სახარების ქვეყანა





პროზა

სახარების ქვეყანა




სახარების ქვეყანა თავს მოფერებით „საო“-ს ეძახდა, მეზობლები მას რატომღაც საქაჯელოდ მოიხსენიებდნენ, ხოლო რა წარმოდგენის იყვნენ მის შესახებ ცის ბინადარნი, ჩემთვის უცნობია.

სახარების ქვეყანაში მართლაც სრულდებოდა ის რელიგიური იმპერატივები, რომელთაც სახარება იუწყება ანუ უფალი, ღმერთი და კაცი ჩვენი იესო ქრისტე გვიქადაგებს. მაგალითისათვის, „რომელსა უნდეს პირველ-ყოფა, იყავნ ყოველთა მონა“: სახარების ქვეყნის უპირველესი იერარქი, ე. ი. ჩვენებურად კათალიკოს-პატრიარქი მართლაც უმდაბლესი ხარისხის ჰიპო-დიაკვნად ანუ მნათედ იწოდებოდა. ოფიციალური ტიტულატურა ეკლესიის საჭეთმპყრობელისა იუწყებოდა, „უუბრალოესი და უსაწყლესი მნათე“ ესა და ესო. მიხვდით ალბათ, რომ „უწმინდესსა და უნეტარესს“, „ყოვლადუწმინდესს“ და სხვა ამგვარებს, რითაც ჩვეულებრივ რეალური მსოფლიოს რელიგიური ლიდერები შეიმკობიან (ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი საკრალურ ტიტულატურაში რატომღაც „წმინდას“ ვერ ასცდა), საოში „უუბრალოესი“, „უსაწყლესი“, „უუკანასკნელესი“ და ა. შ. ჩაენაცვლა. უუბრალოესი ანუ ყოვლადსაბრალო საკათედრო ტაძრის წინ მათხოვრობდა, ტუალეტებს ალაგებდა, ძაღლებს რწყილებისაგან, დედაქალაქის ქუჩებს კი ერთობ მომრავლებული ძაღლების საძაგლობისაგან ათავისუფლებდა (იგი თავისი ზებუნებრივი საქციელით მოგვაგონებდა პერსონაჟ ლეოს ჰერმან ჰესეს მოთხრობიდან- „მოგზაურობა დილის ქვეყანაში“). პირველი იერარქი ამგვარად და სხვა მსგავსი ყოვლადშეურაცხი საქმიანობით ადასტურებდა თავის პირველყოფილებას, სახარებისეულობას და ზეიერარქიულობას; და რაც არანაკლებ მთავარია, ადამიანობას: მას ხომ პატიოსანი შრომით და არა მხოლოდ ლოცვით, გაჰქონდა თავი. ვფიქრობთ, მაგალითი დამაჯერებელია, მაგრამ მხოლოდ ერთი მაგალითი მაგალითი არაა, ისევე, როგორც მხოლოდ ერთი ქრისტიანი ქრისტიანი არაა: MONOS CRISTIANUS NOLOS CRISTIANUS; ამიტომაც მაგალითებს გავამრავლებთ.

სახარებაში ხომ გვეუბნებიან, იოტისოდენა სარწმუნოება რომ გქონდეთ, მთებს გადააბრუნებდითო! ჰოდა, საოელ სამღვდელოებას მართლაც ჰქონდა იოტისოდენა და ზოგჯერ ოდნავ მეტი სარწმუნოებაც. ამის წყალობით საო-სახარების ქვეყანაში მთების გადადგმ-გადმოდგმა ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და უკვე აღარავის უკვირდა. კი საზარლად გამოიყურებოდა მთამოგლეჯილი ნაწილები დედამიწისა, მაგრამ რა გაეწყობა, რწმენა როგორც ჩანს ეკოლოგიურ მსხვერპლსაც იწირავს. არცთუ იშვიათად, უცებ გადადგმული მთის ქვეშ აღმოჩნდებოდა ხოლმე ესა თუ ის მთისძირა დაბა ან სოფელი და ერთიანად მიწაში იმარხებოდა. ზოგჯერ კი, ერთი მღვდელი ანუ ქრისტეს მოციქული მთას თუ აქედან იქით გადადგამდა, მეორე, მთის იქით მოღვაწე,-აქაოდა, „თხა თხაზე ნაკლებიო“,- საცოდავ მთას ისევ უკან აბრუნებდა; მთის ქვეშ მოყოლილი სოფელი თუ დაბა-ქალაქი ცოტა ხანში ისევ გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ნეტამც სულ არ გამოჩენილიყო ის ერთიანად მოტაფული საცოდაობა! იდგა ერთი ვიშ-ვიში და ქრისტეს დატირება! შეადარეთ, აბა რაღა დარჩებოდა კვლავ სტეფანწმინდაშერქმეული დაბა ყაზბეგისგან, მას რომ მყინვარწვერი ჯერ უცებ ზედ დაადგან, მერე კი მაშინვე გადაადგან! აღსანიშნავია, რომ მადლმოსილი სამღვდელოება მთებს დიდ ქალაქებს მაიცდამაინც არ უგანებდა, რადგანაც იქ მათი ცოლ-შვილიც ცხოვრობდა...

ღმერთი სამებითაა, ღვთის სიტყვა ანუ სახარება კი ოთხებით, ამიტომაც სიტყვას დიდად არ გავაგრძელებთ, სულ რაღაც სამ-ოთხ მაგალითს დავჯერდებით და მკითხველისაგან მცირეოდენ მოთმინებასაც მოველით.

 სახარებაში ხომ აკურთხებს ქრისტე თავის მოწაფეებს ანუ მოციქულებს, გველთა შეიპყრობდითო! ჰოდა, საოელი კლერიკალობა მართლაც შეიპყრობდა გველთა,- იქ ხომ უამრავი მცურავი დასრიალებდა,- და შეპყრობილთა ამა გუელთა ქვეყნის პრაქტიკულ საჭიროებას ახმარდა; როგორც წესი, ლეგიტიმურ ანუ ნაკურთხ გველს, გველგესლას, გიურზას, გველხოკერასა და გველთაგველას ქამრად ირტყამდნენ ან ჰალსტუხად იკიდებდნენ. უკურთხ გველებს,-ისევე როგორც უკურთხ ბზას ცოტა არ იყოს, ერიდებოდნენ, კბენა იცისო! ერთხელაც საოელმა კლერიკალობამ საოელ პარლამენტარებს (რომელნიც მათ ისედაც გამოჭერილები ჰყავდათ „სულიერი შვილის“ რანგში) საჰალსტუხედ განსაკუთრებული, გამორჩეულად შხამიანი, ჭრელი და მსუქანი გველ-ხოკერები ჩამოურიგა -ზოოლოგიური ტერმინოლოგიით „ეივალსოვარპ“; ხოლო საოელმა პარლამენტარებმა ნიშნად მადლიერებისა, ადგილობრივ კლერიკალობას განუსაზღვრეს, გაუიმასქნეს და გაუკონკორდატეს ”განსაკუთრებული როლი”, რაც ამ უკანასკნელთ ნებას უხსნიდა, რომ მთელი საო თავისი მართლაცდა განსაკუთრებული მადის შესაბამისად, ერთიანად თუ ნელ-ნელა, თავის მიწა-წყლიანად, სარჩო-საბადებლიანად, სკოლა-მუზეუმებიანად, რელიგიურ უმცირესობებიანად და თვით ცა-ღრუბლიანადაც კი ჩაეხეთქა და შთაენთქა... უკაცრავად, შეესანსლა. საქართველოში ხომ ამბობენ, ისე ნიკოსავით ლამაზად ვერა, მაგრამ მაინც ხომ ამბობენ, იიიყიდებაო! საოში კი იძახდნენ იინთქმებაო, იხეთქებაო, იყლაპებაოოო. არავინ იტყოდა ისე, უბრალოდ, იჭმებაო, რადგანაც ეს არაპოეტურად ჟღერდა! ხოლო ზემოხსენებული ჰალსტუხად შენასკვული გველი იგი თავს არცთუ უხეიროდ გრძნობდა: პარლამენტარ-პატრონის ღიპთან მოკონწიალე თავს ზემოთ ასწევდა დებატურ ღრიანცელში გამოფხიზლებული, თვალებში ჩააშტერდებოდა ბატონ პააარლამენტარს ანუ ხელ-ფეხასხმულ რუტინას თავისი ცივი და მომნუსხავი გველური მზერით, მერე ორკაპ ენას გარეთ გამოუსანსალებდა და საამურად აუსისინდებოდა ხოლმე. გველთა სისინში მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოერეოდა, თუ კანონმდებლები აღმსარებლობის თავისუფლებას დაუპირებდნენ დაკანონებას. აბა რაღა გასაკვირია, რომ თანდათანობით ამ სისინ-მუქარაში სინდისიცა და რელიგიაც კანონმდებლობიდან საერთოდ გაქრა და მალე ყველამ, ერმაც და ბერმაც, კანონმდებელმაც და კანონმღებელმაც ეს ორი ცნება ძირ-ფესვიანად გადაივიწყა და ეშმაკს გადააბარა. რა გესინდესებათ თქვე საცოდავებო, ქვეყანა თავზე გვექცევა და გველების შიშით კიდევ თავი დაბლა ვერ დაგიწევიათო, არიგებდნენ პარლამენტარებს მათივე და მათზე არანაკლებ მორწმუნე და გასულიერშვილებული ცოლები. აქ აღარ აღვნიშნავ, შესვენებისას პარლამენტარები ”ეივალსოვარპ” მამალ გველებს იხსნიდნენ და სპეციალურად გამოყოფილ ოთახში უშვებდნენ რძის საცქლეფად, აქვე მოდიოდნენ მთავრობის წევრთა გალსტუკ-გველები, მდედრობითი სქესის ლივლივა ”აბოლბედიდამლთრამ”; ეს დედალი გველები ცოტა კი არა საკმაოდ წაიბოზებდნენ, ამიტომ იქ იმართებოდა გველთა სექსი, რაც სახარების ქვეყნის ერთადერთი გასართობი სანახაობა იყო და სატელევიზიო ეთერითაც ხშირად გადაიცემოდა. ხელოვნების სხვა რამ დარგი ამ მადლმოსილ საზოგადოებას თავისი ღრმადმორწმუნული მყუდროების წყალობით დიდად აღარ აინტერესებდა.საოს რელიგიურ უცნაურობებს ზედ დაერთო უუბრალოეს-უსაბრალოესის მოულოდნელი გაუჩინარებაც (ამბობენ, აპოსტაზიის ბრალდებით საკუთარმავე გარემოცვამ დააპატიმრა და მონასტრული მონანიება მიუსაჯაოა; თუმცაღა, საოში ამ შინა-მძევალს,- თუ ერთ დისიდენტ მღვდელს არ ჩავთვლით,- არავინ გამოსარჩლებია; ისეთი ცილისმწამებლური ჭორებიც დადიოდა, თითქოსდა უსაბრალოეს-უსაწყლოესმა სალოსობა დაიწყო და საშობაო ეპისტოლის კითხვისას მრევლს მოულოდნელად ურჩების ჩაქოლვისაკენ მოუწოდა, თან ამ დროს მაიმუნივით ჭყლოპინსა და მკერდზე მჯიღის ცემას მოყვაო; ამის შემხედვარე მრევლი გაოგნდა, ხოლო აღფრთოვანებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ეს საქციელი სამოძღვრო ღვთისმეტყველების უმაღლეს ნიმუშად გამოაცხადა და მათი უსაბრალოეს-უსაწყლოესობა საზღვარგარეთ სასწავლად, კერძოდ კი ათონის მთაზე სალოსთა დახელოვნების ინსტიტუტში მიავლინაო). მაგრამ ვითომც აქ არაფერიო, ამ ფაქტმა საოს ღვთაებრივობას ვერაფერი დააკლო: ქვეყანაში სახარებისეული საწაულები კვლავინდებურად ჩვეული ინტენსივობითა და სიმძაფრით აღესრულებოდა.საოელ სასწაულთაგან უგანსაკუთრებულესი ისევე აღემატებოდა დანარჩენებს, როგორც იოანეს მოარწივე-სულიერი სახარება წინა სამ სინოპტიკურს. უგანსაკუთრებულესად იგულისხმება მკვდრების აღდგინება. – სახარებაში ხომ სწერია, მკუდართა აღადგენდითო.

ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ საოელი სამღვდელოებისათვის ეს პროცედურა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მთავარია, მიესწროთ სანამ მკვდარი მიწაში ჩაიდებოდა, პაწა წაელოცნათ,- რასაკვირველია, შესაბამისი საზღაურის ფასად,- და ბიტტე, ბატონებო: ფეხზე დგას თქვენი „მკუდარი“, მშიაო- ამბობს, მიართვით კუბდარი! მკვდრების აღდგენა საოში ყოველდღიურ რუტინად გადაიქცა და, ქვეყანა მკვდრებით გაივსოო, რომ ვთქვათ, ტყუილი გამოგვივა, მაგრამ ისინი საგრძნობლად კი მომრავლდნენ. მკვდრებმა ყველას თავი მოაბეზრეს: როგორც კი ქვეყანა ცოტა წელში აიმართებოდა, მაშინვე გაუთავებელ და ამპარტავნულ მიტინგაობას იწყებდნენ; იგინებოდნენ, შიმშილობდნენ, ღორმუცელობდნენ... რელიგიური მკვდრები საოში პოლიტიკურ მკვდრებზე გაცილებით ადრე, მარბიელი ლაშქარივით გამოჩნდნენ, თითქმის 20 წლის წინათ გააქტიურდნენ და გაფანატიკოსდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რელიგიურ ექსტრემიზმს, ობსკურანტიზმს, იზოლაციონიზმსა და შეუწყნარებლობას ქადაგებდნენ და ახორციელებდნენ შეუზღუდავად. ჩამოაყალიბეს რელიგიურ-მილიტანტური დაჯგუფებები, დარბოდნენ ქუჩა-ქუჩა და ღრიალებდნენ: ”ეივალსოვარპ ან სიკვდილი!” საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ასეთი ჯგუფი ცხოველთა თავგამოდებული დამცველების სახელითაც გამოდიოდა და ამ ყოვლადუკანასკნელთა შორის განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ ”ძაღლთმადიდებლები”, ”ამებაიანები” და ”ტკიპიან-დემოკრატები”. რელიგიური მკვდრები არა მხოლოდ საოელ ხალხსა და ხელისუფალთ, მთელ განვითარებულ მსოფლიოს, სიცოცხლეს, ცივილიზაციას, რაღაცას ერჩოდნენ, უშვერად ლანძღავდნენ და ერქაგრეხილებოდნენ. დადედლებული ერი მორჩილებასა და პირში წყლის ჩაგუბებას ამჯობინებდა. აბა ვინ გაბედავდა სასწაულთმოქმედი კლერიკალების წინააღმდეგ ხმის ამოღებას, მთელი გავლენიანი მკვდრების პოლიტიკური სპექტრი, აგრეთვე არაერთი წარმატებული მკვდარ-გაცოცხლებული ბიზნესმენი მათ მხარეზე იდგა! მანქანებს, ჯორებს, დითირამბებს და ძვირადღირებულ ჯოჯოხეთის ბილეთებს ჩუქნიდნენ უხვად თავიანთ სათაყვანო სულიერ გვამებს! კოცნიდნენ ყველგან, სადამდეც კი ტუჩები მიუწვდებოდათ! საუბედუროდ მკვდრების გარჩევა ცოცხლებისაგან არცთუ ისე იოლი იყო( მათ ფერმკრთალ სახეებს ლიუციფერის მონაცისფრო ლიცლიცა ფერი გადაჰკრავდა, მაგრამ ამ ქვესკნელურ ფერთა გამას ვინ ამოიცნობდა?) თავად კი ვინ, აბა რომელი ჭკვათამყოფელი მკვდარი იტყოდა, მკვდარი ვარო! პირიქით, მკვდრები ლოყებს იღაჟღაჟებდნენ და ცოცხლებს აქეთ აბრალებდნენ მკვდრობას. როგორც წესი, საოელი მკვდრები უჩვეულო წარმატებას აღწევდნენ გნებავთ პოლიტიკურ-საპრემიერმინისტრო, გნებავთ საქმოსნურ თუ სასულიერო-სასინედრიონო კარიერაში; განსაკუთრებით კი - ამ უკანასკნელში. ცოტაც და ქვეყანა მკვდრებით გაივსებოდა ანუ გადაიჭედებოდა! მაინც წამომცდა სიმართლე! კარგა ხანია, მკვდრებმა გახსნეს საკუთარი მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, სურვიელობდნენ საკუთარ პარლამენტსა და სამეფოს და, რასაკვირველია, საუფეველსაც თავის ჯოჯოხეთიანად(მკვდრების სუფევა ხომ უჯოჯოხეთოდ წარმოუდგენელია). მკვდარ ანუ კლერიკალური სტილის თანახმად, „კვტარ“ კაცებს „კვტარი“ ქალებიც არ უდებდნენ ტოლს წარმატებათა დახვავებაში. მაგალითისათვის, ჩამოვთვალოთ: საოს მთავარ საეკლესიო ბიუროს მუდმივად, კარგა ხანს საოს პარლამენტს, ხოლო ერთხანობას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც მკვდარი ქალები განაგებდნენ... მოკლედ, საოში ლამის „კვტრების“ დიქტატურა დამყარდა. ამიტომ მოვშორდი იქაურობას და იმ საო-სახარების ქვეყანას ანუ სარწმუნოებრივ სამოთხეს ისევ ტანჯული, ურწმუნოება-თავისუფლების ჭაპან-წყვეტა ვამჯობინე. საოელ ცოცხლებს კი ანდერძად მცირე რამ, ჩემი აზრით რაციონალური შეგონება დავუგდე: ეთნოლოგები დაგვემოწმებიან, რომ მკვდრები ძალიან ვერაგნი არიან და მათი განაწყენება სახიფათოა. ფიჯის კუნძულების მკვიდრთ ჩვევად აქვთ მკვდრებს გვერდზე მიუწვნენ და მიუალერსონ, რათა როგორმე მათი შურიანი გული მოიგონ და ხიფათი აირიდონ. საოელ მკვდრებს კი რა უნდა მოუხერხოთ, ჰოი ცოცხალნო მოლხინე გულით, როგორ უნდა მიუწვეთ მათ და მოულბოთ გული, ისინი ხომ ცოცხლებივით დარბიან, გაჰკივიან, ღვთისმოსაობენ და პოლიტიკოსობენ! ისღა დაგრჩენიათ იყუჩოთ, მიწოლას მოერიდოთ, ერთ მშვენიერ დღეს კი საოს საერთოდაც ზურგი აქციოთ, რაიც სიცოცხლის არჩევანს ნიშნავს. და როგორც კი სიცოცხლეს აირჩევთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინვე აანთოთ თაფლის წმინდა სანთელი, მამა-პაპური პირ-ჯვარი დაირტყათ და მაღალ ღმერთს უზომო მადლი შესწიროთ სიცოცხლისა და ურწმუნოებისათვის.

თქვენი მონა-მორჩილი და ურწმუნოება-სიცოცხლისათვის უფლის უსასრულოდ მადლიერი, აგრეთვე ამ მოხსენების უსასრულოდ მთხზველი, უცხოეთს გადახვეწილი

-ვეფხია უძილაური,10.01.2006/07.07.2008/09/01.2010, თბილისი/Tübingen.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.