თვითმკვლელობიდან ჰაიდეგერამდე





კრიტიკა/ესსე

თვითმკვლელობიდან ჰაიდეგერამდე




პორფირიუსის ფილოსოფიურ დამსახურებათა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა... იგი პლოტინის რჩეული მოწაფე იყო და მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, 270. უშუალოდ თვითონ ჩაუდგა სათავეში რომის ნეოპლატონიკურ, ბერძნულენოვან აკადემიას. ფაქტიურად მან გადაარჩინა, ენეადების სახით, ვიტა-დართულად გამოსცა პლოტინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა. — ის, რაც თავისი მნიშვნელობით, ზემოქმედების ძალით ქრისტიანული და ისლამური თეოლოგიის, ფილოსოფიის თუ ზოგადად კულტურისათვის განუზომელია. პლოტინი პლატონსა და არისტოტელებთან ერთად ანტიკური დროის უდიდეს ფილოსოფადაა აღიარებული. ხოლო პორფირიუსი, ჰეგელის აზრით, ძველი ფილოსოფიის განმასრულებელია, “Vollender” (ე. ი. იგივე, რაც თვითონ ჰეგელი იყო ახალ ფილოსოფიაში და რაც თანამედროვეში ალბათ ჰაიდეგერია; ხოლო ქართული ფილოსოფიისათვის მის “ანტიკურ”, შუასაუკუნეობრივ, “ახალ” თუ “თანამედროვე” გამოვლინებაში ალბათ უცვლელად იოანე პეტრიწია).
რა შეეძლო პორფირიუსს, უდიდესი მასწავლებლის ჩრდილში მოყოლილს? არსებობს მოსაზრება და ეჭვი, რომ ენეადები არა იმდენად პლოტინის ნააზრევია, რამდენადაც ნიჭიერი, მაგრამ თავმდაბალი მოწაფის... მაგრამ ეს მხოლოდ ბნელი, თავისი მეცნიერულობით ეგზოტიკური ეჭვი და ვარაუდია...
პორფირიუსის სრულყოფილ თარგმანებას არც ვაპირებთ და ვერც დავაპირებთ, რადგან, სამწუხაროდ, სპეციალისტის ანტიკურ ტუნიკას არ ვფლობთ. ჩვენ მხოლოდ ორიოდე თემით, ორიოდე იდეით შემოვიფარგლებით.
ცნობილი ფსიქოლოგი ვლ. ნორაკიძე, როდესაც ის შესანიშნავად გვიხატავს აკად. სიმონ ყაუხჩიშვილის — ჩვენში ანტიკური სამყაროს ამ უდიდესი მცოდნის — ფსიქოლოგიურ პორტრეტს, მისი წიგნებიდან “ანტიკურის მცოდნეობის ენციკლოპედიას” ასახელებს (გერმ.: Paulys Realenciclopädie der Klassischen Altertumwissenschaften. მართლაც, აქ (გერმანულ ენციკლოპედიაში) პორფირიუსის თხზულებათა სიასა და აღწერილობას (დაახლ. 70 სათაური) თითქმის ოთხი ათეული გვერდი უკავია, ტ. 22.
პორფირიუსი აგრძელებს პლოტინის გზას. ეს გზა ერთის ფილოსოფიაა,- sic.,ბერძნული ასოები ვერ ჩავსვი, შაიზეეე:” ფუგი მონოი პროს მონონ”, - რითაც სული თავს დააღწევს სხეულის დილეგს, ტუნიკას და ღმერთს, ანუ, რაც იგივეა: უმაღლეს ერთს, სიკეთეს დაუბრუნდება.
პორფირიუსს ერთხელ, 68 წლისას, მისტიკური ექსტაზი განუცდია; სულის გათავისუფლებას პორფირიუსი არა რელიგიის, არამედ ფილოსოფიის გზით ფიქრობდა. შეიძლება ითქვას, მისთვის ფილოსოფია რელიგიაც იყო. იგი იწოდებოდა “ფილოსოფიის მღვდლად” - antistes philosophiae, და როგორც ასეთი, ებრძოდა გნოსტიციზმს, ანტიკურ მრავალღმერთიანობას და ქრისტიანობას. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, მისი აზრით, “ბარბაროსულ სწავლებას”. პორფირიუსის ანტიქრისტიანულ-ინტელექტუალური მოღვაწეობა მრავალმხრივი ჩანს: იგი ბრალს სდებს მოციქულებს სიცრუეში, მან აღმოაჩინა, მაგალითად, დანიელის წიგნის არაავთენტურობა, იგი წინააღმდეგია “საჰომეროსოდ ვარგისი ალეგორიული ჰერემნევტიკის” ბიბლიისთვისაც მისადაგებაში, და ა. შ.
პორფირიუსი ქრისტიანობის თავდავიწყებული, ვნებიანი მოძულე ჩანს; მას ამ მხრივ მოციქული პავლე, სავლეობისას, თუ შეედრება. პორფირიუსის მოძულე განწყობაში პირად წყენას მიუძღვის უდიდესი წვლილი. გადმოცემით, პორფირიუსი ახალგაზრდობისას, პალესტინის კესარიაში ესწრებოდა გაქრისტიანებული ორიგენეს ლექციებს. ზოგიერთი ვერსიით, მას ქრისტიანობა კიდეც მიუღია, მაგრამ მალევე უარუყვია. ამ პერიოდში ქრისტიანებს მისთვის რაღაც ღრმა პირადი შეურაცხყოფა მიუყენებიათ. როგორც ჩანს, ქრისტიანებმა ჭეშმარიტების სახელით შეურაცხყვეს ის წმიდათაწმიდა, რომლის გულისთვისაც ადამიანი, თუ ის ადამიანია, ყველაფერს დათმობს, სიცოცხლესაც, სიყვარულსაც და ალბათ რწმენასაც: — ადამიანური ღირსება.
პორფირიუსის ფიცხმა ბუნებამ რატომღაც გაგვახსენა ფსიქოლოგიური ხასიათის სხვა წერილიც, ოდესღაც ხსოვნაში აღბეჭდილი გ. ქიქოძის “ძველი იბერიელების ფსიქოლოგია”. შესაბამისი ადგილი მოვძებნეთ და აქ ვიმოწმებთ:
“ტაციტუსის ცნობილი მოთხრობიდან, სადაც იბერიის უფლისწულის რადამასტის და მისი ცოლის — ზენობიას თავგადასავალია დაწერილი, კარგად ჩანს, რა ძლიერად იცოდნენ ძველმა იბერიელებმა სიყვარული და სიძულვილი, რა დაუნდობელი იყვნენ ისინი, როდესაც საკითხი მათ პირად ბედნიერებას შეეხებოდა.
...
ეს პირქუში სული, ეს სტრიქონური ვნებათა ღელვა ძლიერ დამახასიათებელია ძველი იბერიელებისათვის”.
... (ზენობია იმ დროში გავრცელებული სადედოფლო სახელი ყოფილა, პალმირას დედოფალსაც, რომლის კარზეც პორფირიუსი ფილოსოფოსად მიიწვიეს, ზენობია ერქვა).
ზემოთ აღვნიშნეთ, პორფირიუსმა თავისი ფილოსოფიური მოძღვრის გზა გააგრძელა-მეთქი... კი გააგრძელა, ნეგატიური თეოლოგია, მისი პრაქტიკული კომპონენტებით, სხეულებრიობის შეზღუდვით, ვეგეტერიანობით, ლოცვით, პორფირიუსისთვისაც წინაპირობაა ღვთაებრივთან შეერთების ექსტაზიური გამოცდილების მისაღებად, მაგრამ როგორც ნიჭიერ მოწაფეს სჩვევია, კიდეც გადაუხვია, ცოტა სხვა გზით წავიდა. “სხვა გზა” გარდა იმისა, რომ მან მოგვიანებით ცოლიც, ებრაული წარმოშობის მშვენიერი მარსელა შეირთო, ნიშნავდა, რომ “ერთი” (ტო ენ) წმიდა ქმედებაა: (ენერგეია). ამიტომაა ის, როგორც არსებულად, ექსისტენციურად (იპარქსის -წერია მგონი ბერძნულად) გაგებული აბსოლუტური ყოფნა (ეინაი აპოლიტონ), ყოველთა მყოფთა საფუძველშია, და ამავე დროს განუსაზღვრელი, უსასრულო და ამდენად, არყოფნაცაა. საბოლოოდ, პორფირიუსი ერთმანეთისგან განასხვავებს ამ აბსოლუტურ, არყოფნასთან გაიგივებულ ყოფნას, ე. ი. “ყოფნას თვითონ” (აუტო ტო ეინაი) და ყოველთა არსებულთათვის დამახასიათებელ ჩვეულებრივ ყოფნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პორფირიუსი ყოფნისაგან განასხვავებს “ყოფნას თავისთავად” და აიგივებს ამას აბსოლუტურ ერთთან.
სწორედ ამ განსხვავებულობის განჭვრეტა იყო კონსტატირება, “დაჭერა” იმ ძირითადი ფილოსოფიური იდეის, როგორც მას უწოდებენ, “ონტოლოგიური დიფერენცირულობისა”, რაც ევროპული ფილოსოფიის ონტოლოგიურ ქვაკუთხედად, ბოეციუსიდან დაწყებული, თომა აქვინელისა და მაისტერ ეკჰარტის გავლით — ფიხტემდე მთავარ ფილოსოფიურ საფიქრალად იქცა. ხოლო ჰაიდეგერის “დრო და ყოფიერებაში” პორფირიუსის ამ დიდმა ფილოსოფიურმა იდეამ თავისი განვითარების “ჯომოლუნგმას” მიაღწია.
...
ახლა კი პირველსავე სიტყვას მოვიდეთ და პორფირიუს-ქრისტიანობის თავდაპირველ ურთიერთობას დავუბრუნდეთ. რაღა საკითხავია, ანტიქრისტიანული გამონათქვამებისათვის ქრისტიანმა პანტოკრატორებმა თეოდოსის II და ვალენტინიან III პორფირიუსის წიგნებს კოცონი მიუნთეს... ეს საშინელება 448 წელს დატრიალდა. ამბობენ, ამ დროს ქალაქში კოსისპირული წვიმა და ღვარი მოვარდნილა, კოცონს სცემია, პორფირიუსის ზოგიერთი წიგნი გაუტაცებია და ამგვარად გადარჩენილაო; პორფირიუსის სიტყვა-ლოგოსნი, — ქრისტეს მოციქულების არ იყოს, — მის მოწაფეთა მოწაფეთ, მათ შორის პროკლე დიოდოხოსს მოუტაცებიათ და დაუმარხავთ. გარდა ამისა, პორფირიუსის მრავალი ნაწარმოები ფრაგმენტარულადაა შემონახული, რადგანაც მას გამუდმებით ეპოლემიკებოდნენ და იმოწმებდნენ ქრისტიანი მწერლები, როგორიცაა მაგალითად თეოდორე მოფსუესტელი და დიდიმაქს ალექსანდრიელი. პორფირიუსის რჩეული მოწაფეა იამბლიხოსი.
პორფირიუსის წიგნებმა ავტორის გარდაცვალებიდან — სავარაუდოდ 304, 71 წლის ასაკში, — დაწვამდე თითქმის საუკუნენახევარი გაძლეს. ამ ხნის განმავლობაში მათ ქრისტიანობას იმდენი სარგებელი მოუტანეს, რომ პორფირიუსი არათუ მხოლოდ ქრისტიანობის სიძულვილში ესწორება სავლეყოფილს, არამედ ქრისტიანობისთვის სარგებლობის მოტანაშიც. საქმე იმაშია, რომ IV ს. ქრისტიანობა დადგა პრაგმატულ-თეოლოგიური საკითხების წინაშე, საჭირო იყო არიანულ, მანიქეურ, გნოსტიკურ მოძღვრებათა დაძლევა, ეს კი სხვანაირად შეუძლებელი აღმოჩნდა, თუ არა ისევ ნეოპლატონიზმისათვის კარის გაღებით.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ტრინიტარული იდეის ნამდვილ ავქსონად (თუ, რასაკვირველია, მეცნიერულ გამოკვლევებს დავეყრდნობით და არა თეოლოგიურ სპეკულაციას), სწორედ პორფირიუსი გვევლინება. პორფირიუსმა განავითარა ტრიადული მეტაფიზიკა. ღმერთ-მამის, მამური ინტელექტის (ანუ, რაც იგივეა, ლოგოსის) და გამასაშუალებელი (ინტერმედიალური) ძალის (dynamis) სამი წევრითურთ; ცხადია, პორფირიუსის ტრიადას ოდნავი სახეცვლილებაღა, ცოტა რამ ქრისტიანული ნათლობის წყლის (aquae pauxillum) გადასხმაღა სჭირდებოდა, რომ საბოლოოდ ტრინიტარული დოგმა მიგვეღო. ეს მოსაზრება გადაჭარბებულობა არაა. სხვათა შორის, RGG ,“რელიგია ისტორიასა და თანამედროვეობაში”, თეოლოგიისა და რელიგიის ლექსიკონი გვიდასტურებს: ”Er entwickelte einen trinitarischen Gottesbegriff, der für das christliche trinitätsdogma des 4. Jh. grundlegend wurde” .— Jens Halfwassen.
 
ქრისტიანობის გულწრფელი მოძულის უნებლიე დამსახურება ქრისტიანობისავე წინაშე ამით არ ამოიწურება. პორფირიუსმა უდიდესი გავლენა მოახდინა ავგუსტინეზე, როგორც უშუალოდ, ასევე პლოტინის თხზულებათა გამოცემით. ავგუსტინე პლოტინსა და პორფირიუსს ლათინური თარგმანების გზით გაეცნო. შეად.:
 
“Im Nachdenken über die porphyrianischen Kommentare die ihm von Simplizian empfohlen wurden, vertiefte Augustin über lange Jahre hinweg seine Lehren von der Seele und von der Trinität. [...] Indessen enthüllt Augustin den wirklichen Titel der libri platonicorum und den Namen des Verfassers nie, um nicht offen einzugestehen, dass er seine Bekehrung paradoxerweise zu einem gefürchteten Werk, das Porphyrius gegen die Christen geschrieben hat, nämlich der Philosophie der Orakel verdankt.” — Pier Franco Beatrice, TRE. - შენიშვნა სქოლიოდან.
 
და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ავგუსტინემ თუ თავი დააღწია მანიქეური დუალიზმის ჩრდილს, ეს დიდწილად პორფირიუსის დამსახურებაა. პორფირიუსის მოყვარულ ქრისტიან მწერალთაგან ასახელებენ აგრეთვე მარიუს ვიქტორიანუსს, ამბროსი მედიოლანელს (მილანელს)...
ამასობაში პორფირიუსის მეორე მთავარ ფილოსოფიურ იდეასთანაც მივედით, თანაც დროდადრო ქრისტიანობისკენაც გადავუხვიეთ. ეს იდეა ნებაა. ავგუსტინემ პორფირიუსის მოძღვრებიდან უპირველეს ყოვლისა ნება გამოარჩია, ნება ინება. პორფირიუსი პირველია, რომელმაც ნებას ადამიანური სულისთვის მთავარი როლი მიანიჭა. ავგუსტინემ ნება ცამდე აიყვანა. ადამიანი თავისუფალი ნებით გაჩნდა, სიკეთეც და ბოროტებაც, მადლიც და ცოდვაც ამიტომ ჰგიეს გვერდიგვერდ, სამოთხეც ამიტომ დაიკარგა, ქრისტეც ამიტომ მოვიდა და ქრისტიანობაც, და მეორედაც ამიტომ უნდა მოვიდეს ღმერთი და, საბოლოოდ, სამოთხეში დაგვაბრუნოს, იქვე დაგვაბინაოს და დაგვაჟამკროს. მშვენიერი პერსპექტივაა!
(ნუთუ არ შეიძლებოდა, ადამიანი თან თავისუფალი ნების ყოფილიყო, თანაც მხოლოდ სიკეთისკენ მიდრეკილი?).
პორფირიუსამდე ნება ინტელექტის ჩრდილში იდგა. შეიძლება ითქვას, პორფირიუსი ნების აღმომჩენია. 
 
Heinz Heimsoet თავის შესანიშნავ წიგნში, “დასავლური მეტაფიზიკის ექვსი მთავარი თემა”, სხვათა შორის აღნიშნავს: “კლასიკური ანტიკის აზროვნებაში ნების ცნება თითქმის უმნიშვნელოა და ის ინტელექტის ჩრდილშია მოქცეული”.-შენიშვნა სქოლიოდან!
 
თუ პორფირიუსის ერთი იდეა — იდეა ონტოლოგიური დიფერენციაციისა ჰაიდეგერმა აიყვანა განვითარების მწვერვალამდე, მეორე იდეა, იდეა ნებისა — ავგუსტინეს, ფრანცისკანელთა და სხვათა გავლით შოპენჰაუერმა განასრულა: “სამყარო ნებაა”.
 
ასეთი იყო პორფირიუსის ორი ფილოსოფიური იდეის ბედი. მართლაც რომ დიდი ბედი. მადლობა ღმერთს, იდეების დაწვა შეუძლებელია.
ერთიც... თითქოსდა ამ ნარკვევმა დაუმორჩილებლობა გამომიცხადა, როდესაც არაერთი საინტერესო თემა ჯერაც წინ მეგონა, როგორღაც თავი მოისრულა.
 
ეპილოგომენანი
1. უსათუოდ კარგის მომასწავებელია, როდესაც ადამიანს აღარაფერი გაკმაყოფილებს: არც დაწერილი, არც მოსმენილი, არც ნაქადაგარი; შემოქმედებითი სიმწიფის ნიშანია. 268 წელს, პლოტინის აკადემიაში ხუთწლიანი განსწავლის შემდეგ, პორფირიუსს დიდი მელანქოლიის, შემეცნებითი კრიზისის ჟამი ეწვია და თავის მოკვლა დააპირა. მხოლოდ მოძღვრის შეგონებამ გასჭრა და მან მოძღვრის რჩევით საიქიოს ნაცვლად სიცილიისაკენ გასწია. იქ მან ჯანიც აღიდგინა და უამრავი წიგნიც დაწერა, უხვად შეზავებული ანტიქრისტიანული სულისკვეთებით. ამ წიგნებმა, რომელნიც, მართალია, დაწვეს და ფრაგმენტულადღა შემორჩნენ, მაინც უდიდესი როლი ითამაშეს ჯერ ქრისტიანული მოძღვრების ინტელექტუალურ მომწიფებაში, მერე კი — დასავლური (ქრისტიანული) ფილოსოფიის განვითარებაში.
2. პარადოქსია ესეც, მაგრამ პორფირიუსი თავისი ტრინიტარული მეტაფიზიკის ჩამოყალიბებისას ქალდეურ ორაკულურ წინასწარმეტყველებას ეყრდნობოდა. ამ ორაკულს ის პლატონურ ფილოსოფიას უთავსებს და, ამდენად, პორფირიუსის ტრიადული მეტაფიზიკა აღმოსავლურ-დასავლურ სიბრძნეთა წარმატებული სინთეზია. 
 
“Entscheidend für die Ausprägung der Denkweise des Porphyrius waren außer den Traktaten von Plotin die Schriften des dem mittleren Platonismus zuzurechnenden Philosophen Nemenius von Amapea und die Chaldäischen Orakel. Von diesen Texten ausgehend entwickelte er seine triadische Metaphysik des Vaters, des väterlichen Intellekts und die intermediären Dynamis sowie die Lehre von der ewigen Entstehung der Materie”, Pier Franco Beatrice.- შენიშვნა სქოლიოდან.
 
ისმის კითხვა: რამ მიიყვანა პორფირიუსი ქალდეურ ორაკულამდე? ისმის პასუხი: ის იქ არ მისულა, ის იქ იყო. პორფირიუსი არც ბერძენია, არც რომაელი, წყაროები მას ასურელად მოიხსენიებენ. მაგრამ ის ისეთივე ასურელი იყო, მკითხველო, როგორი რუსებიც თქვენ და მე ვართ. ანდა, თუ ეს მაგალითი არ მოგეწონათ, დაახლოებით: როგორი რუსიც მერაბ მამარდაშვილი იყო, ან როგორი ინგლისელიც — ჯეიმს ჯოისი და მსგავსად. საქმე იმაშია, რომ ძველი ქალდეა მოგვიანებით ასურელებმა დაიპყრეს და დამპყრობლის სახელმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადაფარა ძველი ეროვნება.
ასურეთის ქალდეა არც ისე შორს იყო იბერიიდან. იქნებ ინტუიცია არ სტყუის და პორფირიუსს არა მხოლოდ სული და ფიცხი ფსიქოლოგია ანათესავებდა მაშინდელ იბერიელებთან, არამედ სისხლიც, წარმომავლობაც? და ზემორე გ. ქიქოძისეული ციტატაც ტყუილუბრალოდ არ დაგვიმოწმებია? ვინ იცის?!
3. ქართული ნეოპლატონიკური სკოლის შესახებ, რომლის პრაქტიკული მამაც დავით აღმაშენებელია, მეტ-ნაკლებად ყველას გვსმენია. ქართული ნეოპლატონიზმი ანტონ კათალიკოსის, ნიკო მარის, სიმონ ყაუხჩიშვილის, შალვა ნუცუბიძის, მოსე გოგიბერიძის, გურამ თევზაძის, რევაზ სირაძის, დამანა მელიქიშვილის, დენიზა ზუმბაძის, ლელა ალექსიძის,ლევან აბაშიძის, სიმონ ღურბელაშვილის, გივი გარსევანიშვილის, ვაჟა ზურაბაშვილის, ლეონტი ჟვანიას, ჯუბო უძილაურის, ჯემალ ლოსეურაშვილის, გურამ ჯანგირაშვილის, მათე თურმანაულის, ნიკო თურმანაულის, ედიშერ ჭელიძისა და სხვათა მიერ პროდუქტიულადაა გამოკვლეული. საკმაო პატივშია გალობანი სინანულისანიც, რომელსაც მიეძღვნა 1996 წელს ნოდარ ლადარიას მიერ რომში დაცული სადოქტორო დისერტაცია. რა არის “ასურისტანული ზმნობა”, რომლის მიმდევრობასაც აყვედრის მონანული მეფე თავის თავს?
“ზენაისა მოძრაობისა ასურისტანული ზმნობაჲ და ცდომილთა ვარსკულავთა და უცდომელთა კრებაჲ, განყრაჲ, სუე და ბედი და შობის დღე, ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ”.
“ასურისტანული ზმნობა” სხვა არაფერია, თუ არა დოგმატური ქრისტიანობისგან შერისხული “ორაკულის ფილოსოფია”, “ქალდეური ორაკული”, სახელწოდება პორფირისეული წიგნისა; ხელთ ეპყრა ნეოპლატონიკოს დავით მეფეს პორფირიუსის დედათხზულება? სავსებით შესაძლებელია. შესაძლებელი კი არა, გარდაუვალიც, რადგან “ასურისტანულ ზმნობას” ანუ “ქალდეურ ორაკულს” ჩვენი ნეოპლატონიკოსი მეფე თავის შემეცნებით გამოცდილებაში მოაქცევდა არა მისი მისნურ-პირველყოფილური ფორმებით, არამედ ფილოსოფიური სახით, ფილოსოფიურ ქურაში გამოწრთობილს და ინტერპრეტირებულს, ერთი სიტყვით, პორფირისეულად, როგორც “ორაკულის ფილოსოფიას”. იქნებ მომავალი არაერთ მეცნიერულ აღმოჩენას გვიქადის, — თუკი ჩვენი ახალგაზრდობა შემეცნების, პეტრიწისეულად, “გაგონების” ძნელ გზას შეეჭიდება, — და იქნებ ჩვენი პროფანული (ე. ი. არასპეციალისტისეული) ვარაუდებიც გამართლდეს? ვინ იცის?
4. ვინ იცის, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა ქალდეა ქართველთა თავდაპირველი სამშობლო. მწერალმა მამია ასათიანმა თავისი შესანიშნავი კრებულით ეს აზრი მხატვრულდ შეამკო. სვანეთში სოფელი ხალდეა. ბავშვობისას წაკითხულმა “ხალდეს ყვავილებმა” ჩემზე ღრმა, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და სიმართლე თუ გნებავთ, დღემდე გამოყოლილი, წარუშლელი შთაბეჭდილებაც იყო ძალ-მწე ამ პატარა ნარკვევისა — დიდი ქალდეველი ფილოსოფოსის ბედისა და ბუნების ანარეკლისა.
5. და ბოლოს, იქნებ არც ისაა შემთხვევითი, რომ პორფირიუსი პორფირიუსი კი არა, მალხაზია. “პორფირიუსი” ბერძნულად ზედწოდებული სახელი ანუ თიკუნია, ქალდეველ ფილოსოფოსს, ბერძნულად განსწავლულს, სინამდვილეში მალხოზი ჰქვია. ეს სახელი რომ ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ცოცხალ, სიხარულოვან სინამდვილეს ორგანულად შეერწყა, ამის მტკიცებას რაღა მალხაზობა უნდა?
დიდ სეხნიას რომ დროის მძლეველი სიყვარულით ამსიშორიდან შევეხმიანო, ალბათ არ მიწყენს:
ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო...
 
15.10.2009.,კოპენჰაგენი.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.