Shooting Paintings





visual-art

Shooting Paintings




როგორი იქნებოდა ზურაბ წერეთელი, ის რომ 11 წლის ასაკში მამამისს გაეჟიმა, დაბადებულიყო ქალად და მისი ფოტოები ცნობილი მოდის ჟურნალების ყდაზე მოხვედრილიყო. მაგრამ არა, ზურაბ წერეთელს ესეც არ უშველიდა. საერთოდ რატომ გამახსენდა ზურაბ წერეთელი, როცა ისეთ მშვენიერ არტისტზე გადავწყვიტე დავწერო, როგორიც  ნიკი დე სენ-ფალია.  ალბათ მისმა ზოგიერთმა ქანდაქებამ თუ მოზაიკამ გამახსენა წერეთლის მოზიკები. თუმცა თუ წერეთლის შთაგონების წყარო მზეზე მბრწყინავი წმინდა გიორგია, რომელიც რაღაცით ვამპირს წააგავს, მხატვრული ფილმიდან „ბინდი“. (ისიც მზეზე ბრწინავს) ანაც ჩეჩენი ხალხის ჯალათი რუსის გენერლები... ნიკი დგამს „სტრავინსკის შადრევანს“ პარიზში. აშენებს „ტაროს ბაღს“ ტულუზაში.

ნიკი დე სენ-ფალი დაიბადა 1930 წელს, პარიზთან ახლოს, ბანკირის ოჯახში. გაიზარდა ნიუ-იორკში, სადაც მისი ოჯახი დიდი დეპრესიის შემდეგ გადაბარგდა. 11 წლის ასაკში გოგონამ გადაიტანა ინცესტი. წლების შემდეგ მან ამაზე გადაიღო ფილმი  "Daddy” და გამოაქვეყნა წიგნი „ჩემი საიდუმლო“, სადაც ბავშობაში გადატანილი ტრამვის შესახებ ჰყვება.  16 წლიდან ნიკი ფოტომოდელად იწყებს მუშაობას. მისი ფოტოები იბეჭდება „Vogue”-ს  “Life”-ის ყდებზე. 1949 წელს ის შეხვდა ამერიკელი მწერალს ჰარი მეტიუზს, რომელზეც 18 წლის ასაკში იქორწინა და გააჩინა ორი შვილი.

სანამ მისი ქმარი ჰარვარდის უნივერსიტეტში მუსიკას სწავლობდა. ნიკი ხატვით ერთობოდა. მაგრამ ნიკი ვერ იტანდა ბურჟუაზიული ცხოვრების წესს. ეზიზღებოდა ის თუ როგორ ცხოვრობდნენ მისი მშობლები. (მართალია ეს ორი წინადადება, ზედმეტად ზედაპირული და ფსიქოლოგიურად დაუსაბუთებელია სენფალის შინაგანი მდგომარეობის,  ფასეულობების და მსოფლმხედველობის გადმოსაცემად. მაგრამ მაინც დავტოვებ, შეგნებულად) მაგრამ ახლა როცა თვითონაც დაოჯახდა, მიხვდა რომ შეიძლებოდა მისი ცხოვრებაც ანალოგიური სცენარით წარმართულიყო. ბავშობაში განცდილის და განუწყვეტელი ნერვული აშლილობის გამო ნიკი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს.

შემდეგ ეყრება ქმარს და მოდელის კარიერის გასაგრძელებლად მიემგზავრება პარიზში. სადაც ამერიკელ მხატვარი ჰიუ ვაისი დაარწმუნებს, რომ მან უნდა გააგრძელოს ხატვა. (ახლა ის დროა გრამატიკული დრო შევცვალოთ)

ნიკმა რამდენჯერმე იმოგზაურა ესპანეთშიც. „1955 წელს მე ვიყავი ბარსელონაში, სადაც ვნახე ანტონიო გაუდის მიერ გაშენებული უმშვენიერესი პარკი „გუელი“. ალბათ ჩემი ოსტატი და ბედი სწორედ იქ უნდა დამხვედროდა. ნახულმა მომხიბლა. მე უკვე მაშინ გადავწყვიტე, რომ შევქმნიდი საკუთარ, სიხარულის პარკს, პატარა კუთხეს სამოთხიდან, ადამიანისა და ბუნების შეხვედრის ადგილს... 24 წლის შემდეგ გაჩნდა „ტაროს ბაღი“, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და ლამაზ თავგადასავლად გარდაისახა“

1961 წელს ნიკი ახალ რეალისტებს (Les Nouveaux Realistes) უერთდება. ეს იყო პიერ რისტანის, ივ კლაინის, არმანის და დანიელ სპოერის მიერ შექმნილი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქური და სარეკლამო სივრცეების პოეტურ გადამუშავებას. ახალ რეალისტებში იყო შვეიცარიელი მხატვარი ჟან ტიგელიც.

„როცა ჟანს პირველად შევხვდი, 25-ის ვიყავი. მე ვოცნებობდი გიჟური სასახლის, ყველა რელიგიის სამრეკლოს აშენებაზე. როცა ეს ჟანს მოვუყევი, მას არც კი გასცნებია. მან ყველაფერი სერიოზულად მიიღო. მე ვუთხარი, რომ ოცნებებები ჩემს შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა. რაზეც მან მიპასუხა სიტყვებით, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა: ნიკი, ოცნებები - ყველაფერია. ტექნოლოგია არის ის, რისი დაუფლებაც ყოველთვის შეგვიძლია“. ისინი დაქორწნიდნენ 1971 წელს და 1991 წლამდე ერთად ცხოვრობდნენ, სანამ ტიგელის სიკვდილმა სამუდამოდ არ დააშორა ისინი ერთმანეთს.

ისევ წარსულს რომ მივუბრუნდეთ... 60 - იან წლებში ნიკი დაუახლოვდა რობერტ რაუშენბერგსა და ჯასპერ ჯონსს. მისი „Shooting Paintings” კი ნამდვილ სენსაციად იქცა. მხატვარი გამოფენის სტუმრებს სთავაზობდა, დაეშინათ ისრები მისი ნახატისთვის „ჩემი შეყვარებულის პორტრეტი“. ესროლათ კარაბინიდან ტილოსთვის „ტირი“. ესროლათ საღებავებით, სპერმითა და საჭმლით გატენილი ტომრებისთვის, საიდანაც ეს ფერადი მასა თეთრ გიფსს დაესხმებოდა. წარმოიდგინეთ ულამაზესი ნიკი იარაღით ხელში, ტილოზე მის მიერ გაჩენილ ხელებ აწეული არსებას ესვრის. ისვრიან დამთვალიერებლებიც. მანიაკებივით დასუნსულებენ და მკვლელის ინსტინქტით დაბრმავებულები მაინც შესცქერიან ნამუშევრებს. გამოფენა ხმაურითა და ექსტაზით ივსება.

ნიკი მისი მეგობრის კლარის რივერსის (პოპ არტის პიონერის ლარი რივერსის ცოლი) მშობიარობის შემდეგ იწყებს თავის არტში ფემინური არქეტიპების შეტანას. იწყებს სოციუმში ქალის როლის ანალიზს. ჩნდება სკულპტურების სერია „ნანა“, რომელთა ვარიაციების კეთებასაც ის წლების განმავლობაში არ წყვეტს.

1966 წელი... ნიკი დე სენ-ფალი  ჟან ტიგელთან ერთად სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქმნის გიგანტურ სკულპტურას „ის“ , რომელსაც წყვილისთვის კოლოსალური წარმატება მოაქვს. ეს არის 28 მეტრის სიგანისა და 9 მეტრი სიგანის ქალი, გოლიათი, რომელშიც განთავსებულია დისკოტეკა და ბარი. შესასვლელი, პირდაპირ მის ფეხებს შორისაა... რათქმაუნდა იქ, საიდანაც ადამიანები მოვედით, საკაიფოდ ერთობიან. ბარმენი-ღმერთი ჭიქას ჭიქაზე გვივსებს ღვთიური სასმელით. ანგელოზების მადისაღმძვრელად ნარნარებენ დისკო მუსიკაზე. ირგვლივ სულ ბუმბულები და კოკაინი ყრია.

რაც შეეხება „ტაროს ბაღს“, რომელზეც სტატიის დასაწყისსში ვსაუბრობდი და რომელსაც ნიკი მის მთავარ „ნაღვაწად“ თვლიდა, იქმნებოდა 1979 -დან 1996 წლამდე. ტოსკანაზე (იტალია), მიწაზე, რომელიც ნიკის მეგობრებს ეკუთვნოდათ. ბაღის ტერიტორიაზე 22 მონუმენტალური ქანდაკებაა, რომლებიც ტაროს 22 არკანს შეესაბამება.

„მე შეპყრობილი ვიყავი. გვრძნობდი, რომ ამ ბაღის შექმნა - ჩემი ბედისწერა იყო, როგორ სერიოზულ სირთულეებთანაც არ უნდა ყოფილიყო ეს დაკავშირებული. ბაღის ცენტრ და ჩემი სახლი გახდა „დედოფლის“ სკულპტურა. მასში ვურთიერთობდი ჩემს დამხმარეებთან, ვიკვებებოდი და ვაკეთებდი დანარჩენი კარტების მოდელებს. ფაქტიურად ვცხოვრობდი კიდეც ამ „სფინქსში“ - ასე დავარქვით „დედოფალს“. მხოლოდ სრული თავდავიწყებამ გახადა შესაძლებელი ამ პროექტის რეალიზება... და როგორც სხვა ზღაპრებში, მეც, განძის დაუფლებამდე,  ავირჩიე გზა, შევხვდი ჩემს პირად დრაკონებს, ჯადოქრებს, მაგებს და სიკვდილის ანგელოზებს.“

ნიკი გარდაიცვალა 2002 წელს, იმ ტოქსიკური ნივთიერებებისგან გამოწვეული ქრონიკული მოწამვლით, რომლებსაც ის თავის ქანდაკებების შესაღებად იყენებდა.

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.