• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ღია მიმართვა მათ, ვინც ჯერ არს

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 2126

 

ერთი საექსპერიმენტო ზაზუნა ეუბნება მეორეს:
„მე მეცნიერი გავწრთვენი. როცა დავაჭერ ამ ღილაკს,
ეგრევე საჭმელს მომირბენინებს“
ბ. ვერბერი
 

 

ეს ბავშვები მაგარი ჩათლახი არსებები არიან. მისცემ სათამაშო ჯარისკაცებს, შეხედავ რამოდენიმე წუთში და აღმოაჩენ, რომ პატარა ფუშფუშა, საყვარელი კაცუნებიდან, სისხლიან დიქტატორებად გარდასახულან. პატარაობისას მეც, ბუნებრივია მიყვარდა ჩემზე სუსტი არსებების გვემა. მეც და ჩემს თანატოლებსაც ეზოში. მაგრამ მე განსაკუთრებით. ახლა 80-90იანებში „ფირმა“ სათამაშოები სად იყო, მით უმეტეს ჩემს საბჭოთა გეტოში, ჰოდა რითი აღარ ვერთობოდით: ჭიანჭველებით, ბეღურებით, რწყილებით, კუებით (ორივე გაგებით). ერთი მაგარი ფოკუსი რწყილებით დღემდე მახსოვს. შეგიძლიათ თქვენც გაიმეოროთ თუ პატარა მხტუნავი პარაზიტების მოსაპოვებლად რომელიმე ბავშვთა სახლში შევლა არ დაგეზარებათ. ჩასვით რწყილები პატარა ქილაში. ქილა იმ სიმაღლის იყოს, რომ კაი ათლეტი რწყილისთვის იქიდან ამოხტომა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდეს. დააფარეთ ქილას თავზე შუშის ნატეხი.

თავდაპირველად რწყილები აქტიურად იხტუნავებენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიღლებიან შუშის თავსახურზე თავის ხლით და ისე დაიწყებენ ხტუნაობას, რომ თავი არ გაიტეხონ. მაქსიმუმ ნახევარ საათში, არცერთი რწყილის ნახტომი არ აღემატება „ჭერის“ სიმაღლეს. შუშის აღებითაც არაფერი შეიცვლება. ამიერიდან საბრალო არსებები ცხოვრებაში ვეღარ გარისკავენ, ვეღარ გაბედავენ ფრთების გაშლას და სამუდამოდ ღია საკნის ტყვეებად დარჩებიან.

რა ვუშველოთ?

როგორმე უნდა გავუღვივოთ თავისუფლების სურვილი.

როგორ?

ვიღაცა იტყვის, გავანათლოთო, დავაბრძენოთო... რწყილიო. თუმცა აბა განათლება აქ რა შუაშია. უბრალოდ, რწყილებიც და ადამიანებიც უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უნდა ვენდოთ. გამოვცადოთ ყველაფერი, არ მივიღოთ წარსულის მოცემულობები დღევანდლად. მეტიც. სხვისი კი არა, ჩვენს მიერ დადგენილ წარსულის ფორმულებზეც არ უნდა ავაგოთ საკუთარი მომავალი.

აი, ისევ ქადაგება დავიწყე. არა, ახლა ამის არც ნერვები მაქვს არც დრო. მოვყვები ყველაფერს და მერე თქვენ იცით. ოღონდ მოკლედ. არც თქვენ ხართ ეკრანიდან ენციკლოპედიის ახალი ტომის წამკითხველი და არც მე ისიდორე სევილიელი. სამაგიეროდ ვარ კავკასიელი შოთა გაგარინი. ინდიგო თაობის პირველი ფრონტის ერთ-ერთი მედროშე. უპრინციპო, ავანტიურისტი, გამოვირჩევი ძალიან მოკლე მახსოვრობით, ვარსებობ მხოლოდ „აქ და ახლა“ თუ მაინცდამაინც არ გავხელდი, მაგრამ ეგ ნუ გაფიქრებინებთ რომ ცხოვრებამ ვერ დამაბრძენა. ჩემი გაცვეთილი ნერვებისგან მოჭიმულ სიმებზე, ბეევრი ბალადა დაკრულა. ეს წერილიც, ისტორიაში ყველაზე დიდი „ქამინგ აუთი“ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამ ერთი კვირის განმავლობაში.

არის სემიოტიკაში ასეთი რაღაც. რა ჰქვია აღარ მახსოვს, პირობითად გამეორების მაგია ვუწოდოთ. ერთ სიტყვას ან წინადადებას ზედიზედ ბევრჯერ თუ გაიმეორებ, მანტრასავით, იგი მნიშვნელობას ჰკარგავს. წესით იმ დღეს მეც ეს მნიშვნელობაგამოცდილი სიტყვები უნდა მიმეღო, ერთ ყურში შემეშვა და მეორედან გამომეშვა, როგორც ადრე და გამეგრძელებინა ცხოვრებით ტკბობა, მაგრამ გარეგანი ფაქტორების გამო, უფრო კონკრეტულად კი თქვენს გამო, ჩემო ძვირფასებო, დღეს მე გზაგასაყარზე ვდგავარ და ვირჩევ მიმართულებას.

ყველაფერი დღეს დილით დაიწყო, როცა ჩემმა მიჯნურმა თვალები გაახილა და სასტიკი უარი მტკიცა დილის გამამხნევებელ ვარჯიშზე იმ მოტივით, რომ სამსახურში აგვიანდებოდა. როცა შევაგინე სამსახურს, მითხრა, რომ მის სამსახურს უნდა ვუმადლოდე ჩემს უდარდელ, მუქთახორა და გურჯულ-ბოჰემურ ცხოვრებას. და ამას მეუბნება სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ. პირველად, მაგრამ უკვე მერამდენედ. თუ როგორ „პირველად, მაგრამ მერამდენედ“ ახლავე აგიხსნით. ზუსტად ამის გამო გწერთ ამ წერილს, რადგან „მერამდენედ“-ში ბუდობს თქვენი ხსნაც და ჩემი სიმშვიდეც. წარმოიდგინეთ, რომ ეკრანზე გამოხტა პატარა ფანჯარა ორი ოპციით, რომელსაც ვერ დააქანსელებ. უბრალოდ უნდა დააჭირო ერთ-ერთ ღილაკს და ამით განსაზღვროთ ჩემი და მაშასადამე თქვენი ცხოვრების განვითარება. არადა სულ არ გეგონათ ალბათ ამ გემრიელი, ტკბილი და ცხელი ნუგბარის მოცუცქნულ ბლოგზე შემოსვლისას, რომ ასეთ დიდ და მწარე განსაცდელში ამოჰყოფდით თავს. თუმცა ამ ინფორმაციისთვის უფრო მასშტაბური სარბიელის ძებნა ჩემი მხრიდან უპატიოსნება იქნებოდა, რადგან მოგეხსენებათ, რაც იოლად მოიპოვება, ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა უყუროთ.

იმას ვამბობდი, რომ ამ გზაგასაყარზე ადრე უკვე ვიყავი. მაშინ მოვლენები ასე განვითარდა:

 

- ამ სამსახურს უნდა უმადლოდე შენს უდარდელ, მუქთახორა და გურჯულ-ბოჰემურ ცხოვრებას! - მითხრა მან - აბა დოლარები პაჩკა-პაჩკად ციდან არ ცვივა.
- მიდი რა, მუშაობით ნებისმიერი შტერი იშოვის ფულს
- კარგი, ისე იშოვე.

 

ეს უკვე გამოწვევა იყო. სასტიკი გამოწვევა. გამოწვევა არა მარტო ჩემი პირადი ღირსებისა, არამედ, ზოგადად, მამაკაცური ღირსების. იმ ბუნებრივი კანონზომიერების, რითაც სამმილიონწლიანმა ევოლუციამ დაგვახასიათა ჩვენ, ყვერებიანები, ძლიერნი ამა ქვეყნისა. მუქთახორები, რომლებიც „არ შეუძლიათ“ კი არა, „არ უნდათ“.

მე შემეძლო მეპასუხა, რომ მატრიარქატისას, რომლის პირობებშიც ჩამოვყალიბდით დიდწილად ჰომო საპიენსებად, როცა ქალები სანადიროდ გახლდნენ, კაცები გამოქვაბულებში ვისხედით და ვზრუნავდით ბავშვებზე, ვიცავდით ცეცხლს ჩაქრობისგან და გამოქვაბულს გარეული ცხოველების ინტერვენციისგან. ეს ყველაფერი ერთდროულად. ამიტომ განგვივითარდა ფართო თვალსაწიერი და კარგი განსჯის უნარი (თან განუწყვეტლად ვჭორაობდით). ქალები კი, საპირისპიროდ, ნადირობისას ჩუმად იყვნენ და მხოლოდ ერთ რამეზე იყვნენ კონცენტრირებულები. ერთ მიზანზე. ერთ კარიერაზე. ამით აიხსნება ზოგადსაკაცობრიო კითხვებზე ჭმუნვაში ჩემი დღის და ღამის მხარ-თეძოზე გალევა და მისი ერთი პრაგმატული, მარტივი საქმიანობის რუტინა.

მაგრამ ამ პასუხამდე არ დავეცი. გამართლებებს წაგებულები პოულობენ. გამარჯვებულები პოულობენ საშუალებებს.

მეც ვიპოვე. იმ წამსვე მორჩილად წამოვდექი და დავწერე „ვირტუალური დღიურის პროექტი, რომელიც იყო საპასუხო რეაქცია იმხანად გამეფებულ სოციალურ ქსელებზე... რომელმაც გააშიშვლა მათი ფსიქოლოგიური ფრუსტრაცია, დეზორგანიზაცია და ფსევდო-კრისტალურ სტრუქტურაში, ფესულობების დალაგებულ შკალაში, ამბივალენტურობის შოკური ელემენტი შეიტანა!“ (ე. ვიატტი. ამონარიდი ნიუ იორკ ტაიმსის 2010 წლის 12 იანვრის ნომრიდან).

დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. მოკლედ ჯერ მთელი ბლოგოსფეროს და სოციალური ქსელების ბაზარზე ერთადერთი მონოპოლისტი გავხდი, მერე მონო-მედიიდან მასს-მედია საშუალებებს მივაპყარი ჩემი გამჭოლი მზერა. რამოდენიმე წელიწადში მთელი ვირტუალური საინფორმაციო სამყარო ჩემს ხელში იყო.

მაგაზე გაჩერებას და ფილანტროპად ქცევას მხოლოდ ბილ გეიტსის ნაირი არიფები თუ იკისრებენ. მე მონაგარი ისევ მედია ბიზნესში ჩავაბრუნე. ოღონდ ამჯერად ვირტუალურ ფარგლებს გავცდი რა თქმა უნდა.

ის ფოკუსი იცით? ჩაიფიქრეთ ციფრი ერთიდან ათამდე. გაამრავლე სამზე. რა ორნიშნა რიცხვიც მიიღეთ იმის შემადგენელი ციფრები შეკრიბეთ (ანუ თუ მიიღეთ მაგ. 45, მაშინ 4+5=9). მიღებულ რიცხვს გამოაკელით 5. რაც მიიღეთ იმის მიხედვით გადათვალეთ ასოები პრინციპით 1=ა, 2=ბ, 3=გ და ა.შ. ჩაიფიქრეთ ის ქვეყანა, რომლის დასახელებაც იწყება გადათვლილ ასოზე. (მაგ. თუ მიიღეთ 9 ანუ „ი“ - ინგლისი). ამ ქვეყნის მესამე ასოზე ჩაიფიქრეთ ქვეწარმავალი.

თქვენ ჩაიფიქრეთ დანია და ნიანგი.

აი ასე იქმნება დიდ პოლიტიკაში თავისუფალი არჩევნის ილუზია.

რა მოხდება თუ ყველა დამოუკიდებელი მედია საშუალება ერთი მსხვილი მედიასააგენტოს მოპოვებულ ინფორმაციას გადასცემს მაყურებელს? ალბათ ის, რომ მედიასააგენტოს დირექტორი დიდი რვიანის ქვეყნებთან ურთიერთმომგებიან, ფარულ ხელშეკრულებას დადებს, რის შემდეგაც კორესპონდენტების „ცხელ წერტილად“ მწვანე ფონი იქცევა. მოხდება ის, რომ ერთი კორპორაცია დაეუფლება მონოპოლიას - ჭეშმარიტებაზე. ვიღაცას ტერორისტს დაარქმევენ, ვიღაცას ხსნის არმიას. ვიღაცას კარგს, ვიღაცას ცუდს.

ასე გავხდი მსოფლიოს ხალხთა ბელადი.

სამსახუროებრივ იერარქიაში არსებობს ერთი ტენდენცია. მოსამსახურე მიიწევს მაღლა, მანამ, სანამ არ მიაღწევს არაკომპეტენტურობის დონეს. დაკავებული თანამდებობა ჩემი არაკომპეტენტურობისგან კი ჯერ კიდევ შორს, ქვევით იყო.

ბელადობა კარგია, მაგრამ ხომ იცით, ცხვარი ცხვარიაო... აქ ჩემში არაა საქმე. მოგეხსენებათ ბრძენ წინაპრებს უთქვამთ: ისტორია შემთხვევითობების სამეფოა, სადაც ხელმწიფედ კანონზომიერება სუფევსო. და მაშასადამე, როცა ხელთუქმნელ კანონზომიერებას, კოსმოგონიურ წესრიგს ესვრი ხელთათმანს, მოკრძალებულ პასუხს არ უნდა ელოდო.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, მთელს ჩემს ფონდებს კონსოლიდაცია გავუკეთე, მთვარის ტერიტორია გამოვისყიდე და მისი კოლონიზაციის პროექტს ჩავუდექი სათავეში. უნდა გენახათ სიმბოლისტების სახეები, როცა მათი სატრფო ფალოსის ფორმის რაკეტებით გავაბახეთ. როცა რელსების ბადეში გახვეული მთვარის ქათქათა ზედაპირზე, ცეცხლისმფრქვეველი გველები დასრიალებდნენ. დედამიწამდე აღწევდა მათი გრგვინვა და მთვარეს სწვდებოდა სათუთი სულის მქონე რომანტიკოსების გოდება.

როცა დედამიწაზე რაღაც ეშმაკის მანქანებით ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა და ცისფერმა პლანეტამ მწვანე შეფერილობა მიიღო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი მთვარეზე შევიხიზნე. მსუყე საფასურის სანაცვლოდ რა თქმა უნდა. იქ ხომ ჟანგბადიც ფასიანია.

ახლა კაცთმოძულე არ გეგონოთ. პირიქით. მე თქვენ მიყვარხართ! მიყვარხართ! სიყვარული კი სხვა არაფერია, თუ არა ფანტაზიის გამარჯვება ლოგიკაზე. ისევე მიყვარხართ, როგორც ფრანკოს ესპანეთი, კიმ ირ ჩენს კორეა, ბიძია ხოს ვიეტნამი, ჩაუჩესკუს რუმინეთი, მაოს ჩინეთი, კასტროს კიდევ კუბა. მართლა ძალიან მიყვარხართ. სიგიჟემდე! როგორც ოტელოს უყვარდა დეზდემონა... სიყვარული კი, ხომ იცით რა დელიკატური საქმეა. მკაცრ მორალურ კატეგორიებში ვერ მოაქცევ. ქალივითაა. ორი პირი აქვს. ერთით გკბენს, მეორეთი კი გეალერსება.

მანამდე არ მიყვარდით. სულ ბოლო მომენტში შემიყვარდით. აი როგორც აქილევსი დარჩენილი ცხოვრების ბოლომდე მოაჯადოვა ამაზონელი დედოფალის, პერსეფილეას უკანასკნელმა გამოხედვამ, როცა აქილევსმა იგი განგმირა ბრძოლაში, ტროას მისადგომებთან.

ამასობაში ინფორმაციული მეცნიერებანი ისე დაიხვეწნენ, რომ საშუალება მოგვცეს ადამიანის ცნობიერების ვირტუალურ სივრცეში კოპირების. გენეტიკური ინჟინერიაც მოწოდების სიმაღლეზე იყო (მისი სტიმულირება მოახდინა იაფი და შრომისმოყვარე მუშახელის შექმნის აუცილებლობამ, მთვარეზე აგრარული, ინდუსტრიული და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის. აბა პერის ჰილტონი თოხს არ აიღებდა ხელში).

საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოტოქსის ინექციაზე მარტივი პროცედურა იყო გონების ერთი სხეულიდან ამოქაჩვა და მეორე, იდენტურ, ახალგაზრდა სხეულში ჩატვირვა. ასე მოვიპოვეთ მე და ჩემმა მიჯნურმა უკვდავება. ერთი სიამოვნება იყო ასწლეულების მანძილზე მისი მოკაკვული თითის ყურება და გამარჯვებით ტკბობა.

მთვარეზეც მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა. სხვაგვარად არ შემეძლო. ამ მოზღვავებული სიყვარულისთვის, რომელიც პირთამდე მავსებდა, სათანადო არხი უნდა მომეძებნა, თორემ გავსკდებოდი. მე უნდა გავმხდარიყავი მეორე პირველი ადამიანი დედამიწაზე. ადამიანების სიცოცხლის საფუძველი. თესლი.

შოთა და დადა. სწორედ ჩვენი შვილებით, შვილთა შვილებით, შვილთა შვილთა შვილთა შვილებითაა დასახლებული ახლა ეს თავიდან გასუფთავებული და გაკეთილშობილებული პლანეტა. მე დავამტკიცე რისი დამტკიცებაც მინდოდა და ამის შემდეგ, საქმეები ავტოპილოტზე გავუშვი. მოვიგონე დომინანტი რელიგიები. ერთის ღვთაება ჩემი საყვარელი ებრაელი პოეტია, მეორისა კი ჩემი ფემინისტი ცოლის ჯინაზე, ვიღაც სექსისტი ჰაჯი, რომელიც თავისი რჯულის მდედრებს აიძულებს მუმიასავით შეფუთულებმა იარონ. ჩემთვის მოვიგულე ერთი პატარა ადგილი, ისტორიულ სამშობლოში, საბურთალოზე და ხალხში გავერიე, როგორც ნამდვილ მეფეებს შვენით. ერთი ჩვეულებრივი ობივატელი ვარ. ახალი სამყაროც ძველისაგან ძალიან არ განსხვავდება. ერთი ანძაც დავდგით, აქვე ახლოს, ფუნიკულიორზე, რომლიდანაც ადამიანების ნეიროპროგრამირებას ვახდენთ.

ზოგადსაკაცობრიო საზრუნავებისგან გადაღლილს, პენსიაზე გასულს, მინდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ სამ წელიწადში გამეტარებინა. ჩემს საყვარელ მეუღლესთან. გაცნობიდან - საბედისწერო წინადადებამდე, რომელსაც ყოველი სამი წლის თავზე რიტუალურად მიმეორებს. აბა სხვა როგორ გინდა. თავანია. ხომ ვაჯობე, ხომ მოუგე. ახლა დაამტკიცოს სამ წელიწადში ერთხელ ჩემი აღმატებულება. „კარგი, ისე იშოვე“. ესაა ჩემი შობა.

საერთოდ, ისტორიებს წარსულზე ადამიანები ყოველთვის გამარჯვებულებისგან ისმენდნენ. ტროაზე ვიცით ის, რაც მოგვითხრეს ბერძენმა ისტორიკოსებმა. კართაგენზე ვიცით ის, რაც მოგვითხრეს რომაელებმა. გალებზე რაც ვიცით, ისიც იულიუს კეისარის მოგონებებიდანაა. აცტეკებზე და ინკებზე კონკისკადორებისგან და მისიონერებისგან შევიტყვეთ. ხოლო თქვენზე...

ყოველი შემდეგი დღე თქვენთვის ისევ 12 დეკემბერია. აქაური კლიმატი დედამიწის კატაკლიზმის და სარეკრეაციო ‘ბროწეულების ოყნების’ შემდეგ, მუდმივი გახდა. ასე, რომ გარემოზე ვერც ატყობთ. ჰო, სამადლობელიც უნდა იკისროთ. მე ხომ თქვენ უბრალო კი არა, საუკუნო სიცოცხლე გაჩუქეთ. სამ წელიწადში ერთხელ თქვენ თქვენი სამი წლის წინანდელი კლონები გენაცვლებიან, ერთ დღეში მომატებული ასაკის კვალი რომ არ აღმოაჩინოთ სახეზე დილით.

მაგრამ ამ ყოველსამწლიურ პროცესში ჩემი ხელი აღარ ურევია. ხომ ვთქვი. მე ყველაფერი ავტოპილოტზე გავუშვი. ხელები დავიბანე. საკუთარი თავი დემიურგის სტატუსით კარგა ხნის წინ ამოვშალე მონაცემთა ბაზებიდან... 2033 წელია ვცხოვრობ და ამ ხნის მანძილზე საუკეთესო ეს სამი წელი იყო, პირველი ნაცნობობიდან - საბედისწერო გამოწვევამდე. ხოდა მეც ეს სამი წელი ავარჩიე კონსტანტად.

ახლა იმასაც ვიტყვი, თუ რატომ გაგიმხილეთ ეს ყოველივე. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო ამ ბოლო სამწლიან ციკლამდე. ბოლო დროს ყველა ერთდროულად გაგიჟდით. არც კი ვიცი რისი ბრალია. ახალი პლანეტარული ციკლის, თუ უბრალოდ ანძაზეა რაღაც ხარვეზები...

კარგად გამიგეთ, ორიათას ათ ახალ წელს მოვესწარი მას შემდეგ რაც მართლა პირველად და არა „პირველად, მაგრამ მერამდენედ“ მოვისმინე ეს საბედისწერო „კარგი, ისე იშოვე“. ამ ხნის მანძილზე რა აღარ მინახავს. სად არ მიცხოვრია. კაცობრიობის სამი დიდი დამცირების უშუალო მოწმე ვიყავი ბოლო-ბოლო. პირველი კოპერნიკმა ითავა, როცა აღმოაჩინა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში კი არ მდებარეობს, არამედ ბრუნავს მზის გარშემო, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება კიდევ რამე უფრო დიდი სისტემის პერიფერიებში მდებარეობს. მეორე, ჩარლზ დარვინმა, როცა თქვა რომ ადამიანიც ცხოველია და მესამე, ოჰ მესამე. ბებერი ფროიდი. არ მავიწყდება როგორ გამომიცხადა: „როცა ადამიანი ქმნის ხელოვნების ნიმუშებს, იპყრობს ახალ ტერიტორიებს, აკეთებს მეცნიერულ აღმოჩენებს, აგებს ახალ-ახალ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ სისტემებს, იგი ფიქრობს რომ მას „ზემოდან მართავენ“ აღმატებული ძალები, სინამდვილეში კი მას სექსუალური პარტნიორისთვის თავის მოწონების სურვილი მართავს მხოლოდ“.

მაგრამ ის, თუ როგორ დამამცირეთ მე და დანარჩენები დღეს, როცა მახარეთ, რომ რუსეთის პატრიარქი ჩამოდის ამ ქვეყანაში თავის „სამწყსოს დასალოცად“, ყველა ზოგადსაკაცობრიო დამცირებების რეკორდს ხსნის. ორჯერ გავანადგურე მთელი კაცობრიობა, ერთხელ აქ და ერთხელ მთვარეზე, მაგრამ არასდროს ისეთ ნაბიჭვრად არ მიგრძვნია თავი, როგორებადაც მიმაჩნიხართ ამ განცხადების შემდეგ.

მოკლედ, მე მომიცია თქვენთვის ერთი კვირა. აი თქვენი ორი ოპციაც ეგაა. გააბუნძულებთ უკან იმ რასპუტინის უნიჭო კლონს? შემდეგი დღე ჩვეულებრივი იქნება. არა? არა და კიდევ ერთხელ წამოვიწყებ ჩემს კოსმიურ ოდისეას და მერე მიფრთხილდით თქვე მართლა ადამიანის დემო-ვერსიებო!

 

© "ცხელი შოკოლადი"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული