საო ანუ ყველაფერი „მყარს“ გარდა





პროზა

საო ანუ ყველაფერი „მყარს“ გარდა




უნდა ითქვას, რომ 2066 წელს, როდესაც საქართველოში მართლმადიდებლური ტირანია დამყარდა, რასაც ადგილობრივ “ღვთიური სახელმწიფო” ეწოდებოდა, განსაკუთრებულად ამით ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა; არ მომხდარა მაგალითად ენის ინსტრუმენტალიზაცია და დიქტატორულ იარაღად გამოყენება, როგორც ეს George Orwell- ის ცნობილ რომანშია.

ერთადერთი, რაც “ღვთიურმა” სახელმწიფომ დააწესა, იყო “სულის ცხონების უმაღლესი კანონის უზენაესობა”. იგულისხმებოდა, რომ სულის ცხონება ყოველი მოქალაქისათვის უმაღლესი პრინციპი, მიზანი და მოვალეობა უნდა ყოფილიყო. პიროვნებისა და საზოგადოების ცხოვრება მთლიანად ამ უმაღლესი კანონის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა.

მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, ინდუსტრია კი არ იზღუდებოდა, პირიქით, ვითარდებოდა, რადგანაც მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი ანუ საბოლოო აზრით, ცივილიზაცია, სულის ცხონების სამსახურში იდგა. ასე, მაგალითად, ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დამტკიცდა,რომ მზის სხივი და ჰაერი, მოქმედებს რა კეთილისმყოფლად ადამიანის კანზე, ადამიანში საღვთო აზრებს აღძრავს. ამიტომ დადგინდა, რომ “მანდილოსნებს ნება დაერთოთ ზომიერად მოშიშვლებულ მდგომარეობაში ეკლესიაში შესვლისა და იქ ლოცვისა”. დღევანდელი აკრძალვები კი ამ მიმართებით (იხ. თუნდაც ქაშუეთის ტაძრის კარიბჭეზე გამოკრული აკრძალვების დაფა) დაგმობილ იქნა, როგორც “ბნელი წარსული”.

თითქმის ყველაფერი დამოკიდებული იყო ადამიანის პიროვნულ-პროფესიონალურ უნარზე და პიროვნება განსაკუთრებულად ფასდებოდა. წარმოვიდგინოთ მაგალითად, რა ხდება სასამართლოში: ასამართლებენ მკვლელ-რეციდივისტს, რომელმაც ერთი ცოლ-ქმარი ფულის გულისათვის ჯერ აწამა, მერე კი დახოცა; თუ მკვლელის ადვოკატი მაღალპროფესიონალურ დონეზე დაამტკიცებდა, რომ ის ცოლ-ქმარი მაინცდამაინც დიდი ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა (მარხვის პერიოდშიც კოცნაობდნენ და ა.შ. ) და მათი სამოთხეში მოხვედრის ერთადერთი შანსი დახოცვაღა იყო,- ანუ მოწამეობრივი სიკვდილი, თუმცაღა, არა ღმერთის, არამედ ფულის გულისთვის,- მაშინ მკვლელი მართლდებოდა. მას ციხეში კი არ ამწყვდევდნენ, არამედ აჯილდოებდნენ წოდებით: “ცხონების დასტური”. საქართველოს მრავალ ქალაქსა თუ სოფელში მრავალი “ცხონების დასტური” ცხოვრობდა და ისინი ხალხისგან უზომოდ პატივცემული პიროვნებები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი “კანონიერი ქურდის” ინსტიტუტი “ცხონების დასტურის” ინსტიტუტმა შეცვალა.

სასამართლოს ანალოგიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დანარჩენი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მუშაობის იდენტური მეთოდებიც.

„ღვთიური სახელმწიფო“, მეზობელი ქვეყნები რომ საოს ეძახდნენ, იყო დემოკრატიის უმაღლესი ფორმა, სადაც ადამიანის პიროვნება მისი ყველა უფლებითა და ერთადერთი მოვალეობით- სულის ცხონებით- ყველაფერზე მაღლა იდგა. „პიროვნება ყველაფერია“- ასე ესალმებოდნენ მოქალაქეები ერთმანეთს. ოფიციალური მიმართვის ფორმა იყო არა „ამხანაგი“ ან „ბატონი“, არამედ „პიროვნება“; მაგალითად, „ბატონო პრეზიდენტოს“ ნაცვლად ამბობდნენ: „პიროვნება პრეზიდენტო!“

ყოველ წესს და თვით უზომო დემოკრატიასაც კი თავისი გამონაკლისი აქვს. ამიტომ ის ერთადერთი, რაც ღვთიურ სახელმწიფოში ანუ საოში იკრძალებოდა და უსათუოდ სიკვდილით ისჯებოდა, იყო:

გეთქვა, დაგეწერა ან წამოგცდენოდა ცნება „სამყარო“. “სამყაროს” ნაცვლად შემოღებულ იქნა “საო”. “სა”-”ო”-იანად შეგეძლო ყველაფერი გეგულისხმა, გაგეფიქრა, დაგეწერა, მაგალითად: “სამნათობ-სადედამიწო” ან “საადამიანო”, “სამზეო”, “სასოფლო”... ერთი სიტყვით, უკლებლივ ყველაფერი, გარდა “სამყარო”- სი. თუ “სა”-სა და “ო”-ს შუა :

“მყარს” ჩაამატებდი, იგულისხმებდი, დაწერდი, წამოგცდებოდა ან გაგეფიქრებინებოდა, მაშინ სიკვდილით დასჯა არაფრით არ აგცდებოდა.

 

P.S. ცხონების დასტურთა და “ცხონების მისტერიონის” (ასე ეწოდებოდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს) კოორდინირებული მუშაობის შედეგად ყოველწლიურად გამოვლენილი დაახლ. 10 000 დამრღვევი სასწრაფო ლიკვიდაციას ანუ, ოფიციალური ტერმინოლოგიით, “საცხონებელ ფერისცვალებას” ექვემდებარებოდა.

10.06.2003,Tübingen.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.