სიღრმის მფარველი (სედნა, ანა ლივია, tehôm)





პოეზია

სიღრმის მფარველი (სედნა, ანა ლივია, tehôm)




* (ენა როგორც მიწა)
 
     თქვა, მე ჩრდილი ვიდინე სულიდან ჩემი დროის
                 გამო და ჩემს სისხლს მივეცი—იმდენი ვიტირე ახლა
                                         მდინარეა შენი სახე ბაღი
                             შხამიანი ყვავილებისთვის, აქ რომელი ძველი ალქაჯი
                      ავსებს ნაღვლის ჯამს, რომელი აცხადებს
          მომავლის უცნობი ალმების ალებას, ამ ბავშვობის აღსასრულს (რომელი
                (ალქაჯი?        ჟამს როდესაც პირველად ვეცანი
  ზაფხულის ღამეებს და რამეებს        დრო, როცა არც გცხვენია არც გაბნევს
      ამ და სხვა სველი, მდიდარი რამეების ხელმოკიდება, აქ, სადაც
ღამეა მარად და სადაც ენა სავსეა ყველაფრით
        რითაც მიწაა სავსე და, სადაც, მარტონი     ვიყავით ო იმდენი
                          იმდენი ფუყე სიცარიელე თანამყოფობით და ქალაქი
წამიერი, როგორც პეპელა, იყო ათასწლეული ნაგავსაყრელი, იყო საკუჭნაო
            ზღაპრული რამეების, რომლებიც გვაქრობდნენ, ზომაში
                     გვცვლიდნენ—იქ ჩვენმა ჩამომხრჩვალმა
იხილა ღამე შავი და თეთრი, მეორემ მთვარეები ამავე ფერის, იმავე
    ღამით, გვითხრა: ჩახედეთ მზეს სანამ არ იხილავთ (მზესაც კი)
                                     შავ წერტილს, მარად-
                               ცვლადს, უფსკრულისმქმნელს—ასეთი სინათლის
             ნიჭი ისაა, სხვა ყველაფერი გიბნელოს თვალში და ბნელი
                         უნუგეშო ყვავილს ტოვებს
                  თავში როგორც მანათობელ მედუზას წყალქვეშ როგორც
„მის მრავალ ლურჯ ფენომენს“ როგორც ჩიტის რძეოქროსფერ კვალს
     ფანჯარაზე რომელსაც მოხვდა ვისი ფრენისას—ტკივილის
  დიდი ნაწილი ნაცრისფერია და თუ შენ ხარ
          ნათელი ო ყველა მეტაფორა ხევია სხეულში რომელშიც
    მდინარე გაედინება და შენი სახე აბაზანაა რომელშიც პირს
                               ვიბან და წყალს
                                   ვაგროვებ ო მკვდარო ზღვაო
                   ყოველიდღისა) მე ვერაფერს ვივიწყებ იქიდან
                        რაც აღარ მახსოვს—რა პომპეური პორნო-
შამბრები, რა სკატო ნაგვნგრევასულია ეს გაღვიძება, გათენებას
        ასე ამცდარი ეს ღარიბი სიჩუმე მიუსაფარია
                                            ძილი მძიმეა დაღლილი ხეებით
                                            და დღე უსაღ აზრად მოვიდა
   ღამის ქუჩა სცრიდა „ჰეკატე“ და დღემ მომიტანა
                  სუნი რომელიღაც დაკარგული ცხოვრების—იქ, რასაც
                                    კანს ვუშვები იმავე კანის
                         სხვანაწილები ირეკლავდნენ თითქოს ვგრძნობდი
ზედაპირი მძვინვარებდა მთლიანობის ფარულობით, ბნელი წყლებით
         მძვინვარებდა ჩემი მდუმარე ცხოვრების სიღრმე, რაც უძრავი
   ჩანდა, ფესვგადგმული, იქნებ, იძვროდა იმდენად, უწყვეტად, ყველა
                                                    მხრივერთად, ძვრასაუძრავებდა
      სცდებოდა ძვრას და არაფერს მპასუხობდა, ძღვენს
არ მიიღებდა ჩემგან, არას მოიღებდა ჩემზე, შესაწირს
                             მიუხამსებდა, მამცნობდა, რომ ჰიბრიდი ვარ
                 ლაბირინთში, რომელიც ჩემივე სხეულიდან ვქმენი (იქმნა
                                    ჩემივე ციხედ, თქვა, მე ჩრდილი
                       ვიდინე (რა ხილვასთან მაბრუნებს
  ყველა ეს უფსკრულმსგავსება? თითქოს
                                        წარსულაწმყომომავლის კომპოსტი
                           მიბერავდეს ღრმად სახეში როგორც ქარი
            ჩრდილო-ჩრდილო-დასავლური, როგორც კომპასი
ოთხთავა, რომელსაც ვერ ვკითხულობ, არავინ მასწავლა და აბა
                     როგორ და ამ წამს აქ მდგარს
                                  ჩემი თორმეტწლეულების მესამე წრის
ზღურბლზე დამდგარს სიღრმის საშვს მრთავს უეცრად სედნა, ხილვას
      ენა-მიწის, ზღვის ფსკერზე მარხულს ასე ნანატრს   ო როგორ
          დავკარგე მე შენი ენა
                                                         [ხშირად მესიზმრება
                                  რომ რვეულს ვიღებ და ვწერ, მხოლოდ
იმისთვის, რომ შემდეგ, გაღვიძებულმა, მართლა შევამოწმო
[იგივე] რვეული და შიგ ვერცერთი სიტყვა ვერ ვიპოვო—
აღმოვაჩინო, რომ ყველაფერი, რაც კი ჩემმა სიზმრის
სხეულმა დაწერა, გამქრალა, აორთქლდა რვეულის
(რომელიც ახლა მიბიძგებს, არასწორად წავიკითხო ხვეულად)
გვერდიდან—და ამ სიტყვებს მეხსიერება ვეღარასდროს
აღადგენს, ამიტომ მთელი სხეულით განვიცდი შეუქცევადი
დანაკარგის წონას—ეს შავი რვეული მაგრძნობინებს, რომ ის
ერთადერთი რჩება უცვლელი, ის, რომელშიც ვწერ ყველაფერს,
ძილში თუ მღვიძარე, რაც კი ფიქრზე დამაჯდება, სხვა
ყველაფერი—ჩემი ორი და მეტი სხეული, თავ-თავისი
დამწერი ხელებით, ჩემი ფიქრები, ჩემი მეხსიერება,
სიტყვები, რომლებიც დავწერე, ან ვერ დავწერე ან
რომლებიც დავწერე და გაქრნენ, ამჟამად, რომლებიც დავწერე
და დავკარგე ან დავკარგე სანამ დავწერდი—ეს ყოველივე
მარადცვლადია, ჰერაკლიტურად ცვალებადი და
მოუხელთებელი
                მაგრამ რამდენად ინარჩუნებს, ურთიერთინარჩუნებს
ეს სხვადასხვა ერთიმეორეს? რამდენადაა ჩემი ერთი სხეული
მეორის, რამდენად, ის, მეორის, დანარჩენების მატარებელი,
ანარეკლი, კვალი          (რადგან დავიფიცებდი,
მათი ნაწილი იდენტურად გამოიყურება, თუ, ჩემთვის,
აღიქმება)?             რამდენად ირეკლავს ჩემი ერთი მეხსიერება
მეორეს?     რამდენად, ერთი გონების აღქმები აღწევენ
მეორისაში, რამდენად—ერთი სხეულის მქმნელი შეგრძნებები
და განცდები აღწევენ მეორე სხეულის რაობაში, ანდა ერთის
ფიქრ-განცდები, მეორის ფიქრ-განცდით ქსოვილში? ესენი
უპასუხო კითხვებია რომლებსაც ვეხები (ვეხები მაინც!)
ჩემი რომელიღაც იმ შორის ნაწილით, რომელიც მოხელთების,
სრული შეხების, მთლად გაგების უსაზღვროდ მიღმაა
                                                                                           მაგრამ
ვგრძნობ, განვიცდი, ამათი მყოფობა უწყვეტად ქმნის
ახალ, ხსენებულთა მიღმიერ სამყაროებს—განუწყვეტლივ
ყველა დავიწყებული სხეული, ყოველი სხეულის და აზრის
დაკარგული ნაწილი—განცდა მათი დაკარგულობის, წარმოქმნის
ნაზავს, რომელიც, თავისთავად, ახალი სხეულია, არაა სხეული,
არა მოცული, არა მთლად, არამედ როგორც ადამიანი უწინ
ხედავდა თავს: უსრულად, მოუსაზღვრელად, „მთვარეზე-
უნათესაოდ“, ღიად და გადაუწყვეტად, როგორც ფიგურები
კომბარელის მღვიმეში, რომლებიც ლამის გვაძაგებენ, იმდენად
ჩვენთვის მიუღებლად გვახსენებენ იმდენად ჯიუტად, თუ რა
რიზომული, რა უსრულო წარმონაქმნები ვართ, მარად
შექმნა / განქმნის უწყვეტ მიმოცვლაში, მარად მოუხელთებელ
პროცესში, არასდროს შედეგი, ჯამი, არასდროს ვაღწევთ
რამე ხელშესახებ სისრულეს
                                                 იქნებ ამიტომ განვიცდი
ასეთ უმოწყალო სპექტრულ კლეფსიდრად იმას,
რასაც სამყაროს ცხოველი განიცდიდა მყარ უტეხ კუნძად,
რომელსაც თავის სულს დაასვენებს, რწყმულს იმათ სულებთან
ვინც „მანამდე“ იყო ვინც „მერე“—იქ მოასვენებს სანამ მისი სხეული
„დროში“ მოძრაობს, გადაადგილდება, დროისუნებლიედ,
ანტიდროულად, დროის მიღმა, რიტუალურად, მარადაწმყოში
აწ და მარადის]
                                          ყველაფერი დაუმთავრებელია, რომ ღიად
                             ებმოდეს რასაც ვერასდროს ვიტყვი, სპორეღებოდეს
             როგორც რამე მოკავშირე ჭურჭელი იმას რასაც აზრით
                                   ვერ ვინახავ         ვკარგავ და რაც ამიტომ
     თავად მაუმთავრებლებს ისე ღრმად, მწუხარედ, მაუფსკრულებს
                                                            და მაუსაფარებს თითქოს ის
   რაც გონი მგონია მართლა ცხვირის-
                         წვერი იყოს ამ ყინულოვანი
                 კიფოს, ხოლო მისი სხეული—უხილავი    იგივე
                      რაც სიღრმე, შავი მზე, კვერცხი გულად სიცარიელით
რაც დიდმა აფეთქებამ წარმოშვა    ჩემი მეს ცენტრში—მე: ვია ნეგატივა
მე მღვიმეა ჩემში—ეს ანტისხ
                              ეული სივრცე სადაც ჩემს საბრალო
                  ბრმასულელ ცხოველ არსებას
        შემზარავი უცხო სხეული შეეყარა—ამრიგად ჩემივე
სარჩული ჩემს მიღმაა, გარედან მოსული და მე სრულებით არ
             ვარ ან, თითქმის, არ
 
 
 
* (ანა ლივია პლურაბელ - მიწერილი ჯოისის ფინეგანის აღაპის 1992 წლის გამოცემის 213 გვერდის მარცხენა მინდორზე)
 
(სიზმარში ვწერდი: სიზმარში ვნახე, ვუყურებდი ეკრანზე ჯონ ქეიჯის სიტყვებს, ანა ლივია პლურაბელ აღარაა მდინარე, მისი გული ზღვას შეერია)
 
                                                  თოვლს
   არ შეეძლო საკუთარ / გლოვას
არ დასწრებოდა               ქარს ხე
          ერევა თავის ტოტებში, კითხულობს რომელი
                არწევს ჩემს არამყოფ სულს?  და ვის
      სიზმარში ქრის ეს ქარი      (თარგმანიც, წერაც
    და შენი ხმის მოსმენაც მასწავლა სიზმარმა   ანა
ლივია, ანტელუვია . . .                              —ყველა
         ოკეანე ახლა მარცვლავს : აელვე, აელვე
                  ელვად მიუდი ამ ზღვის ზეცას (სადაც სარკეს
 სარკე ლოკავს, ორივეს
             მუცლები ქვედა ცის ღართან ეხება
    ერთმანეთს    — იქ დგას სუნი ჩვენი ქვედა
        ადგილების რომელსაც შენ გრძნობ და მე
                                                 ვერა, ALV, ანა
 ლივია, ანა
                                   ლივია პლურაბელ, შენი კორ-
    მორნებით სავსე ხმა, შენი სხეული
დასვრილი ქაფით, შენი თოლიებით
                          სავსე ზეცათვალები, ტალღები
           სხვების მოძრაობების აგრეთვე შენივე
                    სხეულით განიზომება, შენს ტანს
ესმის ისინი                      —რას გლოვობს
                                                       მთვარე, ცა, ზღვა
   რას უტირის, რომელ ფრინველებს, რომელ
                           მეზღვაურს განუბანს ფეხებს—რას
       ტირის ამ ხმის სიუმე, ამ ხის
                    სიჩუმე, ეს მდუმარება, ეს მდუმარე
                             წყლები შენი სხეულის
            ფსკერზე            / და მღერის ლორკას კანტე ხონდო, „მთვარეა!
                            მთვარე მკვდრების
                  ეზოში—მისი ღრუბლებით
                         დაცვარული
               სათვალეები
 
ცვარი შენს სხეულზე ახლა ისაა რისი თქმაც ყველა ზღვას, ყველა
                       ცას ყველა ზღვის
                                              თავზე, სურს
 
 
 
* (სედნა)
 
იქნებ ანა ლივიას და მთელი ამ tehôm‘ის უღრმესი გროტესკული
          ურ-გამოხატულება ინუიტების სედნაა, მათი
  სიღრმის მფარველი? People talk of my influence on
my daughter, but what about her influence on me? (იკითხა,
ერთხელ, ჯოისმა
                             ვფიქრობ, ანა ლივიას ნაკადია, როდესაც
იუნგი რიჩარდ ელმანს ეუბნება, რომ მამა-შვილი, ლუსია და ჯეიმს ჯოისები, ორივე შიზოფრენიითაა დაავადებული, როგორც „ორი ადამიანი, რომლებიც მდინარის ფსკერზე ჩადიან, ერთი ვარდება, მეორე ყვინთავს“: სასწაულებრივად გვეჩვენება, რომ აქ იუნგი პირდაპირ პარალელს ავლებს ინუიტების შამანთან, რომელმაც წყლის ფსკერზე უნდა ჩაყვინთოს, და სედნასთან, რომელთანაც, ფსკერზე გამომწყვდეულთან, ის ამ ფორმით მიდის. ისევე, როგორც ეს სევდიანი ამბავი მეოცე საუკუნის ბნელი გულიდან, ინუიტების არქაული ამბავიც მამა-შვილსა და მდინარეებზე მოგვითხრობს:
                              ამ ამბავში მამას ინუნგი ჰქვია, ის მარტო ცხოვრობს მდინარის ეულ ნაპირას თავის ქალიშვილ სედნასთან ერთად. სედნა ლამაზია და მრავალი მთხოვნელი ჰყავს, თუმცა გულს არავის აძლევს
                                                         სანამ ერთ ზაფხულს ყინული არ გალღვა და ფრინველშტერმა არ გადმოკვეთა მდინარე და სედნას ამ სიტყვებით
დაუწყო მონუსხვა: წამომყევი ჩემს მხარეში, სადაც არაა შიმშილი
                                სადაც ჩემს კარავს ჩრდილოური ირმის ტყავი აკრავს
                                სადაც შენ ფაფუკ დათვის ტყავზე იძინებ ყოველღამ
            და ჩემი ძმა ფრინველშტერები მოგიტანენ ყველაფერს 
რასაც შენი გული ისურვებს
                                               შენს სხეულს ბუმბული შემოსავს მარად
                                               შენი სანათი მარად ზეთით იქნება სავსე
                                               ხოლო შენი ქვაბი ხორცით
                                                                                             სედნამ ვერ გაუძლო მსგავს ცდუნებას, მაგრამ მხოლოდ გრძელი და მძიმე მგზავრობის შემდეგ, როცა წყლები გადაკვეთეს და ფრინველშტერის სახლს მიადგნენ, მიხვდა სედნა
თუ როგორ მოტყუვდა: მისი ქმრის ქოხს დამპალი თევზის ქერცლი ფარავდა
                                                                    და ნახვრეტებით იყო სავსე
                                       როცა თოვდა სედნას ათოვდა  აწვიმდა როცა წვიმდა
                                       მისი ერთადერთი საკვები თევზი იყო, რომელიც
                                                                     ჩიტებს მოჰქონდათ მისთვის
დაჯდა მაშინ სედნა ტირილად:     აია! ო მამაო, როგორ მოვხვდი
                                მე ამ ადგილას. . .რომ იცოდე
                       აქ როგორ ვიტანჯები, მოხვიდოდი და
      მიხსნიდი აქედან . მე უცხო ვარ ჩიტებს შორის
                                 და მათ არ ვუყვარვარ
                            და არც მე - ისინი
                       ცივი ქარია ჩემი საბანი და სველი თევზი
                                                     საკვები ჩემი
  ო ნეტა მოხვიდოდე და შინ წამიყვანდე . აია .
                                                                                   როცა ისევ დათბა, მამა ესტუმრა სედნას და იხილა რა, როგორი იყო მისი ქალიშვილის ყოფა, მოკლა მისი ქმარი და შვილი ნავით გამოაპარა. ეს რომ ფრინველშტერის ძმებმა გაიგეს, დასევდიანდნენ, გლოვას მიეცნენ, იცეკვეს ძმის აღაპზე, დაიწყეს მისი დატირება
და დღემდე ტირიან, დღემდე ცეკვავენ
                                 მამა-შვილს დადევნებულმა ფრინველშტერებმა
მალევე შენიშნეს გაქცეული ნავი და საშინელი ქარიშხალი
დაატეხეს. დამფრთხალმა მამამ გადაწყვიტა, ჩიტებისთვის შეეწირა
ქალიშვილი და ის ნავიდან მოისროლა, მაგრამ სედნა ორივე
ხელით მოეჭიდა ნავის კიდეს. მამამ ცულით მოკვეთა სედნას
თითების პირველი სახსრები—ესენი ზღვაში ჩაცვივდნენ და
                                                  ვეშაპებად იქცნენ ხოლო ფრჩხილები
                                                                         ვეშაპების ძვლებად
             სედნა უფრო მაგრად მოეჭიდა
მოსჭრა თითების ქვედა სახსრები—ჩაცვივდნენ ესენიც ზღვაში და
                                                   სელაპებად იქცნენ
             სედნა მეტად მოეჭიდა
მოსჭრა თითების ძირები              —ჩაცვივდნენ ესენიც ზღვაში და
                                                   ფსკერის სელაპებად იქცნენ
ამასობაში, ქარი ჩამდგარიყო (ფრინველშტერებს ეგონათ, რომ სედნა დაიხრჩო
მამამ კვლავ ნავზე ამოიყვანა სედნა და ნაპირისკენ გაცურა
შინ მოსულს ჩაეძინა—ამ დროს სედნამ ძაღლებს მოუხმო და
             მამის ხელები და ფეხები მისცა საღრღნელად
                                                                                          კაცს გაეღვიძა
და აღმოაჩინა, რომ ხელ-ფეხი აღარ ჰქონდა, მან დაწყევლა ქალიშვილი
და ძაღლები, რომლებმაც დაასახიჩრეს. წყევლამ მიწის პირი
გახსნა და თან ჩაიყოლა ქოხი, მამა, სედნა და ძაღლები
      იმ დროიდან ისინი ამ უფსკრულში ცხოვრობენ, ადლივუნის
მხარეში, რომლისაც სედნა მბრძანებელია
                                                                   [ადლივუნში ასევე
ბინადრობს ტორნასუკი, ინუიტების ზეცის ღმერთი, რომელმაც, 19’ე საუკუნის ფრანგულ დემონოლოგიის ენციკლოპედიაშიც (Dictionnaire infernale) კი იპოვა ადგილი ((შენიშნე, აგრეთვე, რომ ინუიტებთან ზღვის ფსკერისა და ზეცის ღვთაება ერთ ზედაპირზე ცხოვრობენ—რა გასაკვირია, მაშინ, ის, რომ დღეს სედნა სიღრმის მფარველიცაა და ჯუჯა პლანეტაც) ადლივუნის სხვა ბინადრები არიან ტორნატები (ცხოველებისა და ბუნებრივი წარმონაქმნების სულები) და ტუპილაკები (მკვდარი ადამიანების სულები)—ამრიგად, ადლივუნი სიცოცხლე-სიკვდილის ასამბლაჟია, რილკეს „ბუნების მეორე მხარის“ პირვანდელი გამოხატულება, სადაც თავს იყრის ყველაფრის ძირეული, სულიერი სახე, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ—ადლივუნი ხანდახან ყინულოვან უდაბურეთადაა წარმოსახული, რაც დანტეს ინფერნოს სიღრმეებს მოაგონებს ამ მაყურებელს.
                                                             ამბობენ, სედნა იქ ატყვევებს ჩვენთან მომკვდართა სულებს, რათა განწმინდოს, მოამზადოს
შემდეგი მგზავრობისთვის და შემდეგ მთვარის მხარეში გაუშვას
                                                                                                 სულები ერთ წელიწადს
ჩერდებიან ადლივუნში და მერე, სედნას საგზლით, მთვარისკენ
                                                                                                          )) ხანდახან ანგოკუკი
ჩაყვინთავს მდინარის ფსკერზე, ესტუმრება სედნას და ასეთი ცნობა მოაქვს:
             მისი სახლი ქვისა და ვეშაპის
ნეკნებისგანაა ნაგები (ის დიდია და სარკის სახე აქვს
                                                                            სედნა უზარმაზარია და ვერ დადის, მხოლოდ
შეუძლია, ისრიალოს ცალი ტანქვეშ ამოკეცილი და ცალი გაშლილი ფეხით,
ცალი (მარცხენა) თვალი აქვს, უთვალო ფოსოდან კი თმა აქვს გამოჩრილი,
იმდენად მსხვილი და უხეში რომ მყვინთავი თავის ორ გაშლილ ხელს
ვერ შემოაჭდობს (ხელების ნაცვლად მას სელაპის ფარფლები აქვს
                       მამამისი ტანით ჩვილის ზომისაა, მას ცალი ხელი აქვს, ხელზე
სამი თითი. ის ხეიბარია და ვერ მოძრაობს, მაგრამ ამბობენ
მომაკვდავ ადამიანებს ევლინება და თავის ცალ ხელს სჭიდებს
                      ადამიანური ცოდვები და სიბინძურე ილექება ზღვის ფსკერზე
და აბინძურებს ადლივუნს—სედნას თმაში ეჭედება ჩვენი ნაყარ-ნარჩენი
თმაში, რომელსაც თავისი ფარფლებით ვერ ივარცხნის ვერც ისუფთავებს
განრისხებული, ის საკვებს აღარ აძლევს ადამიანებს
და შიმშილობა დგება დედამიწაზე
                                              ამ დროს უწევს ანგაკოკს, ჩაეშვას სიღრმეში
გადალახოს ერთი უფსკრული, რომელშიც ყინულის ბორბალი მარად ტრიალებს
                    მეორე უფსკრული, რომელზეც სამართებლის პირზე ვიწრო ხიდია
გადებული, და შევიდეს სედნას სახლში, სადაც ის ზის და თმას იგლეჯს
პირზე ქაფმომდგარი
                                 ანგაკოკმა უნდა დავარცხნოს და თმა გაუსუფთაოს
ამავე დროს ის დანას ურჭობს სედნას, რათა ტკივილმა გული აღუძრას სიღრმეს
ადამიანთა ტანჯვისადმი
                                           ყველა უფსკრული ამ ხილვასთან
მაბრუნებს: ის თმებით ატარებს აბორტირებულ ნაყოფს, უარყოფილებს
                     უდროოდ მომკვდრებს, ამპუტირებულ კიდურებს
           ევთანაზიებს                 (კასენსეროში, მე ავკრძალე სხეული
                                         . . . მომეცა ფურცლები
    ჩემს კანს აკრძალავენ ამ ჩემს საკუთარ მიწაზე
          კანს ამიკრძალავენ ჩემ საკუთარ კანზე
                   რომლისაც უცხო ვარ, კურო მიწაზე და ცაში
 
       ვაი ნანა, სედნა, იავ ნანა  (თითქოს
             სარკეში გეძინოს, თითქოს
                    სარკე ძილს გირწევდეს—მე ვარ
  ფსკერი და ზედაპირი, მე ვარ შიგ და
     გარე მე ვარ ანი და ჰოე
 
 
 
* პოსტლუდია
 
                                ამავე ხაზზე იყო ის სამი ასტროლოგი
რომლებმაც შენი სახელი ჯუჯა პლანეტას უწოდეს?
ეს მნიშვნელოვანია: მეცნიერები სიღრმის გარეშეს ეძებენ
მაგრამ ისინი ხელს ვერ მოგკიდებენ შენ
                                               სედნა  (მკვლევარი იელის
უნივერსიტეტიდან ინუიტების მყვინთავი შამანი არაა—ის ნაგვიანებს
კითხულობს მხოლოდ (après coup), მხოლოდ თმას გინაგვიანებს
როცა უფსკრული უკვე მოცულია და ამიტომ დაკარგული აქვს
არცოდნის შავი მაგნეტიზმი, თავისი შავი მანგანეზი
                                                                                  მეცნიერი
კასტრირებული მაუპატიურებელია (მას უნდა, ალბათ, თითით
მოგტყნას მუტელში) რომელსაც შენ არ აძლევ, შენი სიღრმის
                                   გასაღებს, სედნა—ის რისხვაში მოდის
                                   და შენს სახელთან ტყნაურობს, რითაც
                                   ძალას გართმევს : საზრისის მავთულხლართში
                       ახვევს შენს უდაბურეთს, შენს სიღრმეს, მაგრამ
    ო როგორ რეზონირებ, შენ, დაკარგულო, ჩვენო ქალბატონო
                             ღრმისმშობელო, ზარსა სცემ ყველა
ღამემავლის გულს სიბნელეში . . . . ის წყლის სანთლებს
             უნთებს მთვარეს, შენთვის . . . შენ რეზონირებ მის
                   ბოლო აქტში, იმის შავ მზე-
       გულში, ვინც იტყვის „ნუ დამელოდებით, ღამე იქნება
თეთრი და შავი“                                        ვინაა, ვინც
                აღარ იცდის?
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.