარედინზე შეუხვია მარჯვნივ. ბაღში შევიდა და მცირე ზომის ტბასთან ლოდზე ჩამოჯდა. განთიადმა ვარდისფერი თითები გამოაჩინა. ტარიელი დუმდა, ისე, როგორც მზის ჩასვლისას დუმან ხოლმე ძალიან დაღლილები. უნდოდა ეთქვა: ის მოკლული სასიძო მე ვარო, მაგრამ ეს გაიფიქრა, და წარმოთქვა: მე შენ ვარ!

                დუმილმა, რომლის სიღრმე სარკის სიღრმეზე მეტია, აუწყა, რომ მისი ამბავი, ხელიხელსაგოგმანები და მრავალ გასაჭირში ძალის მომცემი  იქნებოდა პოემაში არნახსენები ქვეყნისთვის, მაგრამ ვერავინ ვერასდროს გაიგებს, თუ რა გაუყუჩებელია მისი ტკივილი და სინდისის ქენჯნა...

მეორე ვერსია უბრალოდ წარმოუდგენელია ქართველებისთვის და შესაძლოა, მთლიანად დასავლეთისთვის: ამისათვის საჭიროა უფრო ძველი, დახვეწილი და დაღლილი სამყარო. ტარიელი უკვე აღარაა ტარიელი, არამედ მაკბეტია! დუნკანის გვამთან ის მიხვდა, რომ მკვლელობა და ჩასახვა ღვთაებრივი, ან ჯადოსნური ბუნების საქმეა და ადამიანის შესაძლებლობას აღემატება. მიხვდა, რომ მოკლულიც ისეთივე ილუზიაა, როგორც სისხლიანი ხანჯალი, მის ხელს რომ ამძიმებს, როგორც ის თავად და მისი წარსული ცხოვრება, და ყველგანმყოფი ღმერთები და მათ მიერ შექმნილი სამყარო... (5)

 

1. მსგავსი მოტივი გვხვდება რ. აკუტაგავას "უსიერ ტყეში", მაგრამ რუსთაველთან  ის მაინც სხვა, მისტიკური ხასიათის მომენტია: "გულშან-ი-რაზ"-ის ერთ-ერთი კომენტატორი ამტკიცებს, რომ: "ზაჰირი არის ვარდის ჩრდილი და რიდის გაფხრეწა" და ვინც ზაჰირი იხილა, მალე ის ვარდს იხილავს, ვარდს, რომელიც ყოველგვარი "რატომ"-ის გარეშე ჰყვავის.

2. სიმეტრიული აზროვნების სხვა ასპექტი ვლინდება "ჰამლეტის" შურისძიების თემაში.

3. არავის მამა, "მამაო ჩვენოს" ანტითეზა.

4. თუ არ უკვდავი, ვინ ჩახედავს შენს მწარე თვალებს,

    ამ შემზარავი სიმეტრიის ვინ არს შემქმნელი?

ბლეიკის ცნობილ სტრიქონებში, ვეფხვი ესაა - მოგიზგიზე ცეცხლი და ბოროტების წარუვალი არქეტიპი. მე უფრო ვეთანხმები რუსთაველს, რომელიც მასში დახვეწილი ძლიერების სიმბოლოს ხედავს. და მაინც, არ არსებობს აბსოლუტურად ზუსტი სიტყვები, წარმოდგენას რომ გვიქმნიდეს ვეფხვზე, ამ ხატებაზე, მუდამ რომ აღელვებდა ადამიანის წარმოსახვას (არ შემიძლია მკითხველს არ შევახსენო იუან მეის იგავი "მორჩილი ოცნებობს ვეფხვზე").

5. მეორე ვერსია პრინციპულად არ მოსწონს რაფაელს, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა ქართული ენა, რათა "ვეფხისტყაოსანი " ორიგინალში წაეკითხა და აცხადებს, რომ ეს პოემა სინამდვილეში სინათლის მისტერიაა, ხოლო მოქმედება მაკროკოსმოსთან ერთად  თვითობის თეატრშიც მიმდინარეობს.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული