ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

კონტროლი

ერეკლე დეისაძე
25.12.2009

   


 

ბილი მკვლელია. ღმრთის სამსახურში მდგარი წმინდა კიბორგი. ცენტრალური ქუჩის მაღალსართულიანი კოპუსის სახურავზე მწოლიარე საშიშროება, რომელიც ოპტიკური სამიზნის დინჯი მოძრაობით, პირველი მსხვერპლის ძიებაშია. თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით. მშვიდად დააბიჯებთ უღრუბლო ზეცის წიაღში და ტვინი ათასი სისულელით გაქვთ გამოტენილი.  

 

ხელზე თითებთან გადაჭრილი ტყავის თათმანები უკეთია. ტანზე მომდგარი შარვლის ბოლოები, მაღალყელიან ბათინკებში აქვს ჩატანიებული. ახლადწამოზრდილი წვერის ფონზე, არაპროპორციული ცხვირი დავარდნილ ფალოსს მიუგავს, ხოლო საგანგებოდ გადავარცხნილი თმა, ფართო შუბლის ნახევარს უფარავს. ერთი შეხედვით, დაჰეროინებული პოპ-ვარსკვლავს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე მკვლელს. მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ ყოველი ვარსკვლავის მიღმა კარგადშეფუთული კილერი იმალება. 

 

დროდადრო გაურკვეველ მელოდიას უსტვენს. რომელიც რათქმაუნდა არცერთ თქვენგანს არ ესმის. არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტი მუსიკის ფასი არ იცით, უბრალოდ თქვენსა და მკვლელს შორის, საკმაოდ დიდი მანძილია და ამ მანძილის გავლა, მხოლოდ იმ ტყვიის მასრით არის შესაძლებელი, მარყუჟიანი ლულიდან რომ იჭვრიტება და მარტივად დასაშვებია, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ თქვენგანის სხეულს დაუმეგობრდეს. თანაც დაუკითხავად. 

 

ერთი კვირაა რაც ბათუმიდან დაბრუნდა. იქ ენჯისთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა. დასასვენებლად ე.წ. ,,ბარხატნი,, სეზონი აირჩიეს, რადგან თავი უფრო მყუდროდ ეგრძნოთ. ბათუმი არის ქალაქი, სადაც მზე ყოველთვის ზღვაში ჩადის, ხოლო ენჯი არის გოგონა, რომელსაც ენა და ფეხები საშუალოზე გრძელი აქვს. მოკლე, მხოლოდ კაბები უყვარს და ბედნიერია, რომ მის კაპრიზებს ბაქოში მოღვაწე ცნობილი დიზაინერი ასრულებს.

 

ბილის, სავარაუდო მსხვერპლი უკვე მიზანში ჰყავს. ეს სულაც არ უშლის ხელს, ენჯიზე იფიქროს. უფრო მეტიც, წარსულში მოგზაურობს და ის დღე ახსენდება, პირველად რომ გაიცნო. მაშინ საკუთარ თავზე შეყვარებული აპათიური სუჩკა ეგონა, მაგრამ ვარაუდები ხშირად განსხვავდებიან რეალობისგან. ისევე როგორც ახლანდელი სავარაუდო მსხვერპლი, წინა სავარაუდო მსხვერპლისგან. პირველი განმასხვავებელი ნიშანი, ჩაცმულობა და ხასიათია. ბილის აზრით, მიზანში ამოღებული გოგონას წლოვანება, ოციდან ოცდახუთ წლამდეა. ძუძუებიდან გამომდინარე, თაყვანისმცემელთა ურიცხვი რაოდენობა ჰყავს. სხეულის სხვა პარამეტრებიც დამაკმაყოფილებელი აქვს. უდავოა, რომ წითელი ფერის ტანგა აცვია. ბილი მსგავსი ტიპის გოგონებს კარგად იცნობს, ისინი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, წვეულებებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარებენ. საპირისპირო სქესისგან უამრავი კომპლიმენტებითა და საჩუქრებით არიან განებივრებულები და ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე სჯერათ, რომ ოდესმე აუცილებლად გამოჩნდება მათთვის იდეალური მამაკაცი. ასეთი ქალები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მათი უმრავლესობა, სექსში გამოუცდელია და წარუმატებელ ორგაზმში ყოველთვის პარტნიორს სდებენ ბრალს.

 

ბათუმში მატარებლით ჩავიდნენ. კომფორტული მგზავრობის მიუხედავად, გზა მაინც დამღლელი გამოდგა. მთავარი სარკინიგზო სადგურიდან ჰორიზონტზე ნახევრადჩასვენებული მზე, სანახევროდ მოჩანდა. ჰაერში მარილის მლაშე სურნელი იდგა. დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, თავს მშვიდად გრძნობდა. ზღვაც მშვიდი იყო. თანაც ორმაგად მშვიდი. ეს პირველივე მსგავსება უყურადღებოდ არ დარჩენია. რომელიღაც მწერლის დღიურში წაიკითხა, ქალაქთან საკუთარი თავის იდენტობა, მხოლოდ დიდი ადამიანების ჩვევად ითვლებაო. ერთადერთი, ვინც მის სიმყუდროვეს არღვევდა, ენჯი და მისი გაუთავებელი შეკითხვები იყო, რომელთა ძირითადი შინაარსიც შავიზღვისპირეთში არსებულ პრესტიჟულ სასტუმროებსა და ტანსაცმლის მაღაზიებს უკავშირდებოდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მსგავსი გატაცებების მქონე ქალი, ასე თავდაუზოგავად შეუყვარდებოდა. ენჯიმ რა სისულელეც არ უნდა ჩაიდინოს, მასში ყოველთვის მოიძებნება ისეთი რამ, რის გამოც მისთვის საყვედურის თქმა გაგიჭირდება, ფიქრობდა ბილი. ალბათ იმიტომ, რომ მის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შეპარვია.

 

სასტუმრო ,,ინტურისტი,, ენჯის ყოველგვარ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ოთახის ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა. დაბინავების შემდეგ, სანაპიროზე სეირნობა გადაწყვიტეს. განათებული პორტის ტერიტორიას, ზღვა ერთიანად ირეკლავდა. ჰორიზონტიდან წამოსული სექტემბრის გრილი ნიავი, ქვიშაზე დარჩენილ მზის დამცავ ქოლგებს ძლივსშესამჩნევად არხევდა. ადვილადშესამჩნევი, მსუბუქი ტალღების ხმაური იყო, რომელსაც ბულვარიდან შემოსული კლუბური მუსიკის რიტმი ერწყმოდა. სეირნობის შემდეგ, ნომერში დაბრუნდნენ, სადაც საუცხოო ინგრედიენტებით მომზადებული სპეციალური კერძი დააგემოვნეს. ბილის მეხსიერებას დღემდე ნათლად შემორჩა იმ ღამის ხიბლი. საოცარია დილამდე სექსი. მით უმეტეს თუ ენჯისნაირი პარტნიორი გყავს და სხეულის ყოველი უჯრედი ფრანგული პორტვეინით გაქვს გაჟღენთილი. აღარაფერს ვამბობ თურქულ ჰაშიშზე. არადა ბილის როგორ უყვარს ემოციების გაზიარება, შეიძლება ითქვას თხრობის ნამდვილი ოსტატია, მაგრამ მიუხედავად დიდი მიდრეკილებისა, წერა არასოდეს უცდია. ალბათ იმიტომ, რომ ერთ დროს საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და ,,ტკბილი ჟღვინტის,, დისტრიბუციას ეწეოდა. ,,ტკბილი ჟღვინტი,, იოგურტის პირობითი სახელწოდებაა. ტერმინი თვითონ მოიფიქრა. იყო დრო, ბაქოდან მიღებულ შეკვეთებს ასრულებდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ნიუ-იორკი თვითმფრინავებით დაანგრიეს, ხოლო თბილისში რევოლუციის ტალღა აგორდა. რამდენიმე თვეში, ამერიკამ ტერორიზმს გამოუცხადა ბრძოლა, ხოლო პოსტრევოლუციურმა თბილისმა კორუფციას. მასობრივ დაჭერობანას გადაურჩა, მაგრამ ბიზნესი სერიოზულად ჩაუფლავდა. ვერავინ იფიქრებდა, თუ ბაქოს ცალმხრივად მოუწევდა ბილის, უფრო სწორედ კი ენჯის შეკვეთების შესრულება. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს..

 

მაგალითად შუახნის მამაკაცმა, რომელიც ეს წუთია ცენტრალური ქუჩის ბოლოდან დაიძრა. შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე ვერც მიაღწიოს და ეს არა განგების, არამედ ბილის ნებაა. მორიგი სავარაუდო მსხვერპლი, ალბათ ბიზნესმენია. ამის ვარაუდს მისი კონსერვატული ჩაცმის სტილი და პედანტური გარეგნობა იძლევა. ფეხის ზომა ორმოცდაორი აქვს, ან უფრო მეტი, რადგან ოპტიკურ სამიზნეში ყველაზე გამოკვეთილად ფეხსაცმელები ჩანს. მივლინებებში ხშირად დადის. სახლში ყოველთვის გვიან ბრუნდება, რის გამოც ცოლი უკმაყოფილოა და არ ნანობს, რომ სხვას აძლევს. ამის შესახებ ბიზნესმენმა არაფერი იცის, მაგრამ ეჭვი ხშირად უჩნდება. ნერვებს მოკლეკაბიანი მდივანის მოდუღებული თურქული ყავა უმშვიდებს, მდივანი პროფესიით ნიმფომანია და ყოველთვის მზად არის თავის უფროსს გულთან ერთად ფეხებიც გადაუშალოს.

 

შემდეგი ორი დღე კოკისპირულად წვიმდა. სანაპიროზე მხოლოდ რამდენიმე მეთევზეს ნახავდით. ქუჩები თითქმის ერთიანად დაცარიელდა. გამჭვირვალე ნისლში ათქვეფილი თოლიების უზარმაზარი გუნდი გაურკვეველი მიმართულებით დაფრინავდნენ. ამინდის ცვალებადობამ ენჯის ხასიათი გაუფუჭა. თეთრ ხალათში გახვეულს ერთადერთი პრობლემა აწუხებდა, ვერაფრით გადაეწყვიტა რა ფერის ლაქით შეეღება ფეხის ფრჩხილები. ბილისთვის ეს ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო, მაგრამ თავის მოთოკვას მაინც ახერხებდა. საფიქრალი მას უფრო მეტი ჰქონდა, თანაც ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ენჯის წარმოედგინა. ბილი ხვდებოდა, რომ სამომავლო პროფესიაზე უნდა ეფიქრა. მისი ასაკისათვის ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, თუმცა სხვა გზა არ იყო.

 

,,სხვა გზა ყოველთვის არსებობსო,, უთხრა ცალხელა მოხუცმა. ძველი დაკონკილი სამოსი ეცვა და სანაპიროს ყველაზე მივარდნილ ყურეში, კოცონზე მოდუღებული ყავით მომავალზე მკითხაობდა. ორდღიანი წვიმების შემდეგ ენჯიმ, ყოველი კუთხე-კუნჭულის ფეხით მოვლა გადაწყვიტა. ბოშების ბანაკსაც ასე შემთხვევით გადაეყარა. მკითხაობის პროცესი სხვადასხვანაირი იყო, მიზანი ერთი, რაც შეიძლება მეტი მოგესმინა საკუთარ თავზე. იყვნენ ისეთებიც, ცვილის ფიგურებითა და ტაროს კარტებით რომ ჭვრეტდნენ, უახლოეს მომავალს, მაგრამ ენჯიმ არჩევანი ყავაზე შეაჩერა.

 

მსუბუქი დეპრესიის ფონზე, ბილიმ ჰუმანურობის ყოველგვარ მეთოდს მიმართა, რათა იქაურობას გასცლოდა, მაგრამ უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა მაინც აოკებდა. ცალხელა მოხუცს, მისი ნდობის მოპოვება არ გაჭირვებია. 

 

,,რას მთავაზობს სამყარო, იმისათვის რომ საკუთარი თავი ვიპოვო?’’- ჰკითხა ბილიმ. ცალხელა მოხუცმა მინელებულ კოცონს შეხედა. შემდეგ თავზე წაკრული შალის ნაჭერი მოიხსნა და სიგარეტს მოუკიდა.

 

,,ბოლომდე დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი რჩევა გჭირდება?’’

 

ბილი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, მაგრამ მაინც დადებითი პასუხი გასცა.   

 

,,ეგრე არ გამოვა - ამოიოხრა მოხუცმა – მე უნდა დავინახო, რომ შენ საკუთარი თავის მოსმენა შეგიძლია,,

 

,,მე ორმაგად გადაგიხდით, თუ თქვენ სასარგებლო რჩევას მომცემთ,,

 

,,ღმერთო ჩემო – გაეღიმა მოხუცს – აბა როგორ დაგიჯეროთ, როცა სრულიად შემთხვევით მოხვდით ჩემთან,,

 

ბილისგან განსხვავებით, ენჯი კმაყოფილი ჩანდა. მკითხავის მიერ ნაამბობი მომავალი, ცოტა გაზვიადებული ეჩვენა, მაგრამ მონათხრობი მაინც სასიამოვნო მოსასმენი იყო. ბნელი სანაპიროდან, პირდაპირ სასტუმროში დაბრუნდნენ. ენჯიმ შხაპის მიღება გადაწყვიტა. ბილი ტელევიზორის წინ, რბილ სავარძელში მოკალათდა. ,,როგორ უნდა ვუსმინო საკუთარ თავს?,, ,,დავიჯერო, ენჯის ეს შეუძლია?’’ ,,ის ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართებულად მიაჩნია,, ,,მე გარემოზე მორგებას ვცდილობ,, ,,ხომ შეიძლება გარემო ცდილობდეს ჩემზე მორგებას?,,

 

შინაგანი მონოლოგი დილამდე გაგრძელდა. ფსიქოლოგების დიდი ნაწილი ასეთ ფაქტს პიროვნების გაორებას მიაწერდნენ. ბილისთვის კი ეს სრულიად ახალი მდგომარეობა იყო. უზომო ბედნიერებას გრძნობდა, როცა საკუთარ შეკითხვებს, თვითონვე სცემდა პასუხს. უკვე დილის ექვსი საათი ხდებოდა. მზის პირველმა სხივმა მალე ჰორიზონტი გააწითლა. გულაღმა მწოლიარე ბილი ისევ ჭერს მიშტერებოდა. თან განაბული უსმენდა მძინარე ენჯის სუნთქვას, რომელიც ხუთი სექტემბრის სიზმარში, ახლადშეკვეთილი კაბის ვარიაციებს ხედავდა.

 

ჭირსაც წაუღია ყველაფერი. ეს წუთია სავარაუდო მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტდა. იმ პედანტმა, მოულოდნელად ტაქსი გააჩერა და ადგილიდან შამანივით აორთქლდა, არადა მისი ბედი, სულ რაღაც წამის მეათედებში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდება. ბილიმ, ოფლით დანამული შუბლი ჯემპრის სახელოთი მოიწმინდა და მძიმედ ამოისუნთქა. ქუჩის დასაწყისში ტანსაცმლის მაღაზია შენიშნა. მერე შეუმჩნევლად გაეღიმა და ენჯი გაახსენდა. ერთი სული აქვს შინ დაბრუნდეს. ყველაზე მეტად ახლა მასთან ჩახუტება მოუნდა. წამოსვლის წინ ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა და მალე დავბრუნდებიო დაპირდა. ქურთუკის ჯიბიდან ბილი თეთრ ნიჟარას იღებს. ერთხანს დაჟინებით აკვირდება, შემდეგ თვალებს ხუჭავს და ზღვის ხმა ჩაესმის.   

 

დილა ხალისიანად დაიწყო. ნასაუზმევს ენჯის იდეა გაუჩნდა, ატრაქციონებზე წასულიყვნენ. ბილი თავიდან უარზე იყო, ბოლოს ხათრი ვეღარ გაუტეხა და ასე აღმოჩნდნენ ეშმაკის ბორბალზე, საიდანაც მთელი ბათუმი ხელისგულივით მოჩანდა. ენჯი ყოველ ნაბიჯს, ციფრული აპარატით აფიქსირებდა, რაც ერთის მხრივ დამღლელი იყო, მეორეს მხრივ სასიამოვნო. მოცემულ მომენტში, ბილი ცალხელა მოხუცზე და მასთან დაგეგმილი ვიზიტზე ფიქრობდა. სხვა დანარჩენი კი უბრალოდ არ აინტერესებდა. დღის პირველმა ნახევარმა საინტერესოდ ჩაიარა. მეორე ნახევარი კი უფრო საინტერესო გამოდგა. შებინდებისას ენჯი ნომერში დაბრუნდა, ბილიმ განათებულ სანაპიროს ბოშების მიმართულებით გაუყვა. ნახევარი საათის შემდეგ იგი ცალხელა მოხუცის პირისპირ იდგა. 

 

,,გადავწყვიტე ჩემი ნებით მოვსულიყავი,,- უთხრა ბილიმ.

 

,,ვიცოდი, რომ მოხვიდოდი,,- გაეღიმა მოხუცს- გუშინ მკითხე, რას მთავაზობს სამყარო, იმისათვის რომ საკუთარი თავი ვიპოვნოო, საკითხავია შენ რას სთავაზობ მას, იმისათვის რომ საკუთარი თავი გაპოვნიოს,,

 

ბილი ჩაფიქრდა. აშკარა იყო, რომ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

 

,,იცით, პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, მე პროფესია მჭირდება’’

 

,,რისთვის?’’

 

,,ალბათ იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადო’’

 

,,შენ მოწყენილი ხარ - ეუბნება მოხუცი- პროფესია აქ არაფერ შუაშია.’’

 

მათ შორის, რამდენიმე წუთით სიჩუმე ისადგურებს. იგვლივ სრული სიბნელეა. ცალხელა მოხუცი, მინელებულ კოცონს ეფიცხება და შორს მოსეირნე წყვილებს თვალებდაჭყეტილი უყურებს. 

 

,,მე მწერალი მინდა გავხდე’’- ამბობს ბილი.

 

მოხუცს თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერაფერი გაიგო, მერე სიცილს იწყებს და მაქსიმალური სარკაზმით ეკითხება.

 

,,პროფესიით მწერალო, კითხვა იცი?’’

 

ბილი დამცირებულია. ყელში ბოღმა აწვება. სიამოვნებით მიახრჩობდა ამ თხუნელას, სხვაგან რომ იყოს. მაგრამ მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, სიბრაზეს მაინც არ ავლენს და დასმულ შეკითხვას მოკლედ პასუხობს.

 

,,რათქმაუნდა, ვიცი’’

 

მოხუცი, რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ კარავში შედის და იქედან ყდამოგლეჯილი წიგნით ბრუნდება უკან. მერე ბილის უწვდის და გამომწვევი ტონით ეუბნება.

 

,,წაიკითხე,,

 

ეს უკვე მეტის მეტია. ბილი ბოლომდე დარწმუნდა, რომ მოხუცი ეთამაშება და მის გამოწვევას ღიად ცდილობს. თუ შექმნილი გარემოებიდან ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ მცდელობა არც ისე კარგად გამოსდის. რადგან ბილი თავს აკონტროლებს და აღელვებას არ იმჩნევს. წიგნსაც თავდაჯერებულად ართმევს და ცალხელას მიერ მითითებულ აბზაცს, ხმამაღლა კითხულობს. რამდენიმე წინადადების შემდეგ, წიგნს ხურავს და უკანვე უბრუნებს.

 

,,ეს არ არის კითხვა - ეუბნება მოხუცი-  კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაინახო ის, რაც აბზაცებს შორის და ზოგადად ტექსტს მიღმა ხდება, თუ ამას ვერ აცნობიერებ, შენ მზად არა ხარ მწერლობისთვის, ამბის ჩვეულებრივი წაკითხვა და აღწერა კი ჟურნალისტსაც შეუძლია’’

 

საუბარი, ცოტა ხანს გაგრძელდა. შემდეგ მოხუცს დაემშვიდობა და მადლიერების ნიშნად, დანაოჭებულ ხელზე ემთხვია. შინისაკენ მიმავალი ბილი, ხვდება, რომ სამყარო სხვანაირია. ამ წუთიდან რეალობა სტრიპტიზის ცეკვას იწყებს და იგი თანდათან შიშვლდება მის თვალში. სარეკლამო ბილბორდებს  აკვირდება და ისეთი განცა ეუფლება, თითქოს საყვარელი ქალი, ღალატის პროცესში შეისწრო. 

 

    ნატურალური კონცენტრანტი მარწყვის ბაქტერიოლოგიური

                 დედო, სორბონის მჟავა 

                    შაქარი 115 გრ

        არ შეიცავს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს 

    შენახვის პიობები: 6+/-2 ც

    ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე

                   სერტიფიცირებულია

                მსტ. 20446152 – 019 – 03

                    

                   100 გრ. პროდუქტში:

    ცხიმი 3,2 ბრ, ცილა 5 ბრ, ნახშირწყლები 8,5 ბრ. ენერ – ღირებულება 

    81 კ.კალ.

    

    შემადგენლობა: საღი რძე, მშრალი უცხიმო რძე, მშრალი პროტეინი 

    (ალუმინი) კარაქი, მცენარეული ცხიმი, სტაბილიზატორი მარწყვის.

 

ეს საქართველოში წარმოებული მარწყვის ,,ტკბილი ჟღვინტია,, თქვენ არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება, რა შეიძლება იმალებოდეს ეტიკეტს მიღმა. რომელსაც თქვენი ნდობის მოსაპოვებლად იყენებენ. მსოფლიო ბაზარზე დღეს-დღეობით უამრავი სახის ნაწარმი იყიდება, მათი წარმატება კი ადამიანების მსგავსად, მხოლოდ და მხოლოდ მათ შეფუთვაზეა დამოკიდებული. ბილიმ კარგად იცის, მომხმარებელის ფსიქოლოგია და მასთან სალაპარაკო ენა, მეტი დამაჯერებლობისათვის თამბაქო და მის შეფუთვაზე არსებული ანტირეკლამა გავიხსენოთ. მიუხედავად ამისა, ,,ტკბილ ჟვინტზე,, მეტი მომხმარებელი თამბაქოს ჰყავს. გამოდის, რომ მომხმარებელი გულწრფელობას აფასებს. შესაბამისად მატყუარა მწერალი ნაკლებადსაინტერესოა. მე არასოდეს მოვატყუებ მკითხველს- ფიქრობს ბილი და მძინარე ენჯის აკვირდება. ცდილობს მასში არსებულ ქვეტექსტს მიაგნოს. მისი აზრით, ყველა ადამიანს გააჩნია ქვეტექსტი, მნიშვნელობა არა აქვს, ის ინდივიდია თუ უბრალო მასის ნაწილი. მასის მიღმა ხომ ინდივიდები დგანან..

 

ერთი შეხედვით, რთულია დანამდვილებით მიხვდე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება მიზანში ამოღებული გოგონა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ტანსაცმლის მაღაზიასთან შეჩერდა და ვიტრინაში გამოფენილ კოლექციას, გულდასმით ათვალიერებს. სამიზნეში კარგად მოჩანს, შესასვლელ კარებზე არსებული წარწერა sale 30%. ბილი დარწმუნებულია, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, მსგავსი ფასდაკლებები ადამიანის სიცოცხლეზეც მოქმედებს. ამას, ჯერ კიდევ ბათუმში ყოფნის დროს მიხვდა, ყველა ჭეშმარიტი მწერალი, შენიღბული მკვლელია. სულ ერთია, ბიოლოგიურად კლავს თუ მორალურად. მაშინ გაუჩნდა იდეა, პირველი მოთხრობა მკვლელზე დაეწერა და ის განმასხვავებელი ნიშნები ეპოვა, რაც მორალურ მკვლელსა და ბიოლოგიურ მკვლელს ერთმანეთისგან განასხვავებს. და ამიტომაც დგას ბილი იქ, სადაც რჩეულები დგანან. დგას ოპტიკური ვინტოვკით ხელში და სხვაგვარად არ ძალუძს. გოგონა ოც წლამდე იქნება. ვიზუალურად ენჯის ჩამოჰგავს. რაც ძალიან გამაღიზიანებელია, ენჯი ხომ ერთადერთია, მას არავინ არ უნდა ჰგავდეს. ბილი ამას არ დაუშვებს, მაგრამ რადგანაც განგებამ დაუშვა, ე.ი. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. მიზანში ამოღებული ზურგით მდგომი გოგონა, უნდა მოკვდეს და ეს ახლავე მოხდება. ამისათვის საჭიროა, ღრმად ჩაისუნთქო.. ნერწყვი გადაყლაპო.. გონებაში სამჯერ დაითვალო და..

 

გასროლის ხმაზე დამფრთხალი მტრედები, ერთიანად წამოიშალნენ. ბილის მსხვერპლის თვალები არ დაუნახავს. არც ცნობისმოყვარე გამვლელები, პოლიციის მისვლამდე რომ შეკრეს წრე. მას მხოლოდ ერთადერთი კადრი უტრიალებდა გონებაში. თუ როგორ დაეცა გოგონა, რომელსაც ტყვია პირდაპირ კეფაში მოარტყა. მერე აღარაფერი ახსოვს, გარდა ღრმად ამოსუნთქვისა. მოთხრობის სათაურად ალბათ ,,კონტროლი,, გამოდგება, სხვა ალტერნატივა ჯერ არა მაქვს. ,,მკვლელობა,, ზედმეტად ბანალურად ჟღერს, მით უმეტეს, დამწყები მწერლისათვის – ფიქრობს ტაქსში მჯდომი ბილი და საქარე მინიდან ქალაქის აჩქარებულ ხედებს უყურებს. ტექსტის დასაწყისი უკვე მოფიქრებული აქვს. შინ რომ დაბრუნდება. პირველ რიგში, ენჯის აკოცებს, რაც დაახლოებით რამდენიმე წუთს გასტანს, შემდეგ კი პირდაპირ კომპიუტერს მიუჯდება და სულის გამოხვეტვას დაიწყებს. მაგრამ ამჯერად ევროპიდან ახლადჩამოყვანილი მანქანის, უკანა სავარძელზე ზის. იარაღის ყუთი ორივე ხელით ჩაუბღუჯავს და რომ არა, უხეში ჩაცმის სტილი, პატიოსანი მევიოლინე გეგონებათ. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მძღოლზე, რომელიც ბილის მოთხოვნით, საშუალოზე მაღალი სიჩქარით მართავს გაურეცხავ BMW-ეს.

 

ენჯი კარის გაღებას აგვიანებს. მონოტონური კაკუნის შემდეგ ბილი ხვდება რომ შინ არავინაა. ვიდრე კარს საკუთარი გასაღებით გააღებს, სუნთქვა უძნელდება და ყელში ბურთისმაგვარი რაღაც ეჩხირება. იარაღის ყუთს შესასვლელში აგდებს და მისაღებ ოთახში შედის. მაგიდაზე წერილი ხვდება.

 

,,ბილ, გასეირნება გადავწყვიტე, გირეკავდი და გამორთული გქონდა, საჭმელი სამზარეულოშია, დესერტად შენი საყვარელი ვაშლის პეროგი მოვამზადე, მაცივარში დევს, შენთვის დიდი საჩუქარი მაქვს. ვერც წარმოიდგენ ისეთი, ამ დილით გინეკოლოგმა დამირეკა, მალე დავბრუნდები, 

                                              გკოცნი, შენი ენჯი!’’ 

წერილის გვერდით, მოდების ჟურნალიდან ამოჭრილი სარეკლამო ფურცლის სვეტი იდო. რომელშიც, ცენტრალურ ქუჩაზე ახლადგახსნილი ტანსაცმლის მაღაზიაზე და მასში არსებულ 30%-ან ფასდაკლებებზე წერდნენ.. 

 

მე, ის სარეაბილიტაციო ცენტრში გავიცანი. მაშინ გამოუსწორებელი ნარკომანის სახელი მქონდა. ალბათ ეს მშველიდა მეც და ჩემს შესრულებულ მკვლელობებსაც, თორემ აქამდე ბევრჯერ ამომალპობდნენ ციხეში. საკუთარი საქმის პროფესიონალი ვარ, ფაქტზე ამიტომაც ვერ მიჭერდნენ. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვმუშაობ. კერძოდ კი, ლიტერატურის თეორიას ვასწავლი და რთული წარმოსადგენია, ვინმემ კილერობაში დამწამოს 

ცილი. ამ რამდენიმე თვის წინ, დოქტორის ხარისხიც მომანიჭეს. ეს სულაც არ მიშლის ხელს, ჩემი რეალური საქმე ვაკეთო. შეკვეთებს დროდადრო ვასრულებ და თავიც ასე გამაქვს. სარეაბილიტაციო ცენტრში, კოლეგების დახმარებით მოვხვდი. ისინი ყოველთვის გვერდით მედგნენ, როცა უფსკრულს ვუახლოვდებოდი. ბილი ჩემი საყვარელი მწერალია. მას ჩემ გარდა არავინ იცნობს, როგორც დიდ მწერალს. ჩვენ თავიდანვე შევამჩნიეთ ერთმანეთი და ადვილად დავმეგობრდით. ხოლო ბილის მონაყოლმა ისტორიამ, გულწრფელად გეტყვით, რომ მთელი არსებით შემძრა. მან მთხოვა ეს საქმე მე დამესრულებია და მისი ნაამბობისთვის მოთხრობის სახე მიმეცა. ოღონდ ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, როცა ბილის მთავარ სურვილს რეალობად ვაქცევდი. სიტყვა არასოდეს გამიტეხავს, არცერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, ვის უფრო მალე მოუწევდა სარეაბილიტაციო ცენტრის დატოვება, მაგრამ პირობა პირობად დარჩა და მე ის შევასრულე..

 

წამოსვლის წინ ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი დავუტოვე. ერთ ადრიან დილით კი, ტელეფონის მოულოდნელმა ზარმა გამაღვიძა. ყურმილში ბილის ხმა მესმოდა. მეორე დილით, მე ცენტრალური ქუჩის, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე, ჩემი ერთგული ვინტოვკით ვიწექი და მიზანში ბილი მყავდა ამოღებული. არ ვიცი, ის ჩემი მერამდენე მსხვერპლი იყო, მაგრამ საქმე სხვა რამეში მდგომარეობს. მსგავსი სახის შეკვეთა, ალბათ არც ერთ კილერს არ შეუსრულებია დედამიწის ზურგზე და დიდი ეჭვი მაქვს, ასეთი შემთხვევა მომავალშიც განმეორდეს. პირობისამებრ, მან ნიშანი მომცა და ზურგით მდგომს ტყვია პირდაპირ კეფაში ვესროლე. მკვლელობა მაღაზიის წინ მოხდა, რომლის კარებსაც 50%-ანი შALE ეწერა. 

 

ბილის მკვლელობა, ისევე როგორც მისი მეუღლის, დღემდე გაუხსნელია და ამ  ფაქტის შესახებ არაერთი კრიტიკული წერილი გამოვაქვეყნე სამართალდამცავების მიმართ. თუმცა საქმის გამოძიება ყველაზე ნაკლებად ბილის აინტერესებს, ალბათ იმიტომ, რომ მკვდარია და უკანასკნელი სურვილის თანახმად ენჯის გვერდით წევს..

    

                                          

                                            ერეკლე დეისაძე    

                                           2 დეკემბერი. 2009