მოსე როგორც ”არქაული მამა“ და „ფსიქიკური რეალობის“ ცნება ფროიდთან





ფილოსოფია

მოსე როგორც ”არქაული მამა“ და „ფსიქიკური რეალობის“ ცნება ფროიდთან




   ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური მოძღვრების ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას “ფისიქიკური რეალობა" [1] წარმოადგენს. ფსიქიკური რეალობა ერთი მხრივ ნევროზით დაავადებულთა მდგომარეობის განსამარტავად გამოიყენება, ხოლო მეორე მხრივ კონკრეტული თუ ზოგადად კულტურის გარკვეული ასპექტების ფსიქოანალიტიკური ანალიზისას. ფსიქოანალიზში ამ ცნების შემოტანის საჭიროება ჯერ კიდევ 1900 წლით დათარიღებულ ნაშრომში, ფსიქოანლიზის პირველ წიგნში, დადგა, რომელსაც სიზმრების ინტერპრეტაცია [2] ეწოდება. აქ ფროიდი შენიშნავს, რომ ნევროზით დაავადებულთა არაცნობიერში მიმდინარე პროცესები მატერიალურ რეალობას უპირისპირდება და ფსიქიკის შიგნით საკუთარ რეალობას ქმნის, რომელიც მატერიალური რეალობისაგან  რადიკალურად განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში უპირისპირდება მას; ამგვარად, ფსიქიკური რეალობა პრაქტიკულად არსებობის ფორმაა, რომლსაც შეუძლია საკუთარი თავის დასაფუძნებლად მხოლოდ მინიმალურად შევიდეს მატერიალურ რეალობასთან სინთეზში. ნევროზის არსებობის არსიც, ე.ი. საშუალება რომლითაც ნევროზი არსებობას ახერხებს, სწორედ ის არის, რომ ნევროზით დაავადებული ადამიანები ფსიქიკურ რეალობას უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე მატერიალურს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც მატერიალურ რეალობაში არსებობს, ფსიქიკურ რეალობაში სულ სხვა ლოგიკის შესაბამისად იწყებენ მოქმედებას და ზოგადად ყოველი მატერიალური ფაქტი, ფისიქიკურ ფაქტად ქცევისას განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, თუ მატერიალურ რეალობაში არსებულ ფაქტებს გარკვეული იერარქიის მიხედვით დავალეგებდით, იმის მიხედვით თუ რა ხარისხით მოქმედებენ ისინი ცნობიერებაზე, აღმოჩნდებოდა, რომ ანალოგიური იერარქია სრულიად შეიცვლიდა საკუთარ სახეს თუ მათ მოქმედებას არაცნობიერზე განვიხილავთ, ესე იგი, ისინი განსხვავებულ მნიშვნელობას შეიძენენ ფსიქიკურ რეალობაში.

ფსიქიკური რეალობის მნიშვნელობა უფრო ცხადი ხდება, როცა ფროიდი მას პრიმიტიული ადამიანების ცნობიერების აღწერისას იყენებს ერთ-ერთ ცეტრალურ ნაშრომში: ტოტემი და ტაბუ [3]. კაცობრიობის განვითარების სამი ეტაპიდან (მითოლოგიური, რელიგიური და სამეცნიერო [4]) პირველ - მითოლოგიურ ეტაპზე, ადამიანისათვის განზრახვას ან ზოგადად აზრს, იგივე ძალა და მნიშვნელობა გააჩნია, როგორც მატერიალურ რეალობაში მომხდარ მატერიალურ ფაქტს, ის არ ცნობს ამ ორს შორის იერარქსიას ან ზოგიერთ შემთხვევაში, აზრსა და ზოგადად ადამაინის ცნობიერების შიგნით მიმდინარე პროცესს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მატერიალურ ფაქტს. შესაბამისად, აზროვნების ამ ეტაპზე ვაწყდებით ანიმისტურ რწმენებს, ტელეპატიას და იმ ტიპის წარმოდგენებს, რომლებიც თანამედროვეობაში ხშირ შემთხვევაში მაგიასთან და შარლატანობასთან იგივდება . ფროიდის მტკიცებით, პრიმიტიული ადამიანების აზროვნება, მათი „აზრის ყოვლისშემძლეობა“ [5], ზუსტად იმეორებს ნევროზით დაავდებულთა მდგომარეობას, როცა ისინი საკუთარ ფსიქიკურ რეალობაში არსებულ შინაარსებს მატერიალურზე მაღლა აყენებენ. საბოლოოდ, იმავე ფსიქიკურ რეალობამდე დაიყვანება ტოტემური რწმენებიც და მათთან დაკავშირებული რიტუალური პრაქტიკებიც, რომლებიც ამავე დროს სოციალური პრაქტიკებიც იყო პრიმიტიული ადამიანებისათვის და მათ ყოფიერებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა.

„პირველადი მამის“ ტრანსფორმაცია ღმერთად სწორედ ფსიქიკურ რეალობას უკავშირდება. პირველად ჯოგში არსებული „წესი“, რომლის მიხედვითაც ყველა მდედრი მხოლოდ მამას ეკუთვის, „ვაჟებში“ უკმაყოფილებას იწვევს, რაც მამის მკვლელობის მიზეზი ხდება. მაგრამ ვაჟები ამით დასახულ მიზანს ვერ აღწევენ: მამის მკვლელობის შემდეგ აღარც ერთ მათგანს არ შესწევს ძალა რომ მამა გახდეს, არადა ყოველი მათგანის მამოძრავებელი სწორედ მამად გახდომა იყო, ამიტომ მათთან იგივე ფსიქოლოგიური მომენტი მეორდება, რაც ყოველ ადამიანს ახასიათებს, - დასახული მიზნის მიუღწევლობა, ამ მიზნისათვის ჩადენილი ქმედების სინანულს იწვევს. „ვაჟებს“ სინანულის შეგრძნება უჩნდებათ, რაც მათი ცნობიერების მამისაკენ მიბრუნებას განაპირობებს. ეს მიბრუნება ორ ასპექტში გამოიხატება: 1. ისინი აკრძალავენ ინცესტს (ესე იგი აწესებენ ტაბუს), რადგან მამა სწორედ ჯოგის შიგნით ინცესტუალურ ურთიერთობებს უკრძალავდა მათ (ეს აკრძალვა ამავე დროს მდედრების განაწილებითაც არის განპირობებული, რასაც სტაბილური მდგომარეობის შექმნა შეუძლია) და 2. იწყება ტოტემური ცხოველების მიმართ პირველი პრიმიტიული რწმენა-წარმოდგენების კულტად ფრომირება, რადგან ტოტემური ცხოველი მამის სუბსტიტუტს წარმოადგენს (ტოტემური ცხოველის, როგორც მამის სუბსიტუტის ჩამოყალიბება ფროიდს აღწერილი აქვს „პატარა ჰანსისა“ და არპადის მაგალითზე, რომლებსაც აქ აღარ განვავრცობთ [6]). ამბივალენტური დამოკიდებულება მამისადმი, ტოტოემურ ცხოველზეც გადადის: მისი ერთის მხრივ წინაპრად და მფარველად წარმოდეგნასთან ერთად, რიტუალური პრაქტიკა ამავე ცხოველის მსხვერპლად შეწირვას გულისხმობს, რაც „პირველადი მამის“ მკვლელობის რიტუალურ გამეორებას წარმოადგენს და უკვე ფორმირებულ ფსიქიკურ რეალობას - მამის მკვლელობით გამოწვეული დანაშაულის შეგრძნებას, განამტკიცებს. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ადამიანის ცხოვრებაში რიტუალური პრაქტიკა ცენტრალურ სტრუქტურულ როლს იკავებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იგი რეალურ ყოფიერებაში, მატერიალურ ან ისტორიულ რეალობაში მომხდარ ფაქტებს გაცილებით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ვიდრე მისსავე რწმენა-წარმოდგენების წიაღში არსებულ მოქმედებებს, რომლებიც ფროიდის მიხედვით სწორედ ფსიქიკური რელობის  პროდუქტია.  ამგავარდ, ფსიქიკური რეალობა კოლექტიურ დონეზე ყალიბდება და თობიდან თაობას უმეტეს შემთხვევაში გაუცნობიერებლად, არაცნობიერად გადაეცემა. რიტუალის პირველადი შინაარსის გააზრება დაკარგულია, მაგრამ მისი გავლენა არაცნობიერზე იგივე ხარისხისაა, როგორიც რიტუალის ფორმირების საფუძველი  - „არქაული მამის“ მკვლელობა იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასაკვნათ, რომ სხვა და სხვა ხალხები გარკვეული ასპექტებით განსხვავებულ, თუმცა საფუძველში მაინც ერთი სტრუქტურის მქონე ფსიქოლოგიურ კანონებს ემორჩილებიან, რომლებიც კოლექტიურ დონეზე ყალიბდება და მატერიალური რეალობისაგან დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. თუმცა ეს ფისიქიკური კანონები ან ფსიქიკური რეალობები, ზოგიერთ შემთხვევაში არატიპიურები არიან და თან ისე, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამ დაპირისპირებას ფროიდი თავის უკანასკნელ ნაშრომში აჩვენებს:

1939 წელს გამოქვეყნდა ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავე დროს სკანდალური თხზულება: მოსე და მონოთეისტური რელიგია [7]. მის მიმართ ინტერესს ისიც აღრმავებს, რომ ეს ნაშრომი ფროიდის უკანასკნელ ტექსტს წარმოადგენს და აქ წარმოდგენილი სახე ადრეულ ნაშრომებში ჩამოყალიბებული ფსიქოანალიტიკური მოძღვრებისა, ყველაზე უფრო დასრულებულ ფორმაშია წარმოდგენილი. მაგრამ, მისი შინაარსი და ლიტერატურული თხრობის სტილი სრულიად სხვა ასოციაციებს იწვევს და ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰგავს სამეცნიერო ნაშრომს. ამასთან, მხატვრულ სტილს, რომელიც ზოგადად ახასიათებს ტექსტს, პერიოდულად მკაცრი ფსიქოანალიტიკური არგუმენტაცია და სამეცნიერო სტილი ანაცვლებს, რაც მთლიანობაში ერთგვარ ლიტერატურულ ექსპერიმენტად აქცევს მას. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ თხრობის სტილის გამხატვრულება ფროიდისათვის არც შედარებით ადრეული ნაშრომების წერისას იყო უცხო და ამდენად, მისი ბოლო ტექსტი, როგორც ასეთი, სრულებით არ არის ამოვარდნილი ტრადიციიდან...

ტექსტი ეხება მონოთეიზმის წარმოშობას და მისი როგორც გარკვეული ფსიქიკური რეალობის გააზრებას. ისტორიული ფაქტებისა და მათი პირდაპირი ანალიზის ან ზოგადად ისტორიული რეალობის საპირისპიროდ, ფროიდი აღწერს  პარალელურად მოქმედ ფსიქიკურ პროცესს, რომელსაც მატერიალური რეალობის საფუძვლად წარმოაჩეს და ამდენად მის დეკონსტრუქციას ახდენს.

თხზულების პირველი ნაწილი, სათაურით „მოსე ეგვიპტელი“, სახელი „მოსე“-ს ეტიმოლოგიური მნიშვნელობის განმარტებით იწყება. “მოსე“ არ არის ებრაული სახელი, შესაბამისად მისი მნიშვნელობას ყოველგვარი ბიბლიურ ინტერპრეტაციას ფროიდი ეჭვის თვალით უყურებს და ყურადღებას ამახვილებს ამ სახელის ეგვიპტურ წარმოშობაზე. ეგვიპტურად „მოსე“ ბავშვს ნიშნავს. ეგვიპტურში მისი გამოყენების სრულ ბუნებრივობაზე ის მიუთითებს, რომ არსებობს სახელები, რომლებიც „მოსე“-ს შეიცავს, მაგალითად „ამონმოსე“, რაც ნიშნავს „ამონმა მომცა ბავშვი“; სახელი „მოსე“ კი სავარაუდოდ ამ ტიპის სახელის შემოკლება უნდა იყოს. სახელის ეგვიპტური წარმოშობა თავისთავად აჩენს ეჭვს მოსეს ეგვიპტური წარმოშობის შესახებ; განსაკუთრებით კი ის გარემოება, რომ სახელი „მოსე“-ს ეგვიპტური წარმოშობა ბიბლიურ ან ზოგადად ებრაულ ტრადიციაში მიჩქმალულია,  სწორედ ამ ფაქტის მნიშვნელობაზე მიუთითებს... თუმცა სახელის საკითხი არ არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ მოსეს ეგვიპტური წარმოშობა ვივარაუდოთ: ფროიდი იყენებს 1909 წელს გამოქვეყნებულ, მისივე გავლენის ქვეშ მყოფ ოტო რანკის თხზულებას მითი გმირთა დაბადების შესახებ. ოტო რანკის აზრით, დედამიწაზე გეოგრაფიულად თუნდაც ძალიან დაშორებულ ხალხებში, არსებობს ერთგვაროვანი მითოლოგიური სიუჟეტი, რომელიც კონკრეტული ხალხის წარმომშობ პირველ ადამიანზე, მათ მეფეზე ან სხვა სტატუსის მნიშვნელოვან ფიგურაზე მოგვითხრობს [8]. ეს სიუჟეტები განსაკუთრებული ფანტასტიკურობით გმირის დაბადებისა და ადრეული ბავშვობის ნაწილში გამოირჩევა. როგორც წესი, გმირი სამეფო ან მაღალი წარმომავლობის კეთილშობილ ოჯახში იბადება. დაბადებას გარკვეული შეფერხება ახლავს თან, რაც სქესობრივი ურთიერთობისაგან თავის შეკავებაში ან უნაყოფობაში გამოიხატება; მამა ან მისი შემცვლელი ფიგურა იღებს წინასწარმეტყველებას, რომ ბავშვი მისთვის საშიშია, ამიტომ მის მოკვლას ბრძანებს; ბავშვს კალათით მდინარეს გაატანენ, მაგრამ მას მდედრი ცხოველი ან მდაბიო ქალი და მისი ოჯახი გადაარჩენს და გაზრდის. რანკის აზრით, თუ მითი რეალურ ისტორიულ ფიგურაზეა შეთხზული, როგორც წესი, გმირის პირველი, არისტოკრატიული ოჯახი ფიქცია და ფანტაზიის ნაყოფია, მეორე, მდაბიო ოჯახი კი რეალური. ფროიდის აზრით ეს სიუჟეტი პირდაპირ ებმის ბავშვის ფსიქოანალიტიკურ დამოკიდებულებას საკუთარი მშობლების, განსაკუთრებით კი მამის მიმართ. მცირეწლოვან ასაკში, ბავშვისათვის, მამა ძლევამოსილ, ლამის ყოვლისშემძლე არსებასთან იგივდება, სწორედ ამიტომაა რომ მითებში მამა მეფედ ან მსგავსი ტიპის მბრძანებელ ფიგურად არის ნაჩვენები. ხოლო შემდგომ, ბავშვის დამოკიდებულება მამისადმი იცვლება და ნელ-ნელა მისი ავტორიტეტის გადაფასება და მისთვის რეალური მეტოქეობის გაწევა ხდება, რაც მითში არისტოკრატიული ოჯახის მდაბიოთა ოჯახად შეცვლაში გამოიხატება. თუმცა მითებში არსებობს ოიდიპოსის გამონაკლისიც, სადაც ორივე ოჯახი სამეფო წარმოშობისაა, რაც ფროიდის აზრით სხვა არაფერია, თუ არა ამ ორი ოჯახის იგივეობაზე მითითება... მაგრამ მოსეს შემთხვევაში სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე: მოსე ლევიტთა შთამომავალია, ესე იგი მისი ოჯახი ებრაულია და შესაბამისად მდაბიოთა კლასს ეკუთვის, ხოლო მეორე ოჯახი ეგვიპტის მმარველთა, ე.ი. არისტოკრატიული ოჯახია. ოტო რანკის აზრით, რომელსაც ფროიდიც იზიარებს, ეს შეუსაბამობა იმის გამო მოხდა, რომ სტანდარტული მითის არსებობა ებრაელებისათვის მიუღებელი იქნებოდა: სტანდარტულ სიუჟეტში მოსე ეგვიპტელი ფარაონის შვილი უნდა იყოს, რომელიც მდაბიო ებრაულ ოჯახში გაიზარდა. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ებრაელებისათვის მთავარი ფიგურა, მათი კანონმდებელი და რელიგიის შემქნელი, წარმოშობით ეგვიპტელი გამოდის, რაც მათთვის ნებსიმიერ შემთხვევაში მიუღებელია, სწორედ ამიტომ მოხდა მითის „გადასხვაფერება“ იმგვარად, რომ მოსე ებრაელი გახდეს. მოსეს ეგვიპტელობაზე ისიც მიუთითებს, რომ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მითებში გმირის პირველი ოჯახი ფიქციაა, მეორე კი რალურად არსებობს; მოსეს პირველი ოჯახი ებრაულია, მეორე კი ეგვიპტური, შესაბამისად, რეალური ოჯახი ეგვიპტურია, მოსე კი ეგვიპტელი.

დავუბრუნდეთ ფსიქიკური რეალობის განმარტებას ფროიდის მიხედვით: როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფსიქიკური რელობის მატერიალურ, ისტორიულ რელობაზე მაღლა დაყენება ერთნაირად ახასიათებთ ნევროზით დაავადებულებსა და პრიმიტიულ ადამიანებს. თავისთავად, მითოლოგიის სამყარო არსობრივიად ფსიქიკური რეალობის პროდუქტია და არა აქტუალური სინამდვილე. შესაბამისად, მოსეს შესახებ იმგვარი მითის შეთხზვა, რომელიც ბიბლიურმა ტრადიციამ შემოგვინახა, ებრაელი ხალხის გარკვეულ მენტალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, ებრაელებისათვის გადამწყვეტი მოსეს ებრაელად წარმოდგენაა და ამ ფსიქიკურ მოცემულობას შეუძლია ყოველი მატერიალური ფაქტი მოსეს ეგვიპტელობის შესახებ, მეხსიერებიდან გააქროს. ამგვარად, მოსეს ასეთი მნიშვნელოვანი როლი ებრაელებისათვის, განპირობებულია არა მხოლოდ ისტორიული მოცემულობით (სადაც მოსე ებრაელი ხალხის ერად ჩამოყალიბების მთავარი ფიგურაა), არამედ ფსიქიკური რეალობითაც, რომელშიც მოსე ტოტემი და ტაბუ-ში აღწერილი „არქაული მამის“ როლს იღებს. მოსეს არ შეუძლია ებრაელებისათვის „არქაული მამის“  ფუნქცია შეასრულოს, თუ ის ეგვიპტელად, უცხო ტომელად დარჩება, ამიტომ ებრაელები მას ებრაელად წარმოისახავენ. მაგრამ, ერთია ებრაელების მიერ შექმნილი მითოლოგიური კონსტრუქცია მოსეს შესახებ და მეორე თავად ეგვიპტელი მოსეს მოტივაცია სათავეში ჩაუდგეს უცხო, მონათა სტატუსის მქონე ხალხს და ისინი მონობისაგან გაათავისუფლოს ე.ი. ეგვიპტიდან გამოიყვანოს. მოსე და მონოთეისტური რელიგიის მეორე თავი: „თუ მოსე ეგვიპტელი იყო...“,  ეგვიპტეში ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის მიერ გატარებული რელიგიური რეფორმის შესახებ მოგვითხრობს. ამენჰოტეპ IV-ის რეფორმა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მან ყველა ძველი ეგვიპტური ღვთაება გააუქმა და ერთადერთ ჭეშმარიტ ღვთაებად „ატონი“ გამოაცხადა, რომლის პირდაპირი გამოსახვაც აკრძალა და ერთადერთ მის გამოხატულებად მზის დისკო დაადგინა. ასე შეიქმნა პირველი მონოთეისტური რელიგია. ამის შემდგომ, ფარაონმა სახელიც შეიცვალა და „ეხნატონი“ დაირქვა [9], ეგვიპტის დედაქალაქად კი მის მიერვე ახლად აშენებული ქალაქი „ახეტატონი“ გამოაცხადა. მაგრამ ეგვიპტელების ცხოვრებაში ასეთი რელიგიური რეფორმა პრაქტიკულად ყველაფრის შეცვლას ნიშნავდა, რადგან იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მზადება და ზოგადად რელიგიური სფერო, ეგვიპტელებისათვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენდა. ძველი რელიგიის და ღვთაებების (როგორიც იყო მაგალითად: „რა“ და „ოსირისი“) არ არსებულად გამოცხადების შემდეგ კი მთელი სოციალურის სტრუქტურა შეიცვალა; სოწრედ ამიტომ, ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, მათ ძველი ღვთაებები აღადგინეს და „ატონის“ კულტი აკრძალეს. ფროიდის აზრით, მოსე  ახალი მონოთეისტური რელიგიის გულმხურვალე მიმდევარი ან სულაც ქურუმი იყო. ამიტომ, „ატონი“-ს კულტის გადასარჩენად, მან გადაწვიტა ახალი, მონოთეისტური რელიგია ებრაელებში გაევრცელებინა და ისინი ეგვიპტიდან გაეყვანა.

   მაგრამ მოსეს მიმართ ებრაელებს მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება ვერ ექნებოდათ და ამბივალენტური დამოკიდებულების საკმაო საფუძველი ჰქონდათ: მართალია მან ისინი მონობისაგან იხსნა და ეგვიპტიდან გამოიყვანა, მაგრამ ამავე დროს ის უცხო ტომელია, რომელიც ებრაელებზე რელიგიურად ძალადობს და მათში ეგვიპტური მონოთეისტური რელიგიის გავრცელებას ცდილობს. ეს მოცემულობა ფროიდის აზრით მოსეს ზუსტად იმ ნარატივში სვამს, რომელიც მან აღწერა „არქაული მამის“ მკვლელობის სახით. ებრაელები მოსეს მხირდან რელიგიურ ძალადობას არ იღებენ და მას კლავენ. სწორედ ამისი გამოძახილია ბიბლიური ნარატივის ის მომენტი, რომ მოსე ვერ აღწევს აღთქმულ მიწამდე და მანამდე იღუპება. შედეგად ებრაელებს სინანულის შეგრძნება უჩენდებათ (ისევე როგორც „ვაჟებს“ გაუჩნდათ „არქული მამის” მკვლელობის შემდეგ) და ეს სინანული მის მიერ ნაქადაგები რელიგიისაკენ მიბრუნებას აიძულებთ, როგორც „დაგვაინებული მორჩელება“ [10]; მაგრამ გარკვეული სახეცვლილებებით. ძირითადი სახე ეგვიპტური მონოთესტური რელიგიისა უცვლელია: ებრაელები არ გამოსახავენ  ღმერთს რაიმე ტიპის გამოსახულებით და რაც მთავარია ის ერთადერთ ღმერთად მიიჩნევა. მაგრამ სახელი „იაჰვე“, ეგვიპტური არ არის. ედუარდ მეიერზე [11]  დაყრდნობით ფროიდი ასკვნის, რომ ებრაელებმა ეს სახელი ადგილობრივი მიდიანური ტომისაგან გადაიღეს, რომელიც სინაის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რადგან გარკვეულ ეტაპზე მათთან შერწყმა მოუწიათ. ეს ღვთაება მიდიანურ ტომებში ვულკანის ღვთაება იყო; სასტიკი, შემაძრწუნებელი დემონი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ამგვარდ, უკვე ებრაულმა ღმერთმა -  ამ ვულკანის ღვთაება იაჰვეს თვისებები მიიღო და ერთგვარი სინთეზის შედეგად თანამედროვე იუდაიზმისა და შესაბამისად ყველა მონოთეისტური რელიგიის პირდაპირი წინაპარი მივიღეთ. ამასთან, ებრაელების მოსეს მკვლელობით ჩადენილი დანაშაულის სინანული იმაშიც გამოიხატა, რომ მათ ახალი მოსე შექმნეს, სრულიად სხვა პიროვნება, რომელმაც მათ რელიგიაში სახელი „იაჰვე“-ს დამკვიდრებაშიც ითამაშა როლი და  იაჰვესთან შუამავლის როლიც შეიძინა...

   მეტი სიცხადისათვის საჭიროა ისევ ფსიქიკური რეალობის განმარტებას დავუბრუნდეთ: ტოტემი და ტაბუ-ს სცენარის თანახმად, ადამიანის ადამიანად ფორმირება მხოლოდ „არქაული მამის“ მკვლელობის შემდეგ არის შესაძლებელი. ყოველგვარი ფსიქიკური მექანიზმი, რომლესაც ფსიქოანალიზი აღწერს, მხოლოდ „მამის მკვლელობის“ შედეგად შექმნილ ფსიქიკურ რეალობაშია შესაძლებელი, სადაც დანაშაული შეგრძნება ტოტემური რწმენების კულტად ფორმირებისა და მორალურობის საფუძველი ხდება, ეს უკანასკნელი კი ძირითადად ინცესტისადმი თავის შეკავებაში გამოიხატება. აქ გასთვალისწინებელი მომენტი ის არის, რომ ფსიქოანალიზის მიხედვით, ადამიანი, ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც მის ცნობიერებაში ფსიქიკური რეალობა შემოდის და მატერიალურ რეალობაზე მაღლა იწყებს დადგომას. ამ ფსიქიკური რეალობისათვის ცენტრალური ფიგურა ან სხვა სიტყვებით - მთავარი აღმნიშვნელი, მამის ფიგურაა. შესამისად, „პირველად ჯოგიში“ „ვაჟების“ ადამიანებად გარდაქმნას მოკლული მამისადმი დამოკიდებულება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მოსე, როგორც „არქაული მამის“ ფუნქციის შემსრულებელი ებრეალებისათვის, მთავარი რასაც ახერხებს, ებრეალების არა მხოლოდ ეგვიპტური მონობიდან გამოხსნაა, არამედ მათთვის სრულიად ახალი ფსიქიკური კონსტრუქციის - ფსიქიკური რეალობის ფორმირება. მაგრამ აქ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო, რომ ახალი რელიგიის შემოტანა ფსიქიკური რელობის ფორმირებასთან არ გავაიგივოთ. მოსეს ქადაგებას ცხადია ავტომატურად ვერ იქნება ფსიქიკური ფაქტის ღირებულება. მოსეს რელიგია ფსიქიკურ რეალობად მხოლოდ მოსეს მკვლელობის შემდეგ იქცევა. მკვლელობა ფსიქიკური მნიშვნელობის ფაქტია, ხოლო თუ „არქაული მამის“ მკვლელობის შემდეგ სინანული და მის მიმართ მიბრუნება ინცესტის აკრძალვასა და ტოტემურ რწმენებში გამოიხატა (რადგან „არაქაული მამა“ სწორედ ამ ორ საკითხთან იგივდებოდა), მოსეს მიმართ მიბრუნება ისაა, რაც ყველაზე მეტად ასოცირდება მოსესთან - ესე იგი, მისი რელიგია. ასე იქცევა „მოსაური რელიგია“ ებრაელებისათვის ფსიქიკური მნიშვნელობის სისტემად.

   იაჰვეს რწმენის დამკვიდრება ბიბლიურ ტრადიციაშიც საკმაოდ ერთმნიშვნელოვნად არის ნაჩვენები. 1963 წელს, ჟაკ ლაკანმა წაიკითხა სემინარი სახელწოდებით: შესავალი მამის სახელებისათვის [12]. სემინარი ძირითადად შიშის ფსიქოანალზურ საწყისებს ეხება. თუმცა სემინარის ბოლოს ლაკანი აბრაამის მიერ იაჰვესათვის შეწირული მსხვერპლის ისტორიას ინტერპრეტირებს [13]. ლაკანი შენიშნავს, რომ როგორც ბიბლიიდან ჩანს, ისააკის ნაცვლად შეწირული მსხვერპლი ერკლემალია; ერკემალი სემიტური ტომების ეპონიმური წინაპარია - მათი ტოტემი, შესაბამისად ის აბრაამს თავის ბიოლოგიურ წარმომავლობასთან აკავშირებს. ამ მოცემულობაში კი შეუძლებელია აბრაამს იმისი საფუძველი ჰქონდეს, რომ თავისი შესაქმე, სამყაროს შესაქმის ბოლოს თიხისაგან გამოძერწვად წარმოიდგინოს. აბრაამი გარკვეულ ფსიქიკურ რელობაში იმყოფება, სადაც მისი წინაპარი და ამავე დროს კულტი, ერკემალია. ამიტომ იაჰვე ერკემალის მსხვერპლად შეწირვის იძულებით აბრაამის ამ ფსიქიკური კონსტრუქციის განადგურებას ახერხებს, რის შემდეგაც ებრაელებთან ბიოლოგიური საწყისის მნიშვნელობა სამუდამოდ ქრება. იაჰვესთან კი მხოლოდ სულიერი კავშირის დამყარება ხდება შესაძლებელი. ლაკანი შენიშნავს, რომ სწორედ ამისი გამოძახილია ებრაელების სიძულვილი „მეტაფიზიკო-სექსუალური“ რიტუალებისადმი, რომელიც ადრეულ ხალხებში ადამიანის  ღმერთის jouissance [14]-თან გაერთიანებას ახერხებდა; ხოლო ახალი ებრაული ტრადიცია იმისაკენ არის მიმართული, რომ სურვილი jouissance-საგან გამოაცალკევოს. ამ გაყოფის, ნაპრალის სიმბოლო წინადაცვეთის ტრადიციაა, როდესაც ებრაელი, იაჰვესათან ერთაინობის ნიშნად, სხეულის პატარა ნაწილს ჩამოიკვეთს და ამით საკუთარ ბიოლოგიურ საწყისებზე იტყვის უარს. ამგვარად, საკითხი სწორედ ორი ტიპის ფსიქიკური რელობის დაპირისპირებას ეხება, როდესაც ერთი რელობა (იაჰვეს რწმენა) მეორე რეალობას (ანიმისტურ, ტოტოემურ რწმენა) ანადგურებს, სწორედ ისე, როგორც მოსემ მოახერხა ებრაელებისათვის ახალი ფსიქიკური რეალობის კონსტრუირება საკუთარი თავის უნებური მსხვერპლშეწირვის ხარჯზე.

   ამ ყველაფრის შემდეგ მივადექით კიდევ ერთ გადამწყვეტ საკითხს, რომელიც ჩემი აზრით ფროიდის მოსეს გაგებისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს და შესაბამისად, წინამდებარე ესსეს უკანაკნელი თეზისი იქნება: რამდენად შეგვიძლია, რომ პირდაპირ მივიღოთ ფროიდის მიერ შექმნილი ნარატივი ეგვიპტელ მოსესა და მისი მონოთეისტური რელიგიის შესახებ? როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოსე და მონოთეისტური რელიგია  სამეცნიერო ნაშრომისათვის უჩვეულო ლიტერატურული სტილით გამოირჩევა. ნაშრომის შინაარსი იმ ტიპის არგუმენტაციას გვთავაზობს, რომელიც მართალია სრულიად ლოგიკურად არის აგებული, მაგრამ გადაჭარბებული არ იქნებოდა გვეთქვა, რომ უფრო მეტად ლოგიკური სპეკულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე სამეცნიერო დისკურსისას. ჩემი აზრით, ფროიდი ამ ნაშრომით უფრო მეტის თქმას ცდილობს, ვიდრე საკუთრივ ნაშრომის შინაარსია. გარკვეული ლოგიკური არგუმენტაციით ის იმ ფსიქიკური კონსტრუქციების დეკონსტრუქციას ახდენს, რომლებიც საკუთარ თავს აბსოლუტურ  ჭეშმარიტებად ასაღებენ და ადამიანებს საკუთარ წიაღში დარჩენას აიძულებენ. ფროიდის ეს კონსტრუქცია კი ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ის სწორედ თავისთავად ფიქტიური ფსიქიკური კონსტრუქციებისა თუ რეალობების სიმულაციას ქმნის და ამით მათ უსაფუძვლობას აჩვენებს. ამგვარად, მოსე და მონოთეისტური რელიგიით ფროიდმა გარკვეული შემოვლითი გზა აჩვენა ნამდვილი რეალობის გაგებისაკენ, რომელიც კოლექტიურ დონეზე კონსტრიურებული ფსიქიკური რეალობის ალტერნატიული კონსტრუქციის შემქნაში მდგომარეობს. ამით, სიცოხლის ბოლოს ფროიდი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ფსიქოანალიზის განვითარების კუთხით და გზას ხსნის იმ პერსპექტივისაკენ, რომელიც შემდგომში უშუალოდ ჟაკ ლაკანმა განავითარა ფსიქოანალიზში სტრუქტურალიზმისა და რაც მთავარია „სიმბოლური“-ს ცნების შემოტანით.

 

[1] ტექნიკური სიმარტივის გამო, შემდგომში ამ ტერმინს ბრჭყალების გარეშე შემოგთავაზებთ.

[2] Freud, Sigmund. The interpretations of dreams, in the book: Freud – complete works (p. 507-598)

[3] ფროიდი, ზიგმუნდ. ტოტემი და ტაბუ, წიგნში: რჩეული შრომები (გვ.7-190). გამომცემლობა „დიოგენე“,  2018 წ.

[4] იგივე ნაშრომი, გვ. 95

[5] იგივე ნაშრომი, გვ. 92-119 

[6] იგივე ნაშრომი, გვ. 154-156

[7] Freud, Sigmund. Moses and monotheism,  in: Freud – complete works (p. 4837-4953)

[8] იგივე ნაშრომი, გვ. 4841

[9] ფროიდი სახელის შეცვლის საკითხში ირიბად იმაზეც კი მიუთითებს, რომ ამენჰოტეპ IV-ის მოტივაცია მამამისის, ამენჰოტეპ III-ის ჩრდილიდან გამოსვლაც იყო, რომლის მმართველობის დროსაც ეგვიპტემ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია, ხოლო თავად ფარაონი რელიგიის განსაკუთრებული შემაგდენელი ნაწილი გახდა... როგორც ჩანს, „ატონის“ კულტის დაარსება ეხნატონისათვის მამის ავტორიტეტის უკუგდების ტოლფასი იყო.

[10]  ტოტემი და ტაბუ. გვ. 169

[11] Moses and monotheism. P. 4869

[12] ლაკანი, ჟაკ. შესვალი მამის სახელებისათვის, კრებულში: ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან (გვ. 161-184). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. 2013 წ.

[13] იგივე ნაშრომი, გვ. 182-183

[14] Jouissance - ლაკანის ფსიქოანალიზში, საკმაოდ რთულად გასაგები ცნებაა, რომელიც პირდაპირ არ ითარგმნება ქართულად. ყველაზე მიახლოვებული თარგმანი „სიამოვნება“ იქნება, მაგრამ ის ამავე დროს ტკივილისა და სიამოვნების კომბინაციას აღნიშნავს და ფრანგულში ასევე სექსუალური მნიშვნელობის მატარებელიცაა. ხშირ შემთხვევაში, ლაკანი ამ ტერმინს რელიგიური ან მისტიკური ექსტაზის გამოცდილების აღნიშვნის დროსაც იყენებს.

 
 
 
 
                          ბ  ი  ბ  ლ  ი  ო  გ  რ  ა  ფ  ი  ა
 
 
1. ფროიდი, ზიგმუნდ. ტოტემი და ტაბუ, წიგნში: რჩეული შრომები (გვ.7-190). გამომცემლობა „დიოგენე“,  2018 წ.
 
2. ლაკანი, ჟაკ. შესვალი მამის სახელებისათვის, კრებულში: ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან (გვ. 161-184). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. 2013 წ.
 
3. Freud, Sigmund. Freud – complete works. By Ivan Smith (2010). https://www.valas.fr/IMG/pdf/Freud_Complete_Works.pdf
 
4. Homer, Sean. Jacques Lacan, in the series: Routledge Critical Thinkers, University of London press. https://epdf.tips/queue/jacques-lacan-routledge-critical-thinkersfc63c941587c0d00f5cc883de195894e57523.html
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.