პირიზმი და ეშმაკის ნევროზი





ფილოსოფია

პირიზმი და ეშმაკის ნევროზი




“პირ”-ი სპარსული სიტყვაა, ნიშნავს “მოძღვარს”, “წინამძღვარს”, ჩვენებურად, ახალი სტილით იქნება “სულიერი მამა”, არაბულად — “შეიხი”. ქართული “პირი” სპარსულიდან უნდა მოდიოდეს; ქართული პირიზმი ანალოგიურია იმ პირიზმისა, რაც გვიანშუასაუკუნეების მუსლიმანურ ქვეყნებში, განსაკუთრებით სპარსეთ-ოსმალეთში, გაიფურჩქნა. პირიზმი გამოიხატებოდა პირისადმი გაფეტიშებულ მორჩილებაში. შეიხის ანუ პირის ლოცვა-კურთხევას არაჩვეულებრივი, მაგიური ძალა მიეწერებოდა. ეს სულიერი ძალა ანუ, არაბულად, “ბარაქა” (ქართული მადლ-ბარაქა) მორჩილზე (“მურიდი”), ბერზე (“დერვიში”) ან უბრალო მრევლზე გადმოდიოდა: პირის ხელზე ამბორით, პირისაგან მიღებული ხელდასხმით, ყველაზე უფრო კი, პირისათვის გაწეული მორჩილებით. მუსლიმანურ ქვეყნებში პირებმა არა მხოლოდ უამრავი ქონება (თუმცაღა ისინი უპოვარებას ქადაგებდნენ), არამედ პრაქტიკულად მთელი ძალაუფლებაც ჩაიგდეს ხელში, ხალხი სახელმწიფო კანონებსა და ნორმებს კი არ იცავდა, არამედ პირთაგან მიღებულ ლოცვა-კურთხევებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ათა-თურქმა 1925 წელს დერვიშთა ორდენი აკრძალა, ესეც იყო.
 
ჯერ კიდევ XVII ს-ში ერთმა არაბმა თეოლოგმა, მისტიკური ღვთისმოსაობით სახელგანთქმულმა იქბალმა ძლევამოსილად გაილაშქრა პირიზმის წინააღმდეგ. მან დაასაბუთა, რომ პირიზმი ანუ პირ-მოძღვართადმი უზომო მორჩილება იყო ზღუდე, რომელიც მორწმუნეს ისლამის ცოცხალ და ახალი დროის შესაფერის გაგებას აშორებდა. პირისტული იდეოლოგიის თანახმად, მორჩილი, “სულიერი შვილი” ისევე უნდა შერწყმოდა პირს ანუ შეიხს, როგორც მართლმორწმუნე ბუდისტი — ნირვანას.
 
არაბულად ამ თვითაღხოცის, საკუთარი ნების გაუქმების პროცესს ეწოდებოდა fanà fà’ sh-shaikh — გაქრობა შეიხში, სპარსულად, პირში გაქრობა, ერთი სიტყვით, მოწაფე, სულიერი შვილი ისევე უნდა დადნეს პირში, როგორც ბუდისტი ნირვანაში; დნება კიდევაც.
 
ისლამის საქვეყნოდ ცნობილი მკვლევარი Annemarie Schimmel თავის წიგნში “ისლამისმისტიკური განზომილებანი”, სხვა მოვლენებთან ერთად პირიზმსაც განიხილავს. იგი მუსლიმანური თემის ავ-კარგზე საუბარს იწყებს წინასწარმეტყველის ცნობილი სიტყვებით: “მორწმუნე მორწმუნის სარკეა” (არაბ. Al-mu’min mir’at al mu’min). ამას წინათ კი, როდესაც ერთ ისლამის მკვლევარ გერმანელთან ერთად თბილისის ქუჩებში დავსეირნობდი, და გერმანელმა მეცნიერმა რამდენჯერმე მოჰკრა თვალი თავდაბურულ, ტანდაბურულ, მოძღვრებთან მიმავალ ეკლესიურ გოგონებს, მტკიცედ განაცხადა: “როგორც ჩანს, ისლამი თქვენთანაც აღორძინებას განიცდისო”. კომენტარი ზედმეტიც კია.
მართლაცდა, მორწმუნე მორწმუნის სარკეა. პირიზმი ანუ გაფეტიშებული მორჩილება მოძღვრის პირისადმი არახალია და რელიგიის ისტორიაში ამ მოვლენამ თავის უმაღლეს მწვერვალს ისლამის გზით მიაღწია. რასაკვირველია, ჩვენებური პირიზმი, ანუ მოძღვარომანია, ისლამური პირიზმის სრული ანალოგი ვერ იქნება, ზოგი რამ თავისებურება მასაც ახასიათებს. მოკლედ რომ მოვჭრათ, ეს თავისებურებანი ეშმაკის ნევროზში ფოკუსირდება. პირი ანუ მოძღვარი გვამცნობს, რომ სექსუალურობა ეშმაკის მახეაო. მომწიფებული ქალის ბუნებრივი ლტოლვები ჰბრალდება ბოროტ ძალას. ამის დამადასტურებელი ერთი კერძო შემთხვევაც:
 
სასულიერო აკადემიაში ამ ორიოდე წლის წინათ მოხდა მეტად მრავლისმთქმელი ფაქტი: ერთმა “ქრისტიანული ანთროპოლოგიის” სტუდენტმა გოგონამ თავის ახალგაზრდა ლექტორს სატრფიალო ჯადოს გაკეთება დააბრალა და რექტორთან უჩივლა. რატომ გააიგივა მან ახალგაზრდა, წარმოსადეგი კაცი დემონურ ძალასთან? იმ გოგონას, “პირის”, ე. ი. მოძღვრის მკაცრი კონტროლის ქვეშ რომ იმყოფებოდა, გული შეუვარდა თავის ლექტორზე. რასაკვირველია, ეს სავსებით ნორმალურ მოვლენად ითვლება ცივილურ საზოგადოებაში, სადაც ამ სიტუაციაში ყველაფერი ისევ ნორმალურად, საწოლით მთავრდება. იწყება წყვილთა მეგობრობა, რაც გრძელდება ცოტა ხანს, თუ ხანგრძლივად; შესაძლებელია, სამუდამოდ გაგრძელდეს, ე. ი. ცოლქმრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. პირისტული აგიტაციისაგან, პირN-ის მიერ დათრგუნულმა მორჩილმა კი თავისი ბუნებრივი სასიყვარულო ლტოლვა სიყვარულის ობიექტის ბოროტ ძალებთან, დემონებთან შეკრულობას მიაწერა.
 
“დემონები ჩვენთვის ბოროტი უკუგდებული სურვილებია, განდევნილ, უარყოფილ ლტოლვა-აღგზნებათა შთამომავალნი” (ზ. ფროიდი, “ეშმაკის ნევროზი მეჩვიდმეტე საუკუნეში”).
 
სხვათა შორის, ზემოხსენებული ლექტორი, ანუ სიყვარულის ობიექტი, თეოლოგია, თანაც რიგიანი კვალიფიკაციის. იქნებ მან ჩვენთვის იიქბალოს და დალაშქროს პირიზმი, რომელიც ეშმაკის ნევროზს ეფუძნება და არა ქრისტიანულ საწყისებს და საქართველოს სინამდვილეში ქრისტიანობის ცოცხალი და თანამედროვე გაგების წინაშე აღმართულ ზღუდედ იქცა.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.