ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

კრიმინალური გოიმობა

იაგო ხვიჩია
15.05.2010

   


                                           

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მადანაშაულებენ იმაში, რომ უარყოფით მოვლენებზე ვწერ, მინდოდა შემდეგ სტატიაში ეს კრიტიკა გამეთვალისწინებინა და დამეწერა რამე კარგი ისეთზე, რომელიც ჩვენია, ტრადიციული, საამაყო და ისეთი სხვაგან რომ ვერსად შეხვდებით.

 მაგრამ ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ამის სურვილი გამიქრო, არც კი ვიცი რა ვუწოდო იმას, რაც გასული რამდენიმე დღეეების განმავლობაში ხდებაოდა, ხან ილიას უნივერსიტეტთან, ხან ინტერნეტ სივრცეში და ბოლოს ტელევიზია „კავკასიის“ ეთერში, არ არსებობს ქართულ ენაში ეგეთი სიტყვა, სრულყოფილად რომ დაახასიათებდა მოცემულ სიტუაციას, მაგრამ ყველაზე პირველი რაც ამ ამბების დასახასიათებლად მომივიდა თავში ეს იყო ,,კრიმინალური გოიმობა,,.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ მმკ–ს, სმმ–ს და ძმათა მისთა ,,შემოქმედებას,, ჩემში აღშფოთება არ გამოუწვევია, იმიტომ კი არა, რომ აღმაშფოთებელი არ იყო, არამედ იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო (არ ვამბობ სატირალი რომ არ იყოს-მეთქი, არა, ეს არ არის სატირალი, ეს სასაცილოა).

მოკლედ, მინდა მოცემული სიტუაციის ჩემეული დახასიათება შემოგთავაზოთ, ,,ქორინოკონს ქრისტეს აქეთ,, თუ არ ვცდები 2010 წლის 15 აპრილს,  ლიტკაფე „ლიგამუსში“ გაიმართა ახალგაზრდა  მომღერლის და მწერლის ერეკლე დეისაძის მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია, ამ პრეზენტაციაზე მეც გახლდით, საინტერესო იყო, სხვათაშორის.

ნაწარმოებებს რაც შეეხება, ამ კრებულში შესული მოთხრობების ნაწილს, მათ თემატიკას  ვიცნობდი, ვიცნობდი მასზე დაწერილ აბსურდულ და მშვენიერ რეცენზიებსაც.  წიგნში შესული ნაწარმოებთა თემატიკა პირდაპირ არ იყო კავშირში წიგნის სათაურთან („საიდუმლო სირობა“), მაგრამ თითქოს წინასწარმეტყველება იყო იმისა, რაც ამ წიგნს მოჰყვა.

პრეზენტაციის დღემ მშვიდად ჩაიარა, ეკოს მიერ დაგეგმილი ,,მინეტი,, საზოგადოებისათვის, რომლის მერეც უნდა დაბადებულიყო ახალი ქართველი („99“) იმ დღეს არ შედგა, მაგრამ ყველაფერი წინ იყო.

 არ ეძინა ქართული ღირსების, ქართული ნამუსის, ქართული სუფრის, ქართული საქალწულე აპკის დამცავ ,,პატრიოტებს,, და დაიწყო: ხელმოწერების შეგროვება ლიგამუსის გვერდზე სამლოცველოს მოწყობის მოთხოვნით.  აქციებით მამათმავლების წინააღმდეგ და სხვა ათასი გოიმური ფსევდორელიგიური, ფსევდოძველბიჭური, ფსევდოპატრიოტული, ფსევდოგულწრფელი, გამოხტომებით.

საინტერესო იყო იმ ადამიანების პოზიცია, რომელიც გაემიჯნა ,,მართლმადიდებლებს’’, მაგრამ ასევე შეურაცხყოფილი იყო ეკო დეისაძის წიგნით, ასეთები იყვნენ ძირითადად პოლიტიკოსები, რომლებიც არც მწვადს სწვავდნენ და არც შამფურს. არასოდეს არ მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ვიღაცის წიგნის, ვიღაცის მიერ განხორციელებული ინცესტის, ქართლის დედის შეურაცხყოფის, გეი აღლუმის გამართვის, ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების,  შორენას ძუძუების  და თოქ შოუ ,,პროფილის’’ გამო. ეს ხომ სხვისი თავისუფლების ნაწილია, ან უბრალოდ შენი საქმე არ არის.

კიდევ ერთი დამოკიდებულება, რომელიც ამ წიგნის მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგნაირია, წიგნი არ ვარგა, მას არ გააჩნია ლიტერატურული ღირებულება, მწერალი ცდილობს მხოლოდ სკაბრეზით გააღეზიანოს საზოგადოება, მაგრამ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ბლა ბლა ბლა...

ფაქტი კი ასეთია, ამ წიგნში მართლაც არის სკაბრეზი (შეიძლება ითქვას, საჭიროზე მეტი), მაგრამ ამ წიგნის გამო ითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, ამ წიგნით ეკო უფრო პოპულარულია, ვიდრე ქართული შოუბიზნესის ყველა ,,სუპერსტარი’’, ამ წიგნით ეკომ რამდენიმე დღით დაგვავიწყა პოლიტიკა, თანაც მაშინ როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ამ წიგნის გამო დაარბიეს ტელევიზია, გაიმართა და კიდევ გაიმართება მხარდამჭერი და საწინააღმდეგო აქციები, ამ წიგნის გამო დაპატიმრებულია 7 ნეოფაშისტი,  ამ წიგნით ავტორმა მიაღწია თავის მიზანს, მე მომწონს ეს წიგნი, შესანიშნავი დებიუტია, ხმაურიანი.

 მაგრამ რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო მმკ, სმმ და სხვა მსავსი კრიმინალური მიდრეკილების გოიმები? იმ წიგნებისგან განსხვავებით რომელშიც სკაბრეზის უკან არაფერი დგას, ამ წიგნზე პრეზენტაციიდან 10 დღის განმავლობაში მიდიოდა ჯანსაღი დებატები, მოხდა წიგნის ლიტერატურული განხილვა, წიგნის დამცველები და მოწინააღმდეგეები შეებნენ ერთმანეთს, დაიწერა რამდენიმე საინტერესო რეცენზია და ათი ამდენი აბსოლუტური იდიოტიზმი, მაგრამ ,,მართლმადიდებლებმა,, მოკლეს ჯანსაღი დებატები წიგნის  გარშემო იმით, რომ მსჯელობა მორალურ ასპექტში გადაიტანეს, ანუ მათი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ წიგნის განხილვა დამთავრდა და დაიწყო სხვა ისტორია, ალბათ არანაკლებ საინტერესო.

დაიწყო  ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, კომუნისტური პარტიის პატივცემული ამხანაგები, არშემდგარი პოეტები, უკაცო ან ,,სექსით გამძღარი’’ ქალიშვილები, ჩრდილოელ მეზობელთან თანამწოლები, გაურკვეველი ჯიშის და ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები, ლატენტური მამათმავლები, შიშველი ქალების ნახვით შეშინებული ძველი ბიჭები, მონათმფლობელი „მამაოები“, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქვეყნის გამთლიანების იდეით შეპყრობილი ნეანდერტალერები, მონარქიის აღდგენაზე მეოცნებენი (მაგათ სახელს ვერ დაარქმევ), გოიმები.

ხოლო მეორე მხარეს ე.წ ლიბერალური საზოგადოება, თავისი მემარჯვენე–მემარცხენეებით, ,,ლიბერალ’’–,,ტაბულათი’’,  ანარქისტებით და სნობებით.

ლიბერალები გაილახნენ, ხოლო მარგინალები დაიჭირეს, მთავარი კი აწი იწყება გამოუშვებენ თუ არა მარგინალებს, ან დაიჭერენ თუ არა მონათმფლობელებს?

ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხსაც ერთნაირად ელოდება:

 საპატრიარქოც– თან ამ ლოდინში დროს არ კარგავს და ერთ–ერთ მონათმფლობელს აჯილდოებს.

 ფაშისტები –  ამაზეა დამოკიდებული გულაშვილი თხოვს თუ არა თავშესაფარს პუტინს.

 ოპოზიციის მარგინალური ნაწილი – რომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს ხელისუფლება გულაშვილისნაირი კვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინებაში.

 ეკო დეისაძე –ესენი თუ ციხიდან არ გამოუშვეს ვინღა გააპიარებს მის ახალ წიგნს, რომელსაც ,,ზეგ’’ გამოაქვეყნებს.

მე კიდევ ერთი რამე დანამდვილებით ვიცი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამოუშვებენ თუ არა დაკავებულებს, ეპოქას უკან ვერავინ დააბრუნებს, მათი დრო წავიდა, მე მათი არ მეშინია ისევე როგორც:

 არ მეშინია მალხაზ გულაშვილის და  ზურაბ ნოღაიდელის იმიტომ რომ ორივე არარაობაა (მაპატიეთ კორექტულობისათვის).

 არ მეშინია პუტინის და მისი ავატარის, იმიტომ რომ ახლა შიშის დრო არ არის.

 არ მეშინია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ახალგაზრდა ფაშისტების, იმიტომ რომ უკვე დიდი ვარ და ,,გუდიანი კაცების’’ არ მეშინია

 არ მეშინია ჯანსუღ ჩარკვიანის და მის ლექსებზე გაზრდილი პოლიტიკოსების, იმიტომ რომ ისინი სხვა განზომილებაში დარჩნენ.

 არ მეშინია გლობალიზაციის, იმიტომ რომ ქართულ გენზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს.

 არ მეშინია ტიტველი ქალების, იმიტომ რომ... ისინი ძალიან საყვარლები არიან.

 არ მეშინია სექსუალური უმცირესობების, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი ჩემი ორიენტაცია.

 არ მეშინია კანონიერი ქურდების, იმიტომ, რომ არ შეიძლება დინოზავრების მეშინოდეს.

 არ მეშინია სტუდია „გრაალის“  წინასწარმეტყველების, იმიტომ რომ ეგ სრული სისულელეა.

 არ მეშინია მასონების და სატანისტების იმიტომ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ.

 არ მეშინია იეღოველების, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ.

 არ მეშინია ქართული შოუ ბიზნესის, იმიტომ რომ... ხომ ვთქვი, არ შეიძლება დინოზავრების გეშინოდეს.

 არ მეშინია ორალური სექსის, იმიტომ რომ ეს ძალიან სასიამოვნოა.

არ მეშინია კანონების, იმიტომ რომ არ ვარღვევ მათ.

 არ მეშინია ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების იმიტომ, რომ ის არასოდეს მოხვდება ჩვენს ქვეჯგუფში.

 არ მეშინია იბერიის გაბრწყინების, იმიტომ, რომ ჩვენზე ატომურ ბომბს არავინ დახარჯავს.

არ მეშინია უკრაინის ან ყირგიზეთის სცენარის განმეორების, იმიტომ რომ მე საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე ვარ.

 

 

იმის თქმა მინდა რომ, მე თქვენიც არ მეშინია  ,,კრიმინალო გოიმებო’’ მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა კურთხევა  ჩემი დაზიანების. არ მეშინია  იმიტომ რომ, არ შეიძლება ისეთი ნაძირალის მეშინოდეს, მართლმადიდებლური ირანის მოწყობაზე რომ ოცნებობს, არ მეშინია ,,მოქმედი წმინდანების’’ იმიტომ, რომ  ,,მე არშემდგარი წმინდანი მქვია’’.