პოლარიზაცია





ფილოსოფია

პოლარიზაცია




სიბნელეს საქართველოში საბოლოოდ ვერავინ დაამარცხებს, - ძალიან ღრმად გვიზის „ჯანებში“, სულ ულტრამემარცხენე მთავრობაც რომ გვყავდეს, აი, მაო ძე-დუნის მსგავსი და "კულტურული რევოლუცია" რომ წამოიწყოს. ამას წინათ სოფო ტაბატაძისა და ნადია წულუკიძის ერთი ძალიან მაგარი არტ-ვიდეო ვნახე. ნამდვილი ღიპიანი ქართველი ბიძა ზის საპარიკმახეროში, გასაპნული აქვს სახე და პარიკმახერი წვერს პარსავს. ამ დროს ამ კაცს ხელში უჭირავს „როკოკოს“ ღვინის ჭიქა და სიყვარულის სადღეგრძელოს ამბობს. ხოდა ამ ვიდეოს რომ ვუყურებდი, მართლა შემეშინდა, იმიტომ, რომ საქართველოს რეალური, აუთენტური სახე დავინახე, რომელსაც მემგონი ვეღარც კი აღვიქვამთ, იმდენად გვაქვს თვალი შეჩვეული. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ ფუნდამენტური სიყალბისა და სიბნელის დაძლევა ალბათ მხოლოდ მაო ძედუნის მეთოდებით, - "კულტურული რევოლუციით" თუ იქნებოდა შესაძლებელი: აი, როგორც მაომ ჩინელებს ფურთხება და ქალებისათვის ფეხების გაკოჭვა აუკრძალა, ასევე საქართველოში რომ აკრძალო სადღეგრძელოები, ტერმინი "სამარხულო", ქალიშვილებს არ დართო ქორწინების უფლება, აკრძალო „მარშუტკებში“, საერთოდ, ტრანსპორტში პირჯვრის წერა, ჰელოვინი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადო, თავისუფლების მოედანზე ინდირა განდის ძეგლი დადგა (ისე, თბილისში არ უნდა იდგეს ინდირა განდისა და ჯავაჰარლალ ნერუს ძეგლები? ორივე ხომ ნამყოფია საქართველოში...).

მაგრამ, ვინაიდან ეს ყველაფერი არარეალურია, ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველოში მოხერხდეს, იტალიის მსგავსად საზოგადოების პოლარიზაციაა. იტალიაში, რამდენადაც ძლიერია მაფია, ეკლესია, ნეოფაშისტები, იმდენადვე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მათ რაოდენობრივად უმცირესობაში მყოფი მემარცხენე პოლიტიკური და ინტელექტუალური სპექტრი. ხელოვნება, აკადემიური სფერო, ლიტერატურა, კინო, - მთლიანად პროკომუნისტური ან პროსოციალისტურია. შესაბამისად, მემარცხენე პროფესურა სეკულარული და განმანათლებლური პრინციპების გავრცელებას უწყობს ხელს. მაგრამ ეს პროცესი მძაფრი საზოგადოებრივი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ხოდა, ასეთი რამ, უკეთეს შემთხვევაში, საქართველოშიც შესაძლებელი მგონია, გამომდინარე არა მხოლოდ ტემპერამენტების მსგავსებიდან, არამედ საზოგადოების სტრუქტურიდანაც. თუმცა კი საქართველოში მემარცხენე თუ სეკულარული უმცირესობა იმდენად უმცირესობაშია, რომ ჯერჯერობით თითქმის საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მას გაშლისა და გაფართოების პოტენციალი აქვს. უფრო მეტიც, ის იძულებულიც კია, რომ გააქტიურდეს, გარადიკალურდეს, ბევრად უფრო ორგანიზებულ და გაბედულ ქმედებებზე გადავიდეს, რაც მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი იქნება! ყველა სხვა შემთხვევაში მათ წალეკავს ობსკურანტთა უმრავლესობა, რომელიც გადამწყვეტი შეტევისათვის ემზადება. კი, ძალიან მარტივი და პრიმიტიულია მათი იდეოლოგია, მაგრამ მას არაფერი უპირისპირდება. პრიმიტივიზმი კი კარგად მუშაობს. ჰელოვინის დარბევა, გადაცემების დახურვა, მეფე და ა.შ. მხოლოდ შესავალია, პატარა უვერტიურებია, - ოთხმოქმედებიანი ოპერა ჯერ არ დაწყებულა. ხოდა, ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ოპერის საბოტაჟი შეუძლია, - სწორედ ეს მემარცხენეობის ემბრიონია და არა ლიბერალიზმი ან ნეოლიბერალიზმი, რომლის კრახის შედეგიცაა დღევანდელი ობსკურანტიზმის ტაშ-ფანდური.

ეკლესიამ დაიწყო იმის რადიკალიზაცია ან აბსოლუტიზაცია, რაც მონოლითურ ქართულ საზოგადოებაში უკვე ჩადებული იყო. ეკლესია და მის ირგვლივ გაერთიანებული ულტრაკონსერვატორი პოლიტიკური ძალები უბრალოდ უკვე ღიად მოითხოვენ ტოტალურ ძალაუფლებას: მათ უნდათ კოლბაში გამოიყვანონ მეფე, ანუ მთავარი ზომბი, რომლის მეშვეობითაც და მისი ნიმუშის მიხედვით მთელი საზოგადოება პოლიტიკურად დაიზომბება. ამავე დროს, არ უნდა დაუშვან, ჩანასახშივე უნდა მოსპონ სეკულარიზმის და თავისუფალი ცნობიერების ემბრიონი, რომლის მიმართაც მათ პანიკური შიში აქვთ და ინტუიციით ხვდებიან, რომ მხოლოდ ამ თითქმის უხილავ არსებას შეუძლია მოზღვავებული სიბნელის შეჩერება. ამიტომაც ამ ემბრიონმა უნდა დაიწყოს საზოგადოების პოლარიზაცია, ანუ მთელი ღირებულებათა სისტემის დაუნდობელი გადაფასება; ალტერნატიული რეალობის, სააზროვნო პრინციპების, ცხოვრების წესების შექმნა და დანერგვა. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსი მიშელ ფუკო "სამოქალაქო ომს" უწოდებს, რომლის ფონზეც სამოქალაქო საზოგადოება წარმოიქმნება და ვითარდება და არა მალვითა თუ ბოდიშების მოხდით. ბრძოლით გატანა და დამკვიდრება საკუთარი აზრებისა თუ ცხოვრების წესების და შეგუება იმასთან, რომ ეს ბრძოლა არასდროს დამთავრდება.

 

ეს ტექსტი 2009 წლის თებერვალში დაიბეჭდა "ცხელ შოკოლადში".


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.