ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ყოველივე დაწერილი – მძღნერია!

ანტონენ არტო
10.01.2010

   


მთარგმნელი: ალექს ჩიღვინაძე

ყველა ის, ვინც გვევლინება, უცნობია - საიდან და ცდილობს, გამოხატოს ის, რაც ხდება მის ცნობიერებაში – ღორია. ყველა ჩვენი მწერალი და ხელოვანი ბოსელში გამომწყვდეული საქონელია, განსაკუთრებით ჩვენს დროში.

ყველა, ვინც თავს ციტატებით იჭედავს, აუპატიურებს ცნობიერების განსაზღვრულ, თავის ტვინში იზოლირებულ ნაწილს. ყველა, ვინც ენის ვირტუოზად გვევლინება; ყველა, ვისთვისაც სიტყვა რამეს ნიშნავს; ყველა, ვისაც სულიერების ამაღლებული სფეროების თუ ფილოსოფიის ახალი მიმართულების სჯერა; აძლევენ კიდეც განსაზღვრებებს ამ ახალ მიმართულებებს და დროის სულს გამოხატავენ – შევეცი მათ ნატიფ ოსტატობას და მექანიკურ ღრჭიალს ტვინისას, იმიტომ, რომ ყველანი ღორები არიან. 

ისინი, ვისთვისაც განსაზღვრული სიტყვები და საქციელის განსაზღვრული ტიპები აზრის მატარებელია; ისინი ვინც იმდენად ზუსტნი არიან; ვინც თვლის, რომ შესაძლოა აზრთა კლასიფიცირება და დაეძებენ, დაობენ კიდეც ამ სიცილის მომგვრელ კლასიფიცირებაზე; ვისაც კვლავ სჯერა “განსაზღვრების”; ვინც განიხილავს თანამედროვეობის მოჭარბებულ იდეებს; ისინი, ვისი ქალბატონებიც ასე ჭკვიანურად მსჯელობენ და თვითონ ქალბატონებიც ასე ლამაზად მოსაუბრენი ახალ გავლენებზე; ისინი, ვისაც კიდევ სჯერა გონებრივი განვითარების; ვინც სხვის მაგალითს მისდევს; ვინც აქეთ-იქით ფანტავს ცნობილ სახელებს; ვინც რეკომენდაციებს უწევს წიგნებს; ყველა ისინი ბინძური ღორები არიან. ახალგაზრდა ადამიანო, თქვენ სრულიად გამოუსადეგარი ხართ. არა, მე წვერებიან კრიტიკოსზე ვმსჯელობ. მე უკვე გითხარით თქვენ: არავითარი ნაწარმოებები, არავითარი ენა, არავითარი სიტყვები, საერთოდ არაფერი. 

არაფერი გარდა ნერვული აფეთქებისა, შიგ ცნობიერების ეპიცენტრში არაგონივრული ნაბიჯების მდგომარეობა. და ნუ მოელით ჩემგან მის ზუსტ განსაზღვრებას ან იმის თქმას რამდენად ყალბია მისი ნაწილი. ან რას იწონის? იმედიც ნუ გექნებათ, რომ დისკუსიაში ჩამითრევთ, რადგან სწორედ აქ დავივიწყე და დავიწყე – ასე გაუცნობიერებლად იმისა თუ რა არის ფიქრი – ნება მომიცია, თქვენ თავად ახსნათ და აღწეროთ ეს მდგომარეობა. გამოხატოთ მრავალფეროვანი სიტყვების ნათლად განსაზღვრული მნიშვნელობების საშუალებით. სიტყვების, რომელთაც საკმაოდ ზუსტი, ღრმა აზრის ელფერი და ყველა ნიუანსი შეუძლიათ გადმოსცენ.

ოჰ, ყველა ეს განუსაზღვრელი მდგომარეობა. ეს სულიერების ამაღლებული პოზიციები, ცნობიერების პრობლემები, წამიერი ჩავარდნები, რომლებიც რთავენ ჩემს გრძელ საათებს და ოჰ, ეს ხმები, ფაქტებით დამძიმებული, დანაგვიანებული განწყობები... მე ხშირად ვმეორდები და ჩემს მსჯელობებში, არ შეინიშნება განსაკუთრებული პროგრესი, მაგრამ სინამდვილეში მე გაცილებით მეტს მივაღწიე, ვიდრე თქვენ წვერებიანო ვირებო, კეთილგონიერო ღორებო, ყლეს მონატრებულო ხელოვნებამცოდნეებო, ცრუ სიტყვების ოსტატებო და მწერალო-ონანისტებო, გონებაშეზღუდულო პორტრეტისტებო, საქონლის გამყოლებო, ჩემი ენის ჭირო.

მე უკვე ვთქვი – აი, დავკარგე მეტყველების ნიჭი, მაგარამ ეს არ არის მიზეზი, რომ თქვენ დაყლევება გააგრძელოთ. წლების შემდეგ მე გამიგებენ ის ადამიანები, დაკავებულნი იგივე საქმით, რითაც ახლა თქვენ. მაშინ აღმოაჩენენ ჩემს გეიზერებს, გაყინულ მდინარეებს. აღმოაჩენენ ჩემი შხამების საწინააღმდეგო საიდუმლოებებს.და ჩემი სულიერი აფეთქებები გამართლდება, როცა ჩემს თმებს დაფარავს კირი. ჩემი მიუწვდომელი გახდება ერთობ ბანალური. მაშინ იხილავენ ისინი, როგორ კრისტალიზდება შინაგანი თვალების აყვავებული თანავარსკვლავედები ლექსიკონებში, ჩამოცვივდებიან ქვის მეტეორები და ისინი შეიცნობენ სივრცის მიღმიერ გეომეტრიას, ჩემი აზროვნების ლოგიკას და გაიგებენ, როგორ გადავედი ჭკუაზე. და როცა გაიგებენ, როგორ შევიშალე, დაინახავენ ჩემი ცნობიერების ნოტიო მემბრანას, მოლივლივეს მხურვალე ჰაერში. ეს ნოტიო, მრავალიარუსიანი მემბრანა, ასე მელანქოლიური და გამჭირვალე, ისეთი მგრძნობიარე, ისეთი ორგანული და შემძლე გამრავლების, ნარკოტიკული ექსტაზებით გაბრწყინებული, ყველგანშეღწევადი მომწამლავი ინექციებით. მაშინ ეს ყველაფერი გახდება საყოველთაოდ მიღებული და ჩემი განადგურებაც აღარაფრით არ მოხერხდება.