ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

Beat Generation

შოთა გაგარინი, ალექს ჩიღვინაძე
08.01.2010

   


კულტურა გამოვიდა საკუთარი თავიდან და იქცა კონტრკულტურად.

ბიტნიკობა დაიწყო 1944-1945 წლებში, როდესაც შეხვდნენ ჯეკ კერუაკი, უილიამ ბეროუზი, ალენ გინზბერგი და კიდევ რამდენიმე მათი მეგობარი. “ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებდით ისეთი ცნებების გაგებებზე, როგორებიცა: “მეგობრობა”, “ერთობის განცდა”, “ახალი ხედვა”, “ახალი ცნობიერება”... ბიტი - ყოვლისმომცველი ლიტერატურული, კულტურული, სოციალური მანიფესტაცია იყო, უფრო დიდი ვიდრე მთელი პოლიტიკა. 

ბიტ თაობის სამშობლოდ იქცა კალიფორნია, რომელმაც ორ ათეულ წელიწადში მსოფლიოს მისცა ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, “Grateful Dead”,  “Jefferson Airplane”, ფსიქოდელიური როკი. ჯიმი ჰენდრიქსმა, ჯენის ჯოპლინმა, მორისონმა იპოვნეს გამოსასვლელი და “გამოფრინდნენ”, მთელი თავისი დამანგრეველი, აგრესიული ენერგიით, რაც კონცეტრირებული იყო მათს ნახევრადშეშლილ-ნახევრადნარკოტიკულ ხელოვნებაში. მანამადე იგივე ლიტერატურაში უნდა გაეკეთებინა ვინმეს.

სულ თავიდან ბიტნიკები ფორმირდნენ არა როგორც ლიტერატურული, მხატვრული მიმდინარეობა არამედ აგრესიულად (შეიძლება ითქვას ექსტრემისტულად) განწყობილი იდეოლოგიური დაჯგუფება. რომლებიც სიმპატიით იყვნენ განწყობილნი ერთდროულად სინთეზირებულ ფროიდო-მარქსისზმის, რუსული ანარქიზმის, ოქტომბრის რევოლუციის და ტროცკისმიზადმი. (სან-ფრანცისკოში დღემდე გამოდის ათიოდე ტროცკისტული ჟურნალ-გაზეთი) თუ ამას დავამატებთ აქტიურ პროტესტს, “წმინდათ-წმინდა” ამერიკული ცხოვრების წესის, საზოგადოებრივი აზრის და მორალის წინააღმდეგ, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა მიმზიდველად გამოიყურებოდა მთელი ეს მემარცხენე, იდეოლოგიური მანქანა ინტელექტუალური ახალგაზრდობის თვალში.
 
თუ ვინმეს შესთავაზებენ ჩამოთვალოს ყველაფერი რაც მისთვის ასოცირდება სიტყვასთან “ბიტნიკი”, მაშინ უპირველეს ყოვლისა გაიჟღერებს შემდეგი: 50-იანების ამერიკა – პროტესტი – ჰომოსექსუალიზმი – ნარკომანია. ნაწილობრივ ეს შეფასება მართალია, თუმცა თუ დავფიქრდებით, “ნაწილობრივ” ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს მართალი, რადგან გლობალური მასშტაბის ამგვარი მოვლენები საერთოდ არ ჯდებიან რაიმე მკაცრ ჩარჩოში და ვერც ცალსახად ხასიათდებიან. თუმცა ძალიან ადვილად ადვილია მათი პაროდირება, როგორც ყველაფერი თვითმყოფადის და ორიგინალურის.

მაგალითად: ბიტნიკი – ესაა გაუპარსავსავი კაცი კეტებში ან სანდალებში, ზურგჩანთით, რომელიც აქეთ იქეთ აქნევს ჯაზის ფირფიტებს და იღლიაში ალენ გინზბერგის “ყმუილი” ამოუჩრია. საკუთარ თავს იგი “ბუნებრივ ადამიანს” უწოდებს და აქედან გამომდინარე იცავს საკუთარ უფლებას თავისუფალ სექსზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე. შემთხვევითი არაა რომ კრიტიკოსი ჯონ ჩიარდი თავის ცნობილ სტატიაში “ეპიტაფია გატეხილებს”, ხსნის ბიტნიკების ასეთ დიდ წარმატებას სიტყვებით: “ახალგაზრდობას აქვს ყველა საფუძველი ებრძოლოს ჩვენს ამერიკული თვითკმაყოფილებას. ყოველ დღე შვიდის ნახევარზე გაღვიძება, რვა საათზე აღრიცხვა, საღამოს ექვსზე სახლში დაბრუნება და განვადებით ნაყიდი ტელევიზორის ყურება - ასეთი ცხოვრების წესი ახალგაზრდა ადამიანს ნამდვილად არ აღაფრთოვანებს”.

ბიტნიკობა აღმოცენდა მეორე მსოფლიო ომის ნიადაგზე. ზუსტად ამ ომმა შექმნა გატეხილი, დაკარგული ადამიანების თაობა. შვა ახალგაზრდები, რომელთა პიროვნული ჩამოყალიბება ხდებოდა ომის წლებში, ღირებულებების სერიოზული გადაფასების და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებების პარალელურად. რა თქმა უნდა ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკას არასოდეს განუცდია ისეთივე სისხლისმღვრელი ბრძოლები როგორიც ევროპას. არ იყო მილიონობით დაღუპული, არც გადამწვარი ქალაქები. მეორე მსოფლიო ომი ტერიტორიულად არ შეხებია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ახალგაზრდა ამერიკელებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეეხედათ ომისათვის გვერდიდან და ექნათ ის, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ მისცემდა ვერც ერთი ევროპელი – დაეცინათ ამ ომისთვის. მოპყრობოდნენ მას როგორც რაღაც ინტერიერის ელემენტს.

ფასეულობათა გადაფასების ტალღა კინემატოგრაფსაც შეეხო. ხალხს აღარ უნდოდა ხელოვნური სურათები, სადაც მოქმედება მოწყვეტილია ნამდვილ ცხოვრებას. მაყურებელს უნდოდა ეკრანზე საკუთარი ანარეკლის დანახვა. და კინოკრიტიკოსებმა გადაწყვიტეს კი არ გაეკრიტიკებინათ ფილმები, არამედ თავად გადაეღოთ მათი აზრით იდეალური კინო. მათი სახელი იყო გოდარი, ტრიუფო და შაბროლი. და მათ გადაიღეს. ახალი ტალღის პირველი ფილმი ეკუთვნოდა ჟან ლიუკ გოდარს “უკანასკნელი ამოსუნთქვა” (1959). ფრანსუა ტრიუფოს “400 დარტყმა”, რომელშიც კინოგმირი ანტუან დუანელი, გვევლინება იმ ეპოქის ყველა ბავშვის კრებით სახედ - საუკეთესოდ ასახავს თაობის დაკარგულობას. დაახლოებით ამავე დროს ჩნდება მუსიკის გადაცემის შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, იბადება მოთხოვნილება მუსიკაზე, რომელიც მოეწონებოდა მთელს ქვეყანას. გვევლინება ტელევიზია, ლსდ, როკ-კულტურა...

ალენ გინზბერგი იხსენებს პირველად როგორ გაიგო სიტყვა “ბით”: თურმე ის 1948 წელს საიდანღაც წამოიკიდა ჯეკ კერუაკმა და ნიშნავდა გატეხილს, სამყაროს ფსკერზე გართხმულს.. ბიტნიკები აიდეალებდნენ სპონტანურობას; ძენს, მარიხუანას, პეიოტს, ჯინს, ყავას, ჯაზს; ველურ მოგზაურობას ავტოსტოპით; დაბალი ფენების ცხოვრებას; შეუბრალებელი გულახდილობით ინტიმური შეგრძნებების კოლექტიურ ხელოვნებად ქცევას. 

ბიტნიკები სოციალური რეალობის ალტერნატივის დემონსტრირებას ისეთი ფორმებით ახდენდნენ, რომ თვალები შუბლზე ასდიოდათ “მიამიტ” ამერიკელ მამებს. აი, ასეთი წერილი მისწერა კერუაკმა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს: “ძვირფასო ეიზენჰაუერ, შენ ძალიან მაგარი კაცი ხარ, გვიყვარხარ, გვინდა გაგჟიმოთ”  

“ბუდიზმი, მედიტაცია, ფსიქოდელია, ლექსის ღია ფორმა. . . ეს იყო ძიება რაღაც უფრო გახსნილის, ცნობიერების გაფართოვება და მისი საზღვრების კვლევა. კერუაკი “იწვოდა” ხელოვნებით და სვამდა. ბეროუზი ექსპერიმენტებს ატარებდა მორფით, მალევე შეჯდა. ჩვენ ყველანი ვკაიფობდით, მოყოლებული 1945 წლიდან”

როგორც ყველა ლიტერატურულ მოძრაობას, ბიტნიკებსაც ჰყავდათ თავიანთი “ორაკულები”. ჩვეულებრივ ხუთს ასახელებენ: ბეროუზი, გინზბერგი, კერუაკი, ორლოვსკი და ფერლინგეტი. პირველი სამს იცნობენ როგორც მწერლებს და პოეტებს. ორლოვსკი უფრო თეორეტიკოსია მთელი ამ მოძრაობის, ხოლო ფერლინგეტი – ბილეთი ლიტერატურულ ელიტაში.

1953 წელს დამწყები პოეტი ლორენს ფერლინგეტი იწყებს ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “City Ligts”. ერთ წელიწადში იგი ხსნის იმავე სახელწოდების მქონე წიგნის მაღაზიას სან-ფრანცისკოს ცენტრალურ ქუჩაზე, რომელშიც ძირითადად ბით-ლიტერატურა იყიდება. ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი წიგნებია ჯეკ კერუაკის “გზაზე” (1957) და ალენ გინზბერგის “ყმუილი” (1955) – ბიტნიკების ერთგვარი მანიფესტი, რომლის გაყიდვაც მალევე აიკრძალა.

მეექვსე გალერეაში “ყმუილის” პირველი საჯარი კითხვის დღე ის თარიღია, რომლიდანაც “ბიტნიკების” ვიწრო მეგობრულმა წრემ ქარბორბალასავით შემოიხვია, შემოიკრიბა და თან წაიყოლა მთელი თაობა. კენეტ რექსროდის, სან-ფრანცისკოს ყველაზე უფრო რადიკალური ლიტერატურული წრის ცენტრალური ფიგურის თაოსნობით მეექვსე გალერეაში ექვსი ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებითი საღამო შედგა. ჯეკ კერუაკს ლექსები არ წაუკითხავს და მხოლოდ გინსბერგის გასამხნევებლად იყო მისული. “ყმუილის” წამლეკავმა ენამ, შემზარავმა მგრძნობელობამ, რეალიზმის ყველაზე უფრო ბინძური სანაგვეების სიღრმიდან გადმოღვრილმა ბლეიკის და უიტმენის რომენტიზმმა, ერთმანეთთან შეჯვარებულმა ნადვილმა ხელოვნებამ და ქუჩურმა ბილწსიტყვაობამ, ცხოვრების მექანიზმში გამოჩხერილი, დაქანცული, გაბრუებული სხეულის შიგნით სულის არსებობის რწმენის დაკარგვისა და ამ რწმენის დაბრუნების განწირული სურვილის ტკივილების კრუნჩხვამ იმ საღამოს მსმენელიც მოიცვა. აშკარა გახდა, რომ დაიწყო რაღაც ახალი, ძნელად დასაოკებელი და სახიფათო, სახელმწიფოსა და ახალგაზრდობის თვალი-თვალში გამყრელი.

ისინი ჩქარა ცხოვრობდნენ და ჩქარა წერდნენ. კერუაკმა თავისი საუკეთესო რომანი “გზაზე” სულ სამ კვირაში დაწერა ქაღალდის უსასრულო გრაგნილზე და ამავე სახით სურდა მისი გამოქვეყნება.

“მე მიყვარს შეშლილები, ისეთები რომელთაც სიგიჟემდე სწყურიათ ცხოვრება, სიგიჟემდე სწყურიათ ლაპარაკი, სიგიჟემდე სწყურიათ გადარჩენა, რომლებსაც ყველაფერი უნდათ აქ და ახლა, ერთბაშად, რომლებიც არასოდეს ამთქნარებენ და არასოდეს ცროუბენ და ყოველთვის იწვიან, იწვიან, იწვიან.”

ჯეკ კერუაკის, ისევე როგორც სხვა ბიტნიკების ნაწარმოებებში, მთავარი არა სტილი, არამედ შინაარსია. ბევრი რამ დაწერილია ნარკოგავლენის ქვეშ. მკითხველზე შთაბეჭდილებები იღვრება დაუმუშავებელ მონაკვეთებად, არავითარი ზრუნვა სათქმელის უფრო დახვეწილად გადმოცემაზე, სიშიშვლე, არავითარი პარფიუმერია, ფანტაზიის თავისუფალი ფრენა - აი ბიტნიკების სავიზიტო ბარათი

ბით – მოძრაობამ გაიარა შემდეგი ეტაპები: აღმოცენება (40-იანი წლები), განვითარება (40-50-იანი წლების ზღვარზე), ჩამოყალიბება (50-იანი წლები), გავრცელება (50-60-იანებამდე) და პოსტ-არსებობა (60-იანი წლები). ფაქტიურად 60-იანებში უკვე სათავე ედება ახალ კულტურას, მოვიდა ახალი თაობა, თაობა ყვავილთა შვილების.

თუმცა ახლაც კი ბევრი ადამიანი იწევს კერუაკის და გინზბერგის წიგნებისკენ. ჯონი დეპი ყიდულობს ჯეკ კერუაკის ნაქონ ლაბადას 15 000 დოლარად. . . ბერტოლუჩი იღებს სკანდალურ ფილმს ამ არც თუ ისე ძველი დროების შესახებ, რაც თავისთავად ზრდის ინტერესს ამ გატეხილი თაობის მიმართ. . . უფრო ხშირად გვხვდებიან ახალგაზრდები დამწუხრებული სახით სხვადასხვა ყავახანაში, ჯიუტად რომ ავსებენ “პრუჟინიანი” რვეულების მწკრივებს ყოველდღიური შეგრძნებებით... 
 
2006 წ,