+/- 100 ლექსი





რეცენზია

+/- 100 ლექსი




პოეზია - ჩემი მეგობარია, რომელიც არასოდეს არ მაძლევსო - მითხრა ლევანმა, როცა ჟიმაობისგან დაღლილნი, გავყურებდით, როგორ იწოვდა ქალაქი განთიადს, ვეწეოდით და რატომღაც პოეზიაზე ვლაპარაკობდით. სამი თვის შემდეგ ლევანი მოკვდა. 

არ ვიცი, რას ვიზამდი რომ არა ჩემი სიზმრები, მთის გაღმა მხარეს გასვლისას ჩრდილებს რომ კარგავენ. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე დავკარგო ნახევარი საათი და დავწერო წიგნზე, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა - "ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი". თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სიტყვის არსებობით განპირობებული ყველა არსების ტკივილს ეს ტექსტი არ მოიცავს. მაგალითად პოეზია არ აინტერესებს ჩემ მეზობელ მარიკას. პოეზია არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილს. პოეზია არ აინტერესებს გორილას ზოოპარკში. პოეზია არ აინტერესებს ლენინის გვამს. პოეზია არ აინტერესებს ზურაბ ნოღაიდელს. პოეზია არ აიტერესებს მაია ასათიანს. პოეზია არ აინტერესებს მთვრალ პოეტს, არეული ენით რომ უკითხავს ლექსებს დიდ+მკერდიან ლამაზმანს და სინამდვილეში მასთან დაწოლა უნდა. პოეზია არ აინტერესებს ბუნებრივ მოვლენას და ვიღაცისთვის ზედმეტად უმნიშვნელო ამბავია, მერე რა, იტყვის მავანი, კიდევ ერთი უხარისხო წიგნი გამოვიდა, აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ყოველ ღამე კოშმარები გვესიზმრება, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთს ჰგავს, ათიოდე წელში საერთოდ აღარ გამოვა წიგნები, მალე ნანოტექნოლოგიები საშულებას მოგვცემს... მაგრამ თითქოს, ჩემი ნახევარი საათი თავიდავე დასაკარგად იყო განწირული. წერას ვაგრძელებ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წიგნის მაღაზია "სანტა-ესპერანსაში" ეს თხელი წიგნი შევიძინე…

წიგნში 33 თანამედროვე ქართველი ავტორია შესული. წინასიტყვაობა ლევან ბრეგაძეს ეკუთვნის. მის თანამედროვე ლიტერატურის უზადო ცოდნას, გონებამახვილობასა და ორიგინალურობას საზღვარი არ აქვს, ამიტომ მას წინასიტყვაობის ასეთი საინტერესო ფორმისთვის მიუგნია და წიგნში შესულ "პოეტთა" ფრაზეოლოგიური მოზაიკით, ცდილობს "ბავშვობაწართმეული" თაობის პრობლემების ყველა ასპექტს შეეხოს. ამავდროს იმაზეც ზრუნავს, რომ "მოზაიკა" პირქუში არ გამოუვიდეს და ეძებს ისეთ სტრიქონებს, სადაც მზე იხსენიება, აქ უკვე ვრწმუნდებით, რომ საქმე მართლაც გამოცდილ ლიტერატორთან და მოაზროვნესთან გვაქვს.

შევეცდები სხვაგვარი მოზაიკა შემოგთავაზოთ, რადგან ძალაუნებურად იქ მოყვანილ ლექსებს გავეცანი. აქ ვერ შეხვდებით რეგიონალურად უცნობი სალექსო ტექნიკების მეთოდური თუ ავტომატური გამოყენების მცდელობას, ტრადიციული მეტაფორული წესრიგის შეცვლას, თემატიკის განახლებას. 33 ავტორიდან, მხოლოდ რამდენიმეს შეიძლება დააბრალო ტექსტისადმი სერიოზული დამოკიდებულება, ესენი არიან: პაატა შამუგია და გიორგი კეკელიძე. კიდევ ეკა ქევანიშვილი, დიანა ანფიმიადი, ნათია ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე. შეიძლება გიორგი ზანგურის "სააშიკოდ, სალაღობოდ" შექმნილი ლექსებიც „მოსწოდეს“ ვინმეს. დანარჩენი უკვე - "სარეველაა". რატომ გადაწყვიტეს ამ ავტორებმა ასეთ კონტექსტში დაბეჭდვა, ვერ ვხვდები. რატომ არ გამოთქვეს პროტესტი, რადგან მთელი წიგნი ჯგუფი "მგზავრების" თუ დეფი გოგობედაშვილის "თბილი, ეგზომ ჰუმანური, ჯიგრული, ქართული" განწყობით არის გაჯერებული. სინამდვილეში ეს ყველაფერი საოცრად ყალბი და პროფანულია.

პირველსავე ლექსში ვხვდებით პოეტის გამორჩეულობის და ლექსზე გაკრული მესიის სტერეოტიპს: "ღამეა სხვათა შორის, განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი". შემდეგ უკვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ჯერიც დგება: "მიჰქრის, მიამტვრევს..." ამ დროს კი "არაგველებს კი თითებზე ითვლიან და თან „თოლია ჯონათანის“, „ალი და ნინოს“ კითხვაში ათენებენ ღამეს". შევხვდებით ოშოს და ხოშის გარითმვის ფრიად წარმატებულ მცდელობას, თინეიჯერის სენტიმენტალურ და ინფანტილურ ჩანაწერებს "ნაკლეიკებით" მორთული დღიურებიდან. "ჩემი ცრემლების მარილიან ოკეანეში თავი ჩავიხრჩვე", იმდენად გაცვეთილი და ბანალური, რომ შეუძლებელია უარესის წარმოდგენა. ვერც იმას წარმოიდგენ, რომ თანამედროვე პოეზიის თანამედროვე გამოცემაში შეხვდები: "წვიმიანი ქალაქის არეულ ფიქრებს", "მძივებად დაშლილ წვიმასა და ლავისგან დამპალ ფესვებს", "როგორც ტარიგი ელოდები ყასბის სეკატორს" და კიდევ მრავალი მსგავსი "უცნაური კონსტრუქციაა". უცბად ისევ გაოგნდებით: "გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას, "in vino veritas! in vino veritas!" - იშვიათი უნიჭობაა.

აქ ხიდზე, წინა თაობასთან, ლაპარაკიც ზედმეტია. ეს არის, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, "მამებისგან გაძარცული შვილების" უკურექცია, მცდელობა ზუსტი და უშნო ანალოგიის შექმნისა. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ წიგნში შესულთა უმრავლესობა არ იცნობს წინა თაობის შემოქმედებას, იგივე დათო ბარბაქაძის, კარლო კაჭარავას, ბადრი გუგუშვილის, დათო ჩიხლაძის, ზვიად რატიანის... თუნდაც "რეაქტიული კლუბის" პოეზიას. მანამდე ბესიკ ხარანაულს, ლია სტურუას... ის კი არა XIX-XX საუკუნის დასაწყის ლიტერატურაც არ აქვთ ჯეროვნად აღქმული. თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ევროპულ გამოცდილებას, რომლის შესწავლისა და გააზრების გარეშე თანამედროვე ლიტერატურაზე საუბარი შეუძლებელია. 

კვლავ წინასიტყვაობაში რომ დავბრუნდეთ: "წაგვრილი ბავშობა მათ ამ ხუნდებისგან ათავისუფლებს" - "ამ ენით ბესიკი მეტყველებდა, მერე ტიციან ტაბიძე, ახლა ჯანსულ ჩარკვიანი." (კ. კაჭარავა) და ბრეგაძეც აგრძელებს: სიყვარული? სიყვარული არ არის ამ წიგნში, ახალგაზრდა პოეტების ამ კრებულში? სწუხს შესავლის ავტორი და გამალებით ეძებს დაშანთულ გულებს, სანთლებს და მთვარეს... ჩემი აზრით პოეზიით მიღებული ესთეტიური სიამოვნება უკვე საშინელი კომპრომისია, კომპრომისი მყიდველთან და არა მკითხველთან. - "ამ თაობას ვერ დასწამებ არაგულწრფელობას, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ანაგარიშის გაწევას, პროპაგანტისტულ ტენდენციურობას." კრებულში ალბათ ასეთი ავტორი ერთია - პაატა შამუგია.

ბატონი ლევანი ომზეც წერს, რომ ამ თაობას სახლებში მიუვარდაო ომი. მიუვარდნენ ტანკებით, დროშებით, "კალაშნიკოვებით" და ეძებს ფრაზებს სადაც ომის ანარეკლი იქნება. საოცარია, ომმა წარმოშვა "ბიტ-თაობა", რომელთაც ჩანასახშივე გამორიცხეს ომი, გამორიცხეს ისეთივე სისატიკით, როგორც თავად მას ახასიათებს და მოიტანეს ნიჰილიზმი, არა როგორც შედეგი, არამედ მიზეზი, რომლის დეტალური შესწავლაც დაიწყეს. ქართული "ბავშვობაწართმეული" თაობის რეფლექსია ომზე კი გაგიკვირდებათ და კვლავ ომის მონატრება, რომანტიზებული წარსულის თუ მილიტარისტული მანქანის პროპაგანდის გავლენებია. (რამდენიმე ლექსის გამოკლებით)

ნახევარი საათი უკვე გავიდა. იმ ადამიანებზე, ვისი შემოქმედებითი გამოცდილებაც დღეს ავტონომიურობას ინარჩუნებს და რეალურად გამოხატავს, აღწერს & გადაამუშავებს "ბავშობაწართმეული" თაობის რეალობას, შემდეგ სტატიაში დავწერ, როცა კვლავ გამახსენდება რომ "დიდებული ცები ღიაა და ღმერთის თვალი ახალშობილთა ხორცს ნელ ცეცხლზე წვავს."
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.