• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ნისკარტის აკვანი

×
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 01 მაისი, 2019 2106
 
***
 
ჩვენ ვართ ქალაქში
სადაც ბუმბულივით მსუბუქი ჩურჩული
სხვა სამყაროში ქარიშხალს იწვევს
სადაც წამიერი სიცილი ბზარავს სახეს 
და მტვრის მახსოვრობა არის ყველაზე უბიწო
აქ არის ის ვინც ღამეს ეთაყვანება 
მისი სახე იელვებს ჩრდილის ლარნაკებში
ის ღვინოს წურავს ყველაზე ბნელი ქალწულებრივი ღრმულიდან
ის საკუთარი პირიდან იწურავს ღვინოს
და ცაზე პატარა ვარსკვლავს ამინანქრებს
აქ არის ათასობით მშვენიერი შუქნიშანი
ღამე კივის და შენს სახეზე ჭექა-ქუხილის ბაღები ჩნდება
ის უხმობს თევზკაცა ღმერთებს
ისინი თვალებს ითხრიან
და როგორც ძვირფას საფირონებს ქალაქში ყრიან
 
 
 
 
 
***
 
მას დაესიზმრა რომ მისი ნისკარტის აკვანი
განაწყენებულ ბავშვს უღიღინებდა
მას ატყავებდნენ
მისი თვალი ძაფებად დაირღვა
დაე არასოდეს დაიძინოს დაიკივლა მან 
არასოდეს დაიძინოს ვინც შენს დაკლაკნილ ხმაში ცხოვრობს
ასე უთხრა არ მოგკლავ
მაგრამ სამარადისოდ ჰაერში იქნები ჩამოკიდებული
შენი ხმა საგრილობელი იქნება სამყაროსთვის
და შენი ხელებიდან ამოხეთქავს ხმაური როგორც ხომალდების ამოსუნთქვა
და შენი ხმა კითარის სიმებზე მეტად დაიკლაკნება
მშვიდობით საამურო ცხოველმყოფელო 
სიტყვით სალი კლდეების ყინულების ამრეკლავო 
ვინც ამ სიტყვის ნაგლეჯებზე ხეირს პოვებ
„ნუთუ ესეც სიზმარია?“ – ფიქრობდა გაოცებული 
არა არა არა შენ ზამბარა ხარ ეხმიანებოდა ის
და იკუმშები როგორც დიდი მწვანე მინდვრები იკუმშებიან მარტო დარჩენილი ძაღლებისთვის
შენ დაგესიზმრა მინდორი
დიდი კბილის ლოდებით
და ათასი მოწვიმარი ქანქარა სიტყვით 
დაგესიზმრა სხვისი შვილი
დარბაზების აკიაფებული თვალების შუქით და თვალების გარშემო პატარა ბუჩქნარით
ის შენი პირის ჭრილში იჭვრიტებოდა და ხარხარებდა
 
 
 
 
 
სკას
 
მან ვარცლზე ურანის წვეთისგან შობილი ბავშვის სიცილი დაასვენა 
და მისი ხელების წაგრძელებული ორბიტები ღამეულ ნაყენში გაბლანდა
როცა მისი თითიდან შობილი ლურჯი წვიმა საკვები იყო მისთვის
ვინც სამყარო შექმნა გაბმული ყეფით
და საკუთარი ფურთხის ნანგრევები ქალაქებად აქცია
იყავი წმინდა და დალოცვილი 
დაე შენი თვალი აკლდამა იყოს საიდანაც არცერთ ჩრდილს არ გამოუშვებ
 
 
 
 
 
ეძღვნება მირკანს
 
ჩემს სიზმარში გუშინ ძალიან ავად იყავი
ჩვენ ესპანეთში გავიქეცით 
სადაც შენი თავის მიღმა 
სიბნელე გველოდებოდა
მაშინ შენ შენი მგზნებარე მტვრისგან ღმერთი დახატე და პირში ჩაიგუბე
შენ ხეიბარი იყავი 
შენ მთვარის ნაყოფი იყავი
და იქვე იყო უზარმაზარი ნიკა გეიც
ის საჰაერო ბურთი იყო 
მისი თავის თაღში მე ჩემს თავს ვთხრიდი
და სკას მგორავი თვალების წისქვილის ქვეშ
და მისი სარკინიგზო შუქნიშნებივით განლაგებული თვალების ქვეშ
თეთრი მარიამი თრითინასავით თრთოდა და მისი წარმტაცი სახის კრთობა ქარს წარმოშობდა ხეებს შორის, 
ზურა ნეფარიძის,
ბელა შანავას
და ირაკლი შარმიაშვილის სახის ფსიქეაში
ირაკლი ყოლბაიას ცივი სინათლის ორბიტების ქვეშ რადგან მისი წამწამები სანთლის ალები იყო ჩვენს ღამეში
ჭაობიანი სინათლის
ბურთულებიანი სინათლის მომფსმელის ქვეშ
და ზურამ თავისი სიტყვების ასანთს გამოკრა
და დიდებული ღამე აანთო
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული