მეფუტკრეობის წესები





პროზა

მეფუტკრეობის წესები




 
* * *
 
მინდა წიგნი დავწერო....
ადამიანებზე მოვყვე საოცარი ცხოვრებით...
მინდა სიგარეტის მოწევას დავანებო თავი. ათასჯერ ვცადე მისთვის თავის დანებება, მაგრამ ისეთი სევდიანი და ტკბილია ხანდახან სიგარეტი, ძნელია უარი უთხრა...
ამბობენ კლავსო, მაგრამ ხომ მაინც ეწევიან?
დედაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა, მაგრამ სიგარეტს არ მოუკლავს ის...
ჩემი ასთმიანი მეზობელი მაინც ეწევა, მაგრამ სიგარეტი არ იქნება ის, რაც მას მოკლავს...
მინდა საბაგიროთი მგზავრობის არ მეშინოდეს და ზემოდან ვუყურო ხეებს, როგორ მიდიან ცისკენ...
მინდა ადამიანების არ მეშინოდეს, რომ ფეხებზე კიდიათ ერთმანეთი და თვითონ ქმნიან მარტოობას...
მინდა არ დამეძინოს, როცა საოცარ ფილმს ვუყურებ და მგონია, რომ ჩემზე ან ჩემს ადამიანებზე გადაიღეს...
მინდა საფრენი აპარატი ავაგო, ისეთი შორს რომ გაფრინდეს...
ყველა ბავშვს ჩავიჯენდი ვისთანაც მიმეგობრია და ერთად ვნახავდით აფრიკას და სპილოების ქარავანს...
მინდა მოგზაურობის დროს ადამიანები დავიმახსოვრო, მაგრამ მხოლოდ ბავშვებს ვიმახსოვრებ, რადგან ისინი შიგნიდან ანათებენ...
მინდა შვილი მყავდეს - გოგონა.
უამრავ კაბას ვუყიდდი, მაგრამ იმასაც ვასწავლიდი, თუ როგორ სცემოს ბიჭები...
ჩემს დასაც ვასწავლიდი ბიჭების ცემას ბავშვობაში და ის უშიშარი გოგო იყო...
მინდა არასდროს შეეშინდეს ჩემს დას, თუმცა ის ძლიერია..
უვლიდა მომაკვდავ დედას, როცა მე კარს უკან ვტიროდი...
მან კი მხოლოდ ერთხელ იტირა, მინდა უბრალოდ სახლში დაბრუნდესო...
მინდა ისევ ისე იყოს, როგორც ბავშვობაში...
როცა ცუდათ იყო საქმე და ვიმალებოდით...
ბავშვობაში სულ სადღაც ვიმალებოდით, გამოსვლისას ყველაფერი რიგზე იყო...
მინდა სახლი მქონდეს ფანჯრებით და ბროწეულის ნერგებით...
მე და ჩემი შეყვარებული ვიცხოვრებთ და მას აღარ ექნება შიში ჩემი არსებობის, მეც გამიქრება შიში, რომ მიმატოვებს...
ფულიც მინდა მქონდეს, რომ ზამთრის ყოველ დღეს ნაქსოვი ჯემპრი ვუყიდო...
ნაქსოვი ჯემპრი, ჩაი და მის კისერზე ჩემი თითები ზამთარს გააქრობს...
მინდა სულ არსებობდნენ ჩემი მეგობრები...
ხალხი ამბობს, რომ მათ ალკოჰოლის და სექსის სუნი ასდით, არადა თუ მიუახლოვდები ყველა სანთლის სუნითაა გაჟღენთილი...
მინდა ყველა სიმღერა დავიმახსოვრო, რომელიც ჩემი ცხოვრების ადამიანებს უკავშირდება...
სიკვდილის შემდეგ მათ სიმღერებში შევხვდები...
 
 
 
 
 
* * *
 
ჩემი ბავშვობის სახლი
ჩემი ბავშვობის სახლი ცარიელი და ჩუმია...
ჩემი ბავშვობის ხეები დადაბლებული და ხავსიანი...
ყველა სამალავი გამჟღავნებულია...
ბავშვობის დროინდელი ხატების კუთხე ცარიელი კედელია, რომელზეც ოთხი პლასტელინის ანაბეჭდია ხატებს, რომ იჭერდა ადრე...
ჩემი ბავშვობის მეგობრები, მდინარის შვილები, ახლა მძიმეწონოსან ბიძებადაა ქცეული და უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მდინარესთან ერთად დაიბადნენ...
მეზობლის ეზოში გახარებული ხილი, რომელიც უნდა მომეპარა აღარაა ისეთი მსხმოიარე და ვერც ზაფხულის გემოს იგრძნობ მათში...
ბავშვობის დროინდელი გოგონები, რომლებიც ფეხშიშველი დადიოდნენ ახლა დედებად არიან ქცეულნი...
ოთახი, სადაც მუსიკის და მასტურბირების საიდუმლო ინახებოდა, ახლა სმენადაქვეითებულ მოხუცს ჰგავს, რომელსაც ვერაფერს მოვუყვები...
არ ვიცი სად ან როდის დასრულდა ეს?
მდინარის ადიდებას გავდა...
მოვარდა და აღარაფერი დატოვა ირგვლივ...
ცარიელ სივრცეს ვეკითხები...
როდის დამთვრდა ეს?
იქნებ მაშინ, როცა პირველად გავუსინჯე თამბაქოს გემო...
როცა პირველად გავიპარე სახლიდან, რომ ახალ სამყაროს აღმოვაჩნდი...
ან პირველი სექსის დროს, მატარებელში, რომელიც გავდა ნარკოტიკულ თრობას, გამოვფხიზლდი და აღარაფერი იყო...
გარდა მოგონებებისა, რომლებიც ფრაგმენტებად დაიშალა და დამალობანას თამაში დაიწყო..
ზოგი დავიჭირე და მეხსიერების ტყვეობაშია..
ბოთლში გამოკეტილ ანგელოზებს გვანან...
ციცინათელებივით რომ ანათებენ და შეხება არ შეიძლება...
თავი რომ მოვხსნა გაფრინდებიან და დავცარიელდები.
 
 
 
 
 
მეფუტკრეობის წესები
 
 
1996 წელი 8 აპრილი: დედამ პატარა ბავშვი მოიყვანა, მითხრა შენი დააო... შურისგან გავსკდი. ვიღაც პატარა, შავი არსებას, რომ ეფერებოდა დედაჩემი, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის არსება ხელს მომკიდებდა და ზამთარს სამუდამოდ გააქრობდა...
 
1996 წელი 1 სექტემბერი: მე წერა ვისწავლე... ჩემი კლასელებიდან არავინ იცის არც წერა, არც კითხვა...
 
1997 წელი 13 მაისი: დღეს მედეას დაბადების დღეა... მედეა ჩემი ბიძაშვილია... ორივე ერთად გავიზარდეთ... ორივეს მაისის თვეში გვაქვს დაბადების დღე და ორივეს მარწყვის ტორტს გამოგვიცხობენ, მაგრამ ტორტზე უფრო ვანილის ის შეფუთვა გვიყვარს, რომელზეც დიდი ტორტია გამოსახული და მთელი წელი ვუყურებთ...
 
1998 წელი 20 ნოემბერი: მედეას სახლამდე ვაცილებ... სკოლიდან სახლამდე ერთი კილომეტრია. გზაზე ტბის ოდენა გუბეებია. ვასწავლი სუსტ ადგილებს, სადაც შეიძლება ბიჭებს ჩაარტყას...
 
1998 წელი 2 დეკემბერი: ბებიამ წიგნი მაჩუქა წარწერით -  "მეფუტკრეობის წესები"... ადრე ბაბუა მიკითხავდა ზღაპრების ნაცვლად...
 
1999 წელი აპრილი: დღე არ დამამახსოვრდა, რადგან მასწავლებელმა ისე გვცემა მე და მედეა, რომ მიკვირს საერთოდ რომ მახსოვს... მედეას გინება ვასწავლე, რომ სკოლის აუტანელ ბიჭებს გასწორებოდა, როცა მე არ ვიქნებოდი...
 
2000 წელი 27 მაისი: დღეს სკოლაში პირველად მოვიდა დედაჩემი გამოსაშვები სპექტაკლის სანახავად, გაოცებული ვუყურებდი თუ რა უნდოდა აქ... ამ იდიოტურ სპექტაკლზე სხვა დედების მსგავსად... ის ბოლო რიგში იდგა თეთრი კაბით და სიგარეტს ეწეოდა... სხვა დედები უყურებდნენ... მიხაროდა, რომ არცერთს არ გავდა... სხვა დედებს...
 
2001 წელი 21 სექტემბერი: მიყვარს საეკლესიო დღესასწაულები... კარგი მიზეზია, რომ სახლში მთელი ღამე არ მიხვიდე... მე და მედეა ყოველ ღვთისმშობლობის დღესაწაულზე მივდივართ სახლიდან და ეკლესიაში არ ვლოცულობთ....
 
2002 წელი: პირველად გავიპარე სახლიდან... ბებიამ სოფლის გამგებელიც კი ჩართო ძებნაში... პირველად ვნახე ზღვა.
 
2003 წელი 22 ივლსი: პირველად მოვწიე სიგარეტი... მედეამ მოიპარა და მომიტანა. თითო ნაფაზი დავარტყით... თავბრუსხვევის შეგრძნებით ვკვდები... აღარასდროს გავეკარები სიგარეტს...
 
2004 წელი 15 აპრილი: მე და მედეამ მიტოვებული სახლი აღმოვაჩინეთ... ერთადერთი მაღალსართულიანი შენობაა ჩვენს ქალაქში... ბოლო სართული ცარიელია... ავდივართ და საათობით დავყურებთ ქალაქს ზემოდან...
 
2005 წელი 16 მაისი: ჟურნალში ფოტო ვიპოვე ახლაგაზრდა კაცის.. გემი კაპიტანი იქნებოდა... ამოვჭერი და ბავშვებს ვაჩვენე მამაჩემია თქო, გემით მოგზაურობს, მსოფლიოს ნახავს, იმდენ ფულს იშოვის, რომ ტელესკოპსაც მიყიდის მეთქი... მოვიტყუე... ის ერთი რიგითი ნაბიჭვარია...
 
2006 წელი 30 აგვისტო: მატარებლის სადგურზე ბებიამ და მედეამ გამომაცილა... მედეა ტიროდა... ჩემს და მას შორის სასხლე აშენდა ბავშვობის მოგონებებით... ყველა დღე იქ გამოიკეტა...
 
2007 წელი 20 თებერვალი: დედამ მუსიკალური ცენტრი გვიყიდა... ჩვენ პირველად მოვუსმინეთ ნირვანას...
 
2008 წელი 8 აგვისტო: საქართველოში ომია... მე და მედეას ფეხებზე გვკიდია... ჩვენთან ხომ ზაფხულია და მდინარე რეცხავს ბოროტებას...
 
2009 წელი 31 დეკემბერი: მე და ჩემი და პირველად წავედით როკ კონცერტზე...
 
2010 წელი: გავიგე, რომ მედეა გათხოვდა... მე მთელი ღამე ვტიროდი... არაფერი იყო ბედნიერებაში სატირალი, უბრალოდ ვერ გავაცნობიერე, რომ ჩემი ბავშვობა ქალად გადაიქცა...
 
2011 წელი 20 თებერვალი: უკანასკნელად აღვნიშნეთ კურტ კობეინის დაბადბის დღე... მე და ჩემი მეგობრები... ფერადი ტანსაცმლით.. ფერადი ტანსაცმელი მალე გაუფერულდება და ნაცრისფერი გახდება...
 
2012 წელი 3 მარტი: მე ფრანგულ კაფეში დავიწყე მუშაობა... კაფის მეპატრონის ცოლი ლამაზია, მაგრამ ბერდება და ისე უყურებს ახალგაზრდა მიმტან გონონებს, როგორც ლოკოკინებს... ლოკოკინებს წაისვამ სხეულზე და ახალგაზრდა ხდები... მიმტანი გოგონები ლამაზები არიან და მე ვფიქრობ ისინი იტირებენ მხოლოდ მაშინ, როცა მე მოვკვდები...
 
2013 წელი ოქტომბერი: მე და სალომე ბათუმში ვცხოვრობთ... არ გვაქვს ფული, არც ელექტროენერგია და შუაღამემდე სანაპიროზე ვხეტიალობთ...
 
2014 წელი 14 ნოემბერი: დედა დაასაფლავეს... მე და ჩემი და გამოვიქეცით... არ გვინდოდა იმ ხალხის დანახვა ვისგანაც დედა ვეღარ დაგვიცავს და ვისაც ერთი სული აქვს როდის მიუჯდება საქელეხო სუფრას...
 
2015 წელი 12 თებერვალი: სასმლისგან ბარში გონება დავკარგე... ტატოს სახლში გამეღვიძა.. ტატოს სახლს ფანჯრები არ აქვს... ერთი ნახატია ფანჯრის ფორმის კედელზე და იქიდან ატმის ყვავილები ჩანს... ოდესმე ასეთ სახლში გაიღვიძებს ის...
 
2016 წელი 13 ივნისი: სტამბოლის ხიდზე ვარ... ერთიანობაში ვარ... მე და ნოელი ცალკე არ ვიგულისხმებით და პირობა დავდეთ, რომ ათი წლის შემდეგ ისევ აქ დავბრუნდებით...
 
2017 წელი 1 ნოემბერი: მოხუცი ქალი წიგნს ყიდის... წიგნი ძველია და ყდა ნახევრად დახეული. წარწერა "მეფუტკრეობის წესები". წესი პირველი: არ შეგეშინდეს ფუტკრების. წესი მეორე: უნდა იცოდე ყველა ყვავილის სახეობა, რომელიც შენს ეზოში ხარობს. წესი მესამე: ფუტკრებს ზამთარშიც არ სძინავთ...
 
 
 
 
 
* * *
 
მე ვფიქრობ ტყეზე, სადაც სკამი აღმოვაჩინეთ და ჩვენი სკამი დავარქვით. ფოტოც გადავიღეთ ხეების ფონზე...
არ ვიცი ვინ გააკეთა, ან რა უნდა სკამს ტყეში...
ტყეში არავინაა...
ადრე ციცინათელები დაფრინავდნენ...
ბავშვობის შემდეგ აღარ მინახავს ციცინათელები...
ბებია ამბობდა ციცინათელები ადამიანების სულებს აცილებენ სიჩუმის ქალბატონთანო...
ამიტომაც მეშინოდა მათი დანახვა...
თუმცა, ციცინათელები ზაფხულშია და ყველაფერს ვიმახსოვრებდი, რაც ზაფხულს უკავშირდებოდა...
ვარდები, ჩემი დაბადების დღე და მარწყვის დიდი ტორტი...
ვანილის შეფუთვა, სადაც მარწყვის ტორტი ეხატა...
ერთხელ ზაფხულის დასაწყისში მერცხლები მოფრინდნენ და ჩემი ფანჯრის თავზე ბუდე გაიკეთეს...
შვიდი ბარტყი გამოჩეკეს...
ბებია მეუბნებოდა ბედნიერებას მოგიტანსო, მერცხლების ჭიკჭიკი სიცოცხლეს უმღერისო და სიჩუმის ქალბატონიც ფრთხებაო...
მთელი ზაფხული ვდარაჯობდი ბუდეს კატას რომ არ შეეჭამა...
სექტემბერში მერცხლები გაფრინდნენ...
ბებია მეუბნებოდა თბილ ქვეყნებში წავიდნენ, სადაც სულ ზაფხულიაო...
გაზაფხულზე მოფრინდება ყველა მერცხალიო, ან შენ წახვალ ოდესმე მათთანო...
მას შემდეგ სულ მაინტერესებდა, სად ცხოვრობდნენ ისინი...
სად იყო ზაფხულის ქვეყანა...
და ვნახე...
თეთრი სახლების და გამჭვირვალე ზღვის ქვეყანაში...
სადაც აღარ ვფიქრობ ტყეზე, აღარ ვფიქრობ ჭარბი ჰორმონებით და საწოლის ნაოფლარით დამპალ სხეულზე...
ჩვენს ჯერ არ დაბადებულ შვილებზე, რომლებიც საერთოდ არ იქნება...
სადაც აღარ ვფიქრობ ტყეში მიწად ქცევაზე, რომ ჩემს ნაცვლად ორი ხე ამოვიდეს და მათ შორის სკამი გაკეთდეს...
სადაც მხოლოდ მერცხლების სახლია და ჩვენი საწოლი, რომელსაც დატოვებისას მოვეფერები...
 
 
 
 
 
* * *
 
წარწერები...
წარწერა ფოტოზე: გადაღებულია მაშინ, როცა ტყეში ვიმალებოდით და აგურებით შემოსაზღვრულ ცის ქვეშ სიყვარული ვიმშობიარეთ...
წარწერა ღია ბარათზე, რომელიც მე უნდა გამეგზავნა: მე ბებიას ბიჭი ვარ, ხეებზე ასვლაც ვიცი და ღამე სახურავზე ვიპარები დასაძინებლად...
წარწერა ნიქოზიას ქუჩაში გაჩერებაზე: დაიკარგა ახალგაზრდა კაცი, გელოდები სახლში - დედა...
და წარწერა ჩემს დღიურში: გაუმართლა დაკარგულ კაცს, რომ ელოდებიან. ნეტავ თუ არსებობს ქალაქი სხვა სამყაროში, სადაც დედა მელოდება...
წარწერა სემის მოთხრობაზე: ამის გარდა მინდა მეგობარს, რომელმაც ბავშვობაში დაბრუნება მასწავლა, პატარა უფლისწულის ტორტი ვაჩუქო. ვაპირებ სადმე, სადაც მხოლოდ ხის სუნი იქნება, მის ტანსაცმელსაც სულ ხის სუნი ასდის, დავსხდეთ და მინის ბოთლიანი ლიმონათით გავილეშოთ...
წარწერა ალექსის ნაჩუქარ წიგნზე: დამაბრუნე ბავშვობაში და თუნდაც სტალინის ფონზე ფოტო ერთად გადავიღოთ...
წარწერა სტამბოლის ერთერთი კაფიდან წამოღებულ ხელსაწმენდზე: აქ ხარ... მთელი ღამე ერთად გავატარეთ...
წარწერა ლანას გამოგზავნილ წერილზე: გახსენი მხოლოდ მზის ქალაქში...
წარწერა გრეით პეტერსონის საჰაერო ძალებიდან მიღებულ წერილზე: რომ დავბრუნდები ხის ასაწყობ აეროპლანს ჩამოგიტან, აქ თარგმანში დავიკარგე...
წარწერა Sigur Ros-ის კონცერტის ბილეთზე: ასეთი შეგრძნება მგონი, როცა დავიბადე მაშინ მქონდა და არ მახსოვს
და როცა მოვკვდები მაშინ მექნება...
წარწერა პირველ ზამთრის დღიურზე: უცნაურია ჩემი ტკივილგამაყუჩებლის და ღია ბარათის ერთნაირი წარწერა -  bremen...
წარწერა სურვილების საფოსტო ბარათზე, წერს გოგონა თოვლის ბაბუს, როცა მე ვთამაშობდი სანტას როლს 15 ლარის გამო: თოვლის ბაბუ მინდა ფლომასტერები, ბოტასი დედიკოსთვის წყალი რომ არ შეუვიდეს და ძვალი ლინდასთვის...
წარწერა ცარიელ დღიურზე: დეკემბერში არაფერია საწერი...
წარწერა ნიკა გეის ნაჩუქარ ჩარლი ჩაპლინის ფოტოზე: ჩვენი სხეულები სხვა ცხოვრებაში გაცვლიან ერთმანეთს...
წარწერა მარიამის კედელზე: სად წახვალ რვაში? გინდა მაჯებზე ხეები შევიხორცოთ...
წარწერა ჩემს სტამბოლში ნაყიდ დღიურზე: ჩვენი შეხვედრის ადგილი უცვლელია... ხატიაა მზის ქალაქიდან...
წარწერა ამელის წერილზე: მე შემიძლია წვიმაში დგომა..
წარწერა ღია ბარათზე: ჩვენი ერთად ყოფნის ერთი წლის თავზე, სიყვარულით ვარშავიდან...
წარწერა წერილზე: მიყვარხარ სხვადასხვა ქალაქებიდან...
წარწერა კალენდარზე მაისის თვესთან: მე ხშირად მესიზმრება ზღვა...
ჩვენ მუხლებამდე წყალში ვდგავართ და ტალღები გვეხეთქება გამჭვირვალე ტანსაცმელზე...
როცა წყალი ტანსაცმელთან რეაქციაში შედის უფერული ხდება და ჩვენც შიშვლები დავრბივართ მზის ქალაქში...
წარწერა ვარსკვლავებიან სანათზე, რომელიც ჩემმა დამ მაჩუქა: ღამეც უნდა ხედავდე ჩვენს ფოტოებს...
და წარწერა დედას ფოტოზე: მე ვიცი, რომ შენ ცხოვრობ ზღვაზე და სახლს გვიშენებ...
წარწერა ფოტოზე: ოდესმე ასეთ ხეს დავრგავთ და ამ ხილს მოისხავს, როცა დავბერდებით ერთად...
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.