ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

ახალი სადუკეველები

ბასილ კობახიძე
01.01.2010

   


“და როცა მიხვდა პავლე, რომ მათ შორის ზოგნი სადუკეველნი არიან, ზოგნი კი ფარისეველნი...”

(საქმე მოციქულთა 23:6)

თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიას შერჩენილი აქვს შუასაუკუნეების ეკლესიის სამი მნიშვნელოვანი განზომილება: დუმილის კულტურა, ჩაკეტილობის კულტურა და დომინირების კულტურა. 
დუმილის კულტურა მოითხოვს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული პროცესები, სხვადასხვა სიტუაციები, კონფლიქტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები სრულიად დაფარული იყოს საზოგადოებისაგან. დუმილი ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება, ამიტომაც მისი დამრღვევი სასტიკად ისჯება. 
ჩაკეტილობის კულტურა უარყოფს ეკლესიის სისტემის ნებისმიერ ექსპერტიზას და ანალიზს. სისტემა საკუთარ თავში ჩაკეტილი სამყაროა, მისი ხელმძღვანელები ზეადამიანები არიან, ამიტომაც არანაირი გარეშე კონსულტანტი არ სჭირდებათ. ეს კი სრულ სტაგნაციას და გახევებას იწვევს. ჰაერი დახუთულია, ახალი იდეები არ იბადებიან. ამგვარი მდგომარეობა იწვევს არა საეკლესიო სისტემის აფეთქებას, არამედ მის შიგნიდან ლპობას. 
დომინირების კულტურა ნიშნავს საეკლესიო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას. სისტემის ხელმძღვანელობა მინიჭებულ ძალაუფლებას იყენებს მხოლოდ ერთი მიზნით – საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. 
მრავალი ანალიტიკოსი თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მთავარი საფრთხე ფუნდამენტალისტები არიან. მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები აჩვენებენ, რომ პოსტ-კომუნისტური ქვეყნების, და მათ შორის საქართველოს, მართლმადიდებელი ეკლესიების მთავარ პრობლემას სულ სხვა, გარეგნულად შედარებით ნორმალური ადამიანები წარმოადგენენ. 
უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასის განხილვა. უმწვავესი პრობლემაა სასულიერო დასის დაბალი ინტელექტუალური დონე. მღვდელმთავრების და მღვდლების აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს თეოლოგიური განათლება (ცალკე პრობლემაა, რომ ამგვარი განათლების მიღება საქართველოში შეუძლებელია). გაუნათლებლობა კი ნოყიერი ნიადაგია საკუთარი თავის საკრალიზაციისა და “ხალხური” რელიგიისათვის. სამღვდელოებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს საქართველოს რელიგიურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც საინტერესოა რა დაჯგუფებებისაგან შედგება იგი, როგორია მათი რელიგიური წარმოდგენები, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია. ჩვეულებრივ სამღვდელოების შემდეგი სურათი წარმოჩინდებოდა: ერთ მხარეს რადიკალური ფუნდამენტალისტები, მეორე მხარეს ლიბერალები (ისინი საქართველოს ეკლესიაში უკვე გაანადგურეს), ხოლო შუაში დიდი ჭაობი, რომელიც მრავალრიცხოვანი, სრულიად ინერტული და გაუნათლებელი კონფორმისტებისაგან შედგება. მაგრამ ისმის კითხვა: ვის უპყრია მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელისუფლების სადავეები? ვის ეყრდნობა საეკლესიო ხელისუფლება და ვისგან შედგება თვით ეს სახელისუფლებო სისტემა? აშკარაა, რომ რადიკალური ფუნდამენტალისტებს სახელისუფლებო ბერკეტები არ გააჩნიათ. პირიქით, ისინი თვითონ წარმოადგენენ იერარქიული ხელისუფლების მარიონეტებს.Mმცირერიცხოვანი ლიბერალებიდან ზოგი გააძევეს, ზოგი იყიდეს, ზოგიც კი გატეხეს. გამოდის, რომ საქართველოს ეკლესიას ჭაობი მართავს?
უკვე მრავალი წელია, ზუსტად ამ ჭაობიდან გამოიკვეთნენ სასულიერო პირები, რომელთაც შეიძლება ახალი სადუკეველები ეწოდოთ. სწორედ ახალი სადუკეველები წარმოადგენენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელისუფლებო სისტემის წევრებს. 
როგორც ცნობილია სადუკეველები და ფარისეველები იესო ქრისტეს პერიოდის იუდეაში არსებულ რელიგიურ-პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენდნენ. სადუკეველები ყოველთვის ელტვოდნენ სიმდიდრესა და ძალაუფლებას. ისინი არამარტო ხელისუფლების იდეოლოგიურ სამსახურში იყვნენ, არამედ ითავისებდნენ მის კულტურას და მენტალობას. ფაქტიურად სადუკეველთა პარტია ყოველთვის ეკლესიის საზღვარზე ბალანსირებდა, რადგან მას ნაკლებად აინტერესებდა კონკრეტულად საეკლესიო საქმეები. მისი ნამდვილი ინტერესი იყო ქონება, მაღალ წრეებში ტრიალი, გავლენის მრავალფეროვანი მექანიზმები და ფული, ფული, ფული, ფული...
სადუკეველებს ნამდვილი რელიგიური და სულიერი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებდათ. ისინი ასწავლიდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ არც მარადიული ტანჯვა და არც მარადიული ნეტარება არ არსებობს; უარყოფდნენ ანგელოსების და დემონების არსებობას და მკვდრეთით აღდგომას. “იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა...” (მათე 22: 23); “ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, და არც სული;” (საქმე 23:8). საკმაოდ ელინიზირებული, გავლენიანი და მდიდარი სადუკეველები ახლოს იყვნენ სახელისუფლებო წრეებთან. რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებებისა და იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ, სადუკეველები პოლიტიკური არენიდან გაქრნენ, მაგრამ მათი სულისკვეთება მეორედ იშვა მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ახალი სადუკეველები, როგორც ვირუსული ბაქტერიები, საეკლესიო ორგანიზმის ყველა უჯრედში არიან მოკალათებულნი. სწორედ მათი პრაგმატული, “ნელ-ტფილი” ცხოვრების წესი უშლის ხელს საზოგადოებაში სახარების იდეალების რეალურ განხორციელებას, აყალბებს ნამდვილ საეკლესიო კულტურას. თანამედროვე სადუკეველობა სახარების იდეალების სრული უარყოფაა. ცხადია საჭიროების შემთხვევაში მამა ჯემალ ღობეგლეჯიაშვილს სახარების ციტირებაც შეუძლია, მორალურ-პატრიოტული “რეჩის დარტყმაც”, ალილუიას ძახილიც და საცეცხლურის ქნევაც. მაგრამ მისი მსოფლმხედველობის საფუძველი არა ქრისტიანული ფასეულობებია, არამედ ძალაუფლების და სიმდიდრის წარმართული თაყვანისცემა და ამა ქვეყნის ძლიერთა მიმართ პირმოთნეობა. ამჟამად, მათი საქმიანობის შედეგები საოცრად ემთხვევა ფუნდამენტალისტებისას. Aახალ სადუკეველებს შეიძლება “რბილი ფუნდამენტალისტები” ვუწოდოთ. 
ფუნდამენტალისტები ცდილობდნენ ახალი სადუკეველებისათვის “ლიბერალების” იარლიყი მიეკერებინათ, მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებდნენ, რადგან ახალი სადუკეველები მზად არიან გაიზიარონ ნებისმიერი პოზიცია, ოღონდაც ზედაპირზე დარჩნენ.ამჟამად კონსერვატიზმზე, “ეროვნული ტრადიციების” დაცვაზე და მონარქისტობაზეა “საზოგადოების დაკვეთა” და უკლებლივ ყველა ახალი სადუკეველი “ქართული სულიერების” სადარაჯოზე დადგა. ბუნებრივია მათი პატრიოტიზმი და ტრადიციონალიზმი ყალბი და გაქვავებულია, სამაგიეროდ საზოგადოებაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. 
ახალი სადუკეველები თვლიან, რომ მრევლს საკუთარი ნება არ უნდა გააჩნდეს. მათ წარმოდგენაში ეკლესიურობა მხოლოდ ბრმა მორჩილებაა, მაშინ როდესაც თვითონ ხელმძღვანელ ელიტას შეადგენენ. ამდენად, სასოფლო-სამეურნეო შედარებაც კი: მწყემსები და ცხვრები აღარ გამოდგება, არამედ უფრო უპრიანია კულინარული: მზარეულები და ხორცი. საქართველოს საპატრიარქოს მიზნები პრიმიტიულად სქემატურია. იგი მხარს უჭერს საზოგადოებაში არსებულ ყველაზე არქაულ, დახავსებულ, რეტროგრადულ და რეპრესიულ ტენდენციებს. თუ სახელმწიფო მოსახლეობას ჩაგრავს, ეკლესია მას მხარს უჭერს, თუ სახელმწიფო რაიმე ლიბერალურ კანონს მიიღებს, ეკლესია მაქსიმალურად ეწინააღმდეგება. არსებობდა და არსებობს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა ფაქტიური შეზრდა კრიმინალურ სამყაროსთან, რადგან, როგორც ქურდებს, მღვდლების დიდ ნაწილსაც ჰგონია, რომ ღმერთი უმაღლესი “პახანია” – დაუნდობელი, აბსოლუტურად ამორალური და გლახაკთა გოდების არშემსმენელი, სამაგიეროდ კი სიმდიდრის და ძალაუფლების პატივისმცემელი.
შიდასაეკლესიო სივრცეში ახალმა სადუკეველებმა ტოტალური მონობის ატმოსფერო დაამკვიდრეს. ქრისტიანმა უნდა უარყოს საკუთარი გონება და ნება და მთლიანად საეკლესიო ხელმძღვანელობის, “მოძღვრის” ინსტრუქციებს მიენდოს. ხელმძღვანელობის გაუნათლებლობის, ამორალურობისა და არაკომპეტენტურობის მოუხედავად მორწმუნემ მხოლოდ მათი მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს, ხოლო საკუთარი თავი სრულიად უღირსად მიაჩნდეს. ამგვარად, ჭეშმარიტების გაცნობიერებული ძიების ნაცვლად ვიღებთ მსოფლმხედველობრივ სისტემას, რომელიც ემსახურება საეკლესიო იერარქიული სტრუქტურის და ამ სტრუქტურაში შემძვრალი პიროვნებების ძალაუფლებისა და გავლენის დაცვას. ამ მსოფლმხედველობის მიხედვით არავინ არასოდეს არ უნდა განვიკითხოთ. იესო ქრისტე კონკრეტულ პიროვნებებს კონკრეტული მიზეზის გამო ეუბნებოდა: “ნუ განსჯით, რათა არა განისაჯოთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით” (მათე 7:1-2), მაგრამ იგივე ქრისტე ამბობდა: “იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ” (იოანე 7:24). სწორედ რელიგიურ ხელმძღვანელობას მიმართავდა იგი ამ სიტყვებით: “თქვენ მამათქვენის ეშმაკისაგან ხართ, და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ” (იოანე 8:44) და კიდევ: “ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასვე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით” (მათე 23:27-28). წმინდა მაქსიმე აღმსარებელი წერდა, რომ მათეს სახარების 23-ე თავი სწორედ ეკლესიის იერარქიას შეეხებოდა. Eეკლესიის წმინდა მამები: ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე და სხვები მძაფრად აკრიტიკებდნენ სასულიერო პირთა კორუფციას, ინტრიგებს, გაუნათლებლობას და ამა ქვეყნის ძლერთა მიმართ პირმოთნეობას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი პირდაპირ წერდა, რომ მღვდლებათ ყველანაირ ნაძირლებს აკურთხებდნენ. 
აშკარაა, რომ თანამედროვე სოციალურმა ცვლილებებმა, აქტუალურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ტენდენციებმა და ვარდების რევოლუციამ ახალი შესაძლებლობები წარმოშვეს ახალი სადუკეველებისათვის. მათ ჩვეულებისამებრ მოახდინეს თვითმოდერნიზაცია ანუ ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის მოდერნიზირება და ახალადშექმნილი სიტუაციისადმი მისადაგება. თუმცა მათი მსოფლმხედველობა მკვეთრად ეთნონაციონალისტური, ანტიდასავლური და პრორუსული რჩება. არამართლმადიდებელი და არაქართველი მეორეხარისხოვან ადამიანად ითვლება, ძლიერადაა გამოხატული ანტისემიტიზმი, რაზედაც, რატომღაც საერთოდ არ რეაგირებს ჩვენი “სამოქალაქო საზოგადოება”. პოლიტიკურ სფეროში აუცილებლად ითლება ქვეყნის ცხოვრებაზე დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა. მიზანი კი ისევ ძველია – რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური გავლენისა და ფინანსური სიმდიდრის მოპოვება. 
უკვე შევარდნაძის პერიოდში და განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საპატრიარქოს გარშემო თავი მოიყარეს საქართველოს დასავლური ორიენტაციით უკმაყოფილო პოლიტიკოსებმა და ნაციონალ-ფუნდამენტალისტებმა. მრავალი მათგანი სხვადასხვა საეკლესიო ინიციატივას ჩაუდგა სათავეში, ზოგიერთი კი სასულიერო პირი გახდა. ამ წრეებმა თვით ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესებზეც მოიპოვეს გავლენა და ჩანასახშივე ჩაკლეს ეკლესიაში არსებული თეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი ლიბერალიზმი. ბოლო პერიოდში კი სასულიერო სემინარიის სტუდენტები ავსებენ ურაპატრიოტული ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს (მაგ. პარტია “თავისუფლება”) და ასეთსავე არასამთავრობო ორგანიზაციებს (“ქართული აზრი”, “მართლმადიდებლური ლაშქარი” და სხვ.). უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კონსტიტუციური მონარქიის დამყარებისაკენ მოუწოდებს. საპატრიარქოს მიერ ნაქადაგები მონარქისტობა პოლიტოლოგებისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების გარდა, ძალიან საინტერესო უნდა იყოს ფსიქიატრებისა და ფსიქოანალიტიკოსებისათვის, რადგან იქ აშკარაა ცნობიერების გახლეჩა, ესკაპიზმი და სხვა ფსიქიური პათოლოგიები. Gგანა ნორმალურია, რომ ეკლესია, რომლის წევრებადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მოიაზრებს თავს, მონარქიის აღდგენას ქადაგებდეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიდის ევროპული ტიპის ლიბერალური დემოკრატიისაკენ. XXI საუკუნისათვის ამ აბსოლუტურად ადექვატურ განცხადებას ერთხმად უჭერს მხარს უკიდეგანოდ პატრიოტი და ჯიშით ქართველი პოლიტიკური ოპოზიცია, ხოლო ხელისუფლება არაგულწრფელი და დიპლომატიური მოწიწებით ხვდება.Pპარალელურად პატრიარქის ინტრონიზაციის საიუბილეო კონცერტს აფინანსებს “ელიტ ელექტრონიკსი”, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით “მამაო ჩვენოთი” იწყება რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშები და “ფართები” ღამის კლუბებში, საპატრიარქოს ტელეარხის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე “ეკლესიის დანგრევის” გამო გიგა ბოკერიას ეჭვმიტანილად დაკითხვას მოითხოვს, ბათუმში დეკანოზი პეტრე ყურაშვილი მანანა ღურჭუმელიძისა და ოპოზიციონერი მასწავლებლების მარათონს აკურთხებს, ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება კი ფოთის წისქვილკომბინატში ყაზახი ინვესტორების შესვლას, ხოლო თუ სწორად მახსოვს, კახეთში ბადაგონის ღვინის ქარხნის კურთხევა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავით მახარაძის მადლიანი ხელით მოხდა, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია აცხადებს, რომ ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებლობისას დაღუპული მუშა ღმერთმა მოკლა, რადგან ამ ადგილას ეკლესია უნდა აშენებულიყო, რეკლამა: გურიაში ეკლესიას აშენებენ, შეწირულობა ტელეფონით კეთდება – “ყოველი თქვენი სატელეფონო ზარი ღვთისაკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია” – გვაუწყებს კადრსმიღმა პატრიოტულ-ვაჟკაცური ტემბრის ხმა, სატელევიზიო არხებით მართლმადიდებლობის თემაზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმებს, მუსიკალურ ფონად საეკლესიო გალობასთან ერთად უდევს შემდეგი ხალხური სიმღერა: 

“ნეტავ ერთი ეს ხუცესი
ჩვენსას რას დაიარება,
მე არც მისი წირვა მინდა
და არც მისი ზიარება” ... მოკლედ, კომპანია “ბორჯომი” – მუდამ სამშობლოს სიყვარულში, რაც თურმე ნიშნავს ყოველი გაყიდული ბოთლიდან ერთი თეთრის საპატრიარქოსათვის გადარიცხვას. აღსანიშნავია მსხვილი ბიზნესისა და ახალი სადუკეველების ინტერესების თანხვედრა. ბანკები: თიბისი, ვითიბი (внеш.торг.банк) ჯორჯია, რესპუბლიკა, ცენტრ-პოინტი, ბადრი პატარკაციშვილი, ლევან ვასაძე და სხვა მრავალი ერთმანეთს ეჯიბრებიან საპატრიარქოს დაფინანსებაში. სიტუაცია ემსგავსება ვიქტორ პელევინის რომანში აღწერილ შემთხვევას, როდესაც მთავარი გმირი ქრისტეს უწერს სარეკლამო რგოლის შემდეგი შინაარსის სცენარს: ახლადაშენებულ უზარმაზარ საკათედრო ტაძართან ჩერდება მბზინვარე თეთრი ლიმუზინი, იღება კარი, მანქანიდან გამოდის ნათელი და გამოჩნდება სანდლებში შემოსილი ფეხი. მთელს ეკრანზე კი წარწერაა: Иисус Христос – солидный Господь для солидных господ! 
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ახალი სადუკეველის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს. დღეს საერო და საეკლესიო მედიით ხდება კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნების კულტის პროპაგანდა. აცხადებენ, რომ საქართველოში ეკლესიის აღორძინების პროცესი პატრიარქის დამსახურებაა. თუ ეკლესიის აღორძინებაში ვიგულისხმებთ ახალი ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობას და საეკლესიო სტრუქტურების პოლიტიკურ აქტიურობას, მაშინაც კი ვერ იქნება პატრიარქის წვლილი განსაკუთრებული. საბჭოთა და შემდგომ პოსტ-საბჭოთა და პოსტ-სოციალისტური სივრცის თითქმის ყველა სახელმწიფოში ანალოგიური პროცესები ვითარდებოდა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მრავალჯერ განუცხადებია, რომ “ქართველები ქრისტიანობამდე ქრისტიანები იყვნენ”, ყველა ქრისტიანული სათნოება გააჩნდათ და ამიტომაც მიიღეს ასე ადვილად წმინდა ნინოს ქადაგება. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ საპატრიარქო, ჩვენი “პატრიოტი” ისტორიკოსების დახმარებით, საქართველოს ისტორიის გაუგონარი გაყალბებითაა დაკავებული და მშველელი არავინ ჩანს. რაც შეეხება “ქართველების ქრისტიანობამდე ქრისტიანობას”, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი წინაპრები იმავენაირად ეთაყვანებოდნენ არმაზის კერპს, როგორც ჩვენი თანამედროვენი ყოვლადწმინდა სამებას. Aანუ, როცა უჭირდათ, სწამდათ, როცა პრობლემა მოგვარდებოდა, ივიწყებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღმერთი მთლიანად ქრისტიანული არ არის, მაგრამ არც სულ წარმართულია. რამდენიმე ათეული წლის წინ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართველები ხალისიანად ანგრევდნენ ეკლესიებს და სდევნიდნენ სამღვდელოებას. დღეს ყოველგვარი განსჯისა და გარდამავალი პერიოდის გარეშე აგრესიული რელიგიური ფუნდამენტალისტები გახდნენ. მრავალი პოსტ-კომუნისტური ქვეყნის პრაქტიკა ნათელყოფს, რომ ამგვარი ევოლუცია სახელმწიფო ათეიზმიდან ფაქტიურად სახელმწიფო რელიგიამდე ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რეალურად ან ყოფითი ათეისტია, ან იმ “ხალხური” რწმენის მატარებელი, რომელსაც მართლმადიდებლურ თეოლოგიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს მართლაც შეეძლო გამოეყენებინა რელიგიისადმი საზოგადოებაში გაჩენილი გულწრფელი ინტერესი და დაეწყო საზოგადოებაში სახარების იდეალების განხორციელების პროცესი, მაგრამ საპატრიარქომ, თავისთვის ჩვეული და ისტორიულად უპერსპექტივო გზა აირჩია: ბიზნეს - კორპორაციის შექმნა.
საეკლესიო იერარქიის ყოველგვარ კრიტიკას ახალი სადუკეველები უდიდეს ცოდვად აცხადებენ, თუმცა მღვდელმთავრების სიწმინდის შესახებ დოგმატი არ არსებობს. ამგვარ კრიტიკაზე მომზადებული აქვთ სტადარტული პასუხები: საჭიროა თვინიერება, თავმდაბლობა და მორჩილება. კრიტიკა მხოლოდ ამპარტავნების შედეგია. რელიგიური ცხოვრება მხოლოდ მღვდელმთავრისადმი ბრმა მორჩილებაში მდგომარეობს. ძილისაგან აღდგომისა და ძილად მისვლის ლოცვები, ზიარების წინა ლოცვები ადამიანში საკუთარი უღირსების, პერმანენტული დამნაშავეობის, უსუსურობის და მონობის მძაფრ გრძნობას იწვევენ: “...სული ჩემი შევაგინე, ურიცხუთა ბოროტთაგან, მე უბადრუკმან ამან, და ვიდრემდე ვიდოდე, სასოწარკვეთილი ესე...”, “...ვინაი ვიწყო, ბოროტთა მათ ცოდვათა ჩემთა აღსარებასა, მე უბადრუკმან ამან, ანუ რაი ვქნა...”, “...რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვაი არა ვყავ, რომელი ძვირი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა. ხოლო საქმითაცა ვქმენ სიძვაი, მრუშებაი, ამპარტავნებაი, ზვაობაი, ფიცი, გმობაი, უქმისმეტყველებაი, უძღებებაი, სიძულვილი, შური, ვერცხლის მოყვარებაი, სახმართმოყვარებაი, ანგარებაი, თავისმოყვარებაი, დიდებისმოყვარებაი, ტაცებაი, უსამართლობაი, საძაგლის შეძინებაი, ხდომაი, წყევაი, უსჯულოებაი, ყოველნი საცნობელნი ჩემნი და ყოველნი ასონი შევაგინენ, გავხრწნენ, უხმარვყვენ... რაითა ყოველი ბოროტისმეტყველებაი, და ხელოვნება საეშმაკო, და განმხრწნელობა, ...ჩუკენობა, წულთმხრწნელობა, ძვირისხსენება... და სხუანი რიცხვით ბევრნი ვნებანი არა მოაკლდეს ჩემგან...”. ასეთი საზოგადოების მართვა და მისით მანიპულაცია კი ძალიან ადვილია. ნებისმიერი ხელისუფლება და მათ შორის საეკლესიო, ეყრდნობა ძალას და მხარდაჭერას. ხოლო მხარდაჭერას მოცემული ხელისუფლებისადმი გამოხატავენ არამარტო უშუალოდ დაინტერესებული კლანის წევრები, არამედ ისინიც, ვისშიდაც ჩაკლულია კრიტიკის უნარი.
საზოგადოებაში ეკლესიის კრიტიკის სრულმა ჩახშობამ, ცხადია ვერ გააქრო ამ კრიტიკის მიზეზები. დღეს ამგვარი კრიტიკა ქართულ მედიასივრცეში ფაქტიურად არ არსებობს, სამაგიეროდ საზოგადოების ერუდირებულ ნაწილში იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ. ერთის მხრივ საკვირველია, რომ ამგვარი განწყობა დომინირებს არა სხვა კონფესიისა და რელიგიის მორწმუნეთა შორის, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განიცადა და დღესაც განიცდის დევნას საპატრიარქოს მხრიდან, არამედ შედარებით ასაკოვანი და ახალგაზრდა თაობის ერუდირებულ ადამიანებში. ათი-თხუთმეტი წლის წინ ისინი კეთილგანწყობილნი იყვნენ ეკლესიისადმი, მრავალმა ეკლესიური ცხოვრებაც დაიწყო, მაგრამ საპატრიარქოს შავბნელმა იდეოლოგიამ, საეკლესიო სტრუქტურებთან და “ღრმად მორწმუნე მრევლთან” უშუალო შეხებამ, შეცვალა მათი პოზიცია. აღსანიშნავია, რომ ერუდირებულ ადამიანთა ერთი ნაწილის მხარდაჭერა საპატრიარქოს მიმართ განპირობებულია არა რელიგიურ-თეოლოგიური, არამედ მორალური, ესთეტიური, ან პოლიტიკური მოტივებით. პრინციპში, ეს შეესაბამება ნებისმიერ პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს, როდესაც ერუდირებულ პიროვნებათა შორის არიან ეკლესიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. 
მამა ჯემალ ღობეგლეჯიაშვილის საქმიანობას ამარტივებს ქართული საზოგადოების ინტელექტუალური დეგრადაცია. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც წვეროსან და ანაფორით შემოსილ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სისულელე მოახვიოს თავს საზოგადოებას. მართალია საზოგადოების ნაწილი ნათლად ხედავს ამ გარემოებას, მაგრამ საჯაროდ პროტესტს არავინ გამოთქვამს. სამღვდელოების მიერ პირველყოფილი და შუასაუკუნოებრივი მსოფლმხედველობის პროპაგანდის შედეგად ხდება ფიზიკოსების, ბიოლოგების, ეთნოგრაფების, მათემატიკოსების, მედიკოსების, გეოგრაფების, განსაკუთრებით კი ისტორიკოსების, ფილოლოგების, პოლიტოლოგებისა და ფილოსოფოსების პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა, თეოლოგებზე აღარაფერს ვამბობთ, თუმცა საქართველოში ისინი არ არსებობენ.
ახალმა სადუკეველებმა მთლიანად გააქვავეს საეკლესიო ცხოვრება. მათ ყოველგვარი, სრულიად მსუბუქი დისკუსიებიც კი აკრძალეს. შედეგად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დასადგურებულ ყრუ სიჩუმეში ექოსავით გაისმის იერარქიული “ხელმძღვანელი ამხანაგების” ტრიუმფალისტური დეკლარაციები ქართული “სულიერობის” აღორძინების შესახებ. მაგრამ საჯარო დეკლარაციებსა და შიდაეკლესიურ პრაქტიკას შორის უზარმაზარი უფსკრულია. შედეგად ქრისტიანებს მხოლოდ ე.წ. “რელიგიური ლაყბობა” დარჩენიათ. ამიტომაც აქტიურად მიმდინარეობს საუბრები თუ ვისი “მამაო” უფრო სულიერია, ვინ უფრო ერთგულია “უწმინდესის”, რომელ “სტარეცს” უფრო მეტი მადლი აქვს, შეიძლება, რომ მორწმუნე მამაკაცი მისალმების ნიშნად მხარზე “ემთხვიოს” მორწმუნე ქალს, თუ ზაფხულია და ეს ქალი მხრებმოშიშვლებულია? ახალი სადუკეველების მიერ დანერგილი მსოფლმხედველობის ანტიკულტურულობა იღებს პრიმიტივიზმის სახეს და გადაიქცევა არქაულ-ხალხურ რელიგიად. მას მზადა აქვს მრავალი პასუხი ისეთ კითხვებზე, რომლებსაც არავინ არასოდეს დასვამს, სამაგიეროდ ადამიანის რეალურ პრობლემებზე მხოლოდ ერთ პასუხს იძლევა: მორჩილება, ლოცვა, მარხვა.
ახალი სადუკეველები აქტიურად ახდენენ “ეკლესიის” ანუ იერარქიული სტრუქტურისა და სისტემის გაფეტიშებას. ქრისტიანს უნდა სწამდეს არა ქრისტე, არამედ “ეკლესია”, სტრუქტურა, სისტემა, სადაც იდგმება პომპეზური “სპექტაკლები”, რომელთა ცენტრშიც ვიღაც ჯვარზე გაკრული ადამიანი იმყოფება. ეკლესია ხდება პოლიტიკური “ბომონდის” ანგარიშგასაწევი წევრი, კორპორაცია, სოციალური ინსტიტუტი, რომელიც “ლეგიტიმურად” ზრუნავს საკუთარი ნომენკლატურის ინტერესების დაცვაზე. ეკლესია მხოლოდ საკუთარი თავისათვის იწყებს არსებობას. ახალმა სადუკევლებმა ეკლესია უბრალო ბიუროკრატიულ სტრუქტურად კი არ გადააქციეს, არამედ მძლავრ კორპორაციად, რომლის სამეურნეო საქმიანობას ღმერთის იდეის ექსპლუატაცია წარმოადგენს.
ბუნებრივია ახალი სადუკეველები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ზოგი შედარებით უკეთესია, ზოგიც უარესი. უბედურება ისაა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა შინაგანი მოწოდების გამო კი არ ჩადგა საეკლესიო სამსახურში, არამედ, მარტივად, რომ ვთქვათ, მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. უდავოა, რომ დღევანდელ საქართველოში მართლმადიდებელი მღვდლის პროფესია სოციალური და ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიაა.მაგრამ ახალი სადუკეველები პროფესიონალური დონის ამაღლებასაც კი არ ცდილობენ. შედეგად ისინი ბოროტად იყენებენ იმ ძალაუფლებას, რომელიც მათთან მისულ ადამიანებზე (ავღნიშნავთ, რომ არალეგიტიმურად) გააჩნიათ და ელემენტარულად ასახიჩრებენ მათ ფსიქოლოგიას. როგორც ცნობილია ისტორია მეორდება და ახალი სადუკეველების თინეიჯერ შვილებს შორის საკმაოდაა გავრცელებული ცინიკური და აგრესიული ათეიზმი. 
ახალი სადუკეველების დომინირების გამო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი რაიმე სასიკეთო ძვრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. საქართველოს ეკლესია სრულად პარალიზირებულია. არსებობს გამოსავალი შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან? თვითონ ეკლესია ადექვატურად აღიქვამს საკუთარ თავს? საერთოდ შეიძლება იყო ქრისტიანი საქართველოს საპატრიარქოს წიაღში? არა “ეკლესიური მრევლი”, ან “ღრმად მორწმუნე ნაღდი ქართველი”, არამედ უბრალოდ ქრისტიანი. ამ კითხვაზე პასუხისათვის არ გამოდგება ლაყბობა მოციქულებრივ მემკვიდრეობასა და აღმოსავლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. როდესაც მართლმადიდებლობის ფაქტორი საჭირო აღარ იქნება პოლიტიკური ინტრიგებისათვის და “ეკლესიურობაზე” მოდაც გადაივლის – ტაძრები უბრალოდ დაცარიელდება. ადამიანები სხვა ეკლესიაში კი არ გადავლენ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიიდან წავლენ. დარჩებიან მხოლოდ ანაფორაში შემოსილი ჩინოვნიკები და თუკი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი მათ შესაბამის ხელფასს არ დაუნიშნავს, ისინიც წავლენ. მაგრამ მანამდე, დიდი შესაძლებლობა აქვთ სასიკვდილო დარტყმა მიაყენონ საქართველოს.


ოქტობერი, 2007 წ.