• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დომინო

×
ავტორის გვერდი გივი ალხაზიშვილი 00 , 0000 1726

დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო
რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან
ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა,
ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის 
რას გკარნახობდა, ან უბრალოდ, რას გაგონებდა,
სულ უმნიშვნელოს და თითქოსდა არაფრის მაქნისს,

მაგრამ რატომღაც, გულთან ახლოს ან იქნებ გულში,
რაც არსებობდა უცაბედად გადასხვაფერდა,
ჩვეულებრივად, მზე ფანჯრებზე ნათელს აფენდა
და მოინდომე, საიდუმლო გაანდობინო- 
ერთფეროვნებით დაცხავებულ მოწყენილობას, 
კაცების ხორხოცს და ცხოვრებას, როგორც დომინოს,

სადაც მიდება, მიშენება საჭირო ქვაზე 
ჰკიდია მუდამ და დღეებიც მექანიკურად
ელოდებიან მოსალოდნელ დღეს პანიკურად, 
რომ ჩაიკარგონ და მიებან ღამის კვადრატებს
და არ უსმინო მეზობლის ქალს, იგივეობის 
ჭრელა-ჭულაში გამოწყობილს და მორატრატეს

და სიტყვა სიტყვას მიაწებო, მიაბგერწერო 
და ჩაისუნთქო ერთდროულად ყველა საღამო,
რომ ყველა ერთად შეკრიბო და ხმა შეახამო
სტრიქონს დაცდენილ-წამღერებულს და მიატოვო, 
რომ შენი ტექსტი ჩაიწეროს მხოლოდ ჰაერში,
როგორც ვიღაცის სუნთქვა, ფიქრი და უავტორო

სიტყვებს მიბმულმა დაიჯერო, რომ მოგისმენენ 
იმ ღიღინივით, რომ მიჩქმალა ამოხავლება, 
მაგრამ ჰაერში სათუოა ხაზის გავლება,
და ღამით ბავშვის უმიზეზო წამოტირება 
სამყაროს ხმაა უნებლიე და ის აგრძელებს 
გაბნეულ ხმების შეგროვებას და ციტირებას.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული