• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

`ადიბასი`

×
ავტორის გვერდი ნინო ტეფნაძე 00 , 0000 2209
ადიბასი არის ყალბი ადიდასი და ზოგადად ყველაფერი, რაც ყალბია, ნამდვილს წააგავს, მაგრამ უხარისხოა. ადიბასია ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტები, ადიბასია თბილისურ მაღაზიებში ბრენდების ულტრაძვირი სამოსი. ადიბასია მთელი თბილისიც, ანუ როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს, ყალბი ქალაქი _ fake city. 
ადიბასია ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანიც. ოღონდ ყალბი კი არაა, უბრალოდ, ასე ჰქვია. ეს არის შავი წიგნი ოქროსფერი ლოგოთი, მაგარი ყდითა და სლოგანით _ ,,ყველაზე შოკისმომგვრელი ქართული რომანი". დაე, სლოგანის სიმართლე მკითხველმა გადაამოწმოს, ერთი კი ცხადია, ამ რომანს უყურადღებოდ ვერ დატოვებ იმიტომ, რომ:
1. აგვისტოს ომზეა და ეს ომი ახლაც და კიდევ კარგა ხანი აქტუალური იქნება.
2. სექსზეა და სექსიც ახლა და კიდევ კარგა ხანი (ალბათ, სამუდამოდაც) აქტუალური იქნება.
3. ზაზა ბურჭულაძისაა, ზაზამ კი ძალიან კარგად იცის, როგორ მიიპყროს ყურადღება.
ომზე დაწერილი რომანები ყველას წაგვიკითხავს. რას და ვის არ ნახავ იქ: ბიჭს, რომლის სატრფოც სახიფათო ზონაშია; სენტიმენტალურ მოხუცს, რომელიც დაჭრილ მტერს შეიფარებს; ბავშვობის მეგობრებს, რომლებიც თავს წირავენ ერთმანეთის გადასარჩენად, კიდევ ბევრ სისხლსა და ცრემლს, შიშსა და შიმშილს. მოკლედ, ომზე წერა ძალიან ადვილიცაა და ძალიან რთულიც ერთი და იმავე მიზეზის გამო _ ყველგან შაბლონებია, მტკიცე ჩარჩოები და მზა ფორმულები მკითხველის გულის ასაჩუყებლად. თუ ამას ელით, ,,ადიბასს" ნუ შეიძენთ, რადგან ,,ადიბასი" არაა ტრადიციული რომანი ომზე. ამ წიგნში ომი არსადაა, მაგრამ ყველგანაა. ომი ფონია, წინა პლანზე კი დაინახავთ ქართველ გეებს, ქართველ თინეიჯერებს, ქართველ ნარკომანებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, რომლებმაც იციან, რომ ცხოვრობენ ომის პერიოდში, მაგრამ ეს იმდენად არ აღელვებთ, რომ ცხოვრების წესი შეცვალონ. ანუ: აღარ იარონ აუზებზე, წვეულებებზე, შარდენზე გახსნილ გლამურულ სახინკლეებში, რომელთაც ისეთი გლამურული სახელები ჰქვიათ, როგორიც, მაგალითად, ,,ლურჯი ხავერდია" (ესეც კიდევ ერთი ადიბასი), აღარ დაკავდნენ სექსით ჩუმად ან სხვების თვალწინ და ასე შემდეგ. ომია, მაგრამ ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, რაც გაფიქრებინებს, რომ ომიც არაა ნამდვილი. ისიც ყალბია. ამიტომაც არაა ტყვიები, არაა სისხლი და ცრემლები. ეს არის ომი, რომლის სინამდვილეშიც ხანდახან ყველას გვეპარება ეჭვი. ჩვენ ხომ იგი არ გვინახავს, ჩვენ ვუყურეთ მას ეკრანებზე, ჩვენ მოვისმინეთ ის რადიოდან, ჩვენ ის მოგვიყვნენ და თან ისე დამაჯერებლად, რომ ასე მაშინაც ვერ ვირწმუნებდით, ნაღმი რომ ცხვირწინ აგვფეთქებოდა.
 
ეს რომანი, ალბათ, ბევრს გააღიზიანებს იმის გამო, რომ მასში მრავლადაა სექსუალური აქტები, თან სულ ნატურალისტურად აღწერილი და ემოციებისაგან დაცლილი. წიგნში სიტყვასაც ვერ ნახავ სიყვარულზე და თუ ნახავ, ისიც ისეთივე ყალბი იქნება, როგორც ყველაფერი სხვა. სხვა რამეცაა გამაღიზიანებელი ამ წიგნში, რაც მე ეროტიკულ სცენებზე მეტად მომხვდა თვალში _ მეორად მაღაზიებში ნაპოვნი ბრენდების საკმაოდ ვრცელი ჩამოთვლა-დახასიათება _ ერთგვარი სნობური ჩანართი. თუმცა ამასაც უნდა ჰქონდეს დანიშნულება _ ალბათ, ავტორს იმის ჩვენება სურდა, რომ თუ ამ ქალაქში რაიმე ნამდვილს მაინც წააწყდი, ის ერთხელ მაინც იქნება გამოყენებული.
რომანი არ მიჰყვება კონკრეტულ სიუჟეტურ ხაზს, მაგრამ ერთიანობა მაინც იგრძნობა_ ,,ადიბასს" თავისი ენა აქვს და ეს არც ხაზგასმით ლიტერატურული ენაა და არც _ ქუჩური მეტყველება. ეს კარგი ქართულია, თანამედროვე კარგი ქართული. სტილისტური თვალსაზრისით, წიგნი მრავალფეროვანია _ მასში სკაიპის საუბრებსაც ნახავ, ორიგინალურ ასტროლოგიურ პროგნოზსაც და პოეტურ ჩანართებსაც. თან ეს ყველაფერი ირონიითაა შეზავებული. მწერალი აშარჟებს ცნობილ ბრენდებს, ქმნის ახალ ლოგოტიპებს, ეს წიგნის ერთ-ერთი გამაერთიანებელი ხაზია. არის თვითირონიაც, ესეც ბრენდისაკენ მიმართული ირონიაა _ იმ ბრენდისაკენ, რომელსაც ზაზა ბურჭულაძე ჰქვია.
ასე თუ ისე, ამ წიგნის ცალმხრივად დადებითად ან ცალმხრივად უარყოფითად შეფასება ჭირს, ისევე, როგორც მისთვის გულგრილად გვერდის ავლა. ,,ადიბასში" არის რაღაც ახალი და გამომწვევი, საქართველოში ხომ ისეთ მტკივნეულ თემაზე, როგორიც ომია, ასე არასდროს არავის დაუწერია. არავის დაუწერია სენტიმენტალობის გარეშე, რომელიც ასევე ადიბასია.
ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია გაცინოს, გაგაღიზიანოს, დაგაფიქროს, აღგაგზნოს, ცუდ ხასიათზე დაგაყენოს. ეს არის წიგნი, რომელიც იმის მიხედვით მოქმედებს, თუ ვინაა მისი მკითხველი.
,,ადიბასი" _ წიგნი ომზე, სექსსა და სიყალბეზე უკვე იყიდება.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული