• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მწერალ სკაზალ, - ბოხ სკაზალ!

×
ავტორის გვერდი ზაზა კოშკაძე 00 , 0000 1867

ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელია იყო მწერალი... და კიდევ უფრო ძნელია იყო ჭეშმარიტი მწერალი. ეს ერთეულების ხვედრია და ასეთი ერთეულები მართლაც რომ ერთეულები არიან ჩვენს გარშემო. ვინღა დარჩნენ?! ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლი ასეთ ადამიანებს, თუმცა რაღა ადამიანებს, ისინი ხომ თვით ღმერთის ელჩები არიან ამ ცოდვით სავსე პლანეტაზე, რომლებიც დღენიადაგ ჩვენს სულსა და გონებაზე ზრუნავენ. მინდა ეს წერილი მივუძღვნა მათ ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ სულ მალე დაგვტოვებენ და უზარმაზარ სულიერ მემკვიდრეობას გვისახსოვრებენ, ჩვენ და ჩვენ შვილებს. ესენი არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო მიშველაძე და ა.შ...  

რა თქმა უნდა ძნელია იყო მწერალი, რადგან მწერალი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს სხვა პროფესიის ადამიანებისგან. ის უნდა იყოს მაღალი, სიმპათიური, სპორტული აღნაგობის და ჭკვიანი თვალებით ატყვევებდეს გარშემო მყოფთ. უნდა იცავდეს ყოველდღიურ ჰიგიენას და ყოველთვის ფორმაში იყოს, რო იტყვიან, პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს, ხოლო თუ მწერალი ქალბატონია, მას არ უნდა ეზარებოდეს დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანოს, ვინაიდან არავინ იცის რა წუთში მოეღება ბოლო, უსამართლობას დედამიწაზე, ღალატს ურთიერთობებში, ბავშვების შიმშილობას სომალიში... და რაც მთავარია, მწერალს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს ფრჩხილები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჭეშმარიტი მწერლის მზერაში უნდა იგრძნობოდეს სამყაროს სევდა, არაღიარებული გენიოსის უკიდეგანი ნაღველი, თავდაჯერებულობა და შფოთვა კაცობრიობის მომავალზე. მას უნდა სჯეროდეს, რომ თუ ოდესმე დედამიწას კატასტროფა დაემუქრება და მისი აღსასრული მოახლოვდება, ის პირველი იქნება, ვისაც ჩასვამენ ხომალდში და თავს უკრავენ ალტერნატიულ პლანეტაზე ან სულაც ალტერნატიულ განზომილებაში სადაც მან უნდა იხსნას გადაშენებისგან ადამიანთა მოდგმა. 

სასიყვარულო ურთიერთობაში მწერალი უნდა იყოს თავშეკავებული, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს ჯგუფური სექსი და გენგ-ბენგი, არ უნდა აკეთებდეს მინეტს და თავაზიან უარს ამბობდეს ანალურ კავშირებზეც. სტუმრად თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდეს, ხოლო საუბარს იწყებდეს სიტყვებით: “გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ...”

ჭეშმარიტი მწერალი, მხოლოდ სამპირიანი ერთჯერადით უნდა იპარსავდეს წვერს. (ქალის შემთხვევაში ფეხებს და მუტელს) ხოლი რაც შეეხება იღლიას ის მას საერთოდ არ უნდა იპარსავდეს, რადგან ასე მხოლოდ პიჟონები იქცევიან. ამავდროულად მწერლისთვის კატეგორიულად დაუშვებელია ჰქონდეს ფეხისა და იღლიის სუნი. ჩვეულებრივმა მოკვდავებმა არც კი უნდა იცოდნენ, აქვს თუ არა იღლია სინამდვილეში ამა თუ იმ მწერალს. 

ქალ მწერალს არ უნდა ჰყავდეს ერთი გინეკოლოგი, რათა რაიმე ტიპის გრძნობა არ გაუჩნდეს მის მიმართ... და საერთოდ მწერალი ქალი არ უნდა გათხოვდეს, ის გამუდმებით უნდა ელოდეს შესაბამის დროს და მომენტს.. და თუ მაინც და მაინც გათხოვდება, მხოლოდ მომავალი შვილებისთვის უნდა გადადგას ეს ერთობ რთული ნაბიჯი. 

მწერალი ასევე ვალდებულია უზიარებდეს კაცობრიობას საკუთარ გამოცდილებას იმის თაობაზე თუ, როდის და რა პირობებში სტუმრობენ ხოლმე მას მუზები. კერძოდ, რა ფორმით აწვდიან მას იმ აუცილებელ და უზარმაზარ ემოციას, რომლის მეშვეობითაც ისინი ქმნიან უკვდავ ძეგლებს, რომლებიც საუკუნეებს უძლებენ.

ოჰ ღმერთო, რამხელა იდუმალებას ინახავენ მათი ზეშთაგონებული სახეები, როცა ისინი გვეგებებიან რუსთაველის პროსპექტზე და თავს დარბაისლურად გვიკრავენ სალმის ნიშნად. რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ამის გარეშე?! არაფერი! ან იქნებ ერთი, დიდი სიცარიელე!

რას ვერ აპატიებდა ჭეშმარიტი მწერალი მეგობარს? რა თქმა უნდა ღალატს აუცილებლად აპატიებდა, რადგან ის ძალიან დიდსულოვანია. მწერალი მეგობარს ვერ აპატიებდა ორჯერ ღალატს, რადგან მას ესმის რომ ღალატი შეცდომაა, ხოლო ორჯერ ღალატი კი ცოდვაა უფლისა და კაცთა მოდგის წინაშე. ისე კი ეს რიტორიკული კითხვა იყო. არაფერი ანიჭებს ჭეშმარიტ მწერალს იმხელა სიამოვნებას, რამხელასაც რიტორიკული კითხვების დასმა და მათზე თავადვე პასუხის გაცემა.

ამ ყველაფრის შემდეგ ალბთ ყველა დამეთანხმებით რომ ძნელია იყო მწერალი და მითუმეტეს ჭეშმარიტი მწერალი. ეს მართლაც ერთეულების ხვედრია. და ამიტომაც ყოველთვის, როცა მწერალი იწყებს საუბარს, ყველანი ვჩუმდებით და მთელი არსებით ვიძირებით მის სიტყვათა სიტკბოებაში, რათა არ დავკარგოთ ის მადლი, ის მარგალიტები, რომლებსაც მისი ბაგენი აფრქვევენ ხოლმე ჩვენთან, უბრალო მოკვდავებთან საუბრის დროს.

დაე, იდიდოს მათმა სახელმა.

ამინ!
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული