• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ჟორჟ ბატაი

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2960

შესავალი

მე ვფიქრობ ისე, როგორც ქალი იხდის კაბას. მისი მოძრაობის, ისევე როგორც ფიქრის უკიდურესი ზღვრის არსი - უხამსობაა. 

"დანაწევრება 100 ნაწილად", 1905 წელს, ლუი კარპოსის მიერ გადაღებული ფოტოა, რომელზეც აღბეჭდილია ახალგაზდა ადამიანის ფუ ჩუ ლის სიკვდილით დასჯა. მის სახეზე ექსტატიური სიამოვნებაა აღბეჭდილი, აუტანელი ტკივილისა და დიდი დოზა ოპიუმის გამო, რომელიც მას იმისთვის მისცეს, რომ წამებისთვის ბოლომდე გაეძლო. "ამ ფოტომ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში". - იხსენებს ჟორჟ ბატაი.

ამ ტექსტის დაწერა, მაშინ გადავწყვიტე, როცა ხანმოკლე ვიზიტით ჩამოსული გიორგი მაისურაძე, კავკასიურ სახლში ლექციას კითხულობდა "საკრალურზე". მაშინ გიორგიმ, ბატაის "მკვლევარად" მომიხსენია. სინამდვილეში, ხეირიანად ბატაის შემოქმედების 10 პროცენტსაც კი არ ვიცნობდი. უბრალოდ გიორგისთან ვირტუალური კომუნიკაციისას, რამდენჯერმე ვახსენეთ ბატაი. ვამბობდი, პირველი ვისაც ვთარგმნიდი, რომ არა ენის ბარიერი, იქნებოდა ბატაი-მეთქი. ჰოდა, გიორგიმაც ნახევრად იუმორით და ნახევრად იმ განცდით, რომ ჩემდამი კეთილგანწყობა ეჩვენებინა, თავისი ლექციის აუდიტორიას ჩემზე მიუთითა. "შემრცხვა", მიუხედავათ იმისა რომ თავმდაბლობის ნიშან-წყალიც არ გამაჩნია. (ამაზე ისიც მოწმობს, რომ ბატაიზე დაწყებულ ტექსტში საკუთარ თავზეც ვახერხებ საუბარს.)  გიორგი მაისურაძეს, რომ მან ბატაით "გატაცების" ახალი ეტაპი დამაწყებინა.

მაგრამ დაწერო ბატაიზე ეს საშინლად რთული საქმეა. მისი შემოქმედება ხომ ყოველგვარ ჟანრობრივ კლასიფიკაციას ეწინააღმდეგება. ფილოსოფია, მხატვრული პროზა და პოეზია, კრიტიკა, მისტიკა, რელიგიის თეორია, სოციოლოგია, ხელოვნების ისტორია, პოლიტიკური პუბლიცისტიკა, სხვადასხვა ჯგუფების უპრეცედენტო ფორმებით ჩამოყალიბება (ლიტერატურის, მეცნიერების, რელიგიის და პოლიტიკის გადაკვეთაზე), გარდა ამისა, ის იყო გამომცემელი, ეთნოლოგი, პალეოისტორიკოსი, არქივების სპეციალისტი... მთელი ეს მისი შემოქმედებით მრავალმხრივობა საშინლად ართულებს ბატაის თუნდაც ზედაპირულ დახასიათებას. ასე რომ, თუ ბატაიზე წერას გადაწყვეტ, ამისათვის წლები ან რამდენიმე თვე მაინც უნდა გათვალო.

პირველი რაც ბატაის შესახებ, ქართულად წავიკითხე, იყო დათო ბარბაქაძის თარგმანი "მსხვერპშეწირვა" და მისი მცირე წინასიტყვაობა. "მიუხედავად შემოქმედებითი მრავალმხრივობისა, ბატაის, როგორც პიროვნების და მოაზროვნის, არსს სწორედ განსაზღვრულობებიდან გაქცევა წარმოადგენდა. ამა თუ იმ სემიოტიკური პრაქტიკის სუვერენულობას იგი წმინდა შემთხვევითობად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ერთმანეთისგან ამ პრაქტიკების განმასხვავებელი მყარი მახასიათებელი სამყაროში არ არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას დისკურსის შესახებაც. ბატაი ერთ-ერთი იმ მოაზროვნეთაგანია, რომლებმაც თანამედროვე ფილოსოფიაში პოსტმოდერნული სიტუაცია მოამზადეს."

"პოსტმოდერნული სიტუაცია მოამზადეს", ჰო, წარმოგიდგენიათ რა მიმზიდველად და საინტერესოდ გამოჩნდებოდა 6-7 წლის წინ ეს ავტორი ადამიანისთვის, რომელიც დღეში 7 საათს ბიბლიოთეკაში ატარებდა და თავის "პირველ, საყვარელ" ტექსტებს კითხულობდა. მაგრამ ბატაი ქართულად, რუსულად ან ინგლისურად ბიბლიოთეკაში არ აღმოჩდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მუშაობა დავიწყე. მიუხედავათ იმისა რომ ბიბლიოთეკებსა და ქსელში წიგნების გავრცელება მევალებოდა, მაინც ვერ ვახერხებდი კითხვას იმ დოზით, როგორც მსურდა. თუმცა ბატაის პირველ ტექსტებს, სწორედ სამსახურში, სახელდახელოდ ამობეჭდილს გავეცან: აკრძალვა და ტრანსგრესია, ეროსის ცრემლები, შეუძლებელი... მახსოვს ვიჯექი, შესვენებაზე, ჩემს თერთ, მრგვალ მაგიდასთან და ვკითხულობდი "ისტორია თვალისას". ამ ტექსტმა დამშოკა. ასე აღვუწერდი მას მეგობრებს, "სიღრმისეულად": "გეგონება დიშოვი პორნოგრაფიაა, მაგრამ ისეთი მომენტებია, რომ გამოყლევდები. უეჭველი უნდა წაიკითხოთ..". სწორედ ბატაის სიტყვები აქვს ეპიგრაფად ჩემს პირველ ბროშურასაც.

მინდა გამოვხატო სურვილი, რომ დაიწყოს ბატაის შემოქმედების თარგმნა და კვლევა. თუნდაც ამ პატარა ტექსტით დავიწყოთ, ერთი წიგნის შექმნა, რომელშიც შევა თარგმანები, მისი ცხოვრების და შემოქმედების ანალიზი. დავიწყებ ჟორჟ ბატაის ბიოგრაფიის წყვეტილი აღწერით. თითქოს ის კერძო დეტექტივი ვიყო, ბატაის სათვალთვალოდ რომ დაიქირავა ლაურა პენომ, ბატაის "საბედისწერო ქალმა": 

ჟორჟ ბატაი დაიბადა 1897 წლის 10 სექტემბერს. უკვე ბატაის დაბადების მომენტში, მამა, ჟოზეფ ბატაი, რომელსაც სიფილისი სჭირს, ბრმავდება. სამი წლის შემდეგ კი დამბლა ეცემა. _ ბატაი მღვდლობაზე ან ბერობაზე ოცნებობს. _ 1918 წელს გამოდის მისი პირველი წიგნი. 1919 წელს ის გადაწყვეტს იქორწინოს თავისი მეგობრის დაზე მარიზე, ის ითხოვს მის ხელს, მაგრამ იღებს უარს. რადგან საცოლის მშობლებს ეშინოდათ, რომ მემკვიდრეობით ჟორჟის მამის დაავადება, სიფილისი, მის შვილებზე არ გადასულიყო._ ბატაი განიცდის ღრმა კრიზისს და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. _ 1920 წელს მიდის ლონდონში, სადაც სწავლობს ფილოსოფიას. ვახშმობს ანრი ბერგსონთან. ის წერს, რომ "ერთბაშად დაკარგა რწმენა, რამდენადაც მისმა კათოლიციზმა აატირა ქალი, რომელიც მას უყვარდა. _ შემდეგ მოგზაურობს ესპანეთში. _ მალე ღრმად მორწმუნე კათოლიკე და ბერობაზე მეოცნებე ჟორჟ ბატაი "მხიარულ ცინიკოსად" იქცევა და თავის მეგობარ, მიშელ ლეირისთან ერთად ბორდელს არ ტოვებს._ ბატაი აქტიურად ურთიერთობს სიურრიალისტებთან. ეცნობა ანდრე ბრეტონს, ლუი არაგონს, ანტონენ არტოს, რობერტ დესნოსს, ჟორჟ მაკინს და ტრისტან ცარას. _ 1927 წელს ბატაი ხვდება თავის პირველ, მომავალ ცოლს, 19 წლის სილვია მაკლესს. _ იანვარში წერს "მზიურ ანუსს". _1928 წელს ასრულებს "ისტორია თვალისა"-ს წერას და აქვეყნებს კიდეც, ლორდ ოშის ფსევდონიმით. _ პიკასოს და მან რეის მოდელი დორა მაარი და ჟორჟ ბატაი საყვარლები ხდებიან. _ ხვდება ლაურა პენოს. _ 1936 წელს ანდრე მასონთან, ჟორჟ ამბროსინოსთან, პიერ კლოსოვსკისთან და პატრიკ ვალბერგთან ერთად ქმნის საიდუმლო დაჯგუფებას "აცეფალს". 24 ივნისს გამოდის ჟურნალ "აცეფალის" პირველი ნომერი. ჟურნალის ყდაზე ანდრე მასონის შექმნილი ემბლემაა, უთავო, შიშველი ადამიანის ფიგურა. მის მუცლის ქვემოთ გამოსახულია თავის ქალა. ცალ ხელში დანა უჭირავს, მეორეში - გული, რომლიდანაც ცეცხლის ენები ამოჭრილა._ "იყო აცეფალი - ნიშნავს არ იყო რაიმეს ფუნქცია, არ დაუშვა საკუთარი თავის ფუნქციაში ჩაკეტვა, საკუთარი თავის დასაჭურისება... თავი - გამოცხადებული ავტორიტეტი ან ღმერთი, მონური მორჩილების გამოხატულებას წარმოადგენს და ამიტომაც ის უნდა გახდეს ყველაზე დიდი სიძულვილის ობიექტი.. "აცეფალის" მთელი იდეოლოგია ეყრდნობოდა იმ აზრს, რომ ღმერთის სიკვდილიდან არ გამომდინარეობს ათეიზმი. ეს გოლგოთას - განცდაა, არა დამამთავრებელი, არამედ განგრძობადი."_ 1937 წელს ბატაი აარსებს "სოციოლოგიის კოლეჯს", რომლის მიზანიც არის გააერთიანოს მარქსისტული ანალიზი, ირაციონალური სოციალური ფაქტების ანალიზთან და გააგრძელოს რევოლუცია სხვა საშუალებებით. კოლეჯში ლექციებს კითხულობდნენ ანატოლ ლევიცკი, ჟან პოლანი, ჟორჟ დიუტი. _ 1962 წელს ჟორჟ ბატაი განიცდის სიკვდილს, როგორც ყველაზე მშობლიურ და აუცილებელ განცდას...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული