ზიზილა ზვიგენის მეხსიერებაში





პოეზია

ზიზილა ზვიგენის მეხსიერებაში




 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
ფასდაკლებული საქონლისთვის განკუთვნილი სარდაფი გაეღო კოცნათა მდელოს
ქალთა ბრბოები ისე მოეპყრნენ ყვავილებს თითქოს ქვის ფალოსები ეჭირათ
მე ხელი გავიწვდინე გონიერების ტყეებისაკენ მაგრამ ისინი გადაცვივდნენ
და დამტოვეს ნამარხით რომელშიც ჩემი სახელი ეწერა
ყველაფერს ასო ლ-ს მარყუჟი ამბობდა
ამბობდა მეკოცნა მატლისთვის ყვავილს რომ მიათრევდა ლავის გადაღმა
ლამაზი ქალი იდგა მის ადგილას თმას ქარი ურხევდა ქვაში
მე მას შევეხე ნაზად მისი სიმაღლე მხოლოდ რვა სანტიმეტრი იყო
მისმა ცრემლებმა ზარდეს ჩემი თითები სანამ მხრებით შორეულ მთებს არ ვატანდი
თოვლი ვიყავი ტუნდრა დაკოპლილი ციცქნა ლურჯი ზიზილებით კარიბუს მაცდუნებელი სურნელი
მსუნთქავი ტყავის სავარჯიშოებით ჩემს თეთრ ზურგზე
ნელა ჩავყლაპე მამონტი და დათვმა გაიღვიძა გაზაფხულზე მყინვარის ქვეშ
ოკეანეს მივმართე სახელით
ეონად ვიქეცი მაგრამ მილიარდობით წელიწადმა წამში გაიარა
და მე არასდროს მრჩებოდა დრო რომ ჩემი ლექსები მეწერა რომლებიც ახლა მყინვარული ქუდის ეროზიის ფორმას იძენენ
ერთი-ორი აისბერგის ცოტაოდენი კვამლის ზიზილის ზვიგენის მეხსიერებაში
 
 
 
 
 
*
                      „გაზაფხული იყო იმ დროისთვის როცა ქუჩის კუთხემდე მივედი“
                                                                       ფრენკ ო’ჰარა
 
ო გაზაფხულის ღმერთო მომიტევე
რომ ამ რომანსს შემოდგომაზე ვათავსებ
მაგრამ შემთხვევამ მხოლოდ ასე ინება
როცა მან დამიბრუნა პირველი გუნდა რომელიც
84’ე სართულიდან მდინარის მიმართულებით ვისროლე
თან მითხრა რომ ცნობდა ჩემს ნამუშევარს
მომიხდა მისთვის თვალებში ჩახედვა იმის მიუხედავად რომ შიშველი იყო და მისი ტატუები თრთოდნენ
 
ეს იყო შემოდგომის ტრფობა სექტემბერში ჩემი წლებისა
როდესაც ჩემი ცხოვრების ქვიშის საათი ზუსტად სამი მეოთხედით ჩამოცლილიყო
როცა ვერცხლმა დაანათა ჩემს საფეთქლებსა და სახეს
მაგ მრავალი ღიმილის ვეტერანს
რომელმაც გაიბრძოლა სარკისკენ პოლონური დროშასავით უდრეკმა
და ჩემს უკან შენ გიხილე თოვლის გუნდით ხელში
ამბობდი მე ვცნობ შენს ნამუშევარს Vitalis-ისთვის გაკეთებული ბოლო სარეკლამო კამპანიიდან
რომელშიც ქარი ურევს თოვლის კაცის ტალღოვან თმას
და დონ დრისდეილი და უილი მეისი ხის ძირას იყინებიან
 
თოვლის გუნდამ სარკე გატეხა და რომ შემოვბრუნდი შენ აღარ იყავი
მაგრამ შენი ნომერი ეწერა ფანჯრის დაორთქლილ მინაზე
მე დავრეკე და შენ ატირდი ამბობდი რომ ღირსი არ ხარ
მაგრამ შენი და გამოგზავნე რომელიც ცოტათი გგავდა
და ჩვენ მეტროში ვიზასავეთ
მეტრო ქვეშ მიუყვებოდა ქალაქს რომელიც დამვიწყნოდა
ვიდრე სახლების მოჯადოებულ ტყემდე სადაც ყოველ გაზონზე ბილბორდი იდგა
 
ჩემს სიზმარს შენგან შორს მივყავარ
შორს ჯურღმულებში სადაც შენ ვერაფრით იქნებოდი და მაინც გპოულობ სოულფუდის ჭამისას
გვერდით თოვლის გუნდა გიდევს ზაფხულის უკანასკნელ ვარდთან ერთად
სათქმელი არაფერია ჩვენ ერთად ვჭამთ ნეკნებს და რამდენიმე ჰიპსტერულ შენიშვნას ვესვრით ერთმანეთს
ადგილი ჯაზით იტბორება როცა ერთმანეთს კართან ვეთხოვებით
აუტანელია ეს ყველაფერი მივაბიჯებ სთიქბოლის სამყაროების მწკრივში შეხსნილი გულთასმებით
 
ო გაზაფხულის ღმერთო მომიტევე
მაგრამ ლუდისა და ზრდადი ხორბლის ბოლო თბილი ღამეები
უეცრად გამეყინნენ მეხსიერებაში და ჰო
დეკემბრის პირველს
თმა რომელიც დამვიწყებოდა თვალებზე მეზრდება და ვაცნობიერებ რომ სიყვარული ბრმაა
 
 
 
 
 
*
 
ვახამხამებ და ჩემი ცხოვრების ნახევარი გასულა
თუმცა ჯერაც გეგმებს ვაწყობს
წამში კიდევ ერთხელ დავახამხამებ
თვალები უკვე ნახევრად დახუჭული მაქვს
რა მძიმეა ამა წლის ვაზები
რა მძიმე ღვინო იმ წამთა რომლებსაც გადაუხდელად მიირთმევ
ღვინის ოკეანე ზღვა მდინარე ნაკადული
წვეთი
რომელშიც ირეკლება კოშკი
რომლის გვერდებსაც ვაზთა ჯუნგლები აუყვებიან
იქნებ კივილს ვსტუმრებოდი
ფესვებამდე ავცოცებოდი მის სპირალურ კიბეს
და მეოჯახეობისთვის მომეკიდა ხელი აგონიამდე ერთი წამით ადრე
ამაზე გრძელი წამი რომ მქონოდა
ფილოსოფოსის ქვას მოვძებნიდი
თვალებს დავითხრიდი წიგნებით რომელთა ყოველი მესამე სიტყვაც დაფარულია
ან სიყვარულში შევაბიჯებდი
ხავერდის სარჩულიან ყუთში შენახულ მორევში
მაგრამ ბოლო დახამხამება მომიწევს
ჩემ ცოდვათა სრულ ანგარიშს ითხოვენ ჩემგან მათი სამოთხის აღრიცხვებისთვის
მე კი ჩემსაში განმამწესეს რომლის მოქანავე პწკალებიც უერთდებიან არაფერ ცოცხალს
სადაც მე ვზივარ ქვაზე უწყლო ტალღებმა რომ ამოჭამეს
წამით რომელიც მარადისობაა
მერე გაოცებით მიმოვიხედავ მომღიმარი სახეებისკენ
 
 
 
 
 
 
 
პიტ უინსლოუ (Pete Winslow) 1972 წელს მოკვდა 37 წლის ასაკში. ეს ლექსები მისი უკანასკნელი წიგნიდანაა აღებული, რომელსაც A Daisy in the Memory of a Shark ჰქვია და რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ, 1973 წელს გამოაქვეყნა ლორენს ფელინგეტიმ თავის City Lights the Pocket Poets სერიაში (იმავე სერიაში პირველად გამოიცა ალენ გინსბერგის „ყმუილი“ - რომ დავასახელოთ მხოლოდ ერთი მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემიდან). ამ წიგნისთვის დაწერილ წინასიტყვაში უინსლოუ ამას ამბობს ჩემზე:
 
მე მას ვხედავ მომავალში. მან ჩემი ყველაზე ცუდი ლექსები შეარჩია, იმ წლებიდან, როდესაც ყველაზე უფრო თავმობეზრებული ვიყავი, ყველაზე უფრო დაცლილი პოეტური სუნთქვისგან, და ახლა რაღაც უსიცოცხლო ესთეკიტური დოქტრინის პრეტექსტად იყენებს მათ. მაგრამ არაუშავს. დაე გამოათრიოს ლექსები, რომლებიც მანამ დავწერე, სანამ რამეს გავიგებდი: ახლა უფრო ფრთხილი ვარ, სულ ეგაა. ჩემი მოთხრობები ფელიბოიმ უარჰყო: არა უშავს, მე მქონდა პრივილეგია, უარმეყო ფლეიბოი, თუ ფოტოებისთვის დროდადრო თვალის შევლებას არ ჩავთვლით. ის ვერაფერს დამიშავებს, რადგან საუკეთესო ლექსებიც კი ისე ცუდად დავწერე, რომ ყველაზე ცუდებიც მათთან ძალიან ახლოს დგანან, და ყველაზე ცუდებიც კი არაცივილიზებულები არიან. ისინი, რომელთა დაწერასაც ვნატრობ, არა მხოლოდ ცივილიზაციის მიღმა იმყოფებიან, არამედ გარემავლობის ისეთ ცხად კვალს ტოვებენ, რომ არ ძალუძთ მასთან თანაარსებობა. მე საათის მექანიზმიან ბომბებს ვტოვებ ალაგ-ალაგ, ლექსებად შენიღბულებს - აუფეთქებელი ჭურვების მცოდნესაც კი ეღება შიგადაშიგ თვალები.
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.